თვითმმართველობის საქმეებში ჩარევა "ვალის გასასტუმრებლად" თუ "უბრალოდ, რეკომენდაცია"?

პოლიტიკა

თვითმმართველობის საქმეებში ჩარევა "ვალის გასასტუმრებლად" თუ "უბრალოდ, რეკომენდაცია"?

26 აპრ. 2017, 17:28:33

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი, ყოფილი თავმჯდომარის _  დავით შარაშიძის გარდაცვალების გამო, ამ დრომდე თავისუფალია; თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე უსასყიდლოდ ასრულებს და მოვალეობას თავსაც ართმევს, მაგრამ ბრძოლა ამ პოსტის დასაკავებლად, ფარული მოძრაობებიდან, აშკარად გამოვიდა სამზეოზე.

 როგორც უკვე ვწერდით, ამ  პოსტზე პრეტენზიას რამდენიმე კანდიდატი აცხადებდა, რომელთა შორის, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, კლოდი მდინარაძეც იყო. მდინარაძის კანდიდატურის შესახებ, საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომაზეც გაჟღერდა და კოლეგების ნაწილმა მხარდაჭერაც გამოთქვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობდა, პარტიის ცენტრალურ ოფისშიც შეათანხმა კანდიდატურა და პარტიამაც მდინარაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ამის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარის პოსტის კიდევ ერთი "მაძიებელი", მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას, რომელიც ასევე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ცოლისდა _ ქეთევან სიხარულიძე, თბილისში მხარდამჭერების ძიებას და კოლეგების ფაქტის წინაშე დაყენებას შეუდგა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ალტერნატიული ვარიანტი _ ახლადგახსნილი ხელოვნების სასახლის დირექტორობის სურვილი, სიხარულიძემ "მარაგში" დაიტოვა და ამჯერად, კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაისახა მიზნად.

სიხარულიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, "ქართული ფორუმის" რიგითი წევრი კი არა, საკრებულოს "ფორუმის" ფრაქციის ხელმძღვანელი იყო და სოლიდურ ხელფასსაც ამ პარტიის დამსახურებით იღებდა, მაგრამ ოპონენტი პარტიის _ "ქართული ოცნების" კანდიდატს ღიად დაყვებოდა შეხვედრებზე. როგორც ჩანს, მაჟორიტარმა დეპუტატმაც თავი "დავალებულად" ჩათვალა და თვითმმართველობის ყველაზე მთავარი პრინციპი _ სხვა ინსტიტუციებზე დამოუკიდებლობის უფლების შელახვაც მოინდომა:  ნინო წილოსანი 26 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომას დაესწრო და დეპუტატებს პირდაპირ მიუთითა, რომ ქეთევან სიხარულიძე კომისიის თავმჯდომარე უნდა გახდეს.

ამ მითითების გამო, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა სურების მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ სოროზანიშვილმა:

_ ერთი კვირის წინ გვითხრეს, რომ ახალგაზრდა კადრის, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, კლოდი მდინარაძის  კანდიდატურა შეარჩია პარტიამ. ვიმსჯელეთ, გავიარეთ და თანხმობა ვთქვით. გადის ერთი კვირა, მივდივართ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრება და გვეუბნებიან, რომ კლოდი კი არა, ქეთევან სიხარულიძე უნდა წარვადგინოთ და ავირჩიოთ. როდესაც ასეთ ცვლილებას აკეთებენ, მინიმუმ, ის მაინც უნდა გვითხრან, რა დააშავა კლოდიმ! ამავე დროს, საკრებულო არის დამოუკიდებელი ორგანო და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ჩარევა მიუღებელია. აქ ყველა დამოუკიდებელი პიროვნებაა, ყველას აქვს საკუთარი აზრი და არ შეიძლება მსგავსი ტიპის მითითებები მოგვცენ. გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ და მივიღებთ კიდეც სხვისი კარნახის გარეშე. არ ვიცი, ვისი პირადი ინტერესებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ის ვიცი, რომ ასეთ ქმედებაში მე მონაწილეობას არ მივიღებ! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოთარ სოროზანიშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზვიად მამალაძე ამბობს, რომ  ნინო წილოსანი სხდომაზე მოულოდნელად "ეწვია":

_ არ ველოდით სხდომაზე. დილით გავიგე მისი ჩამოსვლის შესახებ. დამირეკა და ითხოვა, სხდომას დასწრებოდა, _ აღნიშნა ზვიად მამალაძემ, რომლის ინფორმაციით, წილოსანმა აღნიშნულ სხდომაზე ქეთევან სიხარულიძის მხარდაჭერა ოფიციალურად დაადასტურა.

_ უბრალოდ, თქვა, რომ მხარს უჭერს ქეთევან სიხარულიძეს, _ გვითხრა მამალაძემ.

_ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ პირადად კლოდი მდინარაძეს უჭერდით მხარს და მისი კანდიდატურა პარტიასთანაც შეათანხმეთ...

_ კი, რა თქმა უნდა, ვუჭერდი. მას მხარს უჭერდა პარტიაც, თუმცა, შეიცვალა პარტიის დამოკიდებულება.

_ ეს როგორ გავიგოთ?

_ არ ვიცი, ალბათ, სხვადასხვა მიზეზების გამო. ალბათ, სხვაგან ჰყავთ გათვალისწინებული კოკა.

_ არ იკითხეთ, რატომ დაბლოკეს თქვენი კანდიდატურა?

_ ხომ გითხარით? სამომავლოდ შეიძლება სხვა ადგილზე განიხილება. არ ვიცი, რატომ. ამ შემთხვევაში, მხარს უჭერენ ქეთევან სიხარულიძის კანდიდატურას.

_ თქვენ?

_ ვისაც უჭერს პარტია მხარს, იმას უჭერს ფრაქციაც.

_ თქვენ ხომ ერთი კვირის  წინ მდინარაძეს უჭერდით მხარს?

_ პარტიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ახლა ასეა.

_ რატომ წყვეტს პარტია ან ნინო წილოსანი, თუ ვინ იქნება საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე?

_ ამას პარტია კი არა, ფრაქცია წყვეტს, მაგრამ პარტიას აქვს უფლება, რეკომენდაცია მისცეს ერთ ან მეორე კანდიდატურას.

_ და პარტია რომ ხან ერთს აძლევს "რეკომენდაციას" და ხან მეორეს, ამას რა ჰქვია?

_ ამას ქვია კანდიდატის ცვლილება.

_ ამას არ ჰქვია შიდა საქმეებში ჩარევა?

_ არა, საპარლამენტო არჩევნების დროსაც ხომ შეიცვალა კანდიდატი?!

_ ამ ცვლილებას, "ქართული ოცნებისთვის" სასიკეთო განწყობები სულაც არ მოჰყოლია. ამასთან, საპარლამენტო კანდიდატზე კი არა, თვითმმართველობაზე და დამოუკიდებელ საკრებულოზე ვსაუბრობთ, რომლის დეპუტატებსაც "ზემოდან" მარტივად რომ ვთქვათ, იგდებენ... ჯერ ერთს გეუბნებიან, მერე _ მეორეს, თანაც ისეთ კადრს გთავაზობენ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სხვა პარტიიდან გარიცხეს...

_ ამის განხილვის დრო ახლა არაა. გადაწყვეტილებას, ვინ დააყენოს კანდიდატად იღებს ფრაქცია, მაგრამ რეკომენდაციას გვაძლევს პარტია.

_ მაგრამ ერთი კვირის წინ "დამოუკიდებელმა" ფრაქციამ, პარტიის "რეკომენდაციით" ხომ მდინარაძის კანდიდატურის  დაყენების გადაწყვეტილება მიიღო? ერთი კვირის მერე კი, იღებთ ზარს პარტიიდან სხვა კანდიდატურაზე, ამ ზარს დეპუტატიც ფეხდაფეხ მოჰყვება, დირექტივას იძლევა, ვინ "აირჩიოთ" და გვიმტკიცებთ, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ?

_ გეუბნებით, როგორც იყო. რეკომენდაციის გაწევა ყველას შეუძლია. ეს შეგვიძლია გავითვალისწინოთ, შეგვიძლია _ არა. საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდება ხმათა უმრავლესობით.

_ თქვენი უმრავლესობა ცენტრალურ ოფისს ემორჩილება პრინციპით _ "მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას" თუ აცნობიერებს საკუთარი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას?

_ ეგრე არ არის. "ქართული ოცნება" და მისი ხელმძღვანელობა არასდროს იკადრებს "დედის და მამის მოკვლას". ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მოგვიწევს, _ ამბობს მამალაძე.

 მამალაძის მსგავსად, ფრაქციის წევრი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით გუდავაძე ამბობს, რომ პარტიის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს:

_ დეპუტატის დანახვამ ძალიან დიდი სიმპათია და მხიარულება(?!!!) გამოიწვია სხდომაზე, რადგან გაგვიხარდა, დიდი ხანია არ გვინახია. არ ვიცოდი, მოსვლის მიზეზი რა იყო, _ აღნიშნა გუდავაძემ.

მისივე თქმით, ერთი კვირის წინ, ფრაქციის სხდომაზე ნამდვილად განიხილეს მდინარაძის კანდიდატურა:

_ წინა სხდომაზე გვითხრეს, რომ პარტიამ დადებითი დახასიათება მისცა კლოდის კანდიდატურას.  დღეს კი გვითხრეს, რომ შეიცვალა. კითხვები გვქონდა, თუმცა, დეპუტატმა განმარტა, რომ პარტიამ გადაწყვიტა ასე. კოკა ჩვენია, ჩვენი გუნდის წევრია რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ასეთი გადაწყვეტილებაა, _ თქვა ჩვენთან საუბრისას გუდავაძემ.

_ ბატონო დავით, კითხვა არ გაგიჩნდათ, თუ რატომ ერევა თქვენს საქმიანობაში პარტიის ცენტრალური ოფისი და მაჟორიტარი დეპუტატი?

_ ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც პარტიის მთავარმა ოფისმა გადაწყვიტა, ჩვენ პარტიის მორჩილი ადამიანები ვართ.

_ ანუ, "მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას"?

_ ეს ძველია. გეთანხმებით, რომ დაახლოებით იგივეა, მაგრამ მე პარტიის გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, _ ამბობს გუდავაძე.

პარტიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძეც:

_ მე ვარ ამაყი, რომ ვარ "ქართული ოცნების" წევრი და მხარს ვუჭერ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც პარტია მიიღებს გუნდთან ერთად. ეს არ არის პიროვნული  გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ჯერ ამაზეც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, _  გვითხრა პაიჭაძემ.

პარტია "ქარული ოცნების" რეგიონული სამსახურის უფროსი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე  დიტო სამხარაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი მითითება არც ერთ კანდიდატურაზე ცენტრალური ოფისიდან არ ყოფილა და პარტია საკრებულოს საქმიანობაში არ ერევა. სამხარაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ და იმის თქმა, რომ "სიხარულიძის კანდიდატურა სამხარაძემ დაალობირა", არასწორია, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამხარაძე ჩოხატაურელ დეპუტატებს, რომლებიც ამბობენ, რომ კანდიდატურა ცენტრალურ ოფისში შეარჩიეს, ურჩევს ის პირი დაასახელონ, ვინც ეს მითითება მისცა:

_ ჩვენ გვაქვს პარტიული სტრუქტურა. დავალებებს გავცემთ წერილობითი ფორმით და ეს არ ხდება სატელეფონო ზარებით. დაასახელონ კონკრეტული პირი. ვინმე თუ ამბობს, რომ ეს მე ვიყავი, პირდაპირ გეტყვით, რომ ცრუობს. არც მე და არც არავინ ჩვენი სამსახურიდან, ამაში არ ჩარეულა. ჩვენ ვერევით პარტიული სტრუქტურის და არა საკრებულოს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, _ გვითხრა სამხარაძემ, თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და წევრები კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დირექტივა ცენტრალური ოფისიდან მოვიდა.  ამას, როგორც ზემოთ ვნახეთ,  დავით გუდავაძის თქმით, დეპუტატი ნინო წილოსანიც ადასტურებს.

რაც შეეხება ნინო წილოსანს; დეპუტატი ამბობს, რომ ის სხდომაზე ფრაქციის მუშაობის გასაცნობად და "აზრთა გაცვლა-გამოცვლისათვის" მივიდა, რადგან აინტერესებდა, როგორ მუშაობს ფრაქცია, იმის გამო, რომ თავად პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანია. ნინო წილოსანი ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატებს ხშირად ხვდება და ეს პირველი შემთხვევა არ არის:

_ ახლა როგორ გავიხსენო, ვის როდის შევხვდი. მგონი, არასწორი შეკითხვაა...

_ ქალბატონო ნინო, ამბობთ, რომ ხშირად ხვდებით და მაშინ ეს უნდა გახსოვდეთ. მით უმეტეს, რომ ეს არ ახსოვთ იმ დეპუტატებს, რომლებსაც დღეს სხდომაზე ესტუმრეთ, მათივე თქმით, "გაამხიარულეთ" და მოთხოვეთ, რომ ქეთევან სიხარულიძისთვის დაეჭირათ მხარი.

_ მე არ ვიცი, ვის რა ახსოვს, მაგრამ აღდგომის დღეებში ზვიად მამალაძე ვნახე.

_ თქვენ თქვით, რომ დეპუტატებს ხშირად  ხვდებით. ბოლოს როდის შეხვდით, როდის დაინტერესდით მათ სოფლებში არსებული პრობლემებით?

_ ვერ ვხვდები ამ კითხვის აზრს. ძალიან ბევრ შეხვედრას ვმართავ და ბუნებრივია, ყველას თარიღს ვერ დავიმახსოვრებ. რაც შეეხება მითითების მიცემას, არავისთვის არაფერი დამივალებია. უბრალოდ, რეკომენდაცია გავუწიე ქეთევან სიხარულიძეს, რადგან ის არის ქალი და მიმაჩნია, რომ ქალების გაძლიერებას თვითმმართველობაში მხარი უნდა დავუჭირო, _ აღნიშნა წილოსანმა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ თავად ან პარტიის ცენტრალური ოფისი დეპუტატების საქმიანობაში ჩაერია.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ უსტუმრებს ამ რეკომენდაციით სიხარულიძეს საარჩევნო "ვალს", რადგან სწორედ მისი მხარდაჭერის გამო გარიცხეს ის "ეროვნული ფორუმიდან", რომლის ფრაქციის თავმჯდომარეც  იყო საკრებულოში და პარალელურად, კულტურის ცენტრიდან, ხელფასებს იღებდა, როგორც ქართულის ენის პედაგოგი, გვპასუხობს  რომ არავის ვალი არა აქვს:

_ მე ვფიქრობ, რომ დედაჩემის და მამაჩემის წინაშეც კი არ მაქვს ვალი, რადგან მშობლების ვალდებულებაა შვილების აღზრდა.  შესაბამისად, არც ქეთევანის ვალი მაქვს და არც სხვა ვინმესი, _ აღნიშნა წილოსანმა.

ჩვენ შევეცადეთ ქეთევან სიხარულიძეც ჩაგვეწერა ამ საკითხზე, თუმცა, ამ სკანდალური სხდომის შემდეგ, მან ტელეფონი გამორთო.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, პარტია "ქართულ ოცნებაში" ღიად ამბობენ, რომ პარლამენტის დეპუტატის მხრიდან საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა, დაუშვებელია:

"დეპუტატი თუ საკრებულოს ან ფრაქციის წევრებს შეხვდა ან საკრებულოში თანაპარტიელებთან მოითათბირა, ამაში უცნაური არაფერია. მე კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუკი ვინმემ საკრებულოს დეპუტატებს დაავალა, რომ ესა თუ ის ადამიანი დანიშნონ თანამდებობაზე _ ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

 




 ახალი ამბები
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...