კიდევ ერთი განსაკუთრებული საქმე სტრასბურგში

სამართალი

კიდევ ერთი განსაკუთრებული საქმე სტრასბურგში

25 იან. 2012, 06:29:55
ამ პატიმრის საქმე ევროსასამართლომ "განსაკუთრებულ საქმეთა" ნუსხაში შეიტანა. 2011 წელს, სტრასბურგიდან ამის დამადასტურებელი წერილი მოვიდა. 2011 წელსვე, სახალხო დამცველმა სარეკომენდაციო წერილით მიმართა იუსტიციის საბჭოს, სადაც ის ამ საქმის განმხილველი სამი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრას ითხოვდა. გიორგი ტუღუშის მოთხოვნას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

სულ რამდენიმე დღის წინ კი, პატიმარ ირაკლი კერესელიძის საქმესთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ მეორე წერილი გამოგზავნა, რომლითაც იუწყებოდა, რომ ამ "განსაკუთრებულ საქმეს" 2012 წელს წელს განიხილავენ _ სტრასბურგში კიდევ ერთი ქართული საქმე დაიდება სამსჯავროზე.

მასალებისა და იმ დარღვევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ქართულმა მართლმსაჯულებამ ჩაიდინა, საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას უნდა ველოდეთ.

2010 წელს, სასამართლოს შენობაში, ირაკლი კერესელიძეს სტრასბურგიდან საქმის გამოტანას აიძულებდნენ, რის სანაცვლოდაც სასჯელის გადავადებას პირდებოდნენ. სასამართლოს შენობაში, პატიმრების მოსაცდელ ადგილას, მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ჩაუტანეს, რომელსაც მხოლოდ კერესელიძის ხელმოწერა სჭირდებოდა. უარის მიღების შემდეგ, კერესელიძე ციხეში დააბრუნეს.

ირაკლი კერესელიძის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც სრულდება სიტყვებით _ "ექსკლუზიურად უკანონო პატიმრისგან", ვკითხულობთ: "2010 წლის 30 სექტემბერს, მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტისთვის, რომლითაც მე სტრასბურგიდან ჩემს განაცხადს გამოვიტანდი და იმას დავადასტურებდი, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობდი, რომლის შემდეგაც მე გადამივადებდნენ სასჯელს და შევძლებდი ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრის _ 73 წლის, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე დედის მონახულებას..."

"ექსკლუზიურად უკანონო" საქმის მასალები სტრასბურგისთვის

საქმეს, რომელშიც საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლო დღემდე ვერ გარკვეულა, ამ წელს ევროსასამართლო განიხილავს. შევეცდებით, თანმიმდევრულად მივყვეთ იმ ფაქტებს, რომლებზედაც უახლოეს მომავალში კვალიფიციური მოსამართლეები იმსჯელებენ.

1995 წლის 22 აგვისტოს, გარდაბნის პოლიციამ, ლოჭინის ხეობაში ორი ადამიანის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს, რამდენიმე დღის შემდეგ, წმინდა ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიაგნეს.

პოლიციამ დააკავა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე, 20 წლის ირაკლი კერესელიძე. გამოძიებამ განაცხადა, რომ კერესელიძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ჩვენებები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

დაკითხვების პერიოდში, კერესელიძის ბინაში ორჯერ ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციამ იატაკიც აყარა, მაგრამ ბინაში არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, ორჯერ პირწმინდად გაჩხრეკილ ბინაში, გამოძიებამ კიდევ ერთი ჩხრეკა დანიშნა და ამოიღო სისხლიანი ხერხი, რითაც, გამოძიების ვერსიით, კერესელიძემ გვამები დაანაწევრა.

უზენაესმა სასამართლომ, ირაკლი კერესელიძეს, მსჯავრი დასდო ორი ბიზნესმენის მკვლელობაში, რომლებიც, განაჩენის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოვების გზით, საკუთარი წარმოების სახელმწიფო სესხით დაკრედიტებას ცდილობდნენ. კერესელიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯეს.

კერესელიძესთან ერთად, დანაშაულის დაფარვისთვის, გაასამართლეს მისი დედა, ელენე ჩიკვაიძე. მას, დანაშაულის დაფარვისთვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პატიმრობის პირველ წლებში, დედა-შვილი, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვერ ახერხებდა. მიდიოდა თუ არა მათი წერილები ადრესატამდე, დღემდე არ იციან. უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციით მიღებული სასიკვდილო განაჩენი ისე შევიდა ძალაში, რომ არ გასაჩივრებულა.

2001 წელს, ირაკლი კერესელიძემ, სკანდალური განცხადებებით სცადა ყურადღების მიქცევა _ ის მკვლელობას სპეცსამსახურებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და მისტიკურ რიტუალებს უკავშირებდა. ამას, საზოგადოების მწვავე რეაქცია და სასამართლო პროცესები მოჰყვა. შედეგად, კერესელიძეს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს _ გაქცევის მცდელობა.

კერესელიძემ დანაშაულები არ აღიარა. მან, სიკვდილმისჯილთა საკანში, ერთი წელი და ხუთი თვე, განაჩენის აღსრულების მოლოდინში გაატარა. მთლიანად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კი 14 წელი დაჰყო.

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროსაბჭოში გაწევრიანების წინ, სასიკვდილო განაჩენების აღსრულებაზე, ჯერ მორატორიუმი გამოაცხადა, შემდეგ კი სასჯელის ეს ზომა საერთოდ გააუქმა.

1997 წელს, დახვრეტამისჯილი პატიმრები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიწყალეს და სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ. კერესელიძე, სიკვდილმისჯილთა საკნიდან გამოიყვანეს და 2015 წლის 24 აგვისტოს, თავისუფლებაც უნდა მიეღო.

მართლმსაჯულების არითმეტიკა _ 2002+13 =2016

2006 წელს, კერესელიძე გაქცევის მცდელობისთვის გაასამართლეს. გაქცევის მცდელობის და მკვლელობის სასჯელების ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საქალაქო სასამართლომ, მას სასჯელად 13 წელი და 6 თვე დაუდგინა. მოსამართლემ განაჩენში ჩაწერა, რომ სასჯელის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად უნდა განსაზღვრულიყო 2016 წლის 29 სექტემბერი.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჯერ გაგრის მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 2006 წელს, პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააწინაურა.

დაწინაურებულმა მოსამართლემ დაუშვა აშკარა არითმეტიკული შეცდომა _ ორიათასორს მიუმატა ცამეტი და მიიღო ორიათას თექვსმეტი. შესაბამისად, განაჩენში 2015-ის ნაცვლად, 2016 წელი ჩაწერა.

თუმცა, მოსამართლემ არითმეტიკული შეცდომა ერთი თვის შემდეგ თვითონვე გამოასწორა და გამოცა დადგენილება განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე. ამჯერად, მან 2002-ს უშეცდომოდ მიუმატა ცამეტნახევარი და სასჯელის დასრულების ვადად, დაადგინა 2015 წლის 29 სექტემბერი.

განაჩენში ბუნდოვანია სასჯელის ათვლის თარიღიც. სასჯელის დაწყების თარიღად, მოსამართლემ 2002 წელი მიუთითა. ამ დროისთვის კი, კერესელიძეს მოსახდელი ჰქონდა არა ცხრა, არამედ 13 წელი. 2002 წლიდან ათვლის შემთხვევაში, ჯამური სასჯელი ჩვიდმეტწელიწადნახევარი იქნებოდა და კერესელიძეს, სასჯელის ვადა 2019 წლის 29 სექტემბერს გაუვიდოდა და არა 2015 წელს.

ადვოკატი მანანა კობახიძე: "იმის მიუხედავად, რომ ამ განაჩენში დაშვებული იყო როგორც არითმეტიკული, ასევე ლოგიკური შეცდომები, განაჩენით ცალსახად იყო განსაზღვრული სასჯელის ზომა, მისი დასაწყისი და დასასრული.რეალურად, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის საუარესოდ, შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის მხრიდან ამ დარღვევების გასაჩივრების შემთხვევაში და რადგან ეს საკითხები პროკურატურას სადავოდ არ გაუხდია, ცვლილების შეტანა ამ განაჩენში, დაუშვებელი იყო.

თუმცა, პრეზიდენტის რჩეული მოსამართლის ალოგიკურ მსჯელობას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 2015 წლის 29 სექტემბერი კი, როგორც კერესელიძის სასჯელის დასრულების თარიღი, კანონიერ ძალაში შევიდა".

სასამართლო დავების ისტორია

ირაკლი კერესელიძემ უზენაეს სასამართლოს მიმართა და პრეზიდენტის შეწყალება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ ბრძანებულების გამოცემის დროს, სისხლის სამართლის კოდექსი ოცწლიან სასჯელს არ ითვალისწინებდა. სიკვდილით დასჯის შემდეგ, მაქსიმალური სასჯელი 15 წელი იყო.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა კერესელიძის საჩივარი, ჩამოაკლო მას მკვლელობისთვის მისჯილი 20 წლიდან 5 წელი და ამ დანაშაულისთვის სასჯელის ზომად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ეს განჩინება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს სამეულმა _ იური ტყეშელაშვილმა, ზაზა მეიშვილმა და დავით სულაქველიძემ. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, მანანა კობახიძის თქმით, ხარვეზიანი და ბუნდოვანი იყო.

მანანა კობახიძე: "სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა არა მხოლოდ მოსახდელი სასჯელის ზომა, არამედ ზუსტად მიეთითებინა სასჯელის მოხდის დასაწყისი და დასასრული, რათა მსჯავრდებულისთვის ცნობილი ყოფილიყო, როდის დაასრულებდა სასჯელის მოხდას. რადგან 2006 წლის საბოლოო განაჩენის მიხედვით, იგი უნდა გათავისუფლებულიყო 2015 წელს და უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთი წლით სასჯელის ვადის შემცირება, პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ განაჩენში, ავტომატურად არ აისახებოდა.

კერესელიძემ უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა. მას სურდა, რომ მკვლელობისთვის მისჯილი სასჯელის 5 წლით შემცირება ასახულიყო იმ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც, სასჯელის ვადა 2015 წლის 29 სექტემბერს ეწურებოდა და სასამართლოს ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა სასჯელის ამოწურვის ვადა".

სასამართლომ გამოსცა განჩინება ბუნდოვანების აღმოფხვრის შესახებ: "პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საჩივარი საფუძვლიანია და უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში, ი. კერესელიძის მიმართ დაშვებულია ბუნდოვანება უზუსტობა. კერძოდ, არ არის დაზუსტებული მსჯავრდებულისთვის საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი და მისი ათვლის თარიღი, რაც უნდა გასწორდეს."

შესაბამისად, სასამართლომ, კერესელიძის ცამეტწელიწადნახევრიან სასჯელს 5 წელი გამოაკლო, საბოლოოდ განუსაზღვრა სასჯელი 8 წლითა და 6 თვით და ათვლის თარიღად 2002 წლის 29 მარტი დაადგინა. რის შედეგადაც, სასჯელის დასრულების ვადამ 2015 წლის 29 სექტემბრიდან, 2010 წლის 29 სექტემბრამდე გადმოინაცვლა.

უზენაესი სასამართლო სააპელაციოს წინააღმდეგ

მკვლელობის ნაწილში, სასჯელის ოდენობაზე საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ, კერესელიძემ სასჯელი გაქცევის მცდელობის ნაწილშიც გაასაჩივრა.

გაქცევის საქმე, თავის დროზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და კერესელიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, საქმე გამოძიებაში დაბრუნდა. 2006 წელს, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დალი მეტრეველმა, საქმე ხელმეორედ განიხილა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კერესელიძეს ოთხწელიწადნახევარი მიუსაჯა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.

გაქცევის მცდელობის საქმე, ძიებაში სწორედ მსჯავრდებულის ანუ კერესელიძის საჩივრის საფუძველზე დაბრუნდა და მოსამართლე მეტრეველის მიერ სასჯელის წელიწადნახევრით დამძიმება აშკარა უკანონობა იყო.

კერესელიძე განაჩენს სწორედ ამ მოტივით ასაჩივრებდა და ეს მოთხოვნა რომ სრულიად კანონიერი იყო, უზენაესი სასამართლოს განჩინებამ დაადასტურა. კერესელიძეს, ოთხწელიწადნახევრიდან წელიწადნახევარი ჩამოაკლეს.

ამ განჩინების შემდეგ, კერესელიძეს არითმეტიკულად, ლოგიკურად და სამართლებრივად, 7-წლიანი საპატიმრო ვადა 2002 წლიდან ათვლის პირობით, 2009 წლის 29 მარტს უნდა გასვლოდა, მაგრამ კერესელიძე ისევ ციხეშია და მისი სასჯელის ათვლისა და გასვლის ვადა, ჯერ კიდევ დაუდგენელია.

მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლო იხილავდა კერესელიძის საჩივარს და სისხლის სამართლის საქმეც ფიზიკურად უზენაეს სასამართლოში ინახებოდა, სააპელაციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით წამოიწყო წარმოება.

მანანა კობახიძე: "სამი მოსამართლე _ მაია თეთრაული, ნაირა გიგიტაშვილი და მაია ივანიძე, 3 აპრილს სხდებიან და მაშინ, როცა, საქმე ფიზიკურად ხელთ არ აქვთ, რადგან ეს საქმე სასამართლოს შენობაშიც კი არ იყო, ოთხი თვის წინათ გამოტანილ განაჩენში შეაქვთ ფორმალურად დაზუსტება, მაგრამ სინამდვილეში, არსებითად ცვლიან განაჩენს. მოსამართლეებმა, კერესელიძის სასჯელის ვადის ათვლის თარიღი 2002 წლიდან გადმოიტანეს 2006 წელში. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურას, მაგრამ უპირველესად, ეს უნდა ხდებოდეს საქმის მასალებზე დაყრდნობით და არ უნდა ცვლიდეს განაჩენის არსს და მით უმეტეს, სასჯელის ზომას".

ამ, ეგრეთ წოდებული, უზუსტობის აღმოფხვრით, მოსამართლეებმა: თეთრაულმა, გიგიტაშვილმა და ივანიძემ, საქმის მასალებისა და საპროცესო კანონმდებლობის გვერდის ავლით, კერესელიძეს სასჯელი ოთხი წლით მოუმატეს. მისი გათავისუფლების თარიღმა, 2009 წლის 29 მარტიდან გადაიწია 2013 წლის 12 აპრილამდე.

მანანა კობახიძე: "იმის გარდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ოთხი წლით სრულიად უკანონოდ დაუმძიმა სასჯელი კერესელიძეს, ამ განჩინებით, განახორციელა კიდევ ერთი უხეში დარღვევა _ მან სამართლებრივად და ფაქტობრივად, შეცვალა უზენაესი სასამართლოს მიერ ერთი წლით ადრე დადგენილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სადაც წერია, რომ განჩინება საბოლოოა, არ საჩივრდება და რომ კერესელიძეს სასჯელის მოხდა 2002 წლიდან უნდა დაწყებოდა".

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მართლაც უკანონო იყო, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ; მაია ოშხარელმა, პაატა სილაგაძემ და ლევან მურუსიძემ, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა განჩინებაში, სადაც აშკარა პრეტენზია გამოხატეს სააპელაციო სასამართლოს მისამართით: "სააპელაციო სასამართლომ, კერესელიძის მიმართ, სასჯელის საბოლოო ვადის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განჩინება _ ირაკლი კერესელიძეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და ექვსი თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან".

უზენაესის ბუნდოვანებანი და უზუსტობანი

მსჯავრდებული ირაკლი კერესელიძე, რომელიც 1995-96 წლებში უნდა დაეხვრიტათ და 2009 წელს უნდა გაეთავისუფლებინათ, რომლის სასჯელის ვადების არასწორი ათვლის გამო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ღია შენიშვნით მიმართეს, ისევ სასჯელის ბუნდოვანების აღმოფხვრის საჩივრებს ამუშავებს, რადგან უზენაესი სასამართლოს შავმანტიიანმა მოსამართლეებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, დააკანონეს კერესელიძის 2009 წლის 29 მარტს გათავისუფლების თარიღი, იმავე განჩინებაში, რომელშიც ეს თარიღი კანონიერად აღიარეს, ჩაწერეს, რომ კერესელიძეს 7 წლიანი სასჯელის ათვლა არა 2002 წელს, არამედ 2006 წლიდან უნდა დაწყებოდა.

ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეებმა, 2009 წლის 7 აპრილს მიიღეს, მაშინ, როცა კერესელიძე, ფაქტობრივად, 8 დღის უკანონო პატიმარი იყო.




 ახალი ამბები
  • სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 უკვე ლოკალიზებულიასვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან,  მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა. მთელი ღამის განმავლობაში ტყეში  ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. დილიდან, გათენებისთანავე, მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული. მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან.  სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო ... ...
  • საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვესპოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში(International Rosé Championship 2020)  ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა. ოქროს მედლები მიიღეს: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“. კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა. ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც ... ...
  • მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლამცხეთაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა.  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ... ...
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...