რატომ გაქრა ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებიდან ბინები და მიწის ნაკვეთები

მთავარი თემა

რატომ გაქრა ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებიდან ბინები და მიწის ნაკვეთები

2017 ივლ 31 12:55:41

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში  სამი ბინა, მიწის ნაკვეთი და ორი ავტომობილია.

ამის შესახებ ევა გოცირიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციის თანახმად, ევა გოცირიძემ 2016 წელს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 223,75 კვ.მ-ის მშენებარე ბინა შეიძინა, რომლის ფასად დეკლარაციაში 22 861,00 დოლარია მითითებული, თუმცა მასში  გაცილებით მეტი თანხა - 228 ათას დოლარია გადახდილი (ევა გოცირიძის განმარტება იხილეთ ქვემოთ, ავტ.).   

მის საკუთრებაშია 2000 წელს,  8000-დოლარად ნაყიდი 45,00 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე.

ევა გოცირიძის 50,00% -იან საკუთრებაშია ასევე, 2006 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 71,86 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, სანზონაში (თანამესაკუთრე - ოლანი გოცირიძე).

ასევე, 1995 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 1300,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში.

ევა გოცირიძის  100,00% საკუთრებაშია 2008 წელს ნაჩუქარი მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს სიალკა, ხოლო მის მეუღლეს, მინდია უგრეხელიძე ეკუთვნის 2012 წელს, 5000,00 -დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა ჯიპი ჩეროკი, ლიბერი AB-948.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში აღარ ფიქსირდება (იხ, ფოტო. ავტ.) მის 50% სარგებლობაში არსებული 100 კვ.მ-ის ფართობის ბინა საფრანგეთში, სტრასბურგში, მარნის ბულვარი 44-ში, რომლის თანამესაკუთრე მისი მეუღლე მინდია უგრეხელიძე იყო.

ასევე, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება მინდია უგრეხელიძის საკუთრებაში არსებული ბინა ქუთაისში, თამარ მეფის 1-ელ ჩიხში, რომლის ფართობი - 300.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე არსებული - 500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.

ასევე,  ტყიბულში, ბობოთში, მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი,  თბილისში, წყნეთში მდებარე  120.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ამავე მისამართზე არსებული 700.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მინდია უგრეხელიძის საკუთრებაში იყო.

ასევე, ევა გოცირიძის 50%-იან საკუთრებაში არსებული 3000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 200.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში, რომლის თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე იყო.

2016-2017 წლებში შევსებული დეკლარაციებიდან არ ირკვევა, რატომ აღარ არის ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში ზემოთ აღნიშნული ქონება. ქონებრივ დეკლარაციებში არ არის დაფიქსირებული გაყიდეს თუ გააჩუქეს  ქონება გოცირიძემ და უგრეხელიძემ.

„გურია ნიუსი“ დეტალების დასაზუსტებლად ევა გოცირიძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ეს ქონება არც წინა წლების დეკლარაციებში უნდა ყოფილიყო.

გოცირიძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

_ქალბატონო ევა, თქვენს მიერ წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ გარდა იმ ქონებისა, რომელიც ახლაც გაქვთ, კიდევ 4 ბინა და 4 მიწის ნაკვეთი იყო თქვენი ოჯახის საკუთრებაში, თუმცა, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ქონება აღარ წერია. რატომ?

 _მაგაზე ადვილი არაფერია, გიპასუხებთ. სტრასბურგში არსებული ბინა გავყიდეთ და ამ თანხით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ბინა ვიყიდეთ, რაც დეკლარირებულია.

_ამ ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც არ გიფიქსირდებათ დეკლარაციაში. შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ რა ფასად გაყიდეთ?

_იქ, სადაც შესავსები იყო, ყველა გრაფა შევავსე. გრაფები ყველაფერი შევავსე.

_თქვენს დეკლარაციაში ამ ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი არ წერია. გამოგრჩათ თუ რატომ არ გაქვთ შევსებული?

_ეტყობა წლების მიხედვით... არ ვიცი არ მახსოვს. ფაქტი არის ეს, რომ ის ბინა გავყიდეთ და მშენებარე ბინა ვიყიდეთ თბილისში.

_ანუ სტრასბურგის ბინიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაიხადეთ თბილისში მშენებარე ბინაში?

_დიახ, დიახ, მთლიანად გადავიხადეთ... რაც შეეხება ქუთაისის ბინას, წყნეთის აგარაკს და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ჩემი ქმრის, ამიტომ მე მეგონა რომ ჩემი ქმრის იყო და ვწერდი დეკლარაციაში. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი გასხვისებული ყოფილა მის უფროს ვაჟიშვილზე პირველი ქორწინებიდან, ამიტომ აღარ შევიტანე. ასევე აღმოვაჩინე, რომ ამბროლაურის რაიონში მდებარე ბინა და მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემი საკუთრებაც მეგონა, ჩემი დის სახელზეა.

_ანუ, ეს ქონება არ გაგიყიდიათ?

_არა, არ გამიყიდია, არის სხვის საკუთრებაში და არც აქამდე უნდა ჩამეწერა წინა წლების დეკლარაციებში. არასწორად იყო მითითებული. დიდი ხანი ყოფილა გასხვისებული. გარდა სტრასბურგის ბინისა არ გამიყიდია არაფერი.

_რაც შეეხება სტრასბურგის ბინას, შეგიძლიათ გვითხრათ რა ფასად გაყიდეთ?

_რატომ უნდა გითხრათ? თითქმის იმ ფასად, რა ფასიც გადავიხადეთ ვაკის ბინაში. ეს დეტალები თქვენ რაში გაინტერესებთ?

_თქვენ ეს დეტალები დეკლარაციაში შემოსავლის გრაფაში უნდა ჩაგეწერათ, რადგან ამის ვალდებულება გაქვთ. რაც არ გაგიკეთებიათ.

_არ ვიცი, გამომრჩა ეტყობა. თითქოს ყველაფერი შევავსე. და თუ რაღაც არ არის, შევსებული, მაშინ შემდეგ გვერდზე როგორ გადავედი შევსებისას?! იმ ბინით, რომელიც თავისი ამბებით გავყიდეთ, ძლივს შევწვდით რომ კარკასი გვეყიდა აქა, ფაქტობრივად ისეთი სიტუაცია იყო.

_ანუ, თქენ ამბობთ, რომ საფრანგეთში, სტრასბურგში, ბინა 22 861 დოლარად გაყიდეთ? ჭავჭავაძის ბინის საფასურად დეკლარაციაში სწორედ 22 861 დოლარი წერია...

_22 ათასი? არა, 228 ათასი უნდა ეწეროს. შეცდომაა, ალბათ...

_გარდა ამისა, თქვენი მეუღლის 2016 წლის შემოსავალთან დაკავშირებით, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, ერთი თვის ვადაში, მან ლექციების წაკითხვიდან 53 000,00 ლარის შემოსავალი მიიღო. ნამდვილად ასეა თუ ეს ერთი წლის შემოსავალია და დეკლარაციაში შეცდომით ერთი თვე გიწერიათ?

_არა, ერთი თვე არაა; ერთი წლის შემოსავალია მაგდენი. ერთი წელი იწერება მანდ საერთოდ... და თქვენ რატომ დაინტერესდით ასე ზუსტად ჩემი დეკლარაციით?

_არა მარტო თქვენი, სხვა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებითაც ვწერთ და ვაქვეყნებთ. გასულ წლებშიც გვქონდა გამოქვეყნებული თქვენი ქონების შესახებ ინფორმაცია, რადგან თქვენ ბრძანდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი თქვენს ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით.

_ახლა ამასაც აპირებთ რომ გამოაქვეყნოთ?

_დიახ, ვაპირებთ, გამოვაქვეყნოთ.

_კი, ბატონო გამოაქვეყნეთ. რაც მკითხეთ, მგონი გიპასუხეთ. მინდიას ქონებაზე, ალბათ, არასწორად დავაკლიკე. ერთი წელი იგულისხმება ნამდვილად. ოთხ უნივერსიტეტში მუშაობს და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან აქვს შემოსავალი“, _ გვითხრა ევა გოცირიძემ.

 რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც 2017 წლის 26 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასული წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისთვის გოცირიძე-უგრეხელიძის ოჯახს ჯამში 148 420 ლარის შემოსავალი მიუღია (ამ თანხაში არ არის სტრასბურგის ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი).

აქედან, ევა გოცირიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის, გასული წლის განმავლობაში,  85000,00 ლარი მიუღია, ხოლო ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორობისთვის (სასწავლებელი დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის, ავტ.) 9120,00 ლარი. გარდა ამისა, ევა გოცირიძეს ჰონორარის სახით 1300 -ლარიანი შემოსავალიც ჰქონია.

მინდია უგრეხელიძის შემოსავალი კი, როგორც გოცირიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტა - ერთი წლის განმავლობაში, ლექციების წაკითხვიდან, 53000,00 ლარი იყო.  

დეკლარაციის შევსების მომენტში, ევა გოცირიძეს საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 760,00 ლარი, თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე -  40000,00 დოლარი, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 17000,00 ლარი ერიცხებოდა. მინდია უგრეხელიძეს კი,  თი–ბი–სის ბანკის სახელფასო ანგარიშზე 608,00 ლარი ჰქონდა.

გარდა ამისა, ევა გოცირიძეს ნაღდი ფულის სახით 10000,00 დოლარი (დანაზოგი) ჰქონდა, ხოლო მინდია უგრეხელიძე 1500,00 ევრო (დანაზოგი).

რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ევა გოცირიძე მკურნალობისთვის  1270,00 ლარი გადაუხდია, ხოლო  მგზავრობის ხარჯი 1600,00 ევრო ჰქონია. სარემონტო სამუშაოებში კი, 7000,00 ლარი გადაუხდია. ასევე, ოჯახს გადაუხდია შვილის, გაგი უგრეხელიძის სწავლის გადასახადი 5700,00 ევრო, ხოლო მინდია უგრეხელიძეს მკურნალობა 960,00 ლარი დაჯდომია.

დეკლარაციის თანახმად,  ევა გოცირიძისა და მინდია უგრეხელიძის ოჯახი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს, ასევე გასული წლის განმავლობაში არ მიუღიათ ფასიანი საჩუქრები.

რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, 2015 წელს გოცირიძე-უგრეხელიძის ოჯახს ჯამში 119 500 ლარის შემოსავალი ჰქონია. 2014 წელს კი, ჯამში -141 000 ლარი მიუღიათ.

2013 წელს კი, ოჯახის საერთო შემოსავალი 73 525 ლარი ყოფილა. 2012 წელს - ჯამში 57600 ლარი და 5000 ევრო. აქედან, ევა გოცირიძის შემოსავალი 5000-ევროიანი ჰონორარია, ხოლო მინდია უგრეხელიძეს 14400 ლარის პენსია აუღია, 43 200 ლარი კი, უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული ანაზღაურებაა ლექციების წაკითხვისთვის.

ცნობისთვის, ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი 2013-2017 წლებში იყო.

2016 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით,  მთავრობამ სტრაბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნანა მჭედილიძე ევა გოცირიძით ჩაანაცვლა. თუმცა, 2017 წლის იანვარში, ევროსასამართლომ მისი კანდიდატურა ჩააგდო. მანამდე კი, გოცირიძის კანდიდატურის დაყენებას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ადვოკატთა კორპუსიც აკრიტიკებდა. ამის გამო, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ევროსაბჭოს წინ 2016 წლის 26 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა.

მიუხედავად ამისა, გოცირიძე მაშინ აცხადებდა, რომ "ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევესაბამები ამ თანამდებობას".  (იხ. ევა გოცირიძის სამოტივაციო წერილი და ბიოგრაფია, ავტ.)

შეგახსენებთ იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას ევა გოცირიძე  მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასაც ითხოვდა.

 

ამავე თემაზე:

6 ბინა და 141 000-ლარიანი შემოსავალი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ოჯახის ქონება




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...