„გვახრჩობენ „სალიარკით“, ფაროსანა კი ცოცხალია“ _ რაზე ეჭვობენ შეწამვლითი ღონისძიების მოწინააღმდეგეები
გურიაში, საკარმიდამო ნაკვეთების და სხვადასხვა ფართობების თერმული ნისლით დამუშავება სისტემატურად ხდება, რასაც პოზიტიურად ხვდება მოსახლეობა და შედეგითაც კმაყოფილია. თუმცა, საკმაოდ არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც მუდმივად საყვედურს გამოთქვამენ: „სალიარკით “ გვწამლავენ, „ვინ გაიგონა ჰაერში ასეთი მომწამლავი ნივთიერების გაშვება“, „ხეებმა ხმობა დაიწყო“, „ბოსტნებში მოსავალი აღარ გვექნება, გახმა ყველაფერი“, „ადამიანების დაავადებისთვისაა ეს გამიზნული“, „ფაროსანა კვლავ ცოცხალია, ჩვენ დაგვახრჩეს „სალიარკით“, „ცხელი ნისლი ვისაც დაეწვეთება, კიბო გარანტირებული აქვს“, _ ამბობენ ისინი.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ცნობილ მეცნიერს, მკვლევარს ანგელინა ნიკოლაიშვილს.
„60 წელია, მავნებლებს ვიკვლევ, მიკროსკოპის ქვეშ, ღიად თუ შეწამვლითი ღონისძიების შემდეგ. აბა, მე უნდა მოვმკვდარიყავი. მხედავთ, ცოცხალი ვარ. ჩვენ ვერ წავალთ ეკოლოგიის თუ ღმერთის წინააღმდეგ. დღეს ყველაფერი შეცვლილია. გლობალური პრობლემების წარმოშობამ ბუნებაში ბევრი რამ შეცვალა. გამოჩნდა მავნებელი, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით, ობიექტური ინფორმაციის მიღების შემდეგ უნდა ვებრძოლოთ საჭირო საშუალებებით. რას ქვია, წამლავენ „სალიარკით“ ? დიზელის პრეპარატში შერევა საჭიროა, ტექნოლოგიაა ეს. ეს მსოფლიოშია აპრობირებული. თუ არ სჯერათ, ის მაინც მოახერხონ, თავი მოიყარონ და მე როგორც სპეციალისტი, ვესაუბრები, ლექციას ჩავუტარებ. ყურადღებას არც ახლა ვაკლებ, არ ვაკლებ, სადაც მივწვდები, ყველას ვუხსნი და ვასწავლი, როგორ უნდა მოიქცეს. ხეებს ახმობსო, საიდან მოიტანეს? ზაფხულსა და შემოდგომაზე არაერთი მცენარე იწყებს ნაწილობრივ ფოთოლცვენას. ახლა თერმულ ნისლს ნუ დააბრალებენ ამას. ვიმეორებ, მსოფლიოში ნაცადი ხერხია ეს და მხოლოდ მავნებელზე მოქმედებს“ _ გვითხრა ქალბატონმა ანგელინამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა ასევე განმარტა „გურია ნიუსთან“ საუბარში, რომ თერმული ნისლით დამუშავებისას საშიში არაფერია."სიფრთხილე კი ყველას გვმართებს, რის შესახებაც მოსახლეობას წინასწარ ვაფრთხილებთ. ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც დიზელის საწვავს ერევა პრეპარატი, წვა ხდება 800 გრადუს ტემპერატურაზე და წარმოიქმნება კვამლი, რომელიც ხელს უწყობს პრეპარატის დაშლას უწვრილეს ნაწილაკებად. ამ წარმოქმნილი ნისლის, ანუ კვამლის ფუნქციაა, გაფანტოს ნაწილაკებადქცეული პრეპარატი სივრცეში, რომელიც მერე მავნებელს ანადგურებს. სულ ეს არის. სასურველია პირდაპირ ამ ნისლში არ მოხვდეს ადამიანი, რადგან ზოგი ალერგიულია ან გულის დაავადება აწუხებს. სრული სიცრუეა, თითქოს, ადამიანს წამლავდეს ან ცხოველებს, თბილსისხლიანებს არანაირად არ ვნებს. ვიმეორებ ეე არის ტექნოლოგია, თანამედროვე აგრეგატია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოში ეს აგრეგატი 2003 წელს შემოვიდა და ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდებოდა. საინტერესოა, დღეს რატომ შეშინდა ადამიანების გარკვეული კატეგორია? ერთობლივი ძალისხმევა, მეტი დაინტერესება და შეუპოვარი ბრძოლა გვჭირდება მავნებლის წინაღმდეგ, რომ ეს საშიშროება დავძლიოთ, _ გვითხრა მან.