თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს
თელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.
სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.