"ნატახტარის" შვილობილები _ პატარა ვიდეორგოლი დიდი ემოციებით
პროექტის მიზანია ობოლ და მზრუნველობამოკლებულ აღსაზრდელებზე ზრუნვა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელშეწყობა, ასევე მათი მხარდაჭერისათვის საჭირო სერვისების შეთავაზება და სახელმწიფო მომსახურების გასვლის შემდეგ გარკვეული სამუშაო უნარების მიცემა. პროექტს ახორციელებს "ფონდი ნატახტარის" პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო".
განსხვავებით წინა წლისგან, 2013 წლის აპრილიდან პროექტში ჩაერთნენ 15 წლის მოზარდებიც. ბავშვების რაოდენობასთან ერთად, წელს გაფართოვდა ფსიქოლოგების გუნდის შემადგენლობაც, რათა ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურეობა მიეღოთ. ამჟამად, 150 მოზარდს საქართველოს მასშტაბით 10 ფსიქოლოგი ემსახურება.
"წლევანდელი წელი რომ შევაფასოთ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ მართლაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. სურათი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მხოლოდ რაოდენობრივ შედეგებზე შევჩერდებით. სხვადასხვა სასკოლო საგანში მომზადება 34-მა აღსაზრდელმა გაიარა. კოლეჯებში პროფესიული უნარების დაუფლება კი 52-მა მოზარდმა შეძლო. მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების მიმართულების გააქტიურებაც, რომელიც 6-მა აღსაზრდელმა გაიარა, თანაც დასაქმების პერსპექტივით. სპორტულ სექციებში ჩართვა 5 ბავშვს დავუფინანსეთ, ხოლო მართვის მოწმობის აღება - 8 აღსაზრდელს. ხოლო მოზარდები, რომლებიც გავიდნენ მცირე საოჯახო სახლიდან და არ გააჩნიათ თანადგომის ქსელი, პროექტის ფარგლებში იღებენ შემდგომ მომსახურებებს: ბინის ქირას, კვებას, გზის თანხას, მათ ასწავლიან ხელობასაც. 2013 წლის საუნივერსიტეტო გამოცდები წარმატებით გაიარა სამმა მოზარდმა და სტუდენტი გახდა. სახელმწიფო უფინანსებს სწავლის გადასახადს, ხოლო თანხის სხვაობის შემთხვევაში, ფონდი ავსებს სახელმწიფოს მიერ დარჩენილ დაფინანსებას. ამჟამად თანხას ვუმატებთ მხოლოდ 1 სტუდენტს", _ აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" წარმომადგენელი ლელა მერაბიშვილი.
გუშინ, "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ნატახტარის ფონდმა თანხის შეგროვების მესამე ტალღა დაიწყო. ჟურნალისტებისთვის წარმოდგენილი ვიდეორგოლის მთავარი გმირები კი, რომლებსაც ჩვენი ვებგვერდის მკითხველიც გაეცნობა, სწორედ "ნატახტარის" შვილობილები გახლავთ...