ქალბატონი, რომელმაც პროფესიული ხარისხის ნიშა შექმნა და "საკუთარი მხოლოდ ჯარი აკლია"

საზოგადოება

ქალბატონი, რომელმაც პროფესიული ხარისხის ნიშა შექმნა და "საკუთარი მხოლოდ ჯარი აკლია"

7 ივნ. 2017, 12:19:41

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ "აისის" კომპლექსს 12 ჰა ფართობი ტერიტორია უჭირავს.   რაც ამ სივრცეში 1980 წლის შემდეგ გაკეთდა, ჯერ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის გახსნით და საბოლოოდ, 2012 წელს, მის ბაზაზე დაფუძნებული კოლეჯით,  რომელიც დღეს უკვე   ლიდერი სასწავლებლის პოზიციაზეა, თითქოს დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სახეზეა უჩვეულო, ზღაპრული  სინამდვილე, რომლის შემოქმედი ქალბატონი ნათელა პაპუაშვილია.

მისი გამჭრიახობით გავლილი გზის შემდეგ, აქ პროფესიული  განათლების ხარისხი უკვე ევროპულ სტანდარტს ექვემდებარება და წალკოტად ქცეულ გარემოში, ადამიანები,  როგორც "ელისი საოცრებათა სამყაროში",  ისე განიცდიან, რეალობისა და ზღაპრულობის ხილულ ჰარმონიას. 

ქალბატონი ნათელა პაპუაშვილი  ჯერ კიდევ 1980 წელს ჩაუდგა სათავეში პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს და იქედან დღემდე, საკუთარი პერსონა   უკონკურენტო ლიდერის პოზიციაზე აიყვანა .

12 ჰექტარ ფართობზე სპეციალურ კომპლექსში განთავსებულ კოლეჯს, ოთხი ძირითადი ნაგებობა აქვს, რომელთაგან ღვინის სახლი წარმოადგენს როგორც სიმბოლურ, ისე რეალურ სახეს. აქვეა სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები. ქალბატონი ნათელა გვიამბობს, რომ  თავგანწირული შრომა, უძილო ღამეები დასჭირდა იმისთვის, რომ  პროფესიული კოლეჯი "აისი" ექცია ისეთ კერად, სადაც   ქვეყნის შენების უპირობო აუცილებლობა _ პროფესიული ხარისხის ნიშანი იქნებოდა უმაღლეს ნიშნულზე,  და ეს შეძლო!

   ამ წლის მარტიდან უკვე აღარ არის  კოლეჯის დირექტორი, თუმცა იქვე ცხოვრობს და მუშაობს, კოლეჯის მაჯისცემით სუნთქავს. ახლახან ის კახეთის რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს და ჩვენი საუბარი მასთან გაცილებით თავისუფალი და სასიამოვნოც კია, რადგან გვერდიდან უფრო კარგად ხედავს, რას აკეთებდა  აქ 40 წლის მანძილზე.

 მოკრძალებით მოსაუბრე და მშვიდი იერის მქონე,  როცა ამბობს, ხმის აწევა არ უყვარდა და მხოლოდ მომთხოვნი, თუმცა, მეგობრული, თანმიმდევრული სვლით ახერხებდა ლამის თავბრუდამხვევ წარმატებამდე სვლას, სასწრაფოდ ვეკითხები,  როგორ მიაღწია ამ ყველაფერს "უხმაურო ხმით" და ჩუმი სვლით _  ასეთი განცდა ჩნდება დღეს, როცა კოლეჯის კორპუსებს თუ მთელ ტერიტორიას მოივლი _ თანამშრომლები თითქოს ფეხაკრეფით დადიან,  თითქოს,  აქ ერთი დედამიწისხელა სკა გუგუნებს და მის რიტმს აყოლილი ბრუნავს, რომ  სამყაროს საკუთარი  ძალისხმევითაც ბიძგი მისცეს...

ოდნავ მკვეთრია ქალბატონის  ტონი, როცა ამბობს: "ზნეობაში შეცდომას არასოდეს არავის ვაპატიებდი, ეს სასწავლო დაწესებულებაში არავის ეპატიება! თორემ ადამიანს შეცდომა მოუვა, მთავარია, ამის გამოსწორების სურვილი ჰქონდესო".

რაც შეეხება საქართველოში მოარულ ლეგენდებს იმის შესახებ, რომ აქ მოღვაწეობს ქალბატონი, რომელმაც შექმნა პატარა სახელმწიფო და  მხოლოდ ჯარი აკლია, ამაზეც ეღიმება და ამბობს, რომ ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნდა, რასაც აკეთებდა.  მხოლოდ სიყვარული შეგაძლებინებს უდიდესი საქმის კეთებას, ვიდრე ბევრი ფული, თუმცა, გარკვეული რაოდენობით,  ესეც საჭიროაო, _ ამბობს.

_ განა აქ არ იყვნენ მიწის საკუთრებაში მოქცევის მსურველები. შეიძლებოდა გაყიდვაც, დაშლაც, მაგრამ, როდესაც მოთხოვნა სამართლიანია, ადამიანები, ბოლოს და ბოლოს,  იგებენ ამას, რაც უნდა თავდაჯერებულნი იყვნენ და ჩუმდებიან, თავს განებებენ! გარდა ამისა, მე მქონდა ჩემი მიდგომის პრინციპი _ ორშაბათს დილის თათბირი, კვირის ბოლოს კი ანგარიშის მოსმენა!  ამ კოლეჯში ეს ტრადიცია არ შეცვლილა. ათწუთიანი თათბირი საკმარისია იმ დავალებების მისაღებად, რაც კვირის ბოლომდე უნდა გაკეთდეს!  შესაქებს ვაქებთ, სასაყვედუროს ვსაყვედურობთ. მაქვს პრინციპი _ ყველა ასაკში სჭირდება ადამიანს შექება, ოღონდ ზედმეტი არა!   _ ამბობს ის.

საინტერესო და შთამბეჭდავია მისი ლირიული გადახვევაც _ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს კალამთან მიმართებაში _ უახლეს კომპიუტერულ  პროგრამებს დავეუფლეთ,  თუმცა,  ყველა დავალება და საქმე კალმით კეთდება! როცა წერ, კალამთან ურთიერთობისას აზროვნება სხვანაირად იხსნება, კომპიუტერით მუშაობისას კი, თითქოს, ვიღაც მესამე კიდევ წერს თუ გიყურებს. ამიტომ ჯერ კალამთან ვამეგობრებ  ყველა იდეას და მერე  ვაფიქსირებ ეკრანზე. ეს არის სულ, ამ პრინციპით მოვედი დღემდე!

ოფიციალური ხაზი ნათელა პაპუაშვილის თანამდებობრივი და შრომითი საქმიანობის სვლისა ასეთია _ 1980 წელს სათავეში ჩაუდგა კაჭრეთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს, 1990 წელს უმაღლესი ტიპის პროფესიულ სასწავლებლად აქცია. 1991 წელს სასწავლებლის ბაზაზე პურპროდუქტების წარმოებისთვის სპეციალისტთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრი შეიქმნა, 1997 წლიდან ეწოდა კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმი...  აქ საყურადღებოა უმნიშვნელოვანესი ფაქტი _ ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ე.წ. ბნელი ხანაა, ნგრევის პროცესია, ამ დროს კი ქალბატონი ნათელა არაფერს ეპუება და საგანმანათლებლო კერაზე შუქს აძლიერებს.  2007 წელს,  პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პრეზიდენტის პროგრამის შემუშავებისთანავე, კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნა. 2011 წელს ამ ცენტრის ბაზაზე პროფესიული კოლეჯი,  ხოლო 2012 წლის 6 თებერვალს  საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი" დაფუძნდა.  ასეთი გიგანტური ნაბიჯებით მან  კოლეჯი აქცია თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად.

ვერანაირი საგაზეთო წერილი ვერ დაიტევს, წიგნად ქცევის გარდა, იმ ამბავს,  რაც კოლეჯის საკუთრებაში არსებული  საქონლის ფერმის, უამრავი სკის თუ ვაზის ფართობების სამყაროში ხდება. კოლეჯში  დღეისთვის 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, თითოეული უმაღლეს დონეზე ეუფლება სასოფლო-სამეურნეო პროფესიას.  მათი ნაწილი სარგებლობს შესანიშნავად მოწყობილი პროფესიული კოლეჯის  საერთო საცხოვრებლით. წინა პლანზეა წამოწეული მევენახეობა-მეღვინეობის ბაზა. 4 ჰექტარ ფართობზე ვაზი დონორის დახმარებითაა გაშენებული და ფართობის თავში წარწერაც ამშვენებს_ გაშენებულია ამერიკის საელჩოს დახმარებით!

 კოლეჯის სტუდენტები თავად წურავენ თაფლს, აწარმოებენ ღვინოს, ამზადებენ კონსერვებს, მუშაობენ მინანქარზე, თექაზე, რის დასტურიცაა მათივე გამოფენები. ულამაზესი ღვინის ტრადიციული მარანი და ღვინის ევროპული მარანი საოცრებათა სამყაროს  გამოკვეთილი ნიშაა. ქალბატონი ნათელა ამბობს, რომ ამ ყველაფრის მაღალ დონეზე გაკეთება საერთაშორისო პროგრამების წყალობით და თანამშრომელთა შეკრული გუნდის წყალობით შეძლო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითაც ბევრი რამ გააკეთეს.

_ იქით ვაძლევდი ტონს პროფესიულ განათლებას!  რის გაკეთებაც არ შეიძლება და ვერ შევძლებდით, არ ვქენით! რის გაკეთებისაც ლოგიკურად გვჯეროდა, გამოგვივიდა! საოცარი კოლექტივი მყავდა ყოველთვის. არ ვიცი, ეს თავისით ხდებოდა თუ ღვთის ნება იყო,  უდიდესი საქმე გაკეთდა! დღეს აქ 49 პროფესიას უმაღლეს დონეზე ეუფლებიან, ქვეყანა წინ მიდის, უსაზღვროდ მჯერა, რომ ეს ასეა! ისე, კი, რომ იცოდეთ, დირექტორობიდან ისე წავედი, 9 ათასი ლარი ბანკის ვალი მქონდა და ვიხდი. ეგ არაფერია.  ცოტა ჯანმრთელობამ მიმტყუნა და ახლა, როცა გვერდიდან ვუყურებ ამ სამყაროს, უკეთესი მკურნალი მაინც არაფერია,  სიცოცხლე მიასკეცდება! ახლა აქ დირექტორი   ჩვენთან გამოჭედილი კადრია, მალხაზ ასლამაზიშვილი.   აქვე სწავლობდა, შემდეგ კი 19 წელი დირექტორის მოადგილე იყო.  მეიმედება, რომ  ლიდერი კოლეჯის პოზიციას  განამტკიცებს,  რომ კიდევ უფრო სწრაფად განვვითარდეთ და წავიდეთ წინ! ეს არის ჩემი აზროვნების და ცხოვრების წესი! _ ამბობს საოცრებათა სამყაროს შემოქმედი ქალბატონი. 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე კოლეჯის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გაუმჯობესდა და განათლების სამინისტროს და დონორი ორგანიზაციების მიერ,  ამ საქმისთვის ორ მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო,  კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და ამჟამად წარმართავს 49 ავტორიზებულ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამას. ამ გიგანტურ სვლას კი გზამკვლევად  ედგა და უდგას  ქალბატონი, რომელმაც  "სწავლა კეთებით" დევიზად აქცია და  მოახდინა სასწაული _ დღეს  დუალური სწავლების კოლეჯი ევროპულ სტანდარტსაც კი უსწრებს.

ნახევრად ხუმრობით _ სჭირდება თუ არა ჯარი?  პასუხიც აქვს _ ხომ გელაპარაკებათ აქაურობა, რომ ჩვენს პატრონს ვუყვარვარო?  ესაა ჩვენი ჯარისკაცობა!  უმთავრესი _ მიწის, ვაზის, ყვავილის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სიყვარულის იდეალში წარმოსადგენად ავმაღლდით იქამდე,  რომ აქვე ხელოვნების სასახლე  დავაარსეთ! ეს მოვიფიქრეთ!  "ქართული ქვევრის მუზეუმი" პირველებმა გავაკეთეთ!

 ქალბატონი ნათელა გვაჩვენებს მეშვიდე საუკუნის ქვევრს, რომელიც ილიას სახელობისაა. მუზეუმის წინ, ღია სივრცეში კი უზარმაზარ ქვევრებს ამშვენებს წარწერა: შოთა, აკაკი, ილია... თითქოს,  გოლიათი კლასიკოები საცაა ვაზის ქვეყნის სანახებიდან გადმოაბიჯებენ და იქვე, უთვალავი სკების გასწვრივ, ღვთიური მწერის გუგუნთან შერწყმით, იტყვიან აქ შობილი არაამქვეყნიური სილამაზის სადიდებელს.

"იცით, რა ადვილია საქმის კეთება, როცა საფუძველი სიყვარულია? არ გამოდის საქმე კარგად? ესე იგი, სიყვარული არ არის სათანადო დონის! ჩვენ შრომაში ხელოვნებამდე  სიყვარულის წყალობით ავმაღლდით  და ამ სიმაღლიდან ჩამოსვლას არ ვაპირებთ!" _ ასე  გვემშვიდობება ქალბატონი   უდიდესი კარმიდამოდან, ასტრებისა და კალენდულას ნერგებს გვჩუქნის,  თან ამბობს, ბოდბიდან წამოღებული თესლისგანაა, თქვენს ეზოზე ღვთიური მადლი  გადმოვაო! ჩვენი ეზოდან კი ნაირფერ ზამბახებს ვუგზავნით, რომელიც ძალიან უყვარს თურმე და სურს,  თავის წალკოტში უხვად ჰქონდეს!




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?