სკანდალური ოქმი, საქმე პროკურატურაში და ურთიერთბრალდებები "მერცხალში"

gurianews.com

მთავარი თემა

სკანდალური ოქმი, საქმე პროკურატურაში და ურთიერთბრალდებები "მერცხალში"

2018 მარ 30 17:58:32

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კლუბ "მერცხალს" ორი დირექტორი ჰყავს: გენერალური დირექტორის პოსტი მურთაზ აბაშიძეს უჭირავს, ხოლო დირექტორის _ მამუკა გოგუაძეს.

გენერალურ დირექტორად მურთაზ აბაშიძე ერთი თვეა, რაც დაინიშნა. როგორც ის "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ამ ხნის მანძილზე კლუბში მის გარდა, ოფიციალურად არავინ დანიშნულა, თუმცა, ჩვენს მიერ მოძიებული ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბის "მერცხალის" თანამშრომელთა საერთო კრებაზე, რომელიც 2018 წლის 27 თებერვალით არის დათარიღებული, აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მერმა კლუბის მთლიანი მართვა გენერალურ დირექტორს მურთაზ აბაშიძეს დააკისრა. კრების ოქმის მიხედვით, 23 თანამშრომელს მურთაზ აბაშიძემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აკაკი ათუაშვილი წარუდგინა, ხოლო გუნდის უფროსის პოსტზე _ შოთა გიორგაძე:

"მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დასახელებული პირები დღეიდან შეუდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას და ყველაფერს გააკეთებენ გუნდის წარმატებით გამოსვლისათვის. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საწყენი და მიუღებელი არავისთვის, რადგან თვით ზიდანსაც, რომელსაც შარშან უამრავი ტიტული მოაგებინა "რეალს", წლევანდელი ჩავარდნისათვის კარისაკენ მიუთითეს. აღსანიშნავია, რომ, კლუბში იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე ეს საჭიროა. ამიტომ მოხდება თანამშრომელთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება, რაც ბიუჯეტში თანხების დაზოგვას გამოიწვევს.

შოთა გიორგაძე მადლობას უხდის გენდირექტორს ასეთი ნდობისთვის და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდის წარმატებებისთვის.

ს/კ "მერცხალის" თანამშრომელთა საერთო კრებამ ცნობად მიიღო ზემოთ აღნიშნული საკითხების მოგავრებისთვის გასატარებელი ღონისძიებები", _ ნათქვამია კრების ოქმში.

საქართველოს ჩემპიონატში (თასზე) მონაწილე გუნდის განაცხადში, რომელიც 2018 წლის 6 მარტით არის დათარიღებული, გუნდის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში არიან შოთა გიორგაძე, როგორც გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი.

ჩვენს მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის _ საშტატო ნუსხის მიხედვით, რომელიც 29 მარტს მივიღეთ, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ხარიტონ ჩხატარაშვილს უჭირავს.

რა ხდება რეალურად კლუბ "მერცხალში", დანიშნულია თუ არა ერთ პოზიციაზე ორი პიროვნება, არსებობს თუ არა ბრძანება ათუაშვილის დანიშვნის და ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლების შესახებ, გუნდის უფროსად შოთა გიორგაძის დანიშვნის შესახებ, ვინ არის რეალურად გუნდის მთავარი მწვრთნელი და რა ფუნქცია აკისრია მას? ჩვენ შევეცადეთ ეს კითხვები ამ საკითხში კომპეტენტური ყველა პირისთვის დაგვესვა.

კლუბის გენერალური დირექტორი მურთაზ აბაშიძე " გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მას ჯერ არავინ დაუნიშნავს, თუმცა, გუნდის მწვრთნელად აკაკი ათუაშვილს ოფიციალურად ასახელებს:

_ გუნდს ჰყავს მთავარი მწვრთნელი _ კაკო ათუაშვილი, რომელიც, ჯერჯერობით, მუშაობს უხელფასოდ, მაგრამ გააჩნია ლიცენზია, ე. წ. „კარტოჩკა" და ჩემი ბრძანების საფუძველზე აქვს უფლება იმუშაოს მწვრთნელად, ეს ყველაფერი კი აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან არის შეთანხმებული.

_ ბატონო მურთაზ, თქვენ გუნდის საერთო კრებაზე აღნიშნეთ, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილს ათუაშვილი ჩაანაცვლებდა და ამბობთ, რომ ათუაშვილი დანიშნულიაო. არადა, საშტატოს ნუსხის მიხედვით მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩხატარაშვილს უჭირავს. არსებობს ბრძანებები რომელიმეს დანიშვნის ან განთავისუფლების შესახებ?

_ კი, არის ხარიტონი. მე არ გამითავისუფლებია. ხარიტონი რას ბოდავს, სულ არ მაინტერესებს. სამსახურიდან წასვლის შესახებ მან დაწერა განცხადება დირექტორის სახელზე და მე ვარ გენერალური დიექტორი. დირექტორმა მამუკა გოგუაძემ ის გაუშვა შვებულებაში. რომ გამობრძანდება შვებულებიდან, აი, მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. ხარიტონი ბევრ რამეს ავრცელებს და კაი ხანია ელანდება რაღაც-რაღაცეები. ისე, თუ გაინტერესებთ, მე, როგორც ჩემი საქმის პროფესიონალი, ხარიტონ ჩხატარაშვილს არ მივიჩნევ კომპეტენტურ მწვრთნელად, თუმცა იმის უფლება არ მაქვს, ავუკრძალო ცხოვრება და სუნთქვა. წავიდეს და ბავშვებთან იმუშაოს. მის საქმე იყო შედეგი: გაქვს შედეგი _ მუშაობ, არ გაქვს შედეგი _ მიდიხარ. ამიტომ უნდა წავიდეს! მთავარი მწვრთნელი არის ათუაშვილი, ხარიტონი შვებულებაშია და დიდი ალბათობით ვეღარ მობრუნდება. სანამ მე სტადიონზე ვიქნები, ხარიტონი აქ ვერ მოვა. იმდენი არაკაცური საქციელი აქვს დათესილი აქ, ჯობია აღარ მოვიდეს _ თვითონ ხალხი დაუპირისპირდება მას. წადი რა _ არ არის შენი საქმე ეგ!

არც მამუკა გოგუაძე არ აკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს. გამოვიდეს ხალხთან, ისაუბროს, გუნდს უთხრას, რა უჭირს, რა ულხინს. ბუცები არ გვაქვს, ფორმა მე ვიყიდე და ჩამოვიტანე,.ამას მამუკა უნდა აკეთებდეს.

_ ბატონო მურთაზ, რა შედის თქვენს უფლება-მოვალეობებში და ფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია, კლუბს ორი დირექტორი ჰყავდეს?

_არაფერში არ გვჭირდება ორი დირექტორი, თუმცა, კი ჰყავს. ან ერთი უნდა ჰყავდეს, ან  _მეორე. დღეს აქ არის ორხელისუფლებიანობა, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. ბეგი სიორიძემ სამი წელი შემინახა _ განაცდურს ცალკე ვიღებდი, ხელფასს _ ცალკე. ახლა , ერთი თვეა, რაც აღდგენილი ვარ გენერალურ დირექტორად. რაც ამათ სამ წელიწადში არ გაუკეთებიათ, მე და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემთან ერთად მოვიდნენ და ერთი თვე უხელფასოდ მუშაობდნენ,  გავაკეთეთ ერთ თვეში. შეგიძლიათ ნახოთ ტუალეტი რა მდგომარეობაშია, ტერიტორია დაათვალიეროთ. გუნდი, რომელიც პირველ ლიგაში დავტოვე, დღეს მეოთხე ლიგაშია. მაშინ მთავრი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი იყო, დირექტორად კი მოიყვანეს მამუკა გოგუაძე; საიდან მოიყვანეს და როგორ, არ ვიცი. ამ ხალხმა გააგდეს გუნდი პირველი ლიგიდან და მეოთხე ლიგაში დააქვეითეს. ჩემი მოსვლით და ხელმძღვანელობით, გუნდის უკანსვლა შეჩერდა. თუ ხელისუფლებისგან ხელშეშლა არ გვექნება. ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავალთ.

მე უნდა ვაკონტროლო სიტუაცია, მაგრამ ჯერ აქ გაკეთებულს ვერაფერს ვერ ვხედავ _ საქმე ფუჭდება, არც ხელშეკრულებებია გაფორმებული, არც ფეხბურთელების ხელფასების საკითხია გადაწყვეტილი.

_  ვინ გიშლით ხელს?

_ ჩემი მოსვლით ამათ სიმყუდროვე დავურღვიე. ყველაფერი, როგორც არ იჭმევა, ისე არ ითქმება. „ბალაგანია" სტადიონზე. ვუთხარი ოზურგეთის მერს კოტე შარაშენიძეს _ მომეცი ვადა, თუ მე გუნდის საქმეს ვერ გამოვაკეთებ და სტადიონს ვერ მივხედავ, არავის თითის ქნევა არ დამჭირდება, ჩემით დავწერ განცხადებას და წავალ,-მეთქი. მოიკითხეთ სად არის სპორტდარბაზი, ელექტროტაბლო, ტრიბუნა? ეს იყო ხალხის საკუთრება, ამათ კი დაშალეს და წაიღეს ნახევარი მილიონი ლარის ქონება.

ვერც ვხსნი და ვერც ვათავისუფლებ ვერავის. ასეთია წესდება _ არც შოთა გიორგაძეა დანიშნული გუნდის უფროსად და არც ათუაშვილი _ მწვრთნელად. შოთა გიორგაძე კი მოიაზრება გუნდის უფროსად, ან შესაძლოა ჩემი მოადგილე გახდეს. გამოდის, რომ ტყუილად დადის. ეს კაცი ჩემს გვერდში იდგა, მოვიყვანე, მაგრამ ვერ დავნიშნე.

გოგუაძე თუ მიდიოდა სახლში, რატომ არ წავიდა? ერთი თვეა, ამ ხალხისგან აზრი ვერ გამოვიტანე. არის აქ ორი-სამი კაცი ისეთი, რომლებსაც უნდათ, წყალი აამღვრიონ. ტყუილად იღებდნენ ხელფასებს, არაფერს არ აკეთებდნენ, შემმოწმებელი კი ამ სტადიონზე არავინ არ ამოსულა და არც მოდის. მივდივარ მერიაში და ვეუბნები, მოდით შემამოწმეთ, მოიკითხეთ, ეს ხალხი რას აკეთებს, მაგრამ არ მოდიან, არ აინტერესებთ. ასეთი რამ სხვა ა(ა)იპ-ებშიც ხდება _ ხალხი არ მუშაობს, სამსახურში არ დადიან და ხელფასებს იღებენ.

პროკურატურაში ვიყავი და ერთ-ერთმა მკითხა, სად წავიდა ეს დარბაზი, ტაბლო, მოვიკითხავთო. ბევრ რამეს მოიკითხავენ. დაშალეს და გაყიდეს 14 000 ლარად 250 000 ლარად შეფასებული დარბაზი და ეს ფული სად წავიდა, ვის ჯიბეში დაილექა? ამის გამო ვიბრძოლე მე? _ამბობს მურთაზ აბაშიძე.

მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი: _ მე ვარ "ბ" კატეგორიის მწვრთნელი. სახელფასო ბარათი არ მაქვს, 1985 წლიდან ვმუშაობ ამ სტადიონზე, მაქვს ღვაწლმოსილი მუშაკის წოდება, 16 წელი ვითამაშე ფეხბურთი, ამ ეტაპზე მე მოვიაზრები მწვრთნელ-კონსულტანტად.

დირექტორი მამუკა გოგუაძე: _ არავითარ შემთხევაში არ არის საჭირო "მერცხალს" ჰყავდეს ორი დირექტორი. თუ ამას თავად მურთაზი აღიარებს, მაშინ რატომ დათანხმდა თანამდებობას? მე რატომ უნდა წავსულიყავი? რაც შეეხება გაყიდულ ქონებას_ ეს იყო მერიის ქონება და გაიტანეს აუქციონზე. ტაბლო და დარბაზი იყო ამორტიზებული და 137 ლარად შეფასებული 2014 წელს. არსებობს ამის ოქმი. შარშან ეს ქონება გაიყიდა აუქციონზე მერიის მიერ, მამუკა რა შუშია? ვინ იყიდა, არ ვიცი. ქონება მფლობელმა წაიღო და მე არ უნდა მექნა? მურთაზი მეუბნება, ავტომატით უნდა დამდგარიყავიო!!! მანისიც კი დამაბრალა, რომ მე ჯართში ჩავაბარე და ფული ვიშოვე. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

_ ბატონო მამუკა, კლუბ "მერცხალს" რეალურად ჰყავს თუ არა ორი მთავარი მწვრთნელი ანუ ერთ პოზიციაზე მუშაობს თუ არა ორი პირი?

_ კი, ასეა. გუნდს, ფაქტობრივად, ორი მწვრთნელი ჰყავს. ერთი არის უხელფასო აკაკი ათუაშვილი და მეორე ხელფასიანი _ ხარიტონ ჩხატარაშვილი. მურთაზმა მოსვლის დღიდან აღნიშნა, რომ ხარიტონი უნდა წავიდეს და დაინიშნოს ათუაშვილიო. ხარიტონის მოხსნას ის ვერ ასაბუთებს და ვერც აკაკის დანიშვნას. ხარიტონის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არსებობს. მურთაზმა გუნდის საერთო კრებაზეც განაცხადა, რომ გუნდის უფროსად შოთა გიორგაძეა დანიშნული, ხოლო მთავარ მწვრთნელად კი აკაკი ათუაშვილი. გასაგებია, რომ უარყოფს ოფიციალურად ამას, მაგრამ ეს კრების ოქმშია დაფიქსირებულია. ასე განაცხადა და ესე იგი მე ვიტყუები?

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ლევან ქორიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მასთან გუნდის იგივე შემადგენლობაა წარდგენილი, რაც "მერცხალშია":

_ კლუბმა, როგორი განაცხადიც წარმოადგინა ჩვენთან, იგივეა კლუბშიც .

_ ბატონო ლევან, "მერცხალის" შემადგენლობაში სახელფასო ბარათები ვის სახელზეა გაცემული?

_ კლუბში იკითხეთ ეგ.

_ მთავარი მწვრთნელი ვინ არის "მერცხალში", იცით?

_ აკაკი ათუაშვილი

_ რის საფუძველზეა დანიშნული?

_ როცა წარმომიდგინა გუნდის უფროსმა შოთა გიორგაძემ თანამშრომლების სია, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყო აკაკი ათუაშვილი. მწვრთნელები არიან კონი კალანდაძე, დავით სურგულაძე, მერაბ ვანიძე.

_ხარიტონი ჩხატარაშვილი გათავისუფლებულია თუ არა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან პოზიციიდან?

_ ეგ მე არ ვიცი, კლუბში იკითხეთ. რის საფუძველზე ინიშნებიან და თავისუფლედებიან, ეს ჩემი საქმე არ არის. არც ხარიტონის განთავისუფლების ბრძანება მჭირდება, _ამბობს ქორიძე.

ხარიტონ ჩხატარაშვილი ამბობს, რომ ის იმყოფება შვებულებაში და სხვა კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს.


ნახვა: 1518


 ახალი ამბები
  • ევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელაევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ქუთაისში წარუდგინა. „საზოგადოება არის გახლეჩილი, სამწუხაროდ, საზოგადოება არის დაპირისპირებული. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს და დაარწმუნებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო,“ - განაცხადა ... ...
  • ზაზა სარალიძე: პროკურატურა ისევ ცდილობს მკვლელებს ხელი დააფაროს„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარლგებშიც ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს. „მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მართალია, ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, ვერც ერთის შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მე მეორე შვილიც მყავს, ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, ვის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. წყარო: ... ...
  • პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობით ინტერესდება - ახალი დეტალებიცნობილი ხდება ის დოკუმენტაციაც, რომელიც სამინისტროდან საგამოძიებო უწყებამაც გამოითხოვა. ირკვევა, რომ პროკურატურა იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება. ასევე, საგამოძიებო უწყებას აინტერესებს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველი სრული დოკუმენტაციაც. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან. „საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე. წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია,” - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. წყარო: ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარე დაამტკიცა14 მომხრე ერთი წინააღმდეგი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". თორნიკე რიჟვაძეს მხარი "ქართული ოცნების" 14- მა დეპუტატმა დაუჭირა. რიჟვაძის წინააღმდეგ ხმა უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა, რომელიც "დემოკრატიული მოძრაობის" ... ...
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენმიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაანონსებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში მიკროსაფინანსოების ნაწილი ბაზრიდან გავა, დარჩენილები კი გამხსვილდებიან. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მიკროსაფინანსოების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი, 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. მთავრობის მიერ დაანონსებული რეგულაციებით კი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, 100%-დან 50%-მდე მცირდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ბოლო ორ წელში რეგულატორის მხრიდან საფინანსო სექტორში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად არასაბანკო სექტორზე აისახა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ჭერის 50-%-მდე შემცირება და საზედამხედველო კაპიტალის მილიონამდე გაზრდა არასაბანკო საფინანსო სექტორს ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააგდებს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი მომხმარებლებზე აისახება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესიკ შენგელია განცხადებით, სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ბევრ საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურების თვითღირებულება ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბანკების. საბანკო სექტორისგან განსხვავებით იაფი ფულის რესურსთან წვდომა მიკროსაფინანსოებს ნაკლებად აქვთ. მისივე განმარტებით, ასოციაცია დაგეგმილი რეგულაციების გადახედვას და 2019 წლის აპრილამდე გადავადებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი

57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია...

საინტერესო ცნობები „ქინდერ სიურპრიზის“ შესახებ

„ქინდერ სიურპრიზი“ - ეს საკონდიტრო...

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...