პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცნობილია
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება.
ამის შესახებ ვოლსკიმ მეორე არხზე, გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ხვალ თავად პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შესრულებელი წარადგენს.
"ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. ხვალ, 10.00 საათზე, პარლამენტში, თბილისში", _ განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ ამის შესახებ უმრავლესობა შეთანხმებულია და განწყობა პოზიტიურია.
"გიორგი კვირიკაშვილი არის იმ პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არის და მემგონი იქნება აღიარებული ერთ-ერთი ლიდერი, როგორც ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ვოლსკიმ.