საწარმოო ტრავმის მქონე პირის ბედი და ვინ უნდა დაეხმაროს მას
„გემუდარებით ყველას, ნუ მიმატოვებთ ამ განსაცდელში, დამეხმარეთ ეტლიდან წამოდგომაში“ _ ამ სათაურით „გურია ნიუსმა“ რამდენიმე კვირის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში მცხოვრები რუსლან ჩუტკერაშვილის წერილი გამოაქვეყნა.
რუსლანი უკვე 10 წელია საწარმოო ტრავმის მიღების შედეგად საწოლსაა მიჯაჭვული.
ექიმები მისი ფეხზე წამოდგომის იმედს გამოთქვამენ, თუმცა, ამისთვის თურქეთში ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, რუსლანს კი ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
რუსლანმა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ უარი მიიღო.
„ჯანდაცვის სამინისტრომ, ოპერაციისთვის საჭირო დიდი თანხის გამო, დაფინანსებაზე უარი მითხრა. ჩემი სახსრებით ოპერაციის გასაკეთებლად წასვლა არ შემიძლია. იმედი მაქვს, ხალხის გულკეთილობის, ქველმოქმედების, მაგრამ არ მგონია, რომ ამხელა თანხა ქველმოქმედებით შეგროვდეს“, _ ამბობს რუსლან ჩუტკერაშვილი.
იმის გასარკვევად, თუ რატომ ეთქვა რუსლან ჩუტკერაშვილს ოპერაციის დაფინანსებაზე უარი „გურია ნიუსი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც მათ მიერ მოწოდებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ჩუტკერაშვილმა დაფინანსების მიღებისთვის საჭირო ყველა საბუთი არ წარადგინა.
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-34/ო 6.02.2017წ. ბრძანების და მისი #2 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კომისიის მიერ, საზღვარგარეთ, განსაკუთრებით რესურსტევადი (მოთხოვნილი იყო 32 000,00 აშშ დოლარი) სერვისების დაფინანსების განხილვისთვის ,,...წარმოდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, მკურნალობისთვის საჭირო დანარჩენი თანხის დაფიქსირებით “, რაც პაციენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი“, _ წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩუტკერაშვილისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.
„სამწუხაროდ, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, არ დასტურდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის აუცილებლობა, უფრო მეტიც, ექპერტის მიერ აღნიშნული ინტერვენცია არ არის მიჩნეული მკურნალობის მტკიცებით მეთოდად. დამატებით შევნიშნავთ, რომ მოქალაქე რუსლან ჩუტკერაშვილი 2017 წელს ერთხელ უკვე დაფინანსებულია 1000 ლარით, კომისიის საქმიანობა კი, თანახმად ამავე ბრძანებისა და კომისიის წევრებს შორის არსებული შეთანხმებისა, ორიენტირებულია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც, ,,პაციენტების მკურნალობის გამოსავლისა და სიკვდილობის შემსწავლელი ნაციონალური კონფიდენციალური მოკვლევის ( NCEPOD) შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი ინტერვენციების კლასიფიკაციის შესაბამისად, სამედიცინო ჩარევის გარეშე მოსალოდნელია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვა“ _ პროგრამის მიზანი არ არის მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა ყველა იმ სამედიცინო სერვისის ანაზღაურებით, რომელიც წარმოიშობა მიმდინარე წლის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე რუსლან ჩუტკერაშვილის თხოვნა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა“, _ გვაცნობეს ჯანდაცვის სამინისტროდან.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ, სადაც ჩუტკერაშვილმა ტრავმა მიიღო მხოლოდ ის თანხა აანაზღაურა, რაც მას ტრავმის მიღების შემდეგ საავადმყოფოში დასჭირდა. შემდეგ კი მისი ამბით არავინ დაინტერესებულა.
უფრო მეტიც, 2009 წლის 20 იანვარს სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილით დ. ქიმერიძე დამნაშავედ სცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული განაჩენი ქიმერიძეს, 2007 წლის 6 აგვისტოს შპს „ოლდ თბილის კონსრატქშენისა“ და ინდმეწარმე „დავით ქიმერიძეს“ შორის დადებული ხელშეკრულების გამო გამოუტანეს, რომლის თანახმადაც, ინდმეწარმე დავით ქიმერიძეს დაევალა ქ.თბილისში კოსტავას 65 ნომერში მდებარე ს.ს. „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო“-ს კუთვნილი 4-5 სართულიანი ადმინისტრაციული შენობის ეზოში მდგომი მიშენების დემონტაჟი.
სამუშაოს შესრულების დროს ქვემოთ ჩასვლისას ჩუტკერაშვილი მეხუთე სართულიდან 1 სართულის ბეტონის სახურავზე ჩავარდა.
უნდა უნაზღაურებდეს თუ არა საწარმოო ტრავმის მიღების შემდეგ კომპანია დაზიანებულ პირს მკურნალობის ხარჯებს გამოჯანმრთელებამდე ან მუდმივად _ამ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსს“ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, რუსლან ალექსიძე ესაუბრა.
„ეს ის შემთხვევაა როდესაც სამშენებლო ობიექტზე ხდება უშუალოდ დაზიანება, რომელიც შეიძლება იყოს ბევრი ფაქტორით გამოწვეული. აქ შესაძლებელია დადგეს უშუალოდ სამშენებლო კომპანიის, ასევე დამკვეთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რა შემთხვევა მოხდა და ვინ გამოიწვია ზიანის მიყენება. დამკვეთს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს თუ მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოხდა არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან არასწორად იქნა მშენებლობის ნებართვა მოპოვებული და ამან გამოიწვია უშუალოდ ზიანის დადგომა. უშუალოდ, სამშენებლო კომპანიას პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ კი ნებართვა სწორედ იქნა გაცემული, თუმცა სამუშაოს მიმდინარეობისას არ იყო დაცული უსაფრთხოების აუცილებელი წესები.
როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულება ფორმდება წერილობით. თუ არ არის გრძელვადიანი მშენებლობა, შესაძლოა, წერილობითი ფორმით არ მოხდეს შეთანხმება, თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ დასაქმებული პირი დარჩება ანაზღაურების გარეშე. ზეპირი შეთანხმება გულისხმობს, ასევე პირადი უსაფრთხოების განსაზღვრას და იმ პირობების დაცვას, რასაც შრომის კოდექსი არეგულირებს.
უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესში არ იქნებოდა გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება. ეს არის უკვე სამოქალაქო დავა, რაც გულისხმობს დელექტის არსებობას და გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალებულმა უნდა მიმართოს საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება“, _ ამბობს ალექსიძე.
იმ მიზნით, რომ შპს „ოლდ თბილისი კონსტრაქშენის“ ან ინდმეწარმე „დავით ქიმერიძის“ შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია მოგვეპოვებინა „გურია ნიუსი“ კოსტავას 65 ნომერში მივიდა. თუმცა ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს, შენობაში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, არავინ დახვდა.
მოგვიანებით კი სამუშაოების დამკვეთ კომპანია „კენ კონსტრაქშენის“ დირექტორთან, ლადო წერეთელთან გასაუბრება ტელეფონით შევძელით.
„კოსტავას 65 ნომერში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მაგრამ სამუშაოები დიდი ხანია უკვე დროებით შეჩერებულია. იმ დროს, როცა საწარმოო ტრავმა მიიღო რუსლან ჩუტკერაშვილმა, ჩვენ არ ვიყავით შენობის მეპატრონეები. აღნიშნული შენობა 2015 წლიდან არის ჩვენს საკუთრებაში. კომპანიაც მაშინ ჩამოყალიბდა, 2015 წელს, ხოლო მანამდე შენობა „აზერბაიჯანულ კომპანია ბანკ-საქართველოს“ ეკუთვნოდა, მანამდე კიდევ ვინ იყო მეპატრონე არ ვიცი“, _ ამბობს წერეთელი.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციის მოსაპოვებლად საინფორმაციო ცენტრ 118 09-ასაც დაუკავშირდა, საიდანაც გვაცნობეს, რომ შპს „ოლდ თბილის კონსტრაქშენის“ საკონტაქტო ტელეფონი გათიშულია.
ამის შემდეგ ვცადეთ კომპანიას ელექტრონული ფოსტით დავკავშირებოდით, მაგრამ უშედეგოდ. მათ ჩვენგან გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება არ მიუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ რუსლან ჩუტკერაშვიულის ფიზიოთერაპიის ერთი კურსის ღირებულება 3 725 ლარია. ჩუტკერაშვილის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს და მთლიანად სიკეთის იმედად არიან. რუსლან ჩუტკერაშვილის სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც მისი დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
ანგარიშის ნომრები:
ლიბერთი ბანკი _ ბანკის კოდი: LBRTGE22; ანგარიშის ნომერი: GE43LB0711156006781000;
საქართველოს ბანკი_ ბანკის კოდი BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000269267500;
პირადი ნომერი: 47001012929; მიმღები რუსლან ჩუტკერაშვილი. ტელ: (557) 108439;ასევე, შეგიძლიათ, განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი მაგთის და ბილაინის ოპერატორებიდან ნომერზე: 0901701317. ზარის ღირებულებაა 1 ლარი.