გურული „რაკეტა“ გოგონები: „ჩვენც გავფრინდებით!“
ოზურგეთელი გოგონები _ თამარ სირაძე, ანა ანდღულაძე, ნატა ჩიტაიშვილი და სალომე ჩაგუნავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორეკურსელები არიან. ოზურგეთში წარჩინებული სწავლით ცნობილმა მოსწავლეებმა, გასულ წელს წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და თავი სტუდენტურ გარემოშიც გამოიჩინეს. ახლახან მათ, სწორედ სტუდენტური ინიციატივით, T4C-ის ახალგაზრდული ასოციაცია“ დააფუძნეს, რომლის სიმბოლოსაც რაკეტა წარმოადგენს.
_ ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ოთხი გურული ქალის ერთი იდეის გარშემო გაერთიანების ფაქტობრივი სიმბოლო და… ორგანიზაციის სიმბოლოდ რაკეტა მოგვაფიქრდა. რატომ რაკეტა? _ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ასახავს გურულების პიროვნულ მახასიათებლებს, რაც, საბოლოოდ, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, და კიდევ, რატომ რაკეტა? გაფრენა… შორს... სწრაფად... აი, ამიტომ, _ გვიამბობს „რაკეტა ოთხეულის“ ერთ-ერთი წევრი, თამარ სირაძე.
გოგონები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების დროა და მათი ინიციატივა სწორედ ცვლილების შინაარსშია.
_ აქცენტი სოციალურ ცვლილებაზე გვაქვს. გავხდით სტუდენტები, თუმცა სტანდარტული ერთფეროვნება ყველაზე ძალიან სტუდენტისთვის არის მოსაწყენი. ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, შეგვექმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში იფიქრებდა ცვლილებაზე. იურისტების მიზანი ხომ სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციაც არის, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს, აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას. განსაკუთებით გვაინტერესებს, ჩვენს პროექტებში, რაზეც ახლა ვმუშაობთ, პანდემიის პირობებში მოხალისეობრივი ინიციატივის წამოყენების აქცენტები ჩანდეს. მეტს ჯერ არაფერს ვიტყვით, გვსურს ოპერატიული, გუნდური, ჯგუფური მუშაობა შევძლოთ, რაც დაგვეხმარება მიზნის სწრაფად მიღწევაში, მოკლედ, ჩვენც გავფრინდებით! _ ამბობენ ისინი.
_ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია „გურია ნიუსთან“. ჩვენი ინიციატივების გახორციელებაში, დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობა ძალიან დაგვეხმარება, _ გვითხრა თამარ სირაძემ.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს „რაკეტა“ ოთხეულს -გოგონებს, რომლებმაც ორიგინალური დაანონსებით, თავიანთი საქმიანობის წარმოჩენის საინტერესო გზავნილი მოგვაწოდეს.