რეგიონალური განვითარების სამინისტროს განცხადება

ბრალდება იმის შესახებ, რომ სასმელი წყლის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დახმარებით "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახდენს სფეროსა და სფეროსათვის გამოყოფილი თანხების მონოპოლიზაციას, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნული საბჭო ქვეყანაში მტკნარი წყლის რესურსების საკითხზე მუშაობს და არანაირი კავშირი არა აქვს ქვეყნის წყალმომარაგების სისტემებთან, მათ შორის - შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან". ეს არის უწყებათაშორისი საბჭო, რომლის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები არანაირად არ უკავშირდება წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების სფეროში ჩატარებულ ტენდერებს და შესაბამისად, ვერც ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების მონოპოლიზაციას მოახდენდა.
1. ასევე, საფუძველს მოკლებულია ბრალდება იმის შესახებ, თითქოს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დასაქმება და კადრების შერჩევა ნაცნობობით ხდება და არა ადამიანთა გამოცდილებისა და პროფესიონალური ნიშნით. აღნიშნულ კომპანიაში მომუშავე თითოეული თანამშრომელი კონკურსის წესით, სწორედ გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩა.
2. რაც შეეხება კომპანიაში კადრების რაოდენობის ზრდას, ეს ფაქტი "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ, ქვეყნის წყალმომარაგების სისტემების გასაუმჯობესებლად 2013 წელს დაწყებული მასშტაბური პროექტების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვნად გაიზარდა პროექტების რაოდენობა, ასევე ექსპლუატაციაში შევიდა არაერთი ახალი ობიექტი. შესაბამისად გაჩნდა დამატებითი კადრების აყვანის აუცილებლობა, რამაც გამოიწვია კიდეც კადრების გაზრდა.
3. ბრალდება იმის შესახებ, რომ ტენდერები არასწორად ჩატარდა, მილიონები დაიხარჯა და სასმელი წყლის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განვმარტავთ, რომ საერთაშორისო ტენდერები, დონორი ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ტარდება და ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები რატიფიცირებული ხელშეკრულებით. აღნიშნულ ტენდერებში თითოუელი ნაბიჯი დონორ ორგანიზაციასთან თანხმდება: იქნება ეს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება, მისი შედეგების შეფასება და ა.შ.
რაც შეეხება მეორე კატეგორიის ტენდერებს, ანუ სახელმწიფო ტენდერებს, რომელიც ტარდება ელექტრონული სისტემით. ესეც სრულიად გამჭვირვალე მექანიზმია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი მიმდინარეობს ელექტრონულად და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ნახოს, რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ, რა ფასებით წარიმართა ვაჭრობა, რომელი კომპანია შეირჩა ან არ შეირჩა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა შეფასება და ა.შ.
აქვე განვმარტავთ, რომ სამინისტრო "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" ერთად, უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით არცერთ რეგიონში, მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა არ არსებობდეს.
4. რაც შეეხება ბრალდებას დარღვევით ჩატარებული ტენდერების შესახებ, კასპისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების (მარტყოფი, ნორიო და ახალსოფელი) წყალმომარაგების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტენდერები კასპისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარდა. ამ ტენდერებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და შესაბამისად, მათი ჩატარების სამართლიანობასა და სისწორეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
5. და ბოლოს, რაც შეეხება თამარ ფხოველიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებას, შ.პ.ს. „საქართელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრი.