"ყველა სენატორი, ვისაც შეერთებულ შტატებში შევხვდით თავისუფლების აქტში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ჩანაწერის მომხრეა"

უმრავლესობის წევრმა შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ–ს პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს მეგობართა რიცხვი იზრდება.
"ჩვენ შევხვდით ძალიან ბევრ კონგრესმენსა და სენატორს, რომლებსაც ადრე საქართველოს საკითხზე შეიძლება არ უმუშავიათ, შესაბამისად, ერთ-ერთი მიზანი ამ ვიზიტისა იყო ისიც, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, გაგვეფართოებინა მხარდამჭერთა წრე და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ ადამიანების რიცხვი იზრდება," _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბრის ძირითადი საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყო: "ბევრი ვისაუბრეთ 2014 წლის ნატო-ს სამიტზე, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ აშშ-ში შევხვდით იქნება საქართველოს უსაფრთხოების მხარდამჭერი და საქართველოს ადვოკატი," _ აღნიშნა ხიდაშელმა. მისი თქმით, შეხვედრებზე ასევე შეეხო საუბარი საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას და ამ პროცესში აშშ-ს როლის მნიშვნელობას. ასევე დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებსა და სენატორებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან აქვს ადგილი.