როგორ იხსენებენ კალანდობის დღესასწაულს "გურია ნიუსის" ღვაწლმოსილი, მუდმივი მკითხველები

მთავარი თემა

როგორ იხსენებენ კალანდობის დღესასწაულს "გურია ნიუსის" ღვაწლმოსილი, მუდმივი მკითხველები

2020 იან 13 10:53:08

კალანდობის ტრადიციას რომ საუკუნოვანი ისტორია აქვს გურიაში და იგი მტკიცედ არის შენარჩუნებული დღემდე, ამას ყოველი ახალი წლის დადგომაც მოწმობს. აქ კვლავ გამორჩეული მოლოდინით ელიან 13 იანვრის ღამეს, როცა "კალანდა" თენდება.

ჩიჩილაკი ახლა უმეტესად ბაზრობაზე იყიდება, წარსულისგან განსხვავებით, როცა ყოველ ოჯახში ლუკუმხის ან თხილის ხისგან თავად თლიდნენ.

კვლავ აქტუალურია სუროთი, კურკანტელით, ჩურჩხელებით თუ სხვადასხვა ტკბილეულით მისი მორთვა. ასევე, ხონჩაზე დალაგებული სხვადასხვა ნუგბარი, იქვე სანთელი და მეკვლის ლოცვა.

"გურია ნიუსმა" გადაწყვიტა, ძირძველ ტრადიციებზე იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს ესაუბრათ, რომლებიც "გურია ნიუსის" დაფუძნების დღიდან მისი აქტიური მკითხველები არიან და ერთხელაც არ შეუწყვეტიათ მისი გამოწერა. ამ ადამიანებს შინ ვესტუმრეთ. ზოგიც რედაქციაში თავად მოვიდა. ზოგი დაგვეთანხმა ფოტოს გადაღებაზე, ზოგმაც თავაზიანი ღიმილით იუარა, აწი ასაკში ვარ და მთლად საფოტოოდ ვერ გამოვიყურებიო. სამაგიეროდ, სიამოვნებით გვიამბეს, თუ როგორ ახსოვთ კალანდობის ზეიმი შორეული ბავშვობიდან.

ციური ბაბილოძე, სოფელ მერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი: "მიხარია, რომ "გურია ნიუსი" ტრადიციების განმტკიცებას ძალიან უწყობს ხელს. ამიტომ ველი ყოველ ნომერს გამორჩეული სიხარულით. ჩემს ბავშვობაში კალანდობის დღესასწაული დიდი სამზადისს უკავშირდებოდა. თხინვალში დავიბადე და გავიზარდე. უფრო დიდი დღესასწაული და განსაკუთრებული მზადება არ მახსოვს. ბუნებრივია, ღორი, ინდაური თუ ქათმები ყველა ოჯახს უნდა ჰყოლოდა. ამ დღისთვის განსაკუთრებით ასუქებდნენ.

ჩიჩილაკს ოჯახებში თლიდნენ. სიცოცხლის ხეს, რაც შეიძლება, ლამაზი და ხშირი "წვერი" უნდა ჰქონოდა.

ნაშუაღამევს ერთმანეთის ოჯახებში გადავდიოდით, ბავშვებიც ჟრიამულით დავრბოდით. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო, რომელიც 12 საათამდე 15 წუთით ადრე გადავიდოდა ეზოს გარეთ ხონჩით და მერე ზუსტად 12-ზე, როცა სროლა დაიწყებოდა, შემოვიდოდა ხვავის და ბარაქის სურვილით. ბებიები მუცლის სალოცავ კვერებს შემოგვავლებდნენ. მე განსაკუთრებით მიხაროდა ბათუმში, ბიძასთან წასვლა. იქ ალილოს რიტუალი უფრო მასშტაბური იყო. "არიელი, მარიელი, ნუ გაგვიშვებ ცარიელი", _ ისმოდა ყიჟინა, რაც ახლაც ყურებში მიდგას"...

დადანა ცინცაძე, ოზურგეთელი პენსიონერი პედაგოგი: "კალანდობა ჩემს ბავშვობაში ზღაპრული მოვლენა იყო.

ჩოხატაურში, გუთურში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ადრიანად იწყებოდა სამზადისი. ვიცით, ტრადიციული სუფრისთვის რაც იყო საჭირო. ეს დღესაც შენარჩუნებულია. თუმცა, მაშინ სხვა ხიბლი ჰქონდა ხონჩაზე დალაგებულ ღორის თავს, ხაჭაპურებს, მრგვალად მოხარშულ ქათამს, სხვადასხვა ტკბილეულს, ჩურჩხელებს, გოზინაყს. გასაჭირი სულ იყო, მაგრამ ვერ ნახავდით ოჯახს, რომელსაც საკალანდოდ ეს ყველაფერი არ ჰქონოდა სუფრაზე.

მე თვითონ ჩემს კუთხეში ყველა ოჯახის მეკვლე ვიყავი, ოღონდ ადრე დილიდან. გვიან ღამით არავინ გამიშვებდა ეზოს გარეთ. კალანდა დილას, ადრიანად ჩამოვივლიდი ყველა ოჯახს, მივულოცავდი კალანდას. ძალიან გულუხვად მასაჩუქრებდნენ მეზობლები. მერე მეგობრებს ვუყოფდი ტკბილეულს.

 ჩვენს ბავშვობაში კალანდა იყო ყველაზე დიდი და კაშკაშა ზეიმი, რასაც ვერაფერი ცვლიდა. როცა ინსტიტუტი დავამთავრე და სამუშაოდ ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხეში გამანაწილეს, იქ საოცარი დირექტორი დამხვდა _ აკაკი სიხარულიძე. მეუღლეც პედაგოგი ჰყავდა. საოცარი ხალხი იყო. ტანმორჩილი კაცი იყო, შინაგანად კი დიადი პიროვნება, უაღრესად განათლებული ადამიანი. ბატონი აკაკი კალანდის დღესასწაულის, ასევე, სხვა ტრადიციული დღესასწაულების შესახებ განსაკუთრებული დაკვირვებით, ცოდნით და ტაქტით უყვებოდა არა მარტო მოსწავლეებს, ასევე, პედაგოგებს.

აკაკი სიხარულიძის შვილი რომ "გურია ნიუსის" რედაქტორია დღეს, ესეც არის განმსაზღვრელი, რომ ამ გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. თუ ნამეტანი გრძლად არ გამომივა, ერთ ამბავსაც გავიხსენებ _ ბატონ აკაკის პატარა გიორგი ძალიან ავად გაუხდა. მეუღლემ დეპეშა გამოუგზავნა თბილისიდან, რომ ბავშვს სულიერს მოუსწარიო... ეტყობა, მძიმე მდგომარეობა იყო. დავიზაფრეთ. ვერავინ ვბედავდით დეპეშის შინაარსის გამხელას. ბოლოს უთხრეს მაინც... სხვა გზა არ იყო. მახსოვს, როგორ გაფითრებულმა, თუმცა, მაინც მხნედ მიმავალმა დატოვა სკოლის ეზო. მერე ყველაფერი კარგად დასრულდა... მინდა, უთვალავი ბედნიერი კალანდა გათენებოდეს ბატონ გიორგი სიხარულიძეს, თავის ოჯახთან, საკუთარ საქმესთან წარმატებაში. დიდხანს ეხაროს სახელოვანი მშობლების შვილს მამისეულ ფუძეზე. ჩემი საკალანდო მილოცვა ასე გადაეცით..."

შორენა სიმონიშვილი, პენსიონერი ქალბატონი სოფელ შემოქმედიდან: "ყველას გილოცავთ კალანდობას, ჩემ საყვარელ "გურია ნიუსს" განსაკუთრებით.

კალანდის დღესასწაული ჩემს ბავშვობაში ახდენილი ზღაპარი იყო. მინდა დამიჯეროთ, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავით. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო, ამ დღეს ყველა ოჯახში სავსე სუფრა ჰქონდათ გაშლილი.

განსაკუთრებით მახსოვს მუცლის სალოცავის რიტუალი. საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე შეკიდებდნენ და ასე ამზადებდნენ მუცლის სალოცავისთვის. დედა აკეთებდა ამ ღვეზელს, რომელშიც მრგვალად მოხარშული ყველი იდო. სამჯერ შემოგვატარებდა ირგვლივ. სიმართლე გითხრათ, ლოცვის ტექსტი სრულად არ მახსოვს, ხმადაბლა ჩურჩულებდა და ამით ჩვენც ვგრძნობდით, რომ წყნარად და რიდით უნდა ვყოფილიყავით. მერე კი მთელ კუთხეს შემოვირბენდით. განსაკუთრებული სიხარული სუფევდა. ეს სიხარული ლამის მთელი წლის მანძილზე მიგვყვებოდა. იყო ისეც, რომ ვისმენდით საუბარს უფროსებისგან, რომ მომავალი კალანდისთვის როგორ უნდა მომზადებულიყვნენ. ნატრობდნენ კარგ ამინდებს და უხვ მოსავალს, რომ კიდევ უფრო "მსუყედ" შეხვედროდნენ მომდევნო კალანდას.

სხვა რა გითხრათ. მინდა, რომ ეს ტრადიცია არასდროს დაიკარგოს".

ეთერ ლომჯარია, პენსიონერი სოფელ ჭანიეთიდან: "კალანდობა ზეიმი იყო, ნამდვილი დღესასწაული. ბავშვებს ძალიან გვიხაროდა თავმოყრა, თუმცა, ჯერ ყველა აუცილებლად საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად უნდა შეხვედროდა ახალ წელს".

ელდარ თავაძე, პენსიონერი სოფელ ჭანიეთიდან: "კალანდის მოლოდინში ერთი თვით ან ერთი კვირით ადრე კი არ იწყებოდა მზადება _ ეს იყო ერთგვარი შეჯამება, თუ როგორ იშრომა ოჯახმა წლის მანძილზე და როგორი სუფრა გაშალა საკალანდო რიტუალისთვის, რომ უფლისთვის სამადლობელი ღირსეულად ეთქვა. საუკეთესო ღვინო, საკლავი, ტკბილეული, ოჯახის უფროსის ხელით გათლილი ჩიჩილაკი, სალოცავი კვერების გამოცხობა, ახლა რომ ღვეზელს ვეძახით _ ეს ყველაფერი უდიდესი ჰარმონიით იყო ერთმანეთს შეზავებული.

ბიჭებს ძალიან მოგვწონდა მარანში შესვლის პროცესი, როცა ბაბუა ჩაფით ამოიღებდა ღვინოს ჭურიდან და ღმერთის სადიდებელს იტყოდა პირველ რიგში. ასევე, მოგვწონდა, მამები რომ თოფს შეწკიპავდნენ _ მაშინ ხომ მაშხალები და შუშხუნები არ იყო. თოფის სროლა იწყებოდა 12 საათის დადგომისთანავე. მერე იყო მილოცვები, სიმღერა და გადაძახილები. რაღაცნაირი საყოველთაო ჟრიამული იყო.

კუთხეში, სადაც ათი-თხუთმეტი ან მეტი ოჯახი ცხოვრობდა, ისე შევიდოდნენ ერთმანეთთან, როგორც საკუთარ ჭერქვეშ. ეს ტრადიცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დაკარგოს გურიამ. მასში არის სიცოცხლის ისეთი სადიდებელი, რაც გურულებს განსაკუთრებული ფილოსოფიური სიღრმით ამოაქვთ შინაგანი სამყაროდან.

თვალხილული და თითქოს ამოუცნობი ფენომენიც არის კალანდობა, რომელსაც მუდამ მოაქვს რაღას ახალი თუ განახლებული მუხტი...

მრავალს დაესწარით, "გურია ნიუსს" ცალკე მიულოცეთ ჩემგან, ნომერი არ დამიგვიანოთ".

მერიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ციური ბაბილოძემ გვიამბო, თუ როგორ ჩაატარეს გასულ წელს სოფელ მერიის საჯარო სკოლიდან "ალილოს" მსვლელობა:

_ ჩვენი სკოლა მართლაც ერთადერთია, სადაც "ალილოს" მსვლელობის სცენარი დაიგეგმა. მოსწავლეების სიხარული უსაზღვრო იყო, როცა ასეთი სცენარი შევთავაზეთ. ხარი სოფელ ხვარბეთიდან ჩამოვიყვანეთ. უამრავი შემოწირულობა შეგროვდა. გზადაგზა მძღოლები, მგზავრები აჩერებდნენ და ფულსაც ჩუქნიდნენ მეალილოეებს.

უნდა გენახათ, ბოლოს ბავშვებმა, ეკლესიაში მიტანილი შემოწირულობა რა სიზუსტით დათვალეს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს და გაჭირვებულებს როგორ გადასცეს. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული.

საუკეთესო ტრადიციები დროს ყოველთვის უპრობლემოდ უძლებენ, პეწს არ კარგავენ. მთავარია, ადამიანებმა არ დაკარგონ სახე და შეძლონ ამ ტრადიციების ღირსეულად ტარება, _ გვითხრა ქალბატონმა ციურიმ.

 "გურია ნიუსი" დიდი სიყვარულით და ღრმა პატივისცემით ულოცავს ამ ადამიანებს, ყველა მკითხველს "კალანდობას" და ჯანმრთელ, ხანგრძლივ, ბედნიერ სიცოცხლეს უსურვებს!




 ახალი ამბები
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...