როდის ჩატარდება შუალედური არჩევნები
პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილი, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გახდება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
როგორც მიქელაძე ამბობს, არჩევნების თარიღი ცესკოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
"სავარაუდოდ, 31 აგვისტოს ჩატარდება ცესკოს სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუმცა, კანონის შესაბამისად, არჩევნების დღის დანიშვნიდან არაუგვიანეს 60 დღისა უნდა ჩატარდეს არჩევნები", _ აღნიშნა მიქელაძემ.
გარდა ამისა, ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი დაემთხვევა თუ არა საპარლამენტო არჩევნების თარიღი საკრებულოს არჩევნების თარიღს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები საგარეჯოში, მე-11 და მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში ტარდება.
რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, ამ ეტაპზე ის ჩატარდება ზედა ვანის თემში და დმანისის საარჩევნო ოლქში.
როგორც ცესკოს სპიკერი განმარტავს, ზედა ვანის თემში არის ერთი საარჩევნო უბანი, ხოლო დმანისის საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბანია.
"ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს სხდომაზე განკარგულებას არჩევნების დანიშვნის შესახებ, იქ იქნება ზუსტად მითითებული დამატებითი ოლქები, სადაც შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს არჩევნები.
როგორც იცით, ზედა ვანის საკრებულოს დეპუტატს სასამართლოს ძალით შეუწყდა უფლებამოსილება, რაც შეეხება დმანისს, იქ საკრებულოს დეპუტატი გარდაიცვალა. დამატებით კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა სხვა ოლქებთან დაკავშირებით და ზუსტად არჩევნების დღის თარიღის დანიშვნამდე თუკი რომელიმე ოლქში მოხდება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, დაინიშნება არჩევნები.
თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორი ოლქია საკრებულოს არჩევნებისთვის და ორიც საპარლამენტო არჩევნებისთვის", _ ამბობს მიქელაძე.
კითხვაზე - ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პარლამენტის და საკრებულოს არჩევნები ერთმანეთს დაემთხვეს? - მიქელაძე გვპასუხობს:
"ამასთან დაკავშირებითაც ცესკო სხდომაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებისთვისაც მოსახერხებელია არჩევანი ერთ დღეს გააკეთონ, სავარაუდოდ, ეს არჩევნებიც ერთიდაიმავე დღეს ჩატარდება", _ აღნიშნა მიქელაძემ.
რაც შეეხება ოლქების საზღვრებს, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, ცესკო-ს სპიკერი განმარტავს:
"ამ ეტაპზე ეს არჩევნები , როგორც საკრებულოსთვის, ასევე პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ჩატარდება იმავე ოლქის საზღვრებში, რაც 2012 და 2014 წელს იყო განსაზღვრული, რადგან ის ძველი არჩევნების ნაწილია", _ აღნიშნა მიქელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.