ნარკოსატრანზიტო "კორიდორად" გამოცხადებული საქართველოს მართლმსაჯულება

სამართალი

ნარკოსატრანზიტო "კორიდორად" გამოცხადებული საქართველოს მართლმსაჯულება

1970 იან 1 04:00:00
ამ საქმეს, საქართველოს პირველმა პირმა პირველსავე დღეს გამოუტანა განაჩენი, რომელიც შემდეგ არავითარ სამართლიანობას აღარ დაექვემდებარა და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა საქართველოში ისედაც აგონიაში მყოფ უდანაშაულობის პრეზუმპფციას.

ამ განაჩენის ნამდვილი სახელი ასეთია _ გასამართლდნენ პრეზიდენტის სახელით!


საქმე #1/ბ_25_2011 წ. _ გასამართლდნენ პრეზიდენტის სახელით!

2010 წლის 2 ივნისი. ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან მილიონ შვიდასი ათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა "უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია" უწოდეს, რადგან მათივე თქმით, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს.

ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს, ფულთან ერთად, 220 კილოგრამი კოკაინი მართლაც რომ აღმოეჩინათ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციას პირადად მინისტრი _ ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ გრანდიოზულად "გატელევიზორებულ" უკოკაინო სპეცოპერაციას, ქუთაისის კუდ_ისა და სოდ_ის უფროსების თანამდებობებიც შეეწირა... საკმარისი მტკიცებულებების ვერშეთხზვის გამო!

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონის უფროსის მოადგილის, შალვა ბოლქვაძის გათავისუფლება გურიის მე_4 ქვეგანყოფილების აჭარის დაქვემდებარებაში გადასვლით აიხსნა, თუმცა ამ ორი განყოფილების შერწყმა, ამავე დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს უფროსის კოტე არჩაიას გათავისუფლებასაც დაუკავშირდა.

"ახალი გაზეთის" ინფორმაციით, უშიშროების მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანუ ვერამოღებული "კოკაინისა", პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეორე დღესვე დაიგეგმა ბრიფინგი. პრეზიდენტის პრეს_სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის სახელით, პირდაპირ ეთერში გამოუტანა ვერდიქტი საქართველოს 6 მოქალაქეს: ნუგზარ ბოჭორიშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილს, მევლუდ სვანიძეს, ანასტასია ზაუტაშვილს, რომა მესუმიანსა და თემურ გავაშელიშვილს.

"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გუშინ სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული თანხა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ევრომდეა, პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტი ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, მადლობას იმ პოლიციელებს უხდის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ უშუალოდ ოპერაციაში.

საზოგადოებისთვის გუშინ ცნობილი გახდა მასშტაბური ოპერაციის შესახებ, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს. გამოვლინდა საკმაოდ სერიოზული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, არიან ეჭვმიტანილები, გამოვლინდა ნარკოსატრანზიტო გზა, საიდანაც საქართველოში შემოდიოდა და შემდეგ საქართველოდან ხდებოდა გატანა და რეალიზება", _ განაცხადა მანჯგალაძემ.

არადა, ამ დროისთვის, ერთადერთი მტკიცებულება სათბურში, ქილაში შენახული ფული იყო. საქართველოს კანონის თანახმად კი, ფულის შენახვა ქილაში, მუთაქაში ან სხვა რომელიმე სასურველ ადგილას, აკრძალული არ არის.

საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ 220 კილოგრამი კოკაინი, რაზეც საბრალდებო დასკვნაშია საუბარი, ბუნებაში არ არსებობს _ ერთადერთი მტკიცებულება ბრალდების მოწმის, ლევან კოჩაძის ღრძილებია (რომელიც, თურმე, კოკაინმა დაგემოვნების დროს გაუცივა).

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული. ამ ვარაუდების მიხედვით კი, 10, 20, 30, 40,120_კილოიან პაკეტებად დაფასოებულ 220 კილოგრამ კოკაინს, თვეების განმავლობაში წინ და უკან უმოწყალოდ და უკონტროლოდ დაატარებდნენ ოთხი ქვეყნის საზღვარზე.

ასე უმოწყალოდ წაიბილწა მინიმუმ ოთხი ქვეყნის საბაჟოს ავტორიტეტი, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარი ქვეყნის ნარკოსატრანზიტო "კორიდორად" გამოცხადებაზე.


საქმე N#1/ბ_25_2011 წ. _ "მართლმსაჯულების" ხარისხი ქართულად

3 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ნუგზარ ბოჭორიშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, მევლუდ სვანიძის, ანასტასია ზაუტაშვილისა და სხვათა გახმაურებული საქმის განხილვა დასრულდა. 3 ივნისსვე, ნარკოკარტელის სკანდალურ საქმეზე განაჩენი დადგა.

3 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ კვლევების მიხედვით, სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობა სტაბილურად იზრდება. სასამართლოს მომხმარებლების გამოკითხული 75% აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს, ხოლო ნაწილობრივ ნდობას _ 16% აფიქსირებს. სასამართლო ხელისუფლება ამ ფაქტს, მოსამართლეთა და მოხელეთა მუდმივი გადამზადებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, მოსამართლეთა ობიექტურობითა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებით ხსნის.

თუმცა, ამ სტატისტიკის გასამყარებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული ეს საქმე ვერ გამოდგება.

ნარკოტრანზიტის გახმაურებული სასამართლო პროცესი სამი თვე გრძელდებოდა. ადვოკატების მიერ დაყენებული 40_მდე შუამდგომლობიდან, მოსამართლე მარინა სირაძემ მხოლოდ 6 დააკმაყოფილა. ამასთან, უკლებლივ ყველა შუამდგომლობა და პროტესტი დაუკმაყოფილა პროკურორს.

114_გვერდიან განაჩენში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3 თვე, 12 პროცესი და 34 შუამდგომლობა სულ რაღაც 2 გვერდში "მიმოიხილა". დანარჩენი 112 გვერდი სიტყვასიტყვით გადააკოპირა ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენიდან.

მანანა კობახიძე, ადვოკატი: "მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, განაჩენში სრულყოფილად უნდა აისახოს მხარეების მიერ და მათ შორის, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა შუამდგომლობა. შესაბამისად, უნდა გაეცეს პასუხი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაყენებულ მოთხოვნებს და დაასაბუთოს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, ეს ნორმა ბოლომდე უგულებელყოფილი იყო. მარინა სირაძემ და მისმა შემადგენლობამ, განაჩენში დაცვის მოწმეების გვარების ჩაწერაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. საერთოდ არ ასახეს მათი ჩვენებები, მაშინ, როდესაც სიტყვასიტყვით გადმოწერა ბრალდების მოწმეთა ჩვენებები ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენიდან.

გამოდის, რომ 3 თვის განმავლობაში, სასამართლოს არც მოწმე დაუკითხავს, არც მტკიცებულებები გამოუკვლევია და არც ნივთმტკიცებები დაუთვალიერებია?! საქმე იმაში გახლავთ, რომ მარინა სირაძემ მარტივი გზა გამოძებნა და რადგან დაცვის მხარის შუამდგომლობაზე უარის თქმის იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა, საერთოდ არ ასახა ისინი განაჩენში."

სამი თვის განმავლობაში, მარინა სირაძის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესზე ვერ მოხვდა ვერც ერთი პატიმარი. შეგახსენებთ, რომ ყველა მათგანს ისეთ უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, რომელიც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, 30 წელს, 24 წელს...

ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, საბერძნეთში იმყოფება; ყველა დანარჩენი, რომლებიც სასჯელს იხდიან, მისი ნათესავები და უახლოესი მეგობრები არიან.

თითოეულ მათგანს, სრული უფლება აქვს არა მხოლოდ დაესწროს, არამედ მონაწილეობაც მიიღოს იმ სასამართლო პროცესებში, სადაც მათი საქმე იხილება. ეს უფლება მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531_ე და ევროკონვენციის მე_6 მუხლით.

მიუხედავად ამისა, ეს სასამართლო პროცესი პატიმრებისა და ევროკონვენციის სრული იგნორირებით ტარდებოდა.

მანანა კობახიძე, ადვოკატი: "საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 531_ე მუხლის, ევროკონვენციის მე_6 მუხლისა და მე_7 დამატებითი ოქმის თანახმად, მინიმუმ 2 ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვაში და თავადაც დაკითხონ მოწმეები, ექსპერტები. იქნებ, მათ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის სურვილიც გაუჩნდეთ. ეს ყველაფერი სასამართლო გამოძიების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს?! ამ 114_გვერდიან განაჩენში ამაზეც არაფერია ნათქვამი."

თუმცა, სასამართლო გამოძიების მიწურულს, პროკურატურისა და სასამართლოს საერთო ინტერესებში (მათ ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ), ერთი პატიმარი მაინც შევიდა _ თემურ გავაშელიშვილი.

ნუგზარ ბოჭორიშვილის სიძე (მამიდაშვილის ქმარი) ნაწილობრივ აღიარებით ჩვენებას ითხოვდა. მისი თხოვნა სასწრაფოდ დააკმაყოფილეს და პროცესზე მიიყვანეს. ეს ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ პროცესზე დასწრების უფლება სხვა პატიმრებისთვისაც უნდა მიეცათ. მაგრამ, მათი შუამდგომლებები იმ მარტივი მიზეზის გამო არ დააკმაყოფილეს, რომ სიტყვა "აღიარებითი" არ ჰქონდათ ნახსენები.

მანანა კობახიძე, ადვოკატი: "ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ სასამართლომ ეს განახორციელა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. პროკურატურამ ბრალი მოუხსნა გავაშელიშვილს და წაუყენა 376_ე მუხლით გათვალისწინებული ახალი ბრალი _ დანაშაულის შეუტყობინებლობა და შესაბამისად, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მანამდე, მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ფაქტობრივად, პროკურორმა განაჩენს აღარ დაუჭირა მხარი, რადგან ამ ადამიანის მიმართ, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო და იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტრანზიტში; უფრო მეტიც, ის თანამონაწილედ იყო ცნობილი სხვა პირებთან ერთად.

პროკურორმა ამით განაცხადა, რომ პირველ ინსტანციაში მოსამართლე შეცდა, როცა გავაშელიშვილს ბრალი ნარკოტრანზიტში წაუყენა. ახლა მე მაქვს ასეთი კითხვა, იქნებ მოსამართლე ზუსტად ასე შეცდა ბოჭორიშვილის, სვანიძის, ზაუტაშვილის, ჩეჩელაშვილის, მესუმიანისპმიმართაც?!"

იქნებ მოსამართლე შეცდა, მაგრამ საქართველოში ხომ პროკურატურა არასდროს ცდება! მერე რა, რომ გავაშელიშვილის ჩვენებამ ბრალდების ორი მთავარი მოწმის, ზაქარია ზაუტაშვილისა და კახა სვანაძის ჩვენებები თავდაყირა დააყენა? მერე რა, რომ პროკურორი საკუთარ მოწმეებთან წინააღმდეგობაში მოვიდა? სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და თანაც ისე, რომ განაჩენში ბრალდების ცრუმოწმეებზე ორი სიტყვაც არ უთქვამს.

საქმე N#1/ბ_25_2011 წ. _ იგნორირებული ევროკონვენცია და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

მაშინ, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იმართებოდა, არავის გახსენებია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. არც ის, რომ გაეროს გარდა, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას აკონტროლებს, ნარკოტიკული და ქიმიური საშუალებების კონტროლს ამერიკის ეს უწყებაც ახდენს და მის წინაშე ანგარიშვალდებულები ვართ.

რა თქმა უნდა, აწ უკვე სახელგანთქმული სოფელი ტყაჩირი თავისი სათბურითა და უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაციით ამ ანგარიშში მოხვდა.

მაგრამ, მოსამართლე მარინა სირაძის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მისთვის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. სასამართლოს შემადგენლობამ, ამ საბუთში ახალი გარემოების მსგავსიც ვერაფერი დაინახა. შევეცდებით, ეს "შეუმჩნეველი" სხვაობა თვალსაჩინოდ წარმოგიდგინოთ:

_ ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ორგანიზებულ ჯგუფს, ბრალად ედებათ 220 კილოგრამი კოკაინის შემოტანა.

_ აშშ_ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ნუგზარ ბოჭორიშვილსა და ორგანიზებულ ჯგუფს ქართველი სამართალდამცავები ბრალად დებენ 90 კილოგრამი კოკაინის შემოტანას.

_ ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ამოღებულია 133,8642 გრ. კოკაინი მევლუდ სვანიძის (ბოჭორიშვილის სიძე) ავტომანქანიდან სოფელ ტყაჩირში.

_ აშშ_ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2010 წელს მთლიანად ამოღებულია 0.099 გრამი კოკაინი, ოღონდ არ არის დაკონკრეტებული, რომელი საქმიდან. რაც შეეხება ბოჭორიშვილის საქმეს, ანგარიშის თანახმად, კოკაინის ამოღება ვერ მოხერხდა ქართველი სამართალდამცავების მხრიდან დაგვიანების გამო.

_ ქართული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კოკაინმა ექსპერტიზა ჯერ კოჩაძის ღრძილებზე გაიარა, შემდეგ კი აგრონომ ინა თევზაიას ხელში.

_ აშშ_ს სახელმწიფო დეპარტამენტს კოკაინის ექსპერტიზა ჯერ არ ჩაუტარებია, რადგან ქართველ სამართალდამცავებს ე. წ. კოკაინი ჯერ არ მიუწოდებიათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდათ.

მარტივი არითმეტიკის მიხედვით კი 220_90=130 _ თვალსა და ხელს შუა, დოკუმენტაციებში დაკარგული 130 კილოგრამი კოკაინის ამბავი, თუნდაც ინტერესის გამო მაინც, მოსამართლეს უნდა გაერკვია.

მანანა კობახიძე, ადვოკატი: "გაეროს გარდა, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას აკონტროლებს, ნარკოტიკული და ქიმიური საშუალებების კონტროლს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ახდენს და ყველა ის ქვეყანა, ვინც მიერთებულია ამ ხელშეკრულებას, ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში. სწორედ ამ ვალდებულებაშია ასახული, რომ ჩვენ ქვეყანაში, 2010 წელს არ ამოღებულა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რაც მევლუდ სვანიძეს ედება ბრალად. ნარკოტიკის არსებობის შემთხვევაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნიმუშისთვის ოფიციალურად გაითხოვს გარკვეულ ნაშთს და მასზე ტარდება ექსპერტიზა მწარმოებელი ქვეყნის დასადგენად. აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ინტერესში შედის, გაიგოს ვისი წარმოებულია ნარკოტიკი."

რაც შეეხება ნარკოტიკების ექსპერტიზას: მევლუდ სვანიძის (ბოჭორიშვილის დის ქმარი) პირადი ჩხრეკისას "ამოღებული" "ჰეროინი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა, ნადარეიშვილმა "ყურადღებით" შეისწავლა და დასკვნაში დაწერა, რომ ე.წ პოლიეთილენის პარკში, ერთი გრანული ჰეროინი იდო. თუმცა, სასამართლო პროცესზე, ამ ნივთმტკიცების დათვალიერებისას, მოსამართლემ და ადვოკატებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ "პაკეტში" 11 (თერთმეტი) გრანული "ჰეროინი" აღმოაჩინეს. ობიექტურ სასამართლოში, ეს მტკიცებულება მაშინვე დაუშვებლად უნდა ეცნოთ. მართალია, დაცვის მხარის ეს პროტესტი მოსამართლე სირაძეს არ გაუპროტესტებია, მაგრამ თავის განაჩენში არც ამაზე უთქვამს რამე.

სასამართლომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა დაცვის მოწმის, მრავალწლიანი სტაჟის მქონე საყოველთაოდ ცნობილი ექსპერტის, მარიკა ტოკლიკიშვილის ლინგვისტური დასკვნა, რომელიც ასევე "ჰეროინის" ამოღების ფაქტს ეხებოდა _ იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებმაც მევლუდ სვანიძის პირადი ჩხრეკა ჩაატარეს, აბსოლუტურად იდენტური იყო, ყველა სიტყვა ერთნაირად ჰქოდათ დაწერილი და უფრო მეტიც _ შეცდომებიც კი ზუსტად ერთნაირი გახლდათ.

ექსპერტ მარიკა ტოკლიკიშვილის დასკვნის მიხედვით, ჩვენებები ერთი ადამიანის კარნახითაა დაწერილი.

რაც შეეხება მევლუდ სვანიძის ავტომანქანიდან "ამოღებული" კოკაინის ექსპერტიზას, შსს_ს ექსპერტმა, პროფესიით აგრონომმა ინა თევზაიამ ჩაატარა. დასკვნაში მიუთითა, რომ იხილა თეთრი, კრისტალური ნივთიერება.

სასამართლო პროცესზე, ამ ნივთმტკიცების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილ "კოკაინს" კრისტალურობასთან საერთო არაფერი ჰქონდა _ მოსამართლე სირაძეს წინ "შპაკლის" მსგავსი ნივთიერება ედო.

მან სრული იგნორირება გაუკეთა და საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო დაცვის მხარის მიერ სტრასბურგში მომზადებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს მსოფლიო ფარმაკოლოგთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, ერთ_ერთი ყველაზე აღიარებული ექსპერტი პასკალ კინტცი. ასევე, საქმეს არ დაურთო საქართველოში მომზადებული, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ქეთევან ბარამიძის მიერ დაწერილი დასკვნაც.

ეს დასკვნები ეხებოდა შსს_ს კრიმინალური ექსპერტიზის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას "კოკაინსა" და "ჰეროინზე."

პასკალ კინტცის დასკვნით, მეთოდოლოგიას, რომელიც გამოყენებული იქნა ე. წ. კვლევების ჩატარებისას, მე_20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ აღარ იყენებენ. შსს_ს ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებიდან კი არანაირად არ შეიძლებოდა უდავოდ ყოფილიყო დადგენილი, რომ ეს ნივთიერება "ჰეროინი" და "კოკაინი" იყო.

მანანა კობახიძე: "პროკურატურამ და პოლიციამ ყველა ნივთმტკიცება გააყალბა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში ეს ერთი სიტყვითაც არ ასახა. როდესაც კუდ_ის შენობაში მივედით, სადაც მევლუდ სვანიძის ავტომანქანის დათვალიერება ხდებოდა, ავტომანქანა ყოველგვარი ლუქის გარეშე დაგვხვდა. ფაქტობრივად, ნივთმტკიცება აღარ არსებობდა. წარმოდგენილი იყო გაუგებარი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრებით. ამის დანახვისთანავე, პროკურორმა მობილური აიღო და დაიწყო რეკვა. როგორც ჩანს, თვითონაც სახტად დარჩა, როდესაც მანქანა ასეთ მდგომარეობაში დაინახა. რადგან ეს მტკიცებულება განადგურდა, ყველაფერი, რაც ამ ავტომანქანას უკავშირდებოდა და პირველ რიგში _კოკაინი, ავტომატურად წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მოთხოვნაზე გვეთქვა უარი: სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარვადგინეთ ვიდეო დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო "პოლიცე.გე"_დან ვიდეო მასალა, რომელიც ეხებოდა ტყაჩირში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მევლუდ სვანიძის ავტომანქანის ჩხრეკას. ამ ვიდეოკადრებზე დაფიქსირებულია, რომ მანქანა დგას და პოლიციელები ფორმებში, სამუშაო ხელთათმანებით აღჭურვილნი ხდიან მანქანის ე.წ "კაპოტს" და ამოაქვთ იქედან "სკოჩში" შეხვეული რაღაც გაურკვეველი ნივთი. ჩანს, როგორ ჭრიან და იღებენ დანის წვერით რაღაც თეთრ ფხვნილს. ჩვენებაში კი წერენ, რომ აღნიშნული ნივთი ამოიღეს ავტომანქანის ქვემოდან ე.წ. ძრავასა და დამცავ ფარს შორის. ამ დროს, ჩვენ ხელთ გვაქვს "პოლიცე.გე"_ს ოფიციალური კადრები, სადაც ჩანს რომ ნარკოტიკის ამოღება მოხდა მანქანის ზედა ნაწილიდან. ეს მტკიცებულება ცალსახად იყო წინააღმდეგობაში პოლიციელების ჩვენებასთან. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი როგორც პოლიციელების ჩვენება, ასევე ნივთმტკიცება. მაგრამ, სასამართლომ ყველა მეთოდი იხმარა პროკურატურის პოზიციის დასაცავად. პროკურორი ამტკიცებდა, რომ კადრები იმიტომ არ უნდა დართვოდა საქმეს, თითქოს არანაირი გადაღება არ ჩატარებულა მევლუდ სვანიძის ავტომანქანის დათვალიერებისას. არადა, ეს კადრები "პოლიცე.გე"_ზე დღემდე დევს. ჩვენ, სხვათაშორის შსს_ს მივწერეთ წერილი და ვკითხეთ, ვინ ახორციელებდა გადაღებას და ზოგადად ის კადრები, რომელიც "პოლიცე.გე"_ზე დევს, ვის მიერ იყო მოპოვებული. პასუხად მივიღეთ, რომ ეს მასალა სწორედ შს სამინისტროს მიერ იყო გადაღებული. ასე რომ, პროკურორის განცხადება, თვითონ შს სამინისტრომ უარყო. თვალსა და ხელს შუა გვატყუებენ. ამ შემთხვევაში მოგვატყუა პროკურორმა, რომელსაც ზემდგომი პროკურორის ბრძანებამ და დავალებამ ყველაფერი აკადრებინა."

რაც ამ პროცესზე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით მოხდა, პროკურორიც კი გააოცა. პირველ ინსტანციაში განაჩენი ისე გამოიტანეს, რომ საქმეში არ იყო ჩადებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა ეჭვმიტანილ ანასტასია ზაუტაშვილსა და შოთა პირველს შორის შემდგარ საუბარზე. საქმის იმ ეპიზოდზეა საუბარი, როდესაც, თითქოს, ანასტასია ზაუტაშვილი შოთა პირველს ბრალდების ერთ_ერთი მთავარი მოწმის, ლევან კოჩაძის მკვლელობას უკვეთავდა და ეს საუბარი ვიდეოფირზე იყო ჩაწერილი. ამ ვიდეო კადრებზე ჩატარებულ ფონოსკოპიურ ექსპერტიზას უნდა დაედგინა იყო თუ არა ჩანაწერებზე მონტაჟის კვალი. აღნიშნული დასკვნა პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა და მისი საქმეზე დართვა მოითხოვა.

შსს_ს კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტებს ეთერ კუნელაშვილი და გიორგი ხიზანაშვილი წარმოადგენდნენ. მათი ხელმოწერილი დასკვნის საფუძველზე ანასტასია ზაუტაშვილს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულში _ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებაში. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილს, სასჯელის ზომად, 30 წელი განესაზღვრა.

ადვოკატ მანანა კობახიძის კითხვაზე, _ ჩატარდა თუ არა ხმის ნიმუშზე პიროვნების იდენტიფიკაცია, ეთერ კუნელაშვილმა უპასუხა, _ არა, რადგან ჩემთვის გამოძიებას მაგ კითხვით არ მოუმართავს. ადვოკატის შეკითხვაზე _ შეიძლება თუ არა, სრულყოფილი იყოს ფონოსკოპიური ექსპერტიზა თუ პიროვნების ხმის ნიმუშის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, ექსპერტი კუნელაშვილის პასუხი ასეთი გახლდათ: _ ხმის ნიმუშის აღების გარეშე, პიროვნება პიროვნებას ვერ შედარდება.

მაგრამ, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მოგვიანებით მოხდა.

მანანა კობახიძე: "როდესაც სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები დაათვალიერა, სანამ ჩანაწერებს ვნახავდით, გაიხსნა ეს კონვერტები. აღმოჩნდა, რომ ორივე კონვერტი დალუქული იყო და მათ ლუქზე თარიღად დასმული იყო 2010 წლის 24 და 25 მაისი. ექსპერტებს ეს კონვერტები რომ გაეხსნათ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, პირველ რიგში, გაჭრილი უნდა ყოფილიყო და შემდეგ ხელახლა დალუქული შსს_ს ექსპერტიზის სამმართველოს ბეჭდით. დასკვნის ბოლოში ისიც კი არ ჰქონდათ მითითებული, რომ კვლავ დალუქეს და ხელი მოაწერეს. ფაქტობრივად, ძალიან თვალსაჩინო იყო და დავადასტურეთ კიდეც, რომ ექსპერტების მიერ ეს კონვერტები საერთოდ არ გახსნილა და შესაბამისად, ექსპერტიზა არ ჩატარებია. უფრო მეტიც, ექსპერტებმა სასამართლო პროცესზე მისცეს ცრუ ჩვენება. სასამართლოც და პროკურატურაც ფაქტის წინაშე დავაყენეთ, რომ ეს ნივთმტკიცებები დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ფაქტობრივად, საქმეში აღარანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მკვლელობის შეკვეთის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა. გამოუვალ სიტუაციაში რომ აღმოჩნდნენ, პროკურატურამ მოიფიქრა ასეთი რამ: მომდევნო პროცესზე, როცა ეს მტკიცებულებები უკვე დათვალიერებული, სასამართლოს მიერ დალუქული და ჩვენი ხელმოწერებით დამტკიცებული იყო, პროკურორმა მთელი ეს პროცედურა ეჭვქვეშ დააყენა და ნივთმტკიცებების დათვალიერება ხელმეორედ მოითხოვა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არ არსებობს პრეცედენტი, როცა მოსამართლე ერთხელ გახსნის ნივთმტკიცებას, დაათვალიერებს, შეიტანს სხდომის ოქმში და შემდეგ მის მიერვე დალუქულ და ხელმოწერილ ნივთმტკიცებას ისევ იგივე მოსამართლე ხელმეორედ ათვალიერებს. საპროცესო კოდექსში მსგავსი ნორმა არ მოიძებნება. მარინა სირაძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაწერა ახალი კოდექსი და მაშინვე აღსრულებაში მოიყვანა. რა თქმა უნდა, აღმოჩნდა გაჭრილი კონვერტები, რადგან წინა პროცესზე მარინა სირაძემ ისინი თავად გაჭრა და მერე ვინ გაამრთელებდა მათ?!"

ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებსა და გაყალბებებს (სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ ამ საქმის სრული სურათი) სასამართლო სხდომის ოქმიც დაემატა _ ოქმში გაყალბებულია მთელი რიგი გარემოებები, არ არის შეტანილი ის პროცესები, რაც სასამართლოზე ხდებოდა. დაცვის მხარის არგუმენტების ჩაწერა, განსაკუთრებით სწორედ ფონოსკოპიური ექსპერტიზის ამბისა, "სიჩქარეში თავიდან ამოვარდნიათ..."

"თქვენ გეშინიათ პროკურორის! თქვენ ემორჩილებით პროკურატურას! თქვენ არ გაქვთ იმის კომპეტენცია, რომ განიხილოთ 17_ტომიანი საქმე! თქვენ ვერ ახერხებთ ამ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას! მე ეჭვი შემაქვს თქვენს მიუკერძოებლობაში! მერწმუნეთ, 5 წლის შემდეგ, ევროპის სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და დაადგენს, რომ მარინა სირაძემ დაარღვია კანონი!!!"

ადვოკატ მანანა კობახიძის ამ განცხადებას მორჩილებითა და მდუმარებით შეხვდა მოსამართლე მარინა სირაძე. რეაქცია მხოლოდ ევროპის სასამართლოს სამომავლო ვერდიქტზე ჰქონდა: _ რატომ მემუქრებით, ქალბატონო მანანა? _ იკითხა მან.

როგორც ჩანს, ქართულ სასამართლოს დღეს უფრო ეშინია, ვიდრე რცხვენია!




 ახალი ამბები
  • რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის განცხადებაზე„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“,_ აღნიშნული ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • გენერალ-ლეიტენანტი: "თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული ძალა რეგიონში"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული ძალაა, პრეზიდენტმა კი გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს. „რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ამაზე ვფიქრობ, თვითონ გააკეთებს განცხადებას. თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული შეიარაღებით და მოდერნიზაციით რეგიონში, მინდა ავღნიშნო, რომ მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ის,  რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯავანის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღებასა და შეიარაღებასთან“,_ განაცხადა ... ...
  • ღარიბაშვილი: "მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება"საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს. „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები- ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება. არ ვიცი რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას. როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“,_განაცხადა ... ...
  • 20 წლის წინ საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე დაკრძალესქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე1999 წლის 11 დეკემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ოზურგეთელი ნინო კუკულაძე, რომელიც ახლოს იცნობდა აკაკი ბაქრაძეს საინტერესო ამბავს წერს სოციალურ ქსელში.  “12 დეკემბერს, დილით, პანთეონში მისულ ჭირისუფალს აკაკი ბაქრაძის საფლავი ყვავილებით დეკორატიულად მორთული დაგვხვდა. მესაფლავეებმა გვაუწყეს, რომ ეს ვიღაც ქალბატონმა გააკეთა, რომლისთვისაც ვინაობა მათ არ უკითხავთ. სამი თვის შემდეგ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ეს ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი ყოფილა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს ყოველივე დიდი მწერლის სიყვარულითა და მადლიერების ნიშნად გააკეთა. მოგვიანებით აკაკი ბაქრაძის საფლავზე მარმარილოს დიდი თეთრი წიგნი დაიდგა (არქიტექტორი - ილო ყავლაშვილი, მოქანდაკე - ზაურ ჯოხაძე), რომლიდანაც მზის სხივები შავი მარმარილოს ორნამენტების მეშვეობით იშლება. მარმარილოს დიდ თეთრ წიგნს აკაკისეული წარწერა ამშვენებს : " მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სწამს სულის უკვდავება და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა ისევ მოხდება". აკაკი ბაქრაძე 6 დეკემბერს დილის 7 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან რამდენჯერმე მთაწმინდის წყალი მოითხოვა და სულმობრძავმა სიამოვნებით დალია. მე ვფიქრობ, რომ აკაკი ბაქრაძის სამუდამო განსასვენებელი მაინც მთაწმინდის პანთეონში უნდა იყოს... “- წერს ნინო ... ...
  • ძველი ქვევრები სოფელ ზემოხეთშისოციალურ ქსელში ლექსო ნასუაშვილმა გამოაქვეყნა ძველი ქვევრების ფოტოები, რომელიც სოფელ ზემოხეთში არის ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს