ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა
რამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა.
"ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა.
ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ახლობლებს.