დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა.
„ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ.
ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული.
“შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ნასარაიამ.