„გვიშველეთ, ხუთჯერ შეწამლული მანდარინი გვიფუჭდება, ყუთების უქონლობის გამო!“
გოგორეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის ერთ-ერთი დიდი უბანია, მთა-გორიანი , სადაც 80 კომლი ცხოვრობს. აქ ყველა ოჯახს აქვს ციტრუსოვანთა ბაღი და წლევანდელი მოსავალიც განსაკუთრებით უხვი და ხარისხიანია. თუმცა, ხალხი უცბად აღმოჩნდა უმძიმესი პრობლემის პირისპირ _ უკვე არსად იშოვება პლასტმასის ყუთები, რითაც მყიდველს მიაქვს ნაყიდი მანდარინი. როგორც აქ ამბობენ, ადრე ბანანის ყუთებში აწყობდნენ. ახლა კი მუყაოს ყუთებზე კატეგორიულ უარს აცხადებენ იმ მოტივით, რომ ტრანსპორტირების დროს სერიოზულად ზიანდება.
ახლა აქაურები საშველად უხმობენ ყველას, ვისაც შეუძლია, პლასტმასის ყუთების შეძენაში დახმარება.
_გვიშველეთ! ყველას გასაგონად ვამბობთ! წელს განსაკუთრებით კარგი მოსავალი გვაქვს. ზოგმა ოთხჯერ, ზოგმაც ხუთჯერ შევწამლეთ ციტრუსოვნები! მოსავალიც ხარისხიანია და დავდექით პრობლემის წინაშე, რასაც ვერ ვაგვარებთ. რაიონში კიარა, ქვეყანაშიც აღარაა პლასტმასის ყუთები, რითაც მოსულ მყიდველს მანდარინი მიაქვს. რუსეთიდან ჩამოსული ტრაილერები დგას. გვეუბნებიან, ჩვენ ვიყიდით, სად არის, გვითხარითო. სადაა? ნატანებში იყო მაგის ფაბრიკა და „კროშკა“ აღარააო, რითაც ამზადებდნენ. მაღაზიებში არსად არააა. თბილისშიც მოიკითხა ხალხმა და ვერ შოულობენ. სათითაოდ აგროვებენ აქა-იქ. თან, ლარნახევარი რომ ღირდა, ახლა 2 ლარად ყიდიან. 100 ცალში ტონანახევარი ეტევა. რვა ტონა რომ ჩააწყო, ათას ლარზე მეტი ყუთებში უნდა გადაიხადო, რომც იყოს ხელმისაწვდომად. მაგაზეც ვთანხმდებით... დალპობას პურის ფული მაინც გვირჩევნია. ნახევარი „ენესია“. კილოგრამი რომ 70-80 თეთრად მიაქვთ, რა დაგვრჩება? ვინაა, კაცი, ქრისტიანი, მოვიდეს ვინმე და ჩამოხედოს ჩვენს გასაჭირს, რა უნდა ვქნათ? ტონობით მანდარინი „ნასიპად“ გვიყრია. ასე, ორი მეტრის სიმაღლის გროვებად დაყრილი სანამ გაძლებს? სათითაოდ დალპება. რისთვის ვიწვალეთ? ვიტიროთ, გვინდა _ გვეუბნებიან ადგილობრივი მცხოვრებლები: უზეირ და მერი გოჩიტიძეები, მაყვალა მალაზონია, ელგუჯა ვაჩეიშვილი და სხვები.
გოგორეთში ციტრუსოვანთა მართლაც არნახული მოსავალია. სეზონის დასაწყისში, როგორც აქ გვითხრეს, ხალხს, ასე თუ ისე, ჰქონდა ყუთები. უფრო მეტი როცა დასჭირდათ, უკვე აღარსად იყო.
_ხის ყუთებით არავის მიაქვს, ან სად არის ამდენი. ცალს ხუთ ლარად ყიდიან კერძო საამქროები. თან, ხის ყუთს გლეხი სახლში თუ გამოიყენებს, რომ მოკრეფილი ნაყოფი გორებად არ დაყაროს და დალპობას გადაარჩინოს. კლიენტს რაც შეეხება, ბევრი მოდის, მაგრამ, პლასტმასის ყუთები არსადაა და ორივე მხარე გაჩერებული ვრთ.. საშველი არსაიდან ჩანს. ამასობაში გაავდრდება და ხეზე დარჩება მართლა ამდენი „ოქრო“, რასაც უკვე იმიტომ არ კრეფს ხალხი, რომ ყუთები არ აქვთ. მოკრეფილი და გორებად დაყრილი უფრო სწრაფად დალპება და იმიტომ. იქნებ, ჟურნალისტებმა გვიშველოთ, მიაწვდინეთ ვინმეს ხმა, ვისაც _ ბრაზობენ ადგილობრივები.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად შემოგთავაზებთ გოგორეთელთა ამ და პრობლემების შესახებ.