საოცრებათა გურია: 109 წლის ბებო ობოლ ბიჭუნას მეურვეობს და კალანდას გილოცავთ!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები ჟენია ცეცხლაძე, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ „გურია ნიუსმა“ ორი წლის წინ ჩაწერა, მთელმა საქართველომ გაიცნო. მას შემდეგ არაერთი ჩვენი კოლეგა შეგვეხმიანა სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან და ჟენია ბებო მედიასივრცის გმირი გახდა.
პირველი ინტერვიუს დროს, ჟენია ცეცხლაძე შეგვპირდა, რომ კიდევ არა ერთ ახალ წელს მიულოცავდა ერსა და ბერს, თუ უფალი ინებებდა.
როგორ არის ახლა ჟენია ბებო? მის ცხოვრებაში კიდევ ერთი უჩვეულო, უსაზღვროდ ადამიანური ამბავი ხდება.
_ ჟენია ცეცხლაძე რომ იშვიათი ადამიანია, ყველამ იცის ჩვენს სოფელში. მისმა რძალმა, ეკა ცეცხლაძემ მეზობლად მცხოვრები, ობლად დარჩენილი ბიჭუნას, 2 წლის გიორგი ხარაბაძის მეურვეობა იკისრა. თუმცა, უნდა ნახოთ, როგორ ეხმარება ეკას ქალბატონი ჟენია, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. როგორ ეფერება, გულში იკრავს პატარას, _ გვეუბნებიან ცხემლისხიდელები.
ქალბატონი ჟენია ჩვეულ ფორმაში დაგვხვდა. მართალია, ამბობს, რომ ხანდახან წნევა აწუხებს, ხან_ სახსრებიც, თუმცა, ხასიათს არ იფუჭებს და სიყვარულის გასაცემად მზადაა.
ჟენია ბებო პატარა გიორგის საკუთარ შვილიშვილებსა და შვილთაშვილებში არ არჩევს.
_ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ჩვენს მეზობლად _ გიორგის დედას, ფეხმძიმე მდგომარეობაში მყოფს, ინსულტი მოუვიდა და ვერ გადაარჩინეს. მუცლად მყოფი ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კი შეძლეს ექიმებმა, რომლის გაზრდაც საპატრიარქომ იტვირთა. მეორე შვილის _ 2 წლის გიორგის მეურვეობა კი ჩემი რძლის, ეკა ცეცხლაძის ინიციატივაა. ბავშვი ჩვენთან შეჩვეული იყო თავიდან _ დედამისი ჩემ რძალთან მეგობრობდა. რა თქმა უნდა, როგორც შემიძლია, ვეხმარები. მეტის გაკეთების სურვილი მაქვს, მაგრამ ასაკი არ მაძლევს გასაქანს. ბიჭუნა საღამოობით მამას მიჰყავს შინ. სხვა არავინ ჰყავს, _ გვეუბნება ქალბატონი ჟენია და საუბრის დროს გიორგის გულში იკრავს.
ჟენია ცეცხლაძის ოჯახი რვა სულისგან შედგება. მას ერთი ვაჟიშვილი გარდაცვლილი ჰყავს, რომლის მეუღლეც შშმ პირია. ოჯახში იზრდებიან მცირეწლოვანი ბავშვები, მისი შვილთაშვილები.
მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა, ოჯახმა დიდი მისია იტვირთა. ამ ნაბიჯს ყველაზე ადამიანურად აფასებს ქალბატონი ჟენია, დამდეგ კალანდას ულოცავს გურიას, მთელ ქვეყანას და ადამიანის და სიცოცხლის სიყვარულს უსურვებს თითოეულ ჩვენგანს.
_ კალანდა განსაკუთრებული დღესასწაულია, გურულისთვის მით უფრო. ადამიანის და სიცოცხლის სიყვარულს ვუსურვებ ყველას. თუ ერთმანეთი გვეყვარება, ეს გრძნობა შეუძლებელს შეგვაძლებინებს, მრავალ ბედნიერი წელიწადი გაგითენდეთ! _ გვლოცავს 109 წლის ბებო და გვეუბნება, რომ უხარია რომ ადამიანებს არ ავიწყდებათ.
"ჩემთან მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და სოფელში მერის წარმომადგენელი შოთა მახარაძე. მომიტანეს საუკეთესო საჩუქარი კომპლექტი, რისთვსაც მადლობელი ვარ. ადამიანს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ყურადღბა ძალიან უხარიათ.
„გურია ნიუსი“ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჟენია ცეცხლაძეს, ქალბატონს, რომელიც მზად არის, მუდამ პოზიტიურად შეეგებოს ყველას და ნებისმიერ ადამიანს იმედიანი ცხოვრების განწყობა მიანიჭოს!