ოზურგეთელმა ლეიბორისტმა, დავით მამალაძემ რაიონულ პროკურატურას მიმართა
დღეს, ოზურგეთში, იუსტიციის სახლთან, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მამალაძემ.
მან თქვა, რომ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის, ცხემლისხიდის #50 საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღეს ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის 70-მდე ხმა დაფიქსირდა. მოწმეებიც არსებობს, თუმცა ეს ციფრი ქურდულად მოიპარეს და ახლა ჯერი ოზურგეთის პროკურატურაზეა, როგორ გამოიძიებსო.
_უპრეცედენტო ფაქტის წინაშე ვდგავართ. 30 წლის განმავლობაში პირველად, ამომრჩეველი მიმართავს პროკურატურას საკუთარი ხმის დასაცავად. სანამ გვიანი არ არის, პროკურატურას ვთხოვთ, გამოიძიოს და აღძრას საქმე იმ კრიმინალებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ, ვინც გაყიდა არჩევნები _ განაცხადა მამალაძემ.
აქვე იყვნენ ცხემლისხდის მცხოვრებლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათი ხმები გაქრა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას მისცეს.
ცხემლისხიდის ამ უბანზე, არჩევნებზე, ლეიბორისტულ პარტიას არცერთი ხმა არ დაუფიქსირდა.
_საკუთარ თავსაც არ მივცემდი ხმას? _ ასე სვამს კითხვას მამალაძე.