გია ბერძენიშვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხას კახი კალაძე შეავსებს
"გურია ნიუსის" აქცია, რომელიც 32 წლის გია ბერძენიშვილის გადარჩენას ისახავდა მიზნად წარმატებით დასრულდა. იმ თანხას, რაც გიას ოპერაციისთვის აკლდება, ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე შეავსებს.
კალაძის წარმომადგენლები გიას უკვე დაუკავშირდნენ:
_ დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემი გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთეს, _ აღნიშნა ბერძენიშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას, რომელიც ამ წუთებში საავადმყოფოში იმყოფება.
გიას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით, ბავშვთა როკ ჯგუფის „GURIAN NICE KIDS“ მიერ შეგროვებული თანხიდან 1000 ლარი გადაერიცხა; 1000 ლარით მას გურამ ჩალაგაშვილი დაეხმარა; 500 ლარი "ლიბერთი ბანკმა" ჩაურიცხა.
მის ანაგარიშზე თანხები სხვა ადამიანებმაც შეიტანეს, რომელთა ვინაობასაც მოგვიანებით გაგაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ გიას კარდიომეოფატია აქვს _ გულში სტიმულატორი აქვს ჩადგმული, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იცვლება. მისი გამოცვლა კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ოპერაციისთვის 19800 ლარია საჭირო, აქედან _ 15 000 ლარს ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაურიცხა. დარჩენილი თანხა კი ჩვენი აქციის შედეგად მოგროვდა.
აღსანიშნავია, რომ მის დასახმარებლად მარი სიხარულიძის ინიციატივით და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ოთხშაბათს 13 აპრილს, 3 საათზე, უნივერსიტეტის დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა მიიღებენ: ნიკო ბერიძე, ჯგუფი „ბაბილონი“ და "ჯინსების თაობა".
კონცერტიდან შემოსული თანხაც გიას ანგარიშზე დაირიცხება, რაც მას ოპერაციის შემდგომ, სარეაბილიტაციო პერიოდისთვის დასჭირდება.