ერთი ბრძანების გამო მიმდინარე სასამართლო დავები
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010-2014 წლის მოწვევის დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების სარჩელი დააკმაყოფილა. საქმე ისაა, რომ მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ გასული წლის ნოემბერში არ ცნო წინამორბედი საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიგინეიშვილის 2014 წლის 20 მაისის ბრძანება, რაც მუნიციპალიტეტის მაშინდელი საკრებულოს თანამშრომლებისთვის ერთი თვის ხელფასის ოდენობის დანამატის გაცემას ითვალისწინებდა.
სხვათაშორის, აღნიშნული ბრძანებულება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა, ორივე ინსტანციის სასამართლომ ის ძალაში დატოვა, მაგრამ ბრძანების აღსრულება მაინც არ მომხდარა. წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა მაშინ ადვოკატის მეშვეობით წერილობით მიმართეს კიდეც გამგეობას და ითხოვეს ოფიციალური პასუხი, აპირებდა თუ არა იგი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებულების აღსრულებას. თუმცა, გამგეობის მხრიდან პასუხი არ გაცემულა. სწორედ ამის შემდეგ ყოფილმა დეპუტატებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს, სადაც ამირან გიგინეიშვილის ბრძანების აღსრულებას ითხოვდნენ.
როცა პირველმა სასამართლო ინსტანციამ აღნიშნული საქმე განიხილა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო, მოულოდნელად საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ დავის საგანი, ანუ წინამორბედის ბრძანებულება არარად ცნო. ჩვენი ინფორმაციით, მას აღნიშნული ბრძანების გაუქმება არ სურდა, მაგრამ რამდენიმე დეპუტატის და გამგებლის ზეწოლის შემდეგ ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ოფიციალურად არც გამგეობაში და არც საკრებულოში არ ადასტურებენ.
თუმცა, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ხელაძის ბრძანება საქმის გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, რომელიც ლანჩხუთის გამგეობამ, თავის მხრივ, სააპელაციოში გაასაჩივრა.
სანამ სააპელაციოში ეს საქმე განიხილებოდა, მანამ წინა მოწვევის საკრებულოს კიდევ ერთი საჩივრის შეტანა მოუწია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც ისინი ხელაძის ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკმაყოფილა სარჩელი გუშინ მოსამართლე ბიძინა სტურუამ მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
ცნობისთვის, ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე სარჩელია, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულომ წააგო ამ საქმესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აპირებს თუ არა აღნიშნული დავის კიდევ გაგრძელებას მუნიციპალიტეტი?!
ჩვენ კომენტარისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს, გოგი ხელაძეს დავუკავშირდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის საქმის კურსში საერთოდ არ იყო.
„თქვენგან მესმის პირველად რა გადაწყვეტილება გამოიტანა საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ. ამიტომ, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და მივმართავთ თუ არა სასამართლოს ზედა ინსტანციას“, _ გვითხრა ხელაძემ.
„გურია ნიუსთან საუბარში“ კი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ნათელი დასტურია იმისა, რომ ზოგადად თვითმმართველობებში და კონკრეტულად ლანჩხუთში ცუდად იცნობენ როგორც კანონმდებლობას, ასევე ადგილობრივ პოლიტიკას, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა ადამიანური რესურსების მართვა.
„თანამშრომელმა რომ უკეთ წარმართოს საქმიანობა, ის უნდა წაახალისო, მოტივაცია შეუქმნა. თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვა, ბონუსების სისტემა უნდა დააწესო წარმატებული საქმიანობისთვის. ახლანდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ რევიზია გაუკეთა ჩემს დაწესებულ სისტემას და საკუთარი ბრძანებით გააუქმა ჩემი ადრე გამოცემული ბრძანება პრემიალური ანაზღაურების შესახებ. ეს იყო აშკარა პოლიტიკური გადაწყვეტილება. რატომ? იმიტომ, რომ მიმდინარე წელს ლანჩხუთელ საჯარო მოხელეებზე ჯამში 140 000 ლარზე მეტი პრემია გაიცა. მაშინ ჩვენ გვინდოდა 42 თანამშრომელზე 35000 ლარის გაცემა. ის არ შეიძლებოდა თურმე და ეს შეიძლება.
წარმოიდგინეთ, შემდგომმა საკრებულოს თავმჯდომარემ ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარის გამოცემული ბრძანება რომ არ მოიწონოს და გააუქმოს მისი ბრძანება, ასე მოუნდეს და იმიტომ! მოუწევთ ადამიანებს თანხის დაბრუნება ხომ? გარდა ამისა, ჩემი ბრძანება ეყრდნობოდა მაშინდელ ბიუჯეტში ასახული თანხების სწორად განკარგვას. ანუ საკრებულოს, როგორც კოლეგიალური ორგანოს დადგენილებას. კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილებების უკანონო რევიზია კი ძალიან, ძალიან საშიში ტენდენციაა და საერთოდ ანგრევს დემოკრატიის პრინციპებს. ადრე ვამბობდი, რომ გოგის ცუდი მრჩევლები ჰყავს. სამწუხაროდ, იგივეს გამეორება მიწევს ახლაც. სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, რომ 4 სასამართლო მოვუგეთ ლანჩხუთის ახლანდელ ხელისუფლებას ზედიზედ. არ ეყოფათ თავის შერცხვენა და კიდევ გააგრძელებენ დავას? კი, ბატონო, აგერ ვართ და გვეჭიდაონ რამდენიც უნდათ, ოღონდ არცერთი კვალიფიციური მწვრთნელი მათ არ გაწვრთნის, რადგან წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობენ“, _ აღნიშნავს გიგინეიშვილი.