გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ
,,ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში“ , _ ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია ,,ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა.
,,პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, _ განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა.
ამერიკელმა გენერალმა, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
,,ვიმედოვნებ, ახალ ადმინისტრაციას ექნება მრავალმნიშვნელოვანი სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ამ რეგიონთან. ძალიან ვამაყობ ამერიკის საელჩოს გუნდით თბილისში, ამერიკის საელჩოს გინდით კიევში, ჩვენ დიდებული დიპლომატები გვყავს და ისინი მუშაობენ, რომ წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მათ არ მიეწოდებათ სტრატეგია, რომლითაც ამერიკული კონტრიბუციის და ძალისხმევის თავმოყრა მოხდებოდა. ეს არის ის, რაც გვაკლია.
ამერიკას სჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. ჩვენ არ გვჭირდება სტრატეგია საქართველოსთვის ან სტრატეგია უკრაინისთვის, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა საქართველოსთვის და პოლიტიკა უკრაინისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის ნაწილი იქნება.
საქართველომ, უკრაინამ და ამ რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანია საქართველომ და უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებებით განამტკიცონ ურთიერთობები, თუნდაც გააუმჯობესონ თანამშრომლობა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, _ განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ყირიმის პორტიდან გამოსული გემი შავი ზღვის რეგიონის არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეუშვას საკუთარ პორტში.
,,ამ რეგიონში არცერთმა პორტმა არ უნდა შეუშვას ყირიმის პორტიდან გამოსული გემი რომელიმე პორტში, რადგან ეს არაკანონიერია. ყველა თანხმდება, რომ ყირიმი უკანონოდ არის ოკუპირებული. პრეზიდენტმა პოროშენკომ ყველა პორტი დახურა ყირიმში, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს მათით სარგებლობას. საქართველომ აქ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი, მაგალითად სევასტოპოლიდან გამოსულ გემებს არ უნდა შეეძლოთ ბათუმში ან ფოთში შესვლის საშუალება, ან თურქეთში შესვლა“ - აღნიშნა გენერალმა ბენ ჰოჯესმა .
მან, ასევე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება და საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადება.