პატიმრები წამებს ადგილებზე, სახეობებზე და მიზეზებზე საუბრობენ _ "სამინისტრო აღიქმება, როგორც ყველაზე მეტად დამნაშავე“

სამართალი

პატიმრები წამებს ადგილებზე, სახეობებზე და მიზეზებზე საუბრობენ _ "სამინისტრო აღიქმება, როგორც ყველაზე მეტად დამნაშავე“

2015 ოქტ 29 14:47:20

2003-2012 წლებში პატიმართა რაოდენობამ ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში მოულოდნელად 300%- ით იმატა. ასეთი მკვეთრი მატების წყალობით, 2010 წელს საქართველო პატიმართა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში. მოგვიანებით, მთავრობის ცვლილების კვალდაკვალ, სულ რაღაც სამ თვეში, 2012 წლის მიწურულს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ამნისტიით დაახლოებით 24 000 პატიმარი გათავისუფლდა. პატიმრების პროცენტული მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო დღეს 63-ე ადგილზეა მსოფლიოში.

ფონდ “ღია საზოგადოება_ საქართველოს“  გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საპატიმრო დაწესებულებების პოლიტიკის ამ წარმოუდგენელ, 180 გრადუსით შემობრუნებას ბიძგი მისცა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გამოვლენილმა მსჯავრდებულთა მძიმე წამების შემთხვევებმა.

ფონდმა კვლევა გასულ წელს ჩაატარა და ათასობით პატიმარი გამოკითხა.

რესპონდენტების რწმენით, წამება ფართოდ იყო გავრცელებული. გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა (74%) აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ დანამდვილებით იცოდნენ მანამ, სანამ ეს გამჟღავნდებოდა.

რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობის, 64%–ის მონათხრობით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატურად (ყოველდღიურად) იყო გავრცელებული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. რაც შეეხება პოლიციის იზოლატორებსა და სამმართველოებს/განყოფილებებს, ყოველი მეოთხე რესპონდენტი ამბობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატურად (ყოველდღიურად) ხდებოდა.

გამოკითხულთა მხოლოდ 1.5% ამბობს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გავრცელებული არ იყო. პოლიციის იზოლატორების, სამმართველოების/განყოფილებებისა და უშიშროების იზოლატორის (ე.წ. „მოდულის“) შემთხვევაში, რესპონდენტთა 13–14% ამბობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გავრცელებული არ იყო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის იზოლატორებში, სამმართველოებში/განყოფილებებსა და უშიშროების იზოლატორში წამების და არაადამიანური ფაქტების ინტენსივობის შეფასებისას, მაღალია იმ ადამიანთა ხვედრითი წილი (მერყეობს 31-61%-ის ფარგლებში), რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

სხვადასხვა დაწესებულებაში ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრები აცხადებენ, რომ მათ პირადად და ხშირად გადაუტანიათ წამების რომელიმე ფორმა.

გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ; ხოლო რესპონდენტთა 84% აღნიშნავს, რომ მათ ფსიქოლოგიურად აწამებდნენ.

ამჟამინდელი პატიმრების 84% და ყოფილი პატიმრების 66% აცხადებს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ. მათ შორის, ვინც აცხადებდა, რომ ფიზიკურად აწამეს, 39% ამბობს, რომ წამება თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.

ამჟამინდელი პატიმრების 77%-ს მიაჩნია, რომ წამება ყველა ტიპის პატიმრებს შეეხო, ყოფილი პატიმრების 65%-იც ასე ფიქრობს. მეორე და ყველაზე გავრცელებული პასუხია, რომ წამების სამიზნე იყვნენ „კრიმინალური ტრადიციების“ მიმდევრები – კანონიერი ქურდები და მათი მხარდამჭერები. როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი პატიმრების 14%-ი დარწმუნებულია ამაში.

არსებობს სხვა მოსაზრებაც; ყოფილი პატიმრების 9%-ს და ამჟამინდელი პატიმრების 4%-ს მიაჩნია, რომ სამიზნე „ოპოზიციურად განწყობილი“ პატიმრები არიან.

სხვადასხვა დაწესებულებიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, სავარაუდო წამება, როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, გაცილებით უფრო მაღალი სიხშირით ხდებოდა სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში, ვიდრე თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში.

გლდანის და ქუთაისის ციხეები წამების სიხშირის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რესპონდენტთა 55% აცხადებს, რომ იქ იყო მათი წამების ადგილი.
„გლდანი იმდენად გამოირჩევა წამების მასშტაბით, რომ ის ცალკეა შესასწავლი პოლიტიკური, ინსტიტუციური და პროფესიული კულტურის სრული გაუმართაობის თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ გლდანის ციხე სრულიად უნიკალურია ამ მხრივ. ქუთაისში 19%-მა და ორთაჭალაში 14%-მა აღიარა, რომ ფიზიკურად აწამეს.

ეს შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტით აიხსნას, რომ ყველა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს ან გლდანის, ან ქუთაისის ციხეში ათავსებდნენ. გლდანის და ქუთაისის გარდა, ორთაჭალა (რესპონდენტთა 14% ასახელებს მას, როგორც წამების ადგილს), ქსანი (13%) და გეგუთიც (11%) დასახელდა, როგორც ფიზიკური წამების მნიშვნელოვანი ადგილები“ _ აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ წამება სასჯელაღსრულების პოლიტიკის ნაწილი იყო და ზემოდან იყო ნაბრძანები.

ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრები აღიქვამენ ორმხრივი პასუხისმგებლობის სისტემას შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ციხეებში წამების დაკვეთასთან დაკავშირებით. ყველა ეს ორგანო ყველაზე ხშირად სახელდება, როგორც ამაზე პასუხისმგებელი, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტრო (43%) აღიქმება, როგორც ყველაზე მეტად დამნაშავე. გამოკითხულთა შედარებით ნაკლები რაოდენობა მიიჩნევს, რომ კონკრეტული ციხის ადმინისტრაციაა დამნაშავე. როგორც ჩანს, უმეტესობას მიაჩნია, რომ ბრძანებები „ზემოდან“ მოდიოდა.

გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა (70%) სრულიად იზიარებს მოსაზრებას, რომ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მთავრობის სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის მიზანმიმართული ნაწილი და არა ციხის ადმინისტრაციის ან ციხეში მომუშავე ცალკეული პირების ინიციატივა.

ყოფილი პატიმრები  მიიჩნევენ, რომ ციხეებში, ვიდეო გადაღებას იყენებდნენ დამცირების გასამძაფრებლად და ასევე, როგორც პატიმრების მართვის ბერკეტს.

რესპონდენტთა უმრავლესობა – 52 % აცხადებდა, რომ მათ შემთხვევაში ფოტო ან ვიდეო დოკუმენტირება არ წარმოებდა. თუმცა, ამჟამინდელი პატიმრების 11% და ყოფილი პატიმრების 5% დაბეჯითებით აცხადებდა, რომ მათ წამებას ფოტო და ვიდეო ფირებზე აფიქსირებდნენ. ამჟამინდელი პატიმრების 42% და ყოფილი პატიმრების 39% ასევე ამბობდა, რომ მათ „არ იცოდნენ“, რომ მათ წამებას ფოტოაპარატით და ვიდეოაპარატურით იღებდნენ.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომელსაც რესპონდენტთა 63% იზიარებს, იყო ის, რომ გადაღებული მასალის გამოყენება პატიმრის ან მისი ოჯახის წინააღმდეგ ბერკეტის სახით შეეძლოთ. პატიმართა ასეთივე პროცენტული რაოდენობა ფიქრობს, რომ ვიდეო ფირების გამოყენება შეეძლოთ პატიმართა კონტროლისა და დათრგუნვისთვის.

55% აცხადებს, რომ წამების ამსახველი ფირები იყო ერთგვარი მექანიზმი, რათა აღეკვეთათ პატიმრების სურვილი, გაემჟღავნებინათ წამება. ასევე, მრავალ მათგანს, კერძოდ რესპონდენტთა 46%-ს სწამს, რომ ვიდეოს გამოყენება შეეძლოთ თანამშრომლების მაკომპრომეტირებელ მასალად. თითქმის იმდენივე, პატიმრების 43% აცხადებს, რომ თანამშრომლები ვიდეოფირებს სავარაუდოდ ინახავდნენ როგორც საბუთს, რომ ნამდვილად აღასრულეს ციხის ადმინისტრაციის უფროსობის დავალება.

 რესპონდენტთა უმრავლესობა, 67% მიიჩნევს, რომ ვიდეოგადაღება, უბრალოდ, წამებით მიღებული სიამოვნების ნაწილი იყო და სწორედ ამ მიზნით ხორციელდებოდა.
რესპონდენტები, რომლებიც თავად იყვნენ წამების მსხვერპლნი, აცხადებენ, რომ ყველაზე გავრცელებული ფიზიკური შეურაცხყოფის სახეობა იყო მუშტით ან ხელკეტით ცემა განსაკუთრებით მგრძნობიარე არეებში რესპონდენტთა უმრავლესობა, 75% აცხადებდა, რომ მათ მუშტითა და წიხლებით სცემდნენ.

ამას ადასტურებს ამჟამინდელი რესპონდენტების 83%-ი. ყოფილი რესპონდენტების 66%-იც იმავე მეთოდს ასახელებს. რეზინის ან ხის ხელკეტები გამოიყენეს მოქმედ პატიმართა 70% და ყოფილ პატიმართა 56%-ის შემთხვევაში. რესპონდენტების გადმოცემით, შედარებით ნაკლებ, მაგრამ მაინც საგრძნობ რაოდენობას, სცემდნენ საკნის გასაღებებით, რკინის საწოლის რიკულებით და სხვა ლითონის საგნებით – ამას ადასტურებს ამჟამინდელი პატიმრების 50% და ყოფილი პატიმრების 33%.

ცემის სამიზნე ხშირად სხეულის ყველაზე მგრძნობიარე არე იყო. რესპონდენტთა უმრავლესობა, 62% აცხადებდა, რომ მათ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში ურტყამდნენ (მაგალითად, მაჯებზე, ხელის გულებზე, უკვე დაზიანებულ ადგილებში) – ამას აცხადებს ამჟამინდელი პატიმრების 76% და ყოფილი პატიმრების 50%. ყურებზე ან ყურის სიახლოვეს დარტყმას, როგორც ცემის განსაკუთრებულ სახეობას, პატიმართა მთლიანი რაოდენობის 52% ასახელებს.

თვალის დაზიანებას ასახელებს რესპონდენტთა 23%. ციხეში სპეციალური ძალების სამარცხვინო გამოყენების შესახებ აღნიშვნის ღირსია ის, რომ რესპონდენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, 41% აცხადებს, რომ საგანგებო ძალები, როგორც სადამსჯელო რაზმები (ორგანიზებული, რომლებიც მთელ ციხეს ესხმოდნენ თავს) მათ წინააღმდეგ გამოიყენეს. გარდა ფიზიკური ცემისა, რესპონდენტებს სხვა მხრივაც ავიწროვებდნენ.

ამაში იგულისხმება უარი სასმელ წყალზე – 35% აცხადებს აღნიშნულს; აუტანელ სიცივეში ან სიცხეში გამოკეტვას წამების მიზნით – 51% ; იძულებით პოზაში დგომას, როგორიცაა ეგრეთ წოდებული “ფუქსი” ანუ 1 კვადრატულ მეტრიან გალიაში გამოკეტვა – 37% ადასტურებს ამას. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ბევრი პატიმრის აზრით, პირობები, რომელშიც ისინი იხდიდნენ საპატიმრო ვადას, წამების ერთგვარი სახეობა იყო – რესპონდენტთა 68% აცხადებს, რომ ისინი მოათავსეს პატიმრებით გადაჭედილ საკნებში

. ასეთი სივიწროვე დიდი პრობლემა იყო – ამჟამინდელი პატიმრების 70% და ყოფილი პატიმრების 65% ადასტურებს, რომ ისინი ასეთ გადაჭედილ საკნებში მოათავსეს; პატიმართა 62% აცხადებს, რომ ისინი ნესტიან და წყლით გაჟღენთილ საკნებში მოათავსეს; რესპონდენტთა 74% ამბობს, რომ მათ უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო მომსახურებაზე. რესპონდენტთა მცირე რაოდენობა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გაცილებით უფრო მდიდარი ფანტაზიით შექმნილი წამების ფორმებს იყენებდნენ.

მაგალითად, რესპონდენტთა 10% აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული გაგუდვის მეთოდი (თავს წყალში აყოფინებდნენ, თავზე გაზის ნიღაბს ჩამოაცვამდნენ და სხვა); რესპონდენტთა 8% ამბობს, რომ წამების სახით მათ დამწვრობა მიაყენეს (სიგარეტით, გავარვარებული უთოთი და ა.შ.); რესპონდენტთა 11% ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ელექტრო დენით წამებას იყენებდნენ – ამჟამინდელი პატიმრების 15% და ყოფილი პატიმრების 7% აცხადებს ამას.

საინტერესოა, იმ ვიდეოების სექსუალური ძალადობის ფონზე, რომელმაც თავიდან გაჟონა საზოგადოებაში, ჩვენი რესპონდენტების მხოლოდ 2.3% ახსენებს სექსუალურ ძალადობას, აქედან 4% ამჟამინდელი პატიმრები არიან და 0.8% ყოფილი პატიმრები.

პატიმრების უმრავლესობა, 57% აცხადებდა, რომ მათ ემუქრებოდნენ ცემით, გაუპატიურებით ან მოკვლით. მეტიც, რესპონდენტთა 39% ამბობდა, რომ მათ ემუქრებოდნენ მათი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით. მუქარები უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, პატიმრებს საჯაროდ აწამებდნენ. რესპონდენტების დიდი უმრავლესობა – 69% აღნიშნავდა, რომ მათ სხვა პატიმრების წამების ხმებს ასმენინებდნენ; ამას ადასტურებს ამჟამინდელი პატიმრების 71% და ყოფილი პატიმრების 67%.

ამას გარდა, რესპონდენტების 47% აცხადებდა, რომ ისინი სხვა პატიმრების წამებას ესწრებოდნენ; ამჟამინდელი პატიმრების 52% და ყოფილი პატიმრების 43% ადასტურებს ამას. და ბოლოს, მცირე მაჩვენებელი, პატიმრების 4% აცხადებს, რომ მათ აიძულებდნენ, ეყურებინათ/მოესმინათ წამების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები; რესპონდენტების 8% აცხადებს, რომ მათ ემუქრებოდნენ მათზე განხორციელებული წამების სხვებისთვის ჩვენებით.

მკვლევარებმა, იმის შესაფასებლად, მიღწეული იქნა თუ არა წამების სავარაუდო მიზნები, რესპონდენტებს სხვათა შორის ჰკითხეს, იცნობდნენ თუ არა ადამიანებს, ვინც წამების შედეგად ინფორმაციას აგროვებდა სხვა ადამიანებზე, აბრალებდა დანაშაულის ჩადენას, რომელიც არ ჩაუდენიათ, მონაწილეობდნენ თუ არა სხვების წამებაში, ფარავდნენ თუ არა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს ან იძულებით ხომ არ დაითანხმეს საპროცესო შეთანხმებაზე. რესპონდენტები აღიარებდნენ, რომ იცნობდნენ ან სმენოდათ, რომ სხვა პატიმრები სჩადიოდნენ ასეთ რამეებს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფს მსგავს საქციელს.

რესპონდენტებს სჯერათ, რომ პატიმრების საკმაოდ დიდი რაოდენობა (40%-ზე მეტი) აგროვებდა ინფორმაციას და აბრალებდა სხვებს დანაშაულის ჩადენას წამების ზემოქმედების შედეგად. რესპონდენტების დაახლოებით 54% აცხადებდა, რომ ისინი პირადად არ იცნობდნენ არავის, ვინც სხვებზე აგროვებდა ინფორმაციას. 42% აცხადებდა, რომ იცნობდნენ ასეთ ადამიანებს; 4%-ს არ სურდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე. რესპონდენტთა 93% აცხადებდა, რომ მათ სხვა ადამიანებზე ინფორმაცია არ გადაუციათ.

მხოლოდ მცირე პროცენტი, 2.4% (ამჟამინდელი პატიმრების 5% და ყოფილი პატიმრების 0.3%) ადასტურებდა ამას. ზუსტად ასევე, რესპონდენტთა 40% აცხადებდა, რომ იცნობდნენ ვიღაცას, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად სხვას დააბრალა დანაშაულის ჩადენა, რომელიც მას არ ჩაუდენია. რესპონდენტთა უმრავლესობა – 55% აცხადებდა, რომ ისინი არ იცნობდნენ არავის, ვისაც ასეთი რამ ჩაუდენია. მხოლოდ რესპონდენტთა 1.7%-მა თქვა, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მათ თვითონ დააბრალეს სხვებს დანაშაულის ჩადენა, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.

რესპონდენტების 4.6%-მა არ მოისურვა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამავე დროს, 69% აცხადებდა, რომ არ იცნობდნენ არავის, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მონაწილეობდა სხვა პატიმრების წამებში. იმ რესპონდენტთა პროპორციული თანაფარდობა, ვინც აცხადებდა, რომ იცნობდა ვიღაცას, ვინც მონაწილეობდა სხვა პატიმრების წამებაში, იყო 29%. რაც შეეხება მათ თავად, რესპონდენტთა 7%-მა არ მოისურვა პასუხის გაცემა, მონაწილეობდნენ თუ არა თავად წამებაში. ძალიან მცირე რაოდენობამ, ამჟამინდელი პატიმრების 1.5%-მა და ყოფილი პატიმრების 0.35%-მა თქვა, რომ მათ მიუღიათ მონაწილეობა სხვა პატიმრების წამებაში.

რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა აღიარებდა დანაშაულს, თანხმდებოდა საპროცესო შეთანხმებას ან თმობდა ქონებას წამების ზემოქმედების შედეგად შედარებისთვის, ყოველი მესამე რესპონდენტი აცხადებდა, რომ ისინი იცნობდნენ „ბევრ“ (ეს ნიშნავს 6-ს და მეტს) ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია; 23%-მა განაცხადა, რომ იცნობდა „რამდენიმეს“ (2-დან 5- მდე) ადამიანს, ვინც ბრალი აღიარა, თუმცა უდანაშაულო იყო.

რესპონდენტთა უმრავლესობამ – 77%-მა განაცხადა, რომ მათ პირადად არ უღიარებიათ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ მაშინ, როცა რესპონდენტთა 19%-მა აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.  მსგავსად ამისა, დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი (35%) აცხადებდა, რომ იცნობდნენ „ბევრ“ ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გადაიხადა ფული ან დათმო ქონება.

ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბარია ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, შესაბამისა 34% და 36%. რესპონდენტთა 10%-მა კი განაცხადა, რომ მათ თავად ჰქონდათ ჩადენილი ასეთი რამ. რესპონდენტები უფრო მეტი ხაზგასმით საუბრობდნენ საპროცესო შეთანხმებებზე. თითქმის მათი ნახევარი, რესპონდენტთა 48% აცხადებდა, რომ იცნობდა „ბევრ“ ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას.

მეტიც, რესპონდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ ისინი პირადად დათანხმდნენ საპროცესო გარიგებას წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. ეს დაახლოებით ერთნაირი იყო ყველა ჯგუფში: ამჟამინდელი პატიმრების 51%-მა და ყოფილი პატიმრების 44%-მა განაცხადეს, რომ იცნობდნენ „ბევრ“ ადამიანს, ვინც დათანხმდა საპროცესო გარიგებას წამების გამო.

რესპონდენტთა უმრავლესობა – 69% აცხადებდა, რომ არ იცნობდნენ არავის, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დათმო კრიმინალური სამყაროს წევრობა, ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყარო“. თუმცა, ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების 13%-მა აღნიშნეს, რომ იცნობდნენ ბევრ ადამიანს, ვინც ნამდვილად დათმო კრიმინალური სამყაროს წევრობა. მეტიც, ამჟამინდელი პატიმრების 3%-მა განაცხადეს, რომ მათ თავად თქვეს უარი კრიმინალური სამყაროს წევრობაზე.

რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა, 56%-მა განაცხადეს, რომ ისინი არ იცნობდნენ არავის, ვინც ან ვისი ოჯახის წევრებმაც, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დამალეს პირადი პოლიტიკური შეხედულებები. რესპონდენტთა 39% იცნობს რამდენიმე ადამიანს, ვინც ან ვისი ოჯახის წევრებმაც დამალეს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. პირადი საუბრისას, ამჟამინდელი პატიმრების 7%-მა და ყოფილი პატიმრების 8%-მა განაცხადეს, რომ მათ, ან მათი ოჯახის წევრებმა დამალეს პოლიტიკური შეხედულებები წამების შედეგად. შედარებისთვის, როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი პატიმრების 38% განაცხადა, რომ ისინი არ იცნობდნენ არავის, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაიწყო თანამშრომლობა ციხის ადმინისტრაციასთან.

ასეთივე რაოდენობამ, ამჟამინდელი პატიმრების 35% და ყოფილი პატიმრების 32% განაცხადეს, რომ იცნობდნენ ბევრ ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა. ამჟამინდელი პატიმრების 4%-მა თქვა, რომ მათ თავად დაიწყეს ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა წამების და არაადამიანური მოპყრობის ზემოქმედების შედეგად.

პატიმრების დიდი უმეტესობა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთამ სერიოზულად დაუზიანა ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობა რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა – 84% აცხადებს, რომ პატიმრობამ გაუჩინა პრობლემები (სოციალური, ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური და სხვ.), რაც მანამდე არ ჰქონიათ. ყოველი მესამე რესპონდენტი აცხადებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდათ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება; 72%-მა განაცხადა, რომ პატიმრობის შედეგად განუვითარდათ დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

რესპონდენტთა 48%-მა განაცხადა, რომ შრომისუნარიანობა დაუქვეითდათ ან სრულიად დაკარგეს; 32%-მა განაცხადა, რომ მათ უჭირთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (მათ შორის, ოჯახის წევრებთან); შესაძლოა, ამის შედეგად, რესპონდენტთა 14% განაცხადა, რომ მათ დაენგრათ ოჯახები. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, რესპონდენტთა 38% ამტკიცებს, რომ პატიმრობის შედეგად მათ ქონება დაკარგეს. ხოლო უფრო ფართო სახის საკითხებს, როგორ იმოქმედა წამებამ უშუალოდ მათზე და მათი აზრით, როგორ იმოქმედა წამებამ სხვა პატიმრებზე, რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა, 49%-მა განაცხადა, რომ ისინი იცნობენ „ბევრ” სხვა პატიმარს, ვისაც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა.

პირად საუბარში 31% ამტკიცებს, რომ მათ თავადაც გაუჩნდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. მეტიც, რესპონდენტთა უმრავლესობა – 59% აცხადებს, რომ ისინი იცნობენ „ბევრ” ადამიანს, ვინც წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო: ამას აცხადებდა ამჟამინდელი პატიმრების 71% და ყოფილი პატიმრების 47%. ამას გარდა, რესპონდენტთა 48% ამბობს, რომ ისინი პირადად დაზიანდნენ ფიზიკურად წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად.

რესპონდენტთა მესამედზე მეტი, 35% აცხადებს, რომ ისინი არ იცნობენ არავის, ვინც წამების ან არაადამიანური მოპყრობის შედეგად თავი მოიკლა/ან ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. თუმცა, რესპონდენტთა 10% ამბობს, რომ მათ თავად სცადეს თვითმკვლელობის ჩადენა წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო.

რაც შეეხება დაავადებათა კონკრეტულ სახეობებს, ყველაზე გავრცელებული სახეობა, რაც საპატიმროში გატარებული პერიოდის განმავლობაში განუვითარდათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია (დეპრესია და ნევროზი); საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების გარდა, ხშირად ასახელებდნენ კუჭის წყლულს, C ჰეპატიტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...