არშემდგარი კოჰაბიტაცია ადგილობრივ თვითმმართველობებში

პოლიტიკა

არშემდგარი კოჰაბიტაცია ადგილობრივ თვითმმართველობებში

2013 აპრ 28 21:20:02
ახალი პოლიტიკური ძალით დაკომპლექტდა მთავრობა, ხოლო პრეზიდენტის პოსტი, რეგიონულ დონეზე მმართველობის რგოლი და თვითმმართველობები ისევ ძველი მმართველი გუნდითაა წარმოდგენილი.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" უკვე წარმოადგინა არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიში, რომელიც მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა: 50-მა გამგებელმა - მათგან 48-მ პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა საკრებულოს გადაწყვეტილებით; 25-მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის, 21-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ოთხმა - საკრებულოს გადაწყვეტილებით. გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 15 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, უმეტეს შემთხვევაში კი საკრებულოებმა დროებითი მოვალეობის შემსრულებლები დანიშნეს. გამგებლების ცვლილებების პარალელურად, საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.

ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან არის მიღებული, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე: გათავისუფლებულია 1877 თანამშრომელი; 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა; 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 425 რწმუნებული; გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო, სადაც, ძირითადად, საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები შეიცვალნენ.

გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევაში, ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვს დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევაში, დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა, უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით ძირითადად, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნნენ.

"სამართლიანი არჩევნები" მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას.

ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, მკაფიო ნაბიჯები არ გადადგმულა თვითმმართველობებში განვითარებული ტენდენციის შეჩერების კუთხით. დაანონსებული კოჰაბიტაციის პარალელურად, კიდევ უფრო გამძაფრდა პოლიტიკური და ინდივიდუალური დაპირისპირება ორ - ძველ და ახალ - მმართველ ძალას შორის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ორხელისუფლებიანობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს მომენტი განსაკუთრებულად თვალშისაცემი სწორედ რეგიონებში გახდა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს დროშის გვერდით, "ქართული ოცნების" დროშაც აღიმართა. დროშის აღმართვას კი მყისიერად მოჰყვა პროტესტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერების მხრიდან. პარტიული დროშის აღმართვა ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების საკუთარ ხელში აღების ერთადერთი მცდელობა არ ყოფილა. მოგვიანებით, ლანჩხუთის ცენტრში კარავი გაიშალა, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მშობლიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით ადგილობრივი ხელისუფლების ჩანაცვლება და ყველა დონეზე საკადრო ცვლილებები მოითხოვეს.

პრეზიდენტისა და მხარის გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით გაშლილი კარვის აქცია არასამთავრობო კოალიცია "ერთსულოვნების" ორგანიზებით მიმდინარეობდა. მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 15 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა.

კარვის გაშლისგან განსხვავებით, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა გამგეობის შენობაზე პარტიული დროშის აღმართვას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დროშის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, გამგეობის ვებ-გვერდზე უმალვე გამოაქვეყნეს განცხადება.

"მოვუწოდე ყველა დაინტერესებულ ორგანოს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აღეკვეთათ ეს უკანონობა. გამგეობა ოფიციალური სტრუქტურაა და მისი შენობა არ არის არც ერთი პარტიის ოფისი. თუმცა, არავინ შემხმიანებია. ისე წამოვედი გამგეობიდან, ის დროშა კვლავ დარჩა (ამ ეტაპზე ადმინისტრაციული შენობიდან დროშა ჩამოხსნეს. ავტ.)"_ აცხადებს კახა ასკურავა, რომელიც ფიქრობს, რომ კარვის აქციით მოთხოვნების დაყენება თვითმმართველობაზე ზეწოლის მცდელობა იყო.

"ეს იყო ზეწოლის საუკეთესო მაგალითი. თვითმმართველობაზე მსგავსი იერიშის მიტანა არ შეიძლება. თუ რა მოჰყვა მაშინდელ უყურადღებობას, კარგად გამოჩნდა ამ დღეებში - პირველი პირების დონეზე ავიდა ეს საკითხი," _ აცხადებს ჩვენთან საუბრისას ასკურავა, რომელიც ამ დროისთვის ლანჩხუთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, იურისტ თამაზ ტრაპაიძის განცხადებით, მათ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2013 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 7 საჯარო მოსამსახურე (ყველა საკუთარი ინიციატივით). მათგან ერთი სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 6 - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

ბევრად უფრო მასშტაბურია ძველი თანამშრომლების გადინება ოზურგეთში. გასული წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებიდან 46 საჯარო მოხელე გათავისუფლდა, მათგან: 21 პირადი განცხადების საფუძველზე (მათ შორის, გამგებელიც); 21 - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და 3 - შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძველზე.

"საზოგადოებაში აღნიშნავენ, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ეს აზრი ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან ასეთი შემთხვევა არც ისე ცოტაა. საია-ს ოზურგეთის ოფისს კონსულტაციისთვის არაერთხელ მიმართეს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა, მაგრამ უმრავლესობა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, დღემდე თავს იკავებს სასამართლოსადმი მიმართვისაგან," - თქვა ჩვენთან საუბრის დროს თამაზ ტრაპაიძემ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანამდებობებზე, მათ შორის, გამგებლებიც, კონკურსის წესით არ დანიშნულან და ყველა მათგანი, ამ დრომდე, მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კოტე შარაშენიძე 2012 წლის დეკემბერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რასაც მოგვიანებით არაერთი განცხადება მოჰყვა იმის შესახებ, რომ პროცედურები კანონდარღვევით ჩატარდა. თავად შარაშენიძის აზრით, მის შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა: იგი თავდაპირველად საკრებულოს წარუდგინეს და საკრებულოს გვერდის ავლით არ მომხდარა მისი დანიშვნა გამგებლის მოადგილედ და შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.

"რანაირად ვარ არჩეული, ეს თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩაიხედოთ კანონში, წაიკითხოთ და გააკეთოთ ანალიზი. მე ერთი რამე მინდა გითხრათ: არც ერთ საკრებულოს წევრთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს. პირდაპირ გეუბნებით - სანამ ამირჩევდნენ, მქონდა მათთან ინდივიდუალური შეხვედრა, მქონდა გასაუბრება და მქონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ იცოდნენ, რა იყო ჩემი წვლილი "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში," _ განუცხადა კოტე შარაშენიძემ "გურია ნიუსს".

"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი ირაკლი პაპავა აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის დროებით შემსრულებლად გარეშე პირის დანიშვნა, ფორმალური თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დასაშვები.

"ასეთი პირი ჯერ გამგებლის მოადგილედ უნდა იქნას დანიშნული და საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მისთვის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დავალების, ანუ, ფაქტობრივად მისი გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნის შესაძლებლობა. რეალურად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მხოლოდ ამ სახით შეიძლება განხორციელდეს გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე (მის შევსებამდე) გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გარეშე პირის კანონიერ საფუძველზე დანიშვნა. კანონიერად დანიშვნის სხვა გზა, ელემენტარულად, არ არსებობს," _ აცხადებს ირაკლი პაპავა.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საქართველოში სამი დონის არჩევნებია კონსტიტუციით განსაზღვრული _ ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და პრეზიდენტის არჩევნები - რაც ბევრს არ ესმის.

"უფრო გასაგები რომ იყოს, ავირჩიეთ ქვეყნის პარლამენტი და არა მუნიციპალიტეტის პარლამენტები ანუ წარმომადგენლობითი ორგანოები. ამიტომ, პარლამენტში გამარჯვებულ ძალას კანონით და კონსტიტუციით არანაირი უფლება არ გააჩნია, ადგილობრივი არჩევნების გარეშე შეცვალოს ძალთა ბალანსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, ეს ბალანსი მისთვის სასარგებლოდ შეეცვალა. თვით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა აღნიშნავს, რომ ეს იყო ხალხის ნება-სურვილი და მათ აღარ სურდათ "ნაციონალები" ეხილათ საკრებულოებში. ამიტომ, თითქოს, ხალხმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ "ნაციონალებით" დაკომპლექტებური საკრებულოებს სახე შეცვლოდა, რის საფუძველზეც მოხდა მიკროგადატრიალებები. ვერც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს ვერაფრით ავუხსნით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ რატომ უნდა დააკომპლექტოს ხელახლა ადგილობრივი არჩევნების გზით არჩეული საკრებულოები. ამიტომაც ამ პროცესს მოჰყვა მძაფრი რეაგირება, რის შემდეგაც პროცესი შეჩერდა," _ განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" პროექტის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბევრ მუნიციპალიტეტში შეიცვალა საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი ან გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მათი უმრავლესობა არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და აქტივისტი.

"სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში ასეთი ცვლილება მოხდა და მოვიდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რაც თავისთავად კითხვებს აჩენს. როგორ შეიძლებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც ყოფილიყო იგივე ცვლილებები, რაც პარლამენტში, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ცალკე არჩევნები ტარდება?! ამ პროცესის ახსნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება: პირველი ის არის, რომ ხშირად, როდესაც იმარჯვებს ერთი ძალა, ან მარცხდება მეორე, გამარჯვებულის მხარეს იხრება ხოლმე როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე მოსახლეობაც. გასაგებია, რომ ბევრმა შესაძლოა, უბრალოდ, გემოვნება შეიცვალა. პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი საკმაოდ მყიფეა და, შესაბამისად, როგორც წესი, გამარჯვებულისკენ ისწრაფვიან ხოლმე პოლიტიკისები, საჯარო მოხელეები თუ მოქალაქეები. მეორე არის ის, რომ თვალნათლივ ვხედავდით, რა ხდებოდა საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, როდესაც მიმდინარეობდა აქციები, კაბინეტებში იჭრებოდნენ, ხშირად კანონს არღვევდნენ, თვითმმართველობის ორგანოების პირველ პირებზე პარტიის აქტივისტები ახორციელებდნენ ზეწოლას. შესაბამისად, ამას შედეგი მოჰყვა - ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ზოგს, სავარაუდოდ, დაემუქრნენ. მათაც დასაკარგი ჰქონდათ რაღაც და შეეშინდათ, ამის გამო წავიდნენ. მაგრამ, ფაქტია, რომ ზეწოლას ადგილი ჰქონდა," _ ამბობს ნატროშვილი. მისივე განცხადებით, საინტერესოდ მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების აყვანის პროცედურებიც.

"ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტია, სადაც კონკურსის წესით აჰყავთ სამსახურში. პრობლემა ბევრია, აუცილებლად უნდა იყოს ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება, თუმცა, ასე არ არის," _ აზუსტებს ლევან ნატროშვილი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებები მხოლოდ კონსტიტუციური გზით _ არჩევნების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ქობულეთში მცხოვრებთა ერთი ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ამბობენ, რომ კანონის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ლოდინი არ სურთ.

ოზურგეთის მკვიდრი, 19 წლის მედეა შარაძე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ დაწყებულიყო საჯარო მოხელეების განთავისუფლება. "მით უმეტეს, ადგილობრივი მედიის საშუალებით ვიგებდი, რომ განთავისუფლებული მოხელეები არ ამხელდნენ დეტალებს, თუ რატომ მოხდა მათი განთავისუფლება", _ თქვა ჩვენთან საუბრისას მედია შარაძემ.

45 წლის მოქალაქის, მზევინარ შუბლაძის აზრით, საჯარო მოხელეების განთავისუფლება კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს და არა გაურკვეველი მიზეზებით.

მზევინარ შუბლაძე: "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საჯარო მოხელეებს ხშირად ათავისუფლებდნენ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ გაუგებარი იყო ოფიციალური მოტივი _ თუ რატომ ათავისუფლებდნენ. ასეთი რამ არ მინდა ახლაც განმეორდეს."

"რა შეიცვალა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იცით? ახლა რომ გესაუბრები დღისით აქ და თავისუფლად შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, აი, ეს შეიცვალა. გამგეობაში და საკრებულოში ისევ ძველი კადრებია და მინდა, რომ მათი ჩანაცვლება მოხდეს. მაგრამ "ვერ მოვკიდებთ ხელსო", _ ტელევიზიით გამოდიან და გვეუბნებიან "ქართული ოცნების" ლიდერები. მათ მორალური უფლება არ აქვთ, იქ ისხდნენ, ასე ფიქრობს ბევრი ჩემი თანაქალაქელიც," _ გვეუბნება მოქალაქე ემზარ მიქელაძე.

ემზარ მიქელაძისგან და მისი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის და დეპუტატების შეცვლა ცივილური ფორმით - არჩევნებით უნდა მოხდეს.

"ვეთანხმები მოსახლეობას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ქობულეთში არაფერი შეცვლილა. გამგეობა და საკრებულო მუშაობას მართლაც აფერხებენ. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დანაწილებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი უზუსტობები და ხარვეზები იყო დაშვებული. გამგეობის და საკრებულოს ბრძანების ფონზე, სოფლის რწმუნებულები შეგნებულად აყალბებდნენ ფართობების მონაცემებს და ეს ინფორმაცია გადაიცემოდა თბილისში. რაც არჩევნებამდე იყო, იმაზე გაცილებით უარესი სიტუაციაა," _ აცხადებს ხაჯიშვილი.

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ გურამ ხაჯიშვილის განცხადება პოლიტიკური ქულების ჩაწერას უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეს, რაც თქვენგან გავიგე, არ შეესაბამება სიმართლეს," - გვითხრა თენგიზ ზოიძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოკითხული 30 რესპონდენტიდან 25-მა რესპონდენტმა თქვა, რომ ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოხდა თუ არა საკადრო ცვლილება.

"ერთი ის ვიცით, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის გამგებელი დააკავეს და ამის შესახებ ტელევიზიით გავიგეთ. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე და ძველი ხელისუფლების ნახევრად გაკეთებულ საქმეზე ხელი მოუწერია. კარგია, როდესაც ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ერკვევა, მაგრამ ჯერ პრობლემები მაინც ვერ მოგვიგვარებია. წყალი, გზა - როდემდე უნდა ვიძახდეთ, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. სინამდვილეში, მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე ერთმანეთს დაასწრონ სასურველი სკამის მოპოვება. ხალხს კი დახმარება სჭირდება. არჩევნები მხოლოდ ხმის მიცემა არ არის, ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ. ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს", _ გვითხრა ხელვაჩაურში მაცხოვრებლების ერთმა ნაწილმა.

ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ თურმანიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ცვლილების ერთადერთი კანონიერი გზა მხოლოდ არჩევნები უნდა იყოს.

"თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს არის და საკრებულოს დეპუტატებს მანამდე ხელს ვერავინ მოკიდებს. ისინიც დაინტერესებულნი არიან, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს," _ განაცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

მეზობელ მუნიციპალიტეტებში _ აბაშაში და სენაკში - 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საკადრო ცვლილებების მომხრენი არიან. სენაკში უფრო მშვიდ გარემოში გრძელდება საკადრო ცვლილებები, რასაც ვერ ვიტყვით აბაშის მუნიციპალიტეტზე. აქცია, სირცხვილის დერეფანი, დაპირისპირება, შიმშილობა, _ ეს ყველაფერი აბაშაში მოხდა. ხალხი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა. საბოლოოდ, აბაშაში ახალ გამგებლად გოჩა ჭანტურია დაინიშნა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, იქ ისევ დავით თოფურიაა. სენაკში საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი ნებით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ახალ საკრებულოს თავმჯდომარედ მურად შამათავა აირჩიეს. გამგებლად ისევ ძველი კადრი _ ვაჟა ადამიაა.

"ახალგაზრდული კავშირის წევრი" თამაზ ბენიძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს: "აბაშის მუნიციპალიტეტში რაიმე თვალშისაცემი ცვლილებები არ ყოფილა. თუმცა, შეიცვალნენ გამგებელი და პოლიციის უფროსი, გამგებლის დანიშვნამ კი გამოიწვია მისი მოადგილეების შეცვლა, რომლებიც საკრებულოდან გადმოიყვანეს. ხოლო იმისთვის, რომ ძველი კადრები უმუშევრები არ დარჩენილიყვნენ, შექმნეს ახალი სამსახურები და ამ სამსახურების უფროსებად "ძველები“ დანიშნეს. სხვა სახის ცვლილება და წინსვლა რაიონისთვის არ მომხდარა."

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდისთვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 5000 ადამიანია განთავისუფლებული. ისინი თვითმმართველობებში იყვნენ დასაქმებულები.

"დღეს არის ტენდენცია, რომ სამსახური არ უნდა ჰქონდეს არავის, ვინც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროს საჯარო სექტორში მუშაობდა. ამ ადამიანების გამოდევნა ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს და მასშტაბები დღეს უკვე საგანგაშოა. ამ თემაზე ლაპარაკობს უმცირესობა, არასამთავრობო სექტორი... ამის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება.

პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება და შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა საკითხის შესწავლა, მაგრამ ერთია საუბარი და მეორე - ხელისუფლების ქმედება. მე მგონია, რომ ასეთი განცხადებების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, შეწუხებული არიან ხალხის მასობრივი დათხოვნით სამსახურებიდან. პრაქტიკულად კი ამ პროცესის გასაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს. უფრო მეტიც, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღადგინა მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული მაია სორდია. მესტიის გამგებელი კი პირდაპირ აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. მთავრობა გამგებელს პასუხსაც არ სთხოვს. ვფიქრობ, აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია," _ გვითხრა ირმა ნადირაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არჩევნების წინა პერიოდში ნაციონალების ხელისუფლებამ ორი პარალელური პროცესი განავითარა: "ერთი მხრივ, დაიწყეს არასაიმედო საჯარო მოსამსახურეების შევიწროება და მათი სამსახურებიდან დათხოვნა და, მეორე მხრივ, დაიწყეს კადრების უზომოდ გაბერვა ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცათ. საჯარო სამსახურებში ყოველგვარი დასაბუთების, საჭიროების და ფინანსური მიზანშეწონილობის გარეშე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანები მიიღეს, ერთგულების და საარჩევნო ხმების სანაცვლოდ. ასე ხდებოდა მთელ საქართველოში, დაწყებული თბილისიდან, დამთავრებული ოზურგეთით. მარტო თბილისში იმდენი კანონდარღვევითი დანიშვნა განახორციელა უგულავამ, რომ ამის მეათედის გამო სალონიკის მერს პირდაპირ ციხეში ამოაყოფინეს თავი."

"და კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი: საჯარო სამსახურს აუცილებლად უნდა გამოემშვიდობონ ის პირები, ვინც აქტიურად და უხეშად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ვინც პირდაპირი გაგებით მართლსაწინააღგმდეგო ქმედებებს ჩადიოდა და ხელს გვიშლიდა საარჩევნო კამპანიის წარმართვაში. მათ ყველა კარგად იცნობს. სამწუხაროდ, ისინი ჯერ კიდევ რჩებიან ხელისუფლების სტრუქტურებში, კონკრეტულად, ოზურგეთშიც. წარმოდგენილი გაქვთ, სასწაული რომ მომხდარიყო და ნაციონალებს მოეხერხებინათ არჩევნების თავის სასარგებლოდ გაყალბება, რა დღე გველოდა ჩვენ, "ოცნების" მხარდამჭერებს?! ბევრი ჩვენგანის გზა და კვალი საძებნელი გახდებოდა. ეს რომ ასე იქნებოდა და არა სხვაგვარად, ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, პირში წყალი გამოივლონ ნაციონალებმა, როდესაც საკადრო პოლიტიკას უკრიტიკებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. მე ვარ კოჰაბიტაციის მომხრე და ეს ყველამ იცის. მიმაჩნია, რომ ყველა კარგი და გამოცდილი კადრი, რომელიც ნაციონალების დროსაც მუშაობდა თანამდებობებზე, დღესაც გამოსაყენებელია საჯარო სამსახურში, თუ ისინი, რა თქმა უნდა, დანაშაულს არ ჩადიოდნენ. ნაციონალები ახლა ხავსს ეჭიდებიან, მათი დაშლის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და სრულიად უიმედო მომავალს რომ ხედავენ, გასაგებია მათი მღელვარება," _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის გამგეობის თავმჯდომარის, დავით ლოსაბერიძის თქმით, "საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება საკადრო ცვლილებები ადგილობრივ ხელისუფლებაშიც; შეიცვლება თუ არა პარლამენტი და მოდის ოპოზიცია _ ან, თუნდაც, სხვა პოლიტიკური პროცესების შედეგად იცვლება ხელისუფლება _ თვითმმართველობაც ავტომატურად გადადის გამარჯვებული პარტიის მხარეს. ეს მოხდა 1992 წელში და ეს მოხდა 2003 წელს. "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დაახლოებით 70%, 7000 კაცი შეიცვალა, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით. ზოგმა მართლა ნებაყოფლობით დაწერა განცხადება, ზოგან კიდევ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.”

"პოლიტიკური ძალების პრობლემა არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლა მათთვის თვითმმართველობაში ძალთა ბალანსის ცვლასაც ნიშნავს. ეს ხდება ასე, რადგან თვითმმართველობა არ არსებობს. არის ძალაუფლების ვერტიკალი და ერთიანად უყურებს ყველა პოლიტიკური ძალა ამ სიტუაციას. სანამ საქართველოში არ შეიქმნება რეალური თვითმმართველობა, გარანტიას გაძლევთ, ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანალოგიური ნებაყოფლობითი თუ არანებაყოფლობითი გადასვლა გამარჯვებული პარტიის ბანაკში ჩვეულებრივი ამბავი იქნება, ასევე _ საჯარო მოსამსახურეების განთავისუფლების პრაქტიკაც არ შეიცვლება.

და კიდევ, წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტობრივად გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ოდენობა. ეს მოხელეები ფაქტობრივად არ ასრულებდნენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. "ნაცმოძრაობის" იმ აქტივისტებს ასაქმებდნენ, რომლებსაც ხმები უნდა მოეტანათ არჩევნებში. ნებისმიერ შემთხვევაში "ნაცმოძრაობას" რომ გაემარჯვა არჩევნებში, ამ ხალხს მაინც გაუშვებდნენ სამსახურიდან. ახლა კი მათი განთავისუფლება "ქართულ ოცნებას" ბრალდება. მე ასევე არ გამოვრიცხავ და რაღაც ფაქტებიც არსებობს, რომ "ქართული ოცნების" სხვადასხვა წარმომადგენელი ცდილობს, თავისი ხალხი დაასაქმოს, რადგან მიაჩნია, რომ ასე უნდა იქცეოდეს გამარჯვებული ძალა," _ განაცხადა დავით ლოსაბერიძემ.

როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებითი ცვლილებები მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა, მოქალაქეების ნაწილს 2014 წლის არჩევნებამდე მოცდის სურვილი არ გააჩნია და ცვლილებებს ახლავე ითხოვს. მოქალაქეების ამ ჯგუფს მხარს გასული წლების პრაქტიკაც უმაგრებს. ჯერჯერობით, ორხელისუფლებიანობა ყველაზე მწვავედ რეგიონებში იგრძნობა და დაძაბულობის განმუხტვის გრძელვადიან იმედად ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის გაძლიერება რჩება.

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და
მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.




 ახალი ამბები
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...