"მეგონა, რომ სპირიდონი იდიოტი იყო, სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას TV პირველთან საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინის ტყუილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველების ცოდვის შედეგია.

"ცოდვები იმდენი რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს. იქნებ, სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი რატომ არ სჯის ცოდვებისთვის რუსეთს და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის? ეტყობა სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. ქადაგების ტექსტი ბათუმელებმა გაავრცელა. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. მისი მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგე.