პრემიერის ვიზიტი გურიაში, კარს მიღმა დატოვებული ოზურგეთის მერი და დაუგეგმავი შეხვედრა "ოცნებაში"

მთავარი თემა

პრემიერის ვიზიტი გურიაში, კარს მიღმა დატოვებული ოზურგეთის მერი და დაუგეგმავი შეხვედრა "ოცნებაში"

2019 აპრ 8 13:51:01

_ კარგია, რომ ბუკისციხე-სურების გზის 6,5-კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება ვადაზე ადრე დასრულდა. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის სამუშაოები, რომელიც მომავალ წელს უნდა გახორციელებულიყო, წელს გადმოვიტანო, _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩოხატაურში სტუმრობისას გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გასულ პარასკევს დაათვალიერა.

პროექტი, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღემატება, თვის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც 38 ადამიანია დასაქმებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სამუშაოებს თეთრ სიაში მყოფი კომპანია "ნიუ როადი" ახორციელებს.

 პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე, რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მამუკა ბახტაძემ შუა სურების ახალი სკოლა გახსნა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

პრემიერი მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამედროვე სტანდარტების სკოლები საქართველოს მასშტაბით აშენდება.

მთავრობის მეთაურმა სოფლის ისტორიის შესახებ სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინა და ბავშვებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა და მათი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობების გაჩენა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

ახალი სკოლა მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომელიც თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტების შესაბამისია.

მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობების კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

"განათლების რეფორმა და ამ სფეროში ინვესტიციების გახორციელება არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. გურიაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება. ამასთან ერთად, არის რესურსი გამოთავისუფლებული, იმისთვის, რომ გავაორმაგოთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩემი ინტერესის საგანია ინტერნეტიზაციის პროექტი. გურიაში ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც არის პრობლემა და ბუნებრივია, სკოლებისა და ბაღების განვითარების პარალელურად არის სურვილი, რომ ეს პროექტიც დავაჩქაროთ", _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შუასურებიდან პრემიერმა ოზურგეთში, დაბა ნასაკირალის სკოლაში გადაინაცვლა და ადგილობრივებთან საუბრისას, ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაანონსა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი სკოლა აშენდება, ძველი სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა. მთავრობის მეთაურმა მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, განათლების სფერო მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის მეოთხედით დაფინანსდება.

პრემიერის განცხადებით, განათლების ბიუჯეტი, რომელიც წელს 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეტაპობრივად გაიზრდება, მომავალ წელს 2 მილიარდი, 2021 წელს _ 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს _ 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, ახალგაზრდებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მათ საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზებაში დაეხმარებათ, შესაბამისად, რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს _ სკოლამდელ განათლებას, სკოლებში საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

პრემიერმა ადგილობრივებს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების სკოლების აშენებას 7 მილიარდი ლარი დასჭირდება და სახელმწიფო ამ რესურსს აუცილებლად გამოყოფს, რათა ყველა რეგიონში იყოს ახალი და თანამედროვედ აღჭურვილი სკოლები.

მამუკა ბახტაძე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია დაასახელეს, რაც მთავრობის მეთაურის დავალებით, უმოკლეს ვადებში უნდა გადაიჭრას.

ნასაკირალის შემდეგ დვაბზუ იყო, სადაც პრემიერმა და მთავრობის წევრებმა კომპანია new road-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა მოინახულეს.

ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.

საწარმოში პრემიერს მასპინძლობა კომპანიის დირექტორმა დავით ჟღენტმა გაუწია.

ქარხანა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული.

 შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, ჩვენ შევძელით დაგვეფიქსირებინა, შეხვედრის კარს მიღმა დარჩენილი ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც მუშებთან ერთად, პრემიერის და მინისტრის გამოსვლას ელოდებოდა.

პრემიერმა ვიზიტი ქალაქ ოზურგეთში დაასრულა _ მან ჯერ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს 18 მილიონი ლარით და შემდეგ პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტს" ესტუმრა.

სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება "ჰორიზონტი" ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს და საინჟინრო მიმართულების 18 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, ელექტრობა, გიდი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი, შემდუღებელი, ტრაქტორისტ-მემანქანე, სავალი ნაწილის ტექნიკოსი და ა. შ.

პროფესიული კოლეჯის დირექტორის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, სასწავლებელს ჰყავდა 951 კურსდამთავრებული, რომელთა, დაახლოებით, 80% უკვე დასაქმებულია. კოლეჯის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები არიან გურიისა და აჭარის რეგიონების სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, აგრარული მიმართულების საწარმოები, გურიის რეგიონის სატყეო სამმართველო და ა. შ.

მთავრობის მეთაურმა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედების მნიშვნელობას, რათა ახალგაზრდები დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც სასწავლებლის დასრულებისთანავე მათი დასაქმების გარანტია იქნება.

პრემიერი ასევე გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას გაეცნო. დოკუმენტი ევროკავშირის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის _ "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ევროკავშირმა 374 000 ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ ამ პრეზენტაციას ფოტო-გამოფენაც ახლდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში მომზადებული, თუმცა, წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა სულაც არ ასახავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს _ აქ იყო სს "წყალი მარგებლის" მიერ დაფინანსებული ბახმაროს დოღის ამსახველი ფოტო, ლელო ბურთის თამაშის ამსახველი ფოტო, კალანდობის ამსახველი ფოტო _ მარტივად რომ ვთქვათ, ღონისძიებები, რომელსაც პროექტთან კავშირი არ ჰქონდა და მათზე დაკრული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ლოგოები არაფერ შუაში იყო.

ჩვენს კითხვაზე, რატომ შეიყვანეს პრემიერი შეცდომაში და რატომ წარმოადგინეს ფოტოები, რომლებსაც პროექტთან კავშირი არ ჰქონდა და მათ შორის, რამდენიმე ფოტო სხვა ადამიანების მიერ იყო გადაღებული (ევროკავშირი საავტორო უფლებების დაცვას საკმაოდ დიდი ყურადღებას აქცევს. ავტ.) როექტის დირექტორმა, ნანა თავდუმაძემ აღნიშნა, რომ ასე არ იყო:

_ ეს ფოტოები პროექტის ფარგლებშია გადაღებული, _ გვითხრა თავდუმაძემ.

_ პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, აქ არ არის ამის ამსახველი ფოტო მასალა. პირიქით, წარმოდგენილი გაქვთ ფოტოები, რომლებსაც პროექტთან კავშირი არ აქვს და პრემიერთან ერთად დამთვალიერებელიც შეცდომაში შეგყავთ...

_ ყველა ეს ფოტო სწორედ ამ პროექტის ფარგლებშია გადაღებული.

_ ქალბატონო ნანა, ევროკავშირი საავტორო უფლებების დაცვას დიდი ყურადღებას ანიჭებს. თქვენ კი, მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიების ფარგლებში სხვისი ფოტოები, საავტორო უფლებების დაცვის დარღვევით გამოფინეთ... მაგალითად დოღის ფოტო, რომელიც "გურია ნიუსის" მიერ არის გადაღებული... ასევე, კალანდობის ამსახველი ფოტო, რომელიც სხვისი გადაღებულია, არც ლელოს ფოტოზე გაქვთ დაცული საავტორო უფლებები....

_ და რა იცით, რომ "გურია ნიუსის" ფოტოა? შეგიძლიათ დაამტკიცოთ?

_ ჩვენს გადაღებულ ფოტოებს ვცნობთ... თქვენ შეგიძლიათ საწინააღმდეგოს დამტკიცება? შეგიძლიათ დაზუსტებით გვითხრათ, რომ აქ წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა თქვენი პროექტის ფარგლებშია გადაღებული?

_ კი, ნამდვილად ასეა.

_ ევროკავშირმა დააფინანსა ლელო, კალანდობა, დოღი?

_ ეს ტურიზმთანაა კავშირში.

_ კავშირს კარგად ვხვდებით, მაგრამ თქვენ ამ ფოტოებს დააკარით პროექტის ლოგოები, რაც არ არის სწორი.

_ ეს ფოტოები პროექტის ფარგლებში გადაიღეს, _ "პირველ ჩვენებას" არ ცვლიდა თავდუმაძე, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებდა.

ამავე ღონისძიებაზე "გურია ნიუსის" კამერამ ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირა _ მაშინ, როცა პრემიერი ღონისძიების მონაწილეებს ესაუბრებოდა, ოზურგეთის მერი ჩაის სმითა და ჩირის ჭამით იყო გართული.

ჩვენი კითხვა, რომელ ეტიკეტში ჯდებოდა ეს საქციელი, კონსტანტინე შარაშენიძემ უპასუხოდ დატოვა.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, უპასუხო კითხვები არ დაუტოვებია მამუკა ბახტაძეს "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციაში სტუმრობისას.

მთავრობის მეთაური პარტიაში დაუგეგმავად, კამერების გარეშე მივიდა და საარჩევნო სამზადისში მყოფ აქტივს შეხვდა.

ჩვენი წყაროს თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა პრემიერს ოზურგეთში შექმნილ ვითარებაზე ვრცლად ესაუბრნენ; მათ შორის, საუბარი იყო, ოზურგეთის მერის მხრიდან "ოცნების" წევრების სამსახურებიდან გათავისუფლების, მათი დევნის შესახებ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მათი მხარდაჭერების თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო გურიის ყოფილი გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც.

ჩვენი წყაროს თქმით, "ქართული ოცნების" წევრებმა მთავრობის მეთაურს ჭანუყვაძის ავტორიტეტი და მმართველი პარტიისთვის მისი საჭიროება შეახსენეს. პარტიის ადგილობრივ აქტივს, პრემიერისთვის არც ის დარჩენია უთქმელი, რომ ოზურგეთში სტუმრობისას, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მისთვის "ნაცებს" ამასპინძლებინა.

ერთ-ერთ მაგალითად კი დაბა ნასაკირალში, პრემიერის გვერდით მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესო ქათამაძე დაუსახელეს, რომელიც ვიზიტის დროს, პრემიერს გვერდიდან მართლაც არ მოშორებია და მისთვის არც ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამს _ მარტივად რომ ვთქვათ, კარგი თანაგუნდელივით დაყვებოდა, რამაც კითხვები მხოლოდ პარტიის აქტივს არ გაუჩინა.

როგორც გვითხრეს, პრემიერმა "ქართული ოცნების" წევრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სიტუაციას ფლობდა და აქტივს გვერდით დგომა აღუთქვა.

ამ შეხვედრის მონაწილეებმა ოფიციალური კომენტარები არ გააკეთეს და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ეს შიდაპარტიული, სამუშაო შეხვედრა იყო.

_ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გურიაში და პროექტები, რომელზეც მან ისაუბრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. "ქართული ოცნების" ოფისში მან ვიზიტი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, _ აღნიშნა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.




 ახალი ამბები
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვლება„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...