“შეიძლება, იმ მომენტში, ვიღაცამ გამოიყენა ჩემი ქმრის და მისი შელაპარაკება და ესროლა“

სამართალი

“შეიძლება, იმ მომენტში, ვიღაცამ გამოიყენა ჩემი ქმრის და მისი შელაპარაკება და ესროლა“

29 ნოე. 2012, 15:00:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილებისა და ძველი თბილისის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავებული იქნა ქ. თბილისში მცხოვრები, 1955 წ. დ. ნიკოლოზ მარსელის ძე ხუბაშვილი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.".

თუმცა, "გურია ნიუსთან" ინტერვიუში მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ხუბაშვილის მეუღლე, მანანა ხელაშვილი ამბობს, რომ ხუბაშვილი პოლიციაში თავად გამოცხადდა. ეს დაადასტურა ბრალდების მხარემაც 28 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

ბრალმდებლის განმარტებით, ხუბაშვილს ბრალის აღიარების დროს თან ჰქონდა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, მოხდა მკვლელობა.

"გურია ნიუსმა" მკვლელობაში ბრალდებულის ნიკოლოზ ხუბაშვილის მეუღლესთან მანანა ხელაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. ინტერვიუს ჩაწერამდე, ხელაშვილმა პირობა ჩამოგვართვა, რომ ჩანაწერს სრულად და სტილის დაცვით გამოვაქვეყნებდით. "გურია ნიუსი" პირობას ასრულებს და ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

_ ქალბატონო მანანა, თქვენ მედია საშუალებებით განაცხადეთ, რომ თქვენსა და სოსო ჩიქობავას შორის იყო საყოფაცხოვრებო დავა...

_ არ გააშუქეს ის, რაც ვთქვი. ბოლომდე არ გააშუქეს, თორემ, მონაკვეთი კი.

_როდის დაიწყო თქვენს შორის კონფლიქტი და რის გამო?

_ ჩვენს შორის კონფლიქტი 2008 წლიდან დაიწყო. ეხებოდა ბინას. 9 ძმის ქუჩაზე მაქვს ორი ბინა. ორი კი არა, სამი ბინა მაქვს. ერთ-ერთი 2-სართულიანი ბინა იყო, სადაც ისინი ქირით ცხოვრობდნენ. 2002 წელს შემოვუშვი ისინი ბინაში. მანამდე, 2002 წელს, ჩემთან უბანში 4000-ად დაკარგეს ბინა, სადაც ცხოვრობდა სოსო ჩიქობავა, ნინო შონია, ნაზი შონიაც და მთელი მისი ოჯახი. _ ნაზი შონია ვინ არის?

_ ნინო შონიას (გარდაცვლილი ჩიქობავას მეუღლე. რედ.) დედა, რომელიც ახლა თითქოს უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, იმ ეკლესიაში იმალება, სადაც ახლა მოხდა მკვლელობა.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი რომელიც იმალება ეკლესიაში... (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)

_ რას ნიშნავს, ვფიქრობ?! ეგრეა, ჩემო კარგო. ვერ ვამტკიცებ! ეგრეა, დაზუსტებულად გეუბნებით. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ღმერთის მწამს, 2 შვილი მყავს, იმათ თავს გეფიცებით. ეს არის ნამდვილი ფაქტები, რომ ნინო შონია არის თაღლითი. დედას და შვილს მთელი უბანი ჰყავთ გადაგდებული. მათ მე გავეჭედე ყელში.

_ ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ნინო შონიას დედა, რომლის შესახებაც, როგორც თქვენ ამბობთ, არავინ არაფერი იცის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარშია?

_ ტაძარში იმალება სხვა სახელით და გვარით.

_ თქვენ ნახეთ იგი ტაძარში?

_ მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ, ხალხმა ნახა. იმიტომ, რომ მკვლელობა როცა მოხდა, ეტყობა რომ მანდ თვითმხილველები ხომ იყვნენ, უცბად, ჯერ არც იცოდნენ ვინ მოკლა, მილიცია უკვე სახლში დამადგა. მეც არ ვიცოდი მკვლელობა რომ მოხდა და მილიცია უკვე სახლში იყო. ჯერ მკვდარი მანდ ეგდო. ბალისტიკა არ ჰქონდათ გაკეთებული. საიდან გაიგეს, საიდან გაიგო მილიციამ?!

2002 წელს მე დავკარგე ნივთები. მაღაზია მქონდა და მანქანიდან ამომაცალეს ჩანთა. შემექმნა პრობლემა, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ჩემთან ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, 2 000-ის მაგივრად, მომთხოვა 8 000. მედავებოდა 8 000-სს და ბინას, რომელიც იპოთეკით უნდოდა დაეტვირთა. შევარდნაძის დროს მე და ჩემი მეუღლე სამი დღე უკანონოდ ვიყავით დაპატიმრებული. ამ დროს, ჩემთან ქირით ესენი ცხოვრობდნენ - ნინო შონია და სოსო ჩიქობავა, 9 ძმის ქ #85-ში.

მე რომ დაპატიმრებული ვიყავი, ამათმა გეგმა შეადგინეს. 3 დღის უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამომიშვეს თუ არა, საღამოს გადმოდის ნინო შონია და მეუბნება: დახმარება მინდა შემოგთავაზოო. გავაფორმოთ ხელშეკრულება, თითქოს, 1997 წლიდან მე ვცხოვრობ ამ ბინაში და ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გაძლევ თანხას. რადგან ის ქალი 8 ათასს გედავება, გავზარდოთ თანხა 2-ჯერ მეტად 15 ათასზე. სარწმუნო რომ იყოს თანხაო. იმ შემთხვევაში, თუ ის ქალი თქვენ ვალს დაგიმტკიცებთ და ბინა აუქციონზე იქნება გასატანი, ჩვენმა თანხამ სძლიოს, რომ ჩვენ წამოვიღოთ ბინა, თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ჩვენც ქუჩაში არ დავრჩებითო.

ნინო შონიამ ჩამომიწერა სხვადასხვა თარიღით სამი ხელწერილია, მაგრამ შედგენილია ერთ დღეს; ვითომ, 1997 წელს, 2000 წელს და 2002 წელს ის ეტაპობრივად მაძლევდა ფულს. მან დაწერა და მე გადმომაწერინა. რაზე ვამახვილებ ყურადღებას - ეს ქალი იყო თაღლითი. ხომ შეიძლებოდა, რომ მისი ხელით ყოფილიყო დაწერილი?! არა! მე გადმომაწერინა.

ქალი, რომელიც 3 დღე ვიყავი პატიმარი, ვშიმშილობდი, ჭკუაზე არ ვიყავი რა გამაკეთებინა, ამით ისარგებლა, დამაწერინა. ისიც არ იკმარეს - იმ ღამეს წამიყვანა სოსო ჩიქობავას თანამშრომლის დასთან, ნოტარიუს რუსუდან ფიფიასთან. ღამის 12 საათზე, დამაწერინეს აქტი. თვითონ შეიმუშავეს ის ნოტარიული... და მომაწერინეს ხელი. რასაკვირველია ის ქაღალდები დავწერე, ვიცოდი, რომ მეხმარებოდა და რაზეა ლაპარაკი, არც კი წამიკითხავს.

3 დღე პატიმარი, კაცი ვერ ძლებს, მე ქალი ვიყავი, რა ჭკუაზე ვიქნებოდი?! 2 მოწმე მომიყვანა მისი სიდედრის, ნაზი შონიას დაქალები, მასწავლებლები მზია ტეტუნაშვილი და დარიკო ხარაული, რომლებიც ფაქტს დაესწრნენ, რომ მე ხელს ვაწერდი. არც ფულის გადმოცემა და არც გადაცემა არავის უნახავს. რაც არ ყოფილა, რა უნდა ენახათ? ღამის 12 საათზე შეიძლება ბინა იყიდო და გაყიდო?!

2004 წელს შეწყდა ჩემს წინააღმდეგ იმ ქალის მიერ დავა, სარჩელი გაიტანა, ვერაფერი ვერ დამიმტკიცა. ეს ბინა დარჩა ამათ. მადლიერების ნიშნად მე ფულსაც არ ვახდევინებდი. იცხოვრეს 2008 წლამდე.

შვილმა მოიყვანა ცოლი. სახლში ვართ ვიწროდ, სადაც ვცხოვრობთ დედაჩემის ბინა იყო და ვცხოვრობ მე, ორი პატარა ოთახია. მოვთხოვე, ბინა დამიცალეთ, შვილმა ცოლი უნდა მოიყვანოს-მეთქი. სოსო ჩიქობავამ და ნინო შონიამ ამიფრიალეს ეს ქაღალდი, რომ ბინა ჩვენ ნაყიდი გვაქვსო, სადაც გინდა იქ წადიო. მილიცია ჩვენია, პოლიცია ჩვენია, ჩემი ძმა ორგანოში მუშაობსო; მე, იცი, ვისი ძმა ვარო?! მის ძმას არ მახსოვს რა ჰქვია, მაგრამ ისიც ხომ ჩიქობავაა. აბა, წადიო, შენ როგორ უნდა გამომიყვანო ამ საქმიდანო. იმის შემდეგ, ერთი წელიწადი - 2009 წელს უკანონოდ კიდევ იცხოვრა. ვინ არ მოგვიგზავნა, დაჭერით გვაშინებდნენ. მე მაშინებდნენ დაჭერით, მიჩივლა კიდეც მილიციაში და ეჭვმიტანილად ვარ დაკითხული. საქმე ტომებია, ადამიანო. ეჭვმიტანილად დამკითხეს, ვერ დამიმტკიცა ვერაფერი. პირიქით, მილიციამ დაამტკიცა, რომ 1997 წელი, როცა, ვითომდა პირველი ფული გადმომცა, დრო არ არსებობს, იმიტომ, რომ ამონაწერი ”სოჩიკიდან”, მეზობლების ჩვენებიდან, რომ ეს ადამიანი 2000 წელს გადმოვიდა იმ მისამართიდან ამ მისამართზე, რაზეა ლაპარაკი. 97 წელს ამ ხალხს არ უცხოვრია ჩემს ბინაში. ეს არც სასამართლომ გაიზიარა და არც არაფერი. ეს ნოტარიული ქაღალდი კედელივით არის. ბინა ვერ წამართვა.

4 წელია ვდაობ. ერთი სასამართლო ხომ იმას ვქენით, მერე თავიდან დავიწყეთ დავა. პირველმა ინსტანციამ უთხრა, არა, უნდა გამოვასახლოთო და ბინაზე უკვე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ახლა იმ 15 000, რომელიც არ ამიღია. იმის გამო, რომ ამ ადამიანს ბანკებში რაღაც ვალები ჰქონია, გაუნახევრეს, ბოლომდე ბაჟიც კი არ გადაუხდია. მე კიდევ ყველა ბაჟი... ადამიანი, რომელიც მე თაღლითად მაცხადებს, ბაჟებს ვიხდი და თვითონ კიდევ... 1000 ლარი და დათვალეთ რამდენი ბაჟი მაქვს... თუ 15 000 ვალი მქონდა, გადავუხდიდი, ამდენს რატომ ვიდავებდი?! სასამართლოზეც არ მოდის...

ჩიქობავა ერთადერთხელ შემხვდა და ვუთხარი: კაცი არ ხარ, მითხარი, რაც მოგიცია, რატომ არ მაძლევ?! მითხრას და მივცემ. ადვოკატი ლაპარაკობს მის მაგივრად. სოსო ჩიქობავა შეიწირა მისმა მეუღლემ. მაგას თაღლითობის აკადემია აქვს დამთავრებული. უკვე აღარ შემიძლია, ნახეთ რა ფაქტი მოხდა.

_ თქვენი მეუღლე პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს, რომ იარაღი ჰქონდა ვერცხლის ქუჩაზე... (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ.).

_ რას საუბრობს?! კი. გაფორმებული ჰქონია, მე ისიც არ ვიცოდი. ვერცხლის ქუჩაზე გვაქვს სახლი, იქ ჰქონია დადებული. ბავშვები გვყავს და რაღაცა...

_ თქვენს მეუღლეს იარაღი ოფიციალურად გაფორმებული ჰქონდა?

_ ოფიციალურად გაფორმებული ტაბელური იარაღი. აგერ, დღეს, ჰილზები... ანუ მოჰქონდა იმაზე... ეკლესიაში... 9 ძმის ქუჩა თუ იცით სად მდებარეობს, ფეხით მარჯანიშვილით მისულა, შემოსულა მანდ ეკლესიაში სანთლის დასანთებად და უნახია მანდ სოსო ჩიქობავა.

_ თქვენ საიდან იცით ეს ვერსია?

_ სოსო ჩიქობავა, რაც მე ახლა... მე არ მინახია, მაგრამ, უკვე ვარაუდით მოუნახია, დაუძახია. სასამართლო გვაქვს 11 დეკემბერს, გადაიდო. აპელაციაში გავასაჩივრე. მოიგო პირველი ინსტანცია, დამაკისრეს 15 000 გადახდა.

_ ვინ მოიგო სასამართლო დავა?

_ სოსო ჩიქობავამ. ბინაზე ვერაფერი ვერ წაიღო, მაგრამ 15 000-ს მედავება თავისი დივიდენდებით. სასამართლომ ნახევარი დაუკმაყოფილა, ნახევარი - არა. სასამართლო 15 000-სს მაკისრებს, რომელიც არ ამიღია; ვეუბნები მოსამართლეებს, კედელივით ამ ფურცელს უყურებენ და მეტი არაფერი. მტკიცებულებები დავუდეთ. ამდენი ტომი მტკიცებულებები არ არის?! თუ მარტო ერთი ფარატინა ქაღალდი, მაგას რომ უჭირავს ეს არის მაგის დასაკმაყოფილებელი?! მე, ამდენი ქაღალდი, ამდენი მოწმე ამტკიცებს, რომ არანაირად არავის არ გაუგია, რომ მე ბინა გამიყიდია ან ეს ცხოვრობდა, ეს არ არის სარწმუნო?! მთელი უბანი გადაგდებული ჰყავს. ყველას ჰპირდებოდა, რომ... თავისი ქმრით აშინებდა. ამ ოჯახზე ძველი თბილისის მილიციაში დევს 15 კაცის საჩივარი, რომ თაღლითები არიან, რომ ბანკებიდან ხალხს ფულები გამოატანინეს. სწორედ ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც ნოტარიუსზე ხელს აწერს, მისი წყალობით ბინა დაკარგა.

_ თქვენ ამბობთ "იმ ოჯახზე"... კონკრეტულად სოსო ჩიქობავას ოჯახს გულისხმობთ?

_ მეუღლეზე. სოსო ჩიქობავას იყენებდა, როგორც კონტროლის პალატის თანამშრომელს. ეს ყველაფერი ჭრიდა, მე ვიყავი უბრალო ადამიანი, ეს კონტროლის პალატა ყოველთვის ბარიერი იყო ჩემთვის. სასამართლოც მაგას უკმაყოფილებდა.

ჩემს მეუღლეს, როგორც ტელევიზიით გავიგე, თვითმხილველებიც არიან იქ, უნახავს და ულაპარაკია _ 15 000, ცოდო არა ვარო?! წადი შენი, იმას უთქვია. კიდევ დაუწყია... თურმე, დიდი წარმოდგენა ჰქონია, ახლა გავიგე, თანამდებობაზე; კომპრომატებს აგროვებდა იმ მთავრობაზე, რომ ახლა ამ მთავრობას მოერგოს. შევარდნაძის დროიდან ხომ ერგება ყველა მთავრობას, ახლა ამ მთავრობაზე უნდოდა გადასვლა. უთქვია აგდებულად, ესეც კაცია, ამდენი წელი გვამწარებს და მოხდა, რაც მოხდა. იმას კი არ ვამართლებ, რაც გააკეთა, მაგრამ... მე როგორ დღეში ვარ ახლა... უბრალოდ, ეს რაღა ამის ხელიდან უნდა ყოფილიყო, ნინო შონიას იმდენი ხალხი ჰყავს გამწარებული?! ეს ყველაფერი შეიწირა ნინო შონიამ. ეს კაცი არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ, იყენებდა ამ ადამიანს. თავის ქმარს იყენებდა თავისი ბინძური საქმეებით დედასთან ერთად, მაგრამ დედა უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს.

_ ერთ-ერთი მოწმე აღწერს, რომ ადამიანი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, არის მსუქანი ადამიანი (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ.)...

_ შეეშალა, ეტყობა.

_ თქვენი მეუღლე კი გამხდარი ადამიანია. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენმა მეუღლემ ჩაიდინა მკვლელობა?

_ მეც გამიკვირდა, მაგრამ რუსულენოვანია ის ადამიანი. რა ვიცი, დღეს დაამტკიცებენ ნასროლი "ჰილზებით". გენაცვალე, მკვლელობა გაფორმებული იარაღით ეგრე არ ხდება. თუ ჩემი მეუღლის მოკლულია, გამოჩნდება. მეც რამდენჯერმე ვუყურე ამ ადამიანის კომენტარს, ვნახავ... ნეტა ჩემი ქმრის მოკლული არ იყოს. შეიძლება იმ მომენტში ვიღაცამ გამოიყენა ჩემი ქმრის და იმის შელაპარაკება და ესროლა. იმ კაცს რომ მოვუსმინე, გამიკვირდა.

_ თქვენი მეუღლე საიდან წავიდა ეკლესიაში?

_ ვერცხლის ქუჩიდან. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკურ სარჩულს ნუ აძლევთ ამას. თუკი ჩემი მეუღლის მოკლულია, ნინო შონიას, გპირდებით, სულ სისხლის ფასად რომ დამიჯდეს, მთელი თბილისი ფეხზე რომ დავაყენო, არ ვაპატიებ! არ ვაპატიებ! მოწმეები პროკურატურაში უნდა მივიყვანო; მე სიტყვებს კი არ ვისვრი. ყველა დაადასტურებ რომ... ყველა გაგიჟებულია, რაღა ვაჟას ხელითო (ნიკოლოზ ხუბაშვილს ვაჟას ეძახიან. ავტ). ამათი მისამართი და ადგილსამყოფელი არავინ არ იცოდა. თქვენ იცით თუ არა ეკლესიას შეფარებული აფერისტები. ოჯახი დამიღუპა. გესმით თქვენ თუ არა. მთელი თბილისი მე არანაკლებად მიცნობს. მე, იცით, უბრალოდ, რა არ მინდა, ვიღაცამ დაუკვეთა... თუ ეს მან ჩაიდინა, რა უთხრა იმ მომენტში სოსო ჩიქობავამ, ყოველთვის აგდებულად, ცინიკურად გვექცეოდა. წადი, რაც გინდა ქენიო. ვერ მიმტკიცებ და წავიღებ ამ ფულსო. სად ჩამეწერა, მე დიქტოფონი არ მქონდა მისი ნალაპარაკევი რომ ჩამეწერა.

ნინო შონია მეუბნება, სადაც გინდა წადი, რას დაგვიმტკიცებ ნახავო. გენაცვალე, ახლანდელ დროში ძალა აღმართს ხნავს. თუ კი ჩემი მეუღლის ისა... საერთოდ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი... უბრალო ადამიანმა რა პოლიტიკა, არ მუშაობს და არაფერი. ამ უბნელი ბიჭია, დაბერდა იმაში, რაზეა ლაპარაკი. პოლიტიკურ სარჩულს არ ვაპატიებ ნინო შონიას. რა კომპრომატები აქვს, ეგ მე არ მაინტერესებს. იყენებდა ამ ადამიანს. თქვენ არ იცით ვინ არის ეს ქალი, დედაც დაკარგა და ქმარიც. დედა გამოცხადებულია უგზოუკვალოდ დაკარგულად.

უკვე ნერვები აღარ მყოფნის, ვეღარ ვლაპარაკობ. გუშინ სხვა რამე ვუთხარი ჟურნალისტებს და სხვა რამე აჩვენეს - პატარა მონაკვეთი. ფარად იფარებდა კონტროლის პალატას, დამიღუპა და გამიუბედურა ოჯახი.

_ თქვენი სადაო სახლი დაყადაღებულია?

_ ამ შემთხვევაში, დაყადაღებულია. სასამართლოში მაქვს წარმოება.

_ თქვენ ადრეც ხომ არ გქონდათ დაყადაღებული სახლი?

_ ჩემი სახლი დაყადაღებული იყო როზა ბიბილურის გამო. ვუფორმებდი მაგათ, დაყადაღებული იყო, აუქციონზე უნდოდათ გაეყიდათ მაგათ. რატომ დავწერე აბა ხელშეკრულება?! დაყადაღებული რომ იყო, ამის გამო დავწერე ეს ნოტარიული ქაღალდი.

_ თქვენი მეუღლე და თქვენ პოლიციამ რომ დაგაკავათ, როზა ბიბილურმა გიჩივლათ?

_ დიახ. დიახ.

_ კონკრეტულად რის გამო გიჩივლათ?

_ ოქროს გამო. 2 000-იანი ნივთი ჩამაბარა და ჩემი ოქრო ღირდა 8000-ო. მედავებოდა 8 000 დოლარს. ჩვენ დაგვაყაჩაღეს. მაშინაც პოლიცია... უბრალო ადამიანს, მე რაღა... იმანაც ხალხი ჩარია, ქალაქის პროკურორი მერე გრიგალაშვილი გახდა. ამ რაიონის პროკურორი იყო, გენაცვალე. იმის ნაცნობობით დაგვაკავეს. ზეწოლა იყო, ბინა გადაუფორმეო. სამი დღე ვიჯექი ციხეში და იმ ქალს ბინა არ გადავუფორმე. ციხეშიც კი მივდიოდი.

_ თქვენ ლომბარდი დაგიყაჩაღეს?

_ არა, მაღაზია მქონდა.

_ სად?

_ აქვე. დაიხურა ის "კომისიონი". ძალიან გთხოვთ, თუ დამტკიცდა, რომ ჩემი ქმრის მოკლულია, საქმე არ არის არანაირ პოლიტიკასთან. გამწარებული ხალხის პოზიციაა ეგ. მინდოდა, რომ ქმარი ციხეში მყავს?

_ თქვენი მეუღლე სად აიყვანეს?

_ თვითონ ჩაბარდა. წამოვიდა უკან, თვითონ მივიდა ოპერასთან მილიციაში. ქილერი პოლიტიკურად ისვრის და თავისი ფეხით მიდის?! არავინ არ დაუჭერია პოლიციას. მე აქედან ამიყვანეს დაკითხვაზე, ის კი უკვე ჩაბარებული იყო. მე პლეხანოვზე პოლიციაში მიმიყვანეს.

_ თქვენ ვინ აგიყვანათ?

_ პოლიციამ. ეგონათ, რომ გაიქცევა, შეიძლება... მე არც მეუბნებოდნენ. იქ რომ თქვეს ჩაბარდაო, მაშინ გავიგე. არც იმას მეუბნებოდნენ, რა მოხდა. აზრზე არ ვიყავი. ვეკითხებოდი, დამნაშავე ვარ რამეში? ოპერატიულად, სასწრაფოდ წამიყვანეს, ტელეფონი გამათიშინეს და იქ დამსვეს.

_ ადვოკატის გარეშე დაგკითხეს?

_ არა. ადვოკატის გარეშე ჩვენებას არ ვაძლევდი.

_ შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ როგორ გაიგეთ მკვლელობის შესახებ?

_ ახლავე გეტყვით. 5 საათზე ტელევიზიებს თუ რა დროს არ ვიცი, გამოუცხადებია მკვლელობა მოხდაო. არ ვიცი, მე თვითონ ვაანალიზებდი რა მოხდა. 5 საათზე რომ გამოუცხადებიათ, იმ წუთასვე პოლიცია მივიდა სახლში. ჯერ მე არც ვიცოდი. ეგრევე ოპერატიულად შევარდნილან ეზოში. იქ მანქანა ყოფილა გაჩერებული; მეზობელს უთქვია რა ხდებაო. პოლიციას უთქვია ეს მანქანა ლომბარდში იყოო, სად არის ნიკოლოზ ხუბაშვილიო. მეუღლე სად არისო. მეუღლე თავისუფლებაზე მუშაობსო და მოვიდნენ. მკვდარი იქვე ყოფილა, ჯერ კიდევ იქ ყოფილა - ეს მკვლელობიდან 5 წუთში ხდებოდა.

მე რომ წამომიყვანეს, ადვოკატს დავურეკე - ნაირა, რა ხდება ჩემს თავს, დამნაშავესავით მივყავარ, სად მივდივარ არ ვიცი-მეთქი. თითონვე უთხრეს პლეხანოვზე. გარემონტებული პოლიკლინიკის პირდაპირ შენობაში შემიყვანეს. სანამ ადვოკატი მოვიდა, ჩემი მეუღლე უკვე ჩაბარებული იყო.

_ თქვენი აზრით, საიდან იცოდა პოლიციამ მკვლელობიდან 5 წუთში, რომ ნიკოლოზ ხუბაშვილმა ჩაიდინა მკვლელობა?

_ აი, ეგ არის ჩემთვის... ეგ ფაქტი მე თითონ მომივიდა აზრად! რატომ მაინცდამაინც იმ ეკლესიაში... ესენი კურირებენ. აი, იღუმენია რომ არის თუ არ ვიცი ვინ არის, ის დედაო რომ ჰყავთ, აი, იქ არის პატარა სახლები - ვიცი, მაგ უბნელი ვარ, მანდ ეკლესიაში დავდიოდი. მე არ ვიცი როგორია? იქ არიან მონაზვნები, პატარ-პატარა ოთახებია, მონაზვნები ცხოვრობენ, თუ ვინ ცხოვრობენ... მანდ იქნება უეჭველად მაგის დედა შეფარებული. იმალება, რასაკვირველია, სხვა სახელით, იმეებით ხომ დადიან ეგენი და არ ჩანს. უცბად, ასე ოპერატიულად საიდან, როგორ გაიგეს პეტრე იყო თუ პავლე, ჩემს მეუღლეს რომ მიადგნენ?! ჩემო კარგო, ბალისტიკა დღეს გააკეთეს და როგორ ადგენენ, როგორ გაიგეს ის იყო თუ ვინ და მე სამსახურში როგორ მომადგნენ?

17 საათზე მკვლელობა მოხდა და 17:30 მე პოლიციაში როგორ ვიყავი? იქ ვინ იცნო იმ წუთას, ვინ იცოდა გვარი სახელი? თვითმხილველი იქნებოდა იქ და ეტყოდა პატრულს, პატრული გადასცემდა პოლიციას. ის თვითმხილველი, ვინც იცნო ჩემი მეუღლე, რომელიც ელაპარაკებოდა ჩიქობავას, იქვე იქნებოდა ახლომახლო. ახლო არ მივიდოდა, რა იცოდა იმანაც, რომ ისროდა...

მე კომპიუტერში ვუყურე, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯერ დაელაპარაკაო. იმან ხელი აუქნიაო, მერე წავიდაო, ის უკან გაჰყვაო და გააჩერაო. ეტყობა, ილაპარაკეს, მერე - "ისპორეს"; ეტყობა, იმან რაღაცა უთხრა აგდებულად, როგორც იცის ხოლმე და ის გაჰყვა უკან. ამასობაში, ვიღაცა ხომ უყურებდა, სადაც ის მონაზონი გამოვიდა, იმის სიდედრიც იქ იქნებოდა. რომ ნახავდა, რომ ეს ვაჟა არის, ხომ არ გამოჩნდებოდა? ძებნაშია და მთელი თბილისი, მეც ვეძებ ნაზი შონიას. სულ არ ვიცნობდი, გენაცვალე, სოსო ჩიქობავას, სულ არ ვიცნობდი... მისამართი ვინ იცოდა? მისამართს 9 ძმის ქუჩას ამოაგდებდა, იქ არის ჩაწერილი. აქ ჩვენ დანგრეული გვაქვს ბინა (ვერცხლის ქუჩაზეა საუბარი. ავტ), იქ ჩაეწერა, ის ბინა გადავუფორმე ჩემს ქმარს. ჩემი დედის დანატოვარი ბინა. ერთ-ერთი გადავუფორმე ჩემს მეუღლეს.

_ ანუ ფაქტს უყურებდა ვიღაცა, რომელიც თქვენს მეუღლეს კარგად იცნობდა?

_ ასე გამოდის. მე, ნინო შონიას დედაზე მაქვს ეჭვი, სხვა არავინ. არანაირი კითხვის ნიშანი ამ საქმეში არ არსებობს; მე მესმის, რომ თქვენ გინდათ იმ საბუთებს დააბრალოთ. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ მაინც სხვა რამეს იძახით. თუ კი ჩემი ქმრის მოკლულია, არანაირ პოლიტიკასთან საქმე არ არის. არანაირ პარტიაში არასდროს არ ვყოფილვარ, არც ის მაინტერესებს არც - ისა. იმ მთავრობამ მიშველა და ეხლა ეს მთავრობა მშველის თუ რა?! იმან ნახევრად დამღუპა, ეს სულ მღუპავს.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...