სოზარ სუბარი მირზა სუბელიანთან ნათესაობას უარყოფს

"წინა წლებშიც ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, რომ მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტზე საქმის აღძვრა ხდებოდა. ტელეფონები შეჰქონდათ თანამშრომლებს, ან ხდებოდა მათი "დასკოჩვა" და ციხის ღობეზე გადაგდება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა ტელეფონებს დიდი "რაგატკებით" ისროდნენ ღობეებზე. დაახლოებით 50-მდე ტელეფონი გვაქვს ამოღებული ამ 6 თვის განმავლობაში. სტატისტიკა რომ შევადაროთ, დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა წლებში. მე არ ვადარებ 2011- 2012 წლებს , როდესაც ამოღებული ტელეფონების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო. მე ეჭვი მაქვს, რომ სტატისტიკამ დაიკლო არა იმის გამო. რომ მობილურები აღარ შეჰქონდათ ციხეებში, არამედ დაიკლო იმის გამო, რომ არ ხდებოდა საქმის აღძვრა. ყოფილი თანამშრომლები მეუბნებიან, რომ როდესაც გამოჰქონდათ ტელეფონები და გაატარებდნენ უსაფრთხოების სამსახურს, სამ თვეში ზუსტად იგივე ტელეფონი იგივე ნომრით უკან შედიოდა ციხეში", _ განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემა "პრეს-პრესში".
მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექცია მხოლოდ თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს, ციხეებიდან გახორციელებულ სატელეფონო ზარებზე კი "დიდი გამოძიება მიმდინარეობს", რომელსაც შს სამინისტრო და პროკურატურა ახორციელებენ.
ციხეში აღმოჩენილ მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით "გურია ნიუსში" სტატია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა, ამტკიცებდა, რომ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში გახორციელებული ზარებისთვის პატიმრებს ახლა სთხოვენ პასუხს და სამწლიანი სასჯელის დამატებით ემუქრებიან.
"როგორ მოხვდებოდა ტელეფონები ციხეში ? ადმინისტრაციამ შემოიტანა. მაშინ არეულობა იყო, სოზარი ციხეებს ვერც შიგნით ვერ აკონტროლებდა და ვერც პატიმრების ოჯახის წევრებს ამშვიდებდა, რომლებიც მზად იყვნენ ციხის კარი შემოეგლიჯათ. სწორედ ამ ვითარებაში დაიწყო ადმინისტრაციამ ციხის "ავტორიტეტებთან" მოლაპარაკება, დაურიგეს ტელეფონები და არეკინებდნენ ნათესავებთან, ციხეში სიმშვიდეა და გარედან აქტიურობა საჭირო აღარ არისო. მაშინ ეს სწორი ტაქტიკა იყო და გაამართლა _ ციხე დამშვიდდა. დღეს კი სოზარის ბიძაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი, "ნაციონალი" მირზა სუბელიანი პატიმრებს დაერია, გამოძიება დაიწყო მაშინ გახორციელებულ ზარებზე, იბარებს პატიმრების ოჯახის წევრებს, ღამის 2-3 საათზე მოჰყავთ აქ ცოლები, საცოლეები, დედები და აიძულებენ განთქმითი ჩვენება მისცენ ნათესავების წინააღმდეგ. პატიმრები, რომლებიც ბაჩო ახალაიას საქმეში (ციხის ბუნტს ვგულისხმობ) მთავარი მოწმეები არიან, საშინელ დღეში ჰყავთ. გიორგი ავალიანი, რომელმაც ახალაიას "რეზბალნიცაზე" ყბა მოსტეხა, "კრიტში" გადაიყვანეს და იმ დროს გახორციელებული ზარების გამო სამწლიანი სასჯელის დამატებით ემუქრებიან. იგივე მდგომარეობაშია მეორე მოწმე ზურაბ ავალიანი. აშკარაა, "ნაციონალი" მირზა სუბელიანი გზას უთავისუფლებს ბაჩო ახალაიას და ძირითად მოწმეებს იცილებს საქმიდან," _ აცხადებდა "გურია ნიუსთან" სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი.
გადაცემა "პრეს-პრესში" სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროს მირზა სუბელიანთან ნათესაობაც უარყო. არადა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნა-შევიწროებით ცნობილი პროკურორი მირზა სუბელიანი სწორედ სოზარ სუბარის დამსახურებით მოხვდა სამინისტროში.
"მირზა სუბელიანი არ არის არც ჩემი ბიძაშვილი, არც ნათესავი. სუბარი არის სხვა გვარი, ეს არ არის ჩემი ფსევდონიმი, ეს არის ჩემი უძველესი გვარი, რომელიც დავიბრუნე. სვანეთში არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბელიანები და არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბარები. თუ ვინმეს უნდა რომ ასე იყოს, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და დეიდაშვილი ერთად იქნება," _ განაცხადა სუბარმა.
როგორც ჩანს, მინისტრს დაავიწყდა, რომ მისი ძმა ვახტანგი ჯერ ისევ სუბელიანია.