"მესაკუთრეებს ხელისუფლებამ და დეპარტამენტმა "ავტობანის" მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო ბუკლეტი თავზე დაახია"

საზოგადოება

"მესაკუთრეებს ხელისუფლებამ და დეპარტამენტმა "ავტობანის" მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო ბუკლეტი თავზე დაახია"

2019 თებ 11 12:55:16

ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ.

საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია.

"გურია ნიუსს" საკუთარი პრეტენზიების დასაფიქსირებლად სწორედ მიწის ის 32 მესაკუთრე დაუკავშირდა, რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში. ამ მონაკვეთის სახელწოდებაა "ნაოჩვანი", ტერიტორია _ გრიგოლეთი.

"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით", _ ამბობენ მიწის მესაკუთრეები და გზების დეპარტამენტს მათ მიმართ მოძალადეობრივ ქმედებებში ადანაშაულებენ.

"ჩვენ მოვიპოვეთ ამ პროექტთან დაკავშირებული "საჯარო ინფორმაციის ბუკლეტი", რომლის მიხედვითაც, მიწების გამოსყიდვა მესაკუთრეებისგან, კომპენსაციების განსაზღვრა და შეთავაზება და სხვა პროცედურები უნდა შესრულებულიყო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით.

ბუკლეტში, ასევე, აღნიშნულია განსხვავებები საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას შორის და ეს სტანდარტები შეჯერებულია, რადგანაც საერთაშორისო სტანდარტებით მიდგომები კერძო მესაკუთრეებთან ბევრად უფრო ჰუმანურია, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის დავალებით მისმა ადგილობრივმა წარმომადგენელმა ს. ჩხაიძემ დაგვიბარა ლანჩხუთში, მერიის შენობაში და კომპიუტერში გვაჩვენა გზების დეპარტამენტის საიტზე დადებული ცხრილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ნაკვეთების მიწის ღირებულება განსაზღვრული იყო ერთ კვადრატულ მეტრზე _ 5 ლარი და 40 თეთრი. ხოლო მოსავლის ერთჯერადი კომპენსაცია ერთ კვადრატულ მეტრში _ 0,80 ლარი. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყო. აქ მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ღირებულება იწყება 30 ამერიკული დოლარიდან.

დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის გახორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით.

ჩვენმა დაბეჩავებულმა მოსახლეობამ კარგად იცის, რომ "ძალა აღმართს ხნავს" ძლიერთა სასარგებლოდ და გვაქვს ამის მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველ ეტაპზე არ დავემორჩილეთ ჩვენს მოწინააღმდეგე, მოძალადე მხარეს და ბუკლეტში მითითებული უფლების გამოყენებით მივმართეთ წერილობითი პრეტენზიით ადგილობრივ ხელისუფლებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე სარიშვილს, იმჟამინდელ გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს, პარლამენტის წევრებს _ ქალბატონ ნინო წილოსანს და ბატონ ი. ხახუბიას (განცხადება #2367 12/03/2018). ამ განცხადებაში დეტალურად იყო აღწერილი საქმის ვითარება, ჩვენი მდგომარეობა და პროტესტი. ამასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისა და გამოსავლის პოვნის მიზნით, მოვითხოვდით შეხვედრას ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა იმუქრებოდა (განცხადებაში) საპროტესტო აქციით, რითაც ხელს შეუშლიდა მათ ნაკვეთებში მშენებლობის წარმოებას.

საპასუხოდ, შეხვედრაზე არავინ ჩამობრძანდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი განცხადება-საჩივარი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ, რადგან გზების დეპარტამენტის მხრიდან ჩვენი პრეტენზიის პასუხად მივიღეთ წერილი _ ეს გახლდათ, ფაქტობრივად, გაფრთხილება მუქარის სახით (2018 წელი 30 მარტი, #2-12/3680). ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მოგვცეს ხუთი კალენდარული დღე. ტექსტი მთავრდება ასე: "გაცნობებთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს გზების დეპარტამენტი იმოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს დადგენილი წესით მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს "ექსპროპრიაციის" უფლების მოპოვების მიზნით". წერილს ხელს აწერს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალ. თევდორაძე.

ამ წერილმა და ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.

ხელშეკრულებების გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის 5 აპრილის  მორიგი წერილიც დეპარტამენტიდან, რაც წარმოადგენდა საბოლოოდ "უარის თქმას" მათი მხრიდან შემოთავაზებული თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით.

ასე რომ, მესაკუთრეებს ხელისუფლებამ და დეპარტამენტმა "ავტობანის" მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო ბუკლეტი "თავზე დაახია".

ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. მაგალითად, ჩემს მოსაზღვრე ნაკვეთში, მდინარის გაღმა მხარეს, არაპრესტიჟულ ადგილზე 1კვ.მეტრში 23,50 ლარი, ხოლო ერთჯერადი კომპენსაცია 1კვ.მ. _ 16.90 ლარი. მაშინ, როდესაც ჩვენს ნაკვეთში კომპენსაცია სიმინდსა და ლობიოზე განისაზღვრა 1კვ.მ-ზე _ 80 თეთრი. შემდეგ მომდევნო ნაკვეთებში კი უფრო და უფრო მაღალი ანაზღაურებები. კულმინაციას აღწევს 1 კვ.მ.-ში 60 ლარი, ხოლო ერთჯერადი კომპენსაცია 1კვ.მ.-ში _ 54,60 ლარი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ერთი და იმავე კატეგორიის მიწებია _ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და განლაგებულია ერთ მცირე, რამდენიმეკილომეტრიან ზოლში.

დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ რეკვიზიტები და შევძელით საჯარო რეესტრიდან ამოგვეღო ინფორმაციები ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ამ დოკუმენტით და ხელახალი განცხადებით კვლავ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, უკვე შემდგომ გუბერნატორს  ზურაბ ნასარაიას, ასევე, ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნულ მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს (2018 წელი, 30/VII) იმ იმედით, რომ გზების დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი მოხსნილები იყვნენ თანამდებობებიდან და დაკითხვაზე დადიოდნენ მთავარ პროკურატურაში (ტელევიზიის ინფორმაციით), ასევე, გუბერნატორიც და მინისტრიც ახლები იყვნენ. ვითხოვდით, ასევე, შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რასაც ვერ მივაღწიეთ.

ამ ხელახალი განცხადების პასუხად, სამინისტროდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია (ამის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს), ხოლო, რაც შეეხება გუბერნატორს, მისი ადმინისტრაციიდან მივიღეთ შეტყობინება _ წერილის შინაარსის მიხედვით, გუბერნატორი სერიოზულად იყო დაინტერესებული ამ საქმის ვითარებით, რასთან დაკავშირებითაც საქმე აყვანილია განსაკუთრებულ კონტროლზე და დაწყებულია ჩვენს პირველ განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა, თუ რა ღონისძიებები გატარდა ხელისუფლების მხრიდან (წერილი ¹759 — 06/09.2018 წელი).

გუბერნატორის წერილის მკაცრი და სერიოზული ტონი საიმედოდ გვეჩვენა, მაგრამ იმავე ადმინისტრაციიდან 20 დღის შემდეგ მივიღეთ ცინიკური შინაარსის პასუხი: "იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ გარიგების დადებისას დარღვეული იქნა თქვენი კანონიერი უფლებები, ადგილი ჰქონდა ძალადობას, ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში, იძულებას და ა. შ., უნდა მიმართოთ სათანადო ორგანოებს" (წერილი ¹852 - 2409. 2018 წელი). წერილს ხელს აწერს თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის უფროსი რევაზ ჯანელიძე.

ახალი ხელისუფლების პოზიციაც გასაგები გახდა, მაგრამ ამ პასუხის მოსამზადებლად 20 დღე რატომ დაჭირდათ, ეს საკითხავია.

ამ ცინიკური და გულცივი დამოკიდებულების შემდეგ, უსამართლობის განცდით დათრგუნულმა მოსახლეობის დარჩენილმა ნაწილმაც დაიწყო ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა, მაგრამ პროტესტის გრძნობა ძლიერდებოდა და შეურაცხყოფილი ადამიანები ელოდებიან საჭირო და ხელსაყრელ დროს, როცა ხელისუფლებას კვლავ დასჭირდება მათი მხარდაჭერა, მათი ხმები, მათი არსებობა.

ამ დაგროვილმა წყენამ და პროტესტის გრძნობამ თავი იჩინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ _ უფლებააყრილმა და დაზარალებულმა მესაკუთრეებმა, მათმა ოჯახებმა გადაწყვიტეს მათი მიწების გასწვრივ (რომელიც იძულებით დაათმობინეს მიზერულ ფასად) მოეწყოთ საპროტესტო აქცია სატრანსპორტო მაგისტრალის გადაკეტვით. ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ განუცხადეს (რაც ადგილობრივ პრესაშიც დაფიქსირდა) წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით სოფელ სუფსაში ჩამოსულ პარლამენტარს, ქალბატონ ნინო წილოსანს. ეს იყო ხმაურიანი შეხვედრა სოფლის ცენტრში. ნინო წილოსანის განცხადებით, მას ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა და შეგვპირდა, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვერდით იქნებოდა ბოლომდე და მესაკუთრეებს სთხოვა, გამოეჩინათ მის მიმართ თანადგომა და ხელი არ შეეშალათ საარჩევნო პროცესისთვის, რაზეც თანხმობა მიიღო. მან მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა, რაც მივაწოდეთ.

მოსახლეობის საპროტესტო ტალღამ ისევ იჩინა თავი არჩევნების მეორე ტურის წინ, რადგანაც კვლავ მოტყუებულად თვლიდნენ თავს. დეპუტატმა შეისწავლა ჩვენ მიერ მიწოდებული მასალები, მოამზადა წერილი და გაუგზავნა საქართველოს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას (30/11. 2018 წელი, ¹11673/3-112), რომელშიც ითხოვდა დასაბუთებულ პასუხებს კითხვებზე, თუ რა კრიტერიუმებით და რა სამართლებრივი რეგულაციით განისაზღვრა ფასთა ასეთი სხვაობები ერთ სამშენებლო მონაკვეთში განთავსებულ ერთი და იმავე ფუნქციის (სასოფლო-სამეურნეო) მიწებზე. ასევე, ითხოვდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხები გადაუხადეს ამავე მონაკვეთში განთავსებული მიწების მესაკუთრეს, თურქეთის მოქალაქე ქემალ ალთენს, რომელმაც ორი მიწის ნაკვეთი 2010 წელს იყიდა ქართველი მესაკუთრისგან და მასში 1კვ.მ.-ში გადაუხადა 10 ამერიკული დოლარი, საბაზრო ღირებულება. მას შემდეგ რა გაიაფდა ამ ქვეყანაში, მიწა რომ გაიაფებულიყო?

დეპუტატს დეპარტამენტისგან, როგორც წესი, პასუხი უნდა მიეღო 10 სამუშაო დღის ფარგლებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე გაუჭირდათ არგუმენტირებული პასუხის გაცემა, რომ პასუხი (არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ) გამოაგზავნეს თვენახევრის შემდეგ, ანუ 2019 წლის 15 იანვარს (¹2-12/279), წერილზე ხელს აწერს ბატონი ალ. თევდორაძე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამოგზავნილი პასუხი და ასევე, დანართი, რომელიც წარმოადგენს ე. წ. დოკუმენტს, რომელსაც ეწოდება დასკვნა პროექტში მოხვედრილი შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების შესახებ (რაც არ მოგვითხოვია). ეს დასკვნა და წერილიც, სამართლებრივი შეფასებით, წარმოადგენს საკმარისზე მეტ საფუძველს იმისთვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიმართ რამდენიმე მუხლით და ასევე, მათ მიერ დაქირავებული აუდიტორიის მიმართ.

დეპარტამენტი ვერ იძლევა დასაბუთებულ პასუხს დეპუტატის მიერ დასმულ კითხვაზე: თუ რა კრიტერიუმებითა და რა სამართლებრივი რეგულაციით განისაზღვრა ეს შეუსაბამო და მკვეთრად განსხვავებული ფასები ერთ ლოტში მდებარე ერთი და იმავე კატეგორიის ნაკვეთებზე.

ასევე, გაუგებარია "დასკვნაში" დაფიქსირებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მონაკვეთში მოხდა მიწების დაყოფა ტიპებად, კერძოდ, 7 ტიპად, რიგის მიხედვით. გაუგებარია, რას გულისხმობს ტერმინი _ "ტიპი". თუ ის ჩაენაცვლა ტერმინ "კატეგორიას", ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთში ყველა მიწა ერთი და იმავე კატეგორიისაა.

თუ "ტიპები" განისაზღვრა იმის მიხედვით, მასზე რა სახის სამუშაოები უნდა აწარმოოს ავტობანის მშენებლობის პროექტმა, ეს მიწების ფასებს რატომ უნდა შეხებოდა?! მიწის მესაკუთრისთვის, რომელიც არანებაყოფლობით გადასცემს მის საკუთრებას სახელმწიფოს, რა მნიშვნელობა აქვს, მის უკვე ყოფილ საკუთრებას სახელმწიფო რა დანიშნულებით გამოიყენებს? ან, ამ რეგულაციით რატომ განისაზღვრა, ასევე, ასეთი არანორმალური სხვაობებით ამ მიწებზე ერთჯერადი კომპენსაციები ერთწლიანი მოსავლის სანაცვლოდ? არის კიდევ მრავალი კითხვა, რომლის პასუხების მოძებნაც დეპარტამენტის პასუხისმგებელ პირებს მოუწევთ სასამართლოს წინაშე.

გზების დეპარტამენტი ცდილობს, პასუხისმგებლობა ამ დასკვნასთან დაკავშირებით გადაულოცოს მათ მიერ დაქირავებულ აუდიტორს, ვინმე მინდია ტაბაღუას, რომლის "ანალიზიც" (ამავე დასკვნის მიხედვით) ემყარება გარკვეულ დაშვებებს და არის მხოლოდ შემფასებლის პირად მოსაზრებებზე აგებული.

სევე, თურმე "შემფასებელს" არ ევალებოდა და არც მოუხდენია მიწის ნაკვეთების გეოლოგიური გამოკვლევა. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ არ არის გამოკვლეული, არის თუ არა მიწების ქვეშ რაიმე სახის წიაღისეული მარაგი და თუ არის, მაშინ მის პირველ მესაკუთრეს, რომელსაც იძულებით დაათმობინეს საკუთრება, რა სარგებელი ექნება წიაღისეულ-მადნის აღმოჩენის შემთხვევაში?

დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტორის შეფასებითი საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს ზუსტ მეცნიერებად და მისი ყველა დასკვნა არის სუბიექტური...

მისი შეფასება არ გულისხმობს იმას, რომ მის მიერ განსაზღვრული ფასები სტანდარტული იყოს და ბაზარზე არ არსებობდეს უფრო მაღალი და ხელსაყრელი შემოთავაზებები.

დეპარტამენტი ვერ იძლევა განმარტებას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა კრიტერიუმით განისაზღვრა მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროსთან, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ განლაგებული ნაკვეთების ღირებულება 1კვ.მ. _ 5ლ 40 თეთრი, ხოლო მდინარის მარცხენა მხარეს ნაკვეთებში, არაპრესტიჟულ ტერიტორიაზე 5-ჯერ მეტი ფასი და შემდეგ განთავსებულ ნაკვეთებში 10-ჯერ და 12-ჯერ მეტი. ოზურგეთის საზღვრებში მოქცეული ნაკვეთების მესაკუთრეებს ერთჯერად კომპენსაციაში გადაუხადეს 1 კვ.მ-ში კომპენსაცია _ 24,60 ლარი, 29,60 ლარი, 34,60 ლარი, 54,60 ლარი, ანუ 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს შემთხვევაში საკუთრივ მიწის ღირებულებაა. ეს რას ნიშნავს _ ჩვენს ყანებში "შავი ჭირი" იყო და ოზურგეთის ყანებში ოქროს ვაშლები ცვიოდა? ეს ნამდვილად საგანგაშო ფაქტია!

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქე ქემალ ალთუნის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ბატონი ალ. თევდორაძე განმარტავს, რომ ამ პიროვნებასთან დღემდე ვერ ხერხდება მოლაპარაკება და შეთანხმება ფასებთან დაკავშირებით და უკვე დაწყებული აქვთ პროცედურები "ექსპროპრიაციის" უფლების მისაღებად. ეს ის ბატონი თევდორაძე გახლავთ, რომელმაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის 30 მარტს მოგვცა ხუთი დღის ვადა გადაწყვეტილების მისაღებად ე. წ. "ექსპროპრიაციის" მუქარით და სოფლის მოსახლეობისთვის იმავე წერილში არ განუმარტავს, თუ რას ნიშნავდა ეს ტერმინი და ასეთ შემთხვევაში რა უფლებები რჩებოდათ მესაკუთრეებს.

როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება, რადგან, სავარაუდოდ, აქ საქმე გვაქვს ფინანსურ მაქინაციასთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ნაკვეთებზე გაცილებით დიდი თანხები არის გამოწერილი და ეს თანხები მითვისებული აქვთ მათ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ამაზე. ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ ამ პროექტის სპონსორს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, მისი უზარმაზარი ინვესტიციით არ უნდა გაჭირვებოდა პროექტში მოხვედრილ მცირერიცხოვან მესაკუთრეთათვის თანხების ნორმალურად და ღირსეულად გადახდა. 2018 წლის სექტემბერში ბანკის ადმინისტრაციამ ჩვენთან გამოგზავნა ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მის მიერ დაქირავებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც გაოგნებულები დარჩნენ რეალობის გაცნობით და ჩვენი ხელმოწერილი ინფორმაციები წაიღეს ბანკში.

დღეისთვის ჩვენი პოზიცია ასეთია: ჩვენი პროტესტი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგანაც არაფერი შეცვლილა და ჩვენ მიმართ ხელისუფლებას არავითარი თანადგომა არ გამოუხატავს. "კანონიერმა ყაჩაღებმა", როგორც იტყვიან, "აგვახიეს" საუკეთესო მიწის ნაკვეთები და მითვისებული აქვთ კუთვნილი თანხებიც. ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და ჩვენ მიმართ სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ამას შეგვპირდა მისი ლიდერი არჩევნების მეორე ტურის წინ და ჩვენც გავუწიეთ ანგარიში.

ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტის წევრი, ქალბატონი ნინო წილოსანი, რომელიც ჩვენი წარმომადგენელია, არ გატეხს არჩევნების წინ მოცემულ სიტყვას და ამ უსამართლობასთან ბრძოლაში ჩვენ გვერდით იქნება ბოლომდე, ვიდრე სამართალი არ იზეიმებს ერთხელ მაინც ქვეყანაში.

თუ ჩვენი კანონიერი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებით, მაშინ ჩვენს ნაკვეთებში ავტობანის მშენებლობის უფლებას არავის მივცემთ" (წერილს ახლავს 32 ხელმოწერა).

მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებზე კომენტარისთვის "გურია ნიუსი" საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. პრესსამსახურის თქმით, აღნიშნულ მიწის მესაკუთრეებმა საკუთარი პრეტენზიების დასაფიქსირებლად წერილობით უნდა მიმართონ განსახლების სამსახურს, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, რისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე პარლამენტარის შუამდგომლობა:

"გზების დეპარტამენტი დაინტერესებულია, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარის ინტერესები", _ დასძინეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ლანჩხუთის ადგილობრივი ხელმძღვანელობის პოზიციას სუფსის მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, როგორც მერიაში გვითხრეს, საკითხის დარეგულირება ცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, თუმცა, მზად არიან შუამდგომლობა გაწიონ გზების დეპარტამენტთან:

"საკითხის დარეგულირება ცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, რათა მოხდეს მათი წარმომადგენლებისა და მოსახლეობის შეხვედრა და პოზიციების შეჯერება", _ ამბობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...