18 წლის ფერმერი სოფელი ირიდან
“მე ვარ ნინა გაგნიძე, 18 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ სამი წელია, რაც ჩემს მშობლიურ კუთხეს, რაჭას დავუბრუნდი ოჯახთან ერთად“, _ ასე გვეცნობა 18 წლის ნინა გაგნიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო სოფლის მეურნეობაში. ნინა ახალგაზრდა ფერმერია და ცდილობს, რომ მომავალში მარწყვის სათბური გქონდეს. იგი ახლა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირში ცხოვრობს.
ნინა გაგნიძე: ბავშობიდან ვიყავი სოფლის მეურნეობით დაკავებული, მაგრამ არა ძალიან აქტიურად. განსაკუთრებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მშობლიურ მხარეს დავუბრუნდი. მივხვდი, რომ უამრავი რესურსი აქვს საქართველოს, რათა წამყვანი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში ამ კუთხით. ვიცი ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.
ჩამოსვლისთანავე, გაზაფხულზე დავიწყეთ სოფელში მიწის დამუშავება. უამრავი წელი არავის მიუხედავს ამ ადგილისათვის. ყველანაირი მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო. დაახლოებით 10 მანქანა ფესვი, ხე და სხვა მასალა გავიტანეთ კარმიდამოდან. ამ პროცესის შემდეგ დადგა საუკეთესო მომენტი რგვა-თესვა. დამიჯერეთ ამაზე კარგი საშუალება დასამშვიდებლად არ არსებობს. დავიწყე ჩითილების ჩემით გამოყვანა, ვაკვირდებოდი ამ პროცესს და შემდეგ, როცა მოძლიერდებოდნენ, გადავრგავდი. ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ შეიძლება ეს საქმე ბიზნესად აქციო.
ახალგაზრდობა დიდი ქალაქებისაკენ მიედინება
ნინა გაგნიძე: ჩემს რეგიონში ერთ-ერთი და უმთავრესი პრობლემაა ხალხის ნაკლებობა. ახალგაზრდობა დიდი ქალაქებისაკენ მიედინება, მეც მომიწევს ეს რომ განათლება მივიღო, უკან დაბრუნება კი უჭირთ. ახალგაზრდების დასაქმება ვერ ხერხდება რაჭის რეგიონში. დაიკარგა შრომის სიყვარული, კარგი იქნებოდა, რომ სკოლებში ისევ არსებობდეს საგანი რომელიც პრაქტიკულად ასწავლიდა ახალგაზრდებს ყველა იმ საქმეს რომელიც მათ აინტერესებთ. ყველამ კარგად იცის მხოლოდ თეორია არაფრის მომცემია, შესაბამისად ვერც შეაყვარებს მათ ამ საქმეებს, მაგალითად მოვიყვან: მესათბურეობა, მეფუტკრეობა, მარწყვის მოყვანა ღია გრუნტში ან დახურულ გრუნტში, მესაქონლეობა. მიუხედავად ამ პრობლემებისა მუნიციპალიტეტში გვყავს ერთი ახალგაზრდა, რომელიც ყველას დიდი სტიმულს გვაძლევს, ეს არის გიორგი ბერუჩაშვილი. ის ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარება.
მისი დახმარებით უამრავი ინფორმაცია შევაგროვე და კარგი გამოცდილებაც მივიღე. თავიდან სკოლაში გამოჩნდა და ბავშვები აიყოლია. “მეფუტკრეობაში“ კარგი ცოდნა, გამოცდილება აქვს და სხვებსაც უანგაროდ უზიარებს.
დაცარიელებული სახლის სევდა
ნინა გაგნიძე: მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც მთელს საქართველოში გვხვდება. ყველას კარგად გეცოდინებათ თუ რამდენად უწყობენ ხელს ადგილობრივ ფერმერებს ამერიკაში. ისინი ადგილობრივ მაღაზიებს აბარებენ საკუთარ პროდუქტებს. ეს კი თითქმის ყოველდღე ხდება ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ ადგილობრივი ფერმერების ნაწარმს და შეამცირონ იმპორტი . საუკეთესო საშუალება იქნებოდა ქართველებისთვისაც თუნდაც ყოველდღე არ ხდებოდეს და კვირაში ერთხელ. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის . სტიმული მიეცემოდა ხალხს და დაუბრუნდებოდა სოფელს შიშის გარეშე .
მიუხედავად ზემოთ ნახსენები პრობლემებისა “კორონა ვირუსმა“ მოიტანა ის , რომ მუნიციპალიტეტს უამრავი ადამიანი დაუბრუნდა. ეზოები სადაც წლების მანძილზე არავის დაუდგამს ფეხი, სახლები საიდანაც წლების განმავლობაში კვამლი არ ამოსულა დაუბრუნდნენ მუნიციპალიტეტს. კურიოზული მომენტებიც იყო დიდი ბაბუის სახლი აინტერესებდა ერთ ახალგაზრდას თუ სად იყო და ადგილობრივების დახმარებით მიაგნო. მაქვს ხოლმე მომენტები, როცა დიდი სევდა მაწვება, როდესაც ვხედავ მიტოვებულ სახლებს უმეტესად ზამთარში. ჩემთან სოფელში დიდი თოვლი იცის საუკეთესო სანახავია თეთრად შემოსილი ირი.
შარშან ზამთარში დიდი თოვლი იყო განსაკუთრებით დამწყვიტა ერთ- ერთმა სახლმა გული ვუყურებდი და გული მტკიოდა მისი სიცარიელისა და უჩვეულო სიწყნარის გამო, რადგან ვიცოდი ოდესღაც იმ ეზოში ბავშვები დარბოდნენ ახალი თოვლის სიხარულით. მაგრამ შარშან, იმ დილას იმ ეზომც მოიწყინა და აღარც მე გამხარებია ის თოვლი . ადამიანების გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება...
სამომავლო გეგმები
ნინა გაგნიძე: რაც შემეხება მე და ჩემს სამომავლო გეგმებს. ვარ სტუდენტი, ვსწავლობ,, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში . სწავლის მიუხედავად ყველანაირად ვცდილობ ვიყო ჩართული ამ სფეროში ახლა ზამთარი მოგვადგა კარს ამიტომ საქმე ბევრად ნაკლებია . მართალია რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსიდან გამომდინარე დავრჩი, მაგრამ ვაპირებ ქალაქში ყოფნის დროს ერთ-ერთ სათბურში დავიწყო მუშაობას მოხალისედ და დავაგროვო პრაქტიკული ცოდნა.
ასევე მაქვს ქალაქთან ახლოს მიწა სადაც მოვახერხებ სასათბურე მეურნეობის დაწყებას ამიტომ ჩემი ქალაქში ყოფნა არ შემიშლის ხელს , რომ ჩემი გეგმები სოფელთან დაკავშირებით განვახორციელო . ასევე ვერთვები ახალ აქტივობებში და ახლი ინფორმაციებს ვიღებ, ვმართავ ,,სოფლის მეურნეობის განვითარების “ ჯგუფს ჩენს მეგობრებთან ერთად. ეს მაძლევს ყოველდღიურ ახალ ინფორმაციას და მეხმარება განვითარებაში. ასევე უნდა აღვნიშნო მეთხევეობის ტრენინგი რომელსაც სულ მალე გავივლი და ახალი ინფორმაციასა და გამცდილებას მივაწვდი ჩემი ჯგუფის წევრებს. დაინტერესებული ვარ ყველა იმ სფეროთი , რომელიც სოფელს ეხება, რადგან სულით ხორცამდე მიყვარს. კონკრეტულად სამომავლო გეგმაში მესათბურეობა მაქვს და მინდა მარწყვის მოყვანა დავიწყო. დიდი სურვილია და დიდი იმედიც მაქვს, რომ გამომივა, უბრალოდ, პრობლემაა ფულადი სახსრები, როგორც ჩემთვის და ალბათ, ასევე სხვა ბევრი ახალგაზრდისთვისაც.
გზავნილი ადამიანებს
ნინა გაგნიძე: საბოლოოდ ჩემი გზავნილი ადამიანებისათვის, რომელებისთვისაც სოფელი მხოლოდ გართობისა და დასვენებისთვისაა შემდეგნაირია: გაერთეთ და დაისვენეთ. უფრო მეტად დავინტერესდეთ სოფლის მეურნეობის საკითხებით, ავითვისოთ ჩვენი კარმიდამო და დავეხმაროთ ერთმანეთს.