“შორს ვიმყოფები ჩემი სამშობლოსგან, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მოგეფეროთ“

საზოგადოება

“შორს ვიმყოფები ჩემი სამშობლოსგან, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მოგეფეროთ“

2020 მარ 20 17:38:02

ღმრთისმშობლის შობის ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა ბასილი (კვირჩილაძე) სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამ სტატუსით ქართველებს მიმართავს.

“დიდი ხანია არაფერი დამიწერია…. ვზივარ და ვფიქრობ, ვფიქრობ უსასრულოდ, ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები  მახსენდება , განიბანეთ, განიწმიდენით,  ავი საქმენი თვალთაგან განმარიდენით,  მერე მოდით და ცილობა ვყოთ, მეწამულიც, რომ იყოს თქვენი ცოდვები მატყლივით განსპეტაკდება…… თუ მორჩილნი იქნებით და თავმდაბალნი მიწის დოვლათს შესჭამთ თუ არა და მახვილი შეგჭამთ.

საოცრად დამაფიქრა ამ სიტყვებმა…. რამდენი რამ შევცოდეთ კაცობრიობამ უფლის წინაშე… მაგრამ უფლის გულომოწყალებამ აქამდე მოგვიყვანა… დღეს, ისე როგორც საუკუნეების წინ მართალი აბელის სისხლი მიწიდან ზეცას შეღაღადებს და ჩვენ კაენის მსგავსად გაურბივართ პასუხისმგებლობას და თავდაცვის მექანიზმი ირთვება თავის მართლების სახით…

რით ვერ შევიყვარეთ უფალი…

რატომ არის რომ მლოცველები სამყაროში თანდათან კლებულობს და ღამის ბარებში და  კლუბებში ადამიანთა რიცხვი იზრდება…. გვიჭირს ლოცვაზე დგომა თუმცა  საათობით შეგვიძლია უცქიროდ გასართობ გადაცემებს… რატომ გვიჭირს შევიყვაროთ და ტვირთი შეუმსუბუქოთ ერთმანეთს… ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს….

დღეს ყველას ფიქრი და აზრი სამყაროში იმდინარე პროცესებისკენ არის მიმართული… კაცობრიობა ჩიხში შევიდა…. ბევრი მორწმუნე ადამიანიც კი პანიკამ მოიცვა.

დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთმანეთის გვერდით ყოფნა, ნუგეში, თანადგომა, თუნდაც ერთი ტკბილი სიტყვა….

მე ამჟამად შორს ვიმყოფები ჩემი სამშობლოსგან, ჩემი მრევლისგან, ჩემი ოჯახისგან და განსაკუთრებულად განვიცდი ამ ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მოგეფეროთ, განუგეშოთ და გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ და მენატრებით…. თქვენ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი ხართ, ვისანაც ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე, თქვენთან ერთად გავიზარდე და მოვედით დღევანდელ დღემდე… მცირე განსაცდელმა, რომელიც ღმერთმა დაუშვა ჩემზე, კიდევ უფრო დამანახა თქვენი ჩემდამი  სიყვარული რაც გამოიხატა იმ ასეულობით ზარით და ესემესით რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ თქვენგან. 

მინდა ყველას შეგეხმიანოთ სტრასბურგიდან მოგეფეროთ და გაგამხნეოთ. იმედია ბოლომდე წაიკითხავთ. მე ძალიან დამამშვიდა და გამაძლიერა დედა ვერონიკას სულიერმა დარიგებებმა და შევეცდები ეს სიმშვიდე თქვენც გადმოგდოთ. მთავარია არ ინერვიულოთ. დავით მეფსალმუნე ამბობს: მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ.  გვახსოვდეს, რომ განსაცდელები არასოდეს დაცხრებიან… მაგრამ ჩვენ არუნდა  შევშინდეთ, რადგან მათ სიკეთე მოაქვთ ჩვენთვის, გვწვრთნიან, გვავარჯიშებენ… ამიტომ ნუ შევშინდებით, სულიერ კლდედ უნდა ვიქეცეთ… არასოდეს, არასოდეს არ დავნებდეთ ბოროტებას! როდესაც დაღმართზე ნიაღვარი მოდის, მას პატარ-პატარა კენჭები მოყვებიან, ხოლო დიდი ქვები, ანუ “კლდეები” მტკიცედ დგანან და ნიაღვარს ეღობებიან… ამიტომ გევედრები, იმ სულიერ “კლდედ” იქეცი, რომელზეც, ღვთის შემწეობით, სატანური ნიაღვრის ყოველი შეტევა დაიმსხვრევა! შეიქენ კლდედ და ნუ შეშინდები… უფალი გიმზერს, გაკურთხებს, გვირგვინოსანგყოფს და გელოდება! იქეცი ქრისტიანულ “კლდედ”! გვასწავლის წმიდა მამები.

წმინდა სახარებაში, პირველი ადგილი სიყვარულს უჭირავს… ქრისტე თავად არის სიყვარული. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე დიდი სათნოება, მან უპასუხა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულიერი ძალით და შეიყვარო მოყვასი როგორც თავი შენი, ვინაიდან კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებას ეფუძნება. ყველა სათნოება კარგია, თუმცა ნებისმიერ კეთილ საქმეს, ნებისმიერ ქველმოქმედებას საფუძველი სიყვარულის გარეშე არ ექნება. სიყვარულია შენდობის თხოვნის საფუძველი, რადგან სიყვარულმა არ იცის რას ნიშნავს სიძულვილი… სიყვარულია – წყარო მოწყალებისა და ყოველგვარი სიკეთისა. სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუკი იგი სიყვარულით კეთდება… რა მშვენივრად წერს ერთი წმინდა მამა: “სიკეთე სიკეთეა მხოლოდ მაშინ, როდესაც “კეთილად კეთდება”. სულ პატარა სიკეთეს, რომელიც სიყვარულით კეთდება, დიდი ფასი აქვს. ამ დროს იგი ბრწყინვალე და ძვირფას საჩუქრად გადაიქცევა. სიყვარული სათნოებების “დედად” არის აღიარებული. სიყვარული სიხარულსა და გულს აფართოვებს… მათ საკუთარ თავში აერთიანებს… სიყვარულის ხალიჩა კი თავმდაბლობით იქსოვება… ყოველგვარ ცუდს სიყვარული შლის და ანადგურებს. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის ნაკლს აღმოაჩენს და მის განსაკურნებლად იღვწის… სიყვარული ჩვენს “უფლებებზე” მოყვასის შენობას, მის წინსვლას, მის ცხონებას აშენებს! ღვთისნიერი სიყვარული კი არ “კლავს”, არამედ მსხვერპლს გაიღებს ძმისთვის! ჭეშმარიტი სიყვარულისთვის სრულიად უცხოა სიძულვილი. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სიძულვილი არ შეუძლია. ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დაე შევიყვაროთ ყოველი ადამიანი! დაე ვიღვაწოთ, რომ საკუთარი “მე” დავივიწყოთ და მის ადგილას “ჩვენ” დავამკვიდროთ!

ვეცადოთ ცხონებას უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სათნოების საშუალებით. ჩვენს  მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს ის, თუ როგორ გავმდიდრდეთ სიყვარულით. თავად ღმერთია მასში, ვისაც აქვს სიყვარული, რადგან ღმერთი – “სიყვარული არს”… თუ ფული არა გაქვს, რომ მატერიალური მოწყალება გავცეთ, იცოდეთ, რომ ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი ლოცვა, ვინმეს მძიმე ხასიათის მოთმინებით ატანა, მოყვასისათვის გასაჭირში პრაქტიკული მხარდაჭერაც საკმარისია, რადგან მოწყალების გაცემა და სიყვარულის გამოხატულებაა…

ღვთისნიერი სიყვარული პატიობს შეცდომებს, “გადაეფარება” და მალავს მცირე ნაკლს, უთმობს სიჯიუტეს, არ განიკითხავს, ამსხვრევს ყოველ ეგოისტურ ქმედებას… რა ბრწყინვალედ ბრძანებს წმ. იოანე ღვთისმეტყველი: “ღვთის სიყვარულმა ზეცა მიწასთან შეაერთა…

ღვთის სიყვარულმა ადამიანი მეფის ტახტზე აიყვანა…

ღვთის სიყვარულმა ღმერთი მიწაზე გამოაჩინა…

 ღვთის სიყვარულმა მონა ბატონად აქცია…

ღვთის სიყვარულმა მტრების სიყვარულისთვის თავისი საყვარელი ძე გაიმეტა”…

სადღაც წავიკითხე: “სიყვარულზე რომ გიამბოთ – მარადიულობა არ გვეყოფა!” ნამდვილი სიყვარული, ლოგიკის ყოველგვარ კანონს არღვევს და საკუთარ გარემოში ღვთიური მადლი შემოჰყავს! უნდა , გიყვარდეს არა ანგარებით, არა ანგარიშის გაწევით, არა იმით, რომ “სიყვარული უნდა აჩვენო”, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მცნება აღვასრულოთ!

ერთმა ადამიანმა უფალ იესო ქრისტეს მიმართა: ყველგან მოვიარე, შევიძინე განათლება და სიბრძნე, მაგრამ სადაც კი გეძებე, ვერ გიპოვე! იესომ კი უპასუხა: – ადამიანი – შენი მოყვასი უფრო მეტად შეიყვარე და მაშინ მიპოვი!

წმიდა მამები გვასწავლის, დავუტევოთ წარსული – ღვთის მოწყალებას, აწმყო – ღვთის სიყვარულს და მომავალი – მის განგებას. მაშინ ყოველი დღე წინაზე უკეთესი და უბედნიერესი გახდება.

გავიხედოთ უკან, საუკუნეებს იქით, და ქრისტეს – ჩვენთვის ტანჯულს დავინახავთ! ავიხედოთ ზევით და ქრისტეს – ზეციური მამის წინაშე ჩვენთვის შუამდგომელს დავინახავთ , ჩავიხედოთ  საკუთარ თავში და ქრისტეს დავინახავთ, რომელიც ჩვენი გულის “კარზე” აკაკუნებს! გავიხედოთ წინ და ქრისტეს – ჩვენთვის მომავალს დავინახავთ!  გული არ გავიტეხოთ მწუხარება და ზოგადად განსაცდელები, საუკეთესო წამალია იმისათვის, რომ ამაყნი მუხლებზე დაგვაჩოქოს და ცოდვისაგან გაქვავებული გულები დაგვიმსხვრიოს… ყოველი დღე ღვთისაგან იმიტომ გვეძლევა, რომ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე გუშინ ვიყავით.

დღეს სამწუხაროდ ადამიანების დიდი ნაწილი ყველა დარდსა და სასოწარკვეთილებას მიეცა იცოდეთ, რომ გადამეტებული დარდის უკან, სიღრმეში, ეგოიზმი და სიამაყე იმალება. ამიტომ გევედრებით, არასოდეს, არასოდეს! არ იყოთ სასოწარკვეთილნი! მუდამ გახარებული იყავით! დილაობით, “მამაო ჩვენოს” კი ვამბობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, უყურადღებოდ ვართ, “ობლებივით” ვიქცევით! სადაც სიყვარული მცირეა, იქ შეცდომები – ბევრია და დიდი. სიყვარულის გარეშე ყველაფერი შეუძლებელია, ხოლო სიყვარულით – ყველაფერია შესაძლებელი. სიმდაბლის გარეშე ყველაფერი – არაფრად, ხოლო სიმდაბლით არაფერი – ყველაფრად იქცევა! გვასწავლის წმიდა მამები

დღეს ყველაზე აქტიურიაიოანე ნათლისმცემლის  სიტყვები: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა!

სინანულისა და აღსარების საიდუმლოს გარეშე ცხონება არ არსებობს. სინანული დედამიწისთვის ზეცის ყველაზე დიდი საჩუქარია. სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა, რომელმაც მოწყალება ქრისტესგან რწმენით ითხოვა! იუდა მოციქული იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაივიწყა, არად ჩააგდო ღვთის მოწყალება და დაიღუპა! მოციქული პეტრე – პირველი მოციქულთა შორის, მოღალატე გახდა, მაგრამ სასოწარკვეთას არ მიეცა! შეინანა! – და კვლავ მოციქული და ყველაზე დალოცვილი ადამიანი გახდა დედამიწაზე! ხედავთ, რისი გამოსწორება შეუძლია სინანულს?

საკმეველი იმისათვის რომ სურნელი გამოსცეს, ცეცხლზე უნდა დაიდოს… თავთავი იმისათვის რომ პურად იქცეს, წისქვილში უნდა დაიფქვას… მარმარილო იმისათვის რომ ქანდაკებად გადაიქცეს, უამრავ ნაწილებად უნდა დაიმსხვრეს… ყველაფერი ფასეული ცხოვრებაში, მრავალი გამოცდითა და მოთმინებით იქმნება!

არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში! ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს, სიბნელეს – განთიადი და სინათლე, დასავლეთს – აღმოსავლეთი, დაცემას – სინანული, ყოველ “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება, ყოველ ცრემლს – ღიმილი, ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის! არ არსებობს “აღდგომა” “გოლგოთის” გარეშე..

გაათავისუფლეთ თქვენი სულიერი სამყარო ყოველგვარი მწუხარებისა და შფოთისაგან, იცხოვრეთ მარტივად… აავსეთ თქვენი ცხოვრება სიყვარულით… მიმოფანტეთ ყველგან სიხარული და სინათლე..გვმოძღვრავს წმიდა მამები

ქრისტიანული სარწმუნოება ნუგეშისა და იმედის მტკიცე საძირკველია. რაც უნდა მოხდეს, სარწმუნოება გაძლევს ძალას, რომ თქვა: ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს – კურთხეულია… და კვლავ, ყველაფერს მომავლის რწმენით იწყებ.

ჩვენი რწმენა მაშინ უნდა გამოვამჟღავნოთ, როდესაც ყოყმანი გვეუფლება… მოთმინებას უნდა მოვუხმოთ, როდესაც თან გვდევს წარუმატებლობა… ღვთის განგებულება ვიწამოთ, როდესაც უიმედობის ტალღები “გვახრჩობენ”… ლოცვას უნდა მოვუხმოთ, როდესაც მტერს მოწყენილობისა და მარტოობის განცდის ალყაში სურს ჩვენი მოქცევა… სიყვარული მუდამ უნდა გავცეთ, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ ადამიანური ტკივილია გავრცელებული და სიბოროტე სხვადასხვა ფორმებით გვებრძვის. შესაძლებელია შენი პატივისცემა, გულწრფელობა, შენი ქრისტიანული მრწამსი უნებისყოფობაში ჩაგითვალონ, მაგრამ ყველანაირად ეცადე, რომ გულწრფელი დარჩე! შესაძლებელია ის, რაც შენ დიდი შრომის ფასად ააშენე, მტერმა ერთ ღამეში დაგინგრიოს, მაგრამ ყველანაირად ეცადე უშიშრად გააგრძელო შენება!“- წერს მამა ბასილი.

ღმერთი იქცა ადამიანად, რათა ადამიანი ღმერთად ქცეულიყო… იმისათვის, რომ გახდე ზეცის “მოსახლე”, ჯერ შენში უნდა დასახლდეს ზეცა! სიფრთხილეა საჭირო ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ვამბობთ, რომ “ქრისტიანულად” ვცხოვრობთ, მაგრამ რეალურად, ყოველ დღეს “მიწიერად” ვატარებთ. ვამბობთ, რომ ეკლესიის შიგნით ვიმყოფებით, მაგრამ “ბილიკებს”, რომლებსაც ყოველდღიურად ვსერავთ, ეკლესიის გარეთ მივყავართ…

საოცრად გამაძლიერა ამ სიტყვებმა როდესაც წავიკითხე, ვითხოვე უფლისაგან ძალა, რათა წარმატებისათვის მიმეღწია, მაგრამ …უძლურება მივიღე, მორჩილება რომ მესწავლა… კვლავ ვითხოვე ძალა, მაგრამ მან სირთულეები მომცა, რათა ისინი გადამელახა! ვთხოვე უფალს სიბრძნე, მაგრამ მან “პრობლემები” მომცა, რათა ისინი გადამეწყვიტა!… ვთხოვე უფალს ეკონომიკური კეთილდღეობა, მან კი შრომის უნარი მომცა! ვთხოვე უფალს გამბედაობა, მან კი საფრთხეები მომცა, რომ ისინი დამეძლია! ვთხოვე უფალს სიყვარული, მან კი მომცა რთული ადამიანები, რათა მათ დავხმარებოდი! ვთხოვე უფალს სიხარული, მან კი მომცა შანსი, რომ გამომეყენებინა! დიდი საქმეების საკეთებლად უფალს ჯანმრთელობა ვთხოვე, მაგრამ მან, საქმის უკეთ საკეთებლად, ინვალიდობა მომცა… ვთხოვე უფალს სიმდიდრე, რათა ბედნიერი ვყოფილიყავი… მან კი სიღარიბე მომცა, რომ დავბრძენებულიყავი… ვთხოვე უფალს ძალაუფლება იმისათვის, რომ ადამიანებს განვედიდებინე… მან კი უძლურება მომცა, რათა ღვთის საჭიროება შემეგრძნო… ვთხოვე უფალს ყველაფერი, რათა სიცოცხლეში გამეხარა… მან კი მომცა სიცოცხლე, რომ ყველაფრით გავიხარო! რაც კი ვითხოვე – არაფერი არ მომეცა… რაც მსურდა, ვერაფერი მივიღე… თუმცა მივიღე ყველაფერი, რაც ნამდვილად მჭირდებოდა! ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა… კურთხეულ არს სახელი უფლისა!…

მხოლოდ ერთი უბრალო “გამარჯობაა” საკმარისი იმისათვის, რომ როგორც შენი, ასევე შენი მოყვასის დღე გაალამაზო. ერთი ღიმილიც კი საკმარისია, რომ მას შვება მიანიჭო! საკმარისია მოყვასს ხელი გაუწოდო, რომ მას ტკივილი შეუმსუბუქდეს! მისთვის ერთი ლოცვაც კი საკმარისია, გაჭირვების დროს რომ სიხარულის ფრთები შეესხას!

ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეთ და არასოდეს არ დაკარგოთ დრო! დრო “კარგავს” მას, ვინც დროს კარგავს! ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ეს მშვენიერება კომფორტში და სიმდიდრეში კი არ არის, არამედ მხოლოდ – სიყვარულში. სიყვარული ყველაფერს “ალამაზებს“. ნამდვილი, ღვთისმიერი სიყვარული ყოველივეს გამოუთქმელ მშვენიერებას ანიჭებს… ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებას აზრსა და მიზანს აძლევს…

თუკი გამუდმებით შევთხოვთ უფალს დახმარებას, მაშინ მოვიპოვებთ ძალას, რომ მოვიცილოთ უსარგებლო სიტყვა – “არ შემიძლია”, რომელიც სიცოცხლისა და ზნეობრივი ბრძოლის უარყოფაა… “არ შემიძლია” – არის სილაჩრე, გაქცევა, უარყოფა, უმოძრაობა, მონობა, ეშმაკობა!, ხოლო სიტყვა – “შემიძლია” – ღვთის შემწეობით – არის სიხარული, თავისუფლება, მოძრაობა, შემოქმედება, წინსვლა და სიცოცხლე!

თუ ადამიანი ტკივილით არ განიწმინდება, ღმერთთან ვერ მიაღწევს… თუ ვინმე არ ავა “გოლგოთაზე”, თუ “ჯვარს არ ეცმის”, თუ განსაცდელების “ბრძმედში” არ გამოიწრთობა, ვერ შეძლებს მამა-ღმერთთან მისვლას… სამოთხის კარი ტკივილით იღება! ზეციური კარიბჭეები – მიწაზე “ჯვარცმულებით” იღება!

ყოველთვის ვიყოთ მომთთმენნი ….  მოითმინე! მოთმინება არის ის, როდესაც: გტკივა, მაგრამ ტკივილი ვერ გერევა, გტკივა, მაგრამ არ წუწუნებ, გტკივა, მაგრამ იღიმი, გტკივა, მაგრამ გამართულად დგახარ, გტკივა, მაგრამ ღმერთს ადიდებ, გტკივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისთვის იხარჯები, გტკივა, მაგრამ უდრეკი რჩები, გტკივა, მაგრამ მადლიერი ხარ, გტკივა, მაგრამ ლოცულობ… სირთულეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ამგვარად გამოხვალ… გამარჯვებული – მოთმინებით! “ვისაც სურს აღდგომა – გოლგოთა უნდა გაიაროს…”

საოცარი სწავლება აქვს წმიდა მამებს, გონიერი და ჭკვიანი ადამიანი აზრს იცვლის, ეგოისტი და უჭკუო კი – არასოდეს. იზრუნე, რომ საკუთარი ნაკლი დასაჯო იმისათვის, რომ მისგან არ დაისაჯო… ყოველ დღე ეცადე იპოვო წუთები, როდესაც განმარტოვდები, იქნები მშვიდად და ილოცებ… ეს ძალზე დაგეხმარება ღვთისა და საკუთარი თავის პოვნაში… მართლაც უცნაურია, რამდენი უნდა ვისწავლოთ, რომ გავიგოთ, თუ რა ცოტა ვიცით… ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში შენს თავს ჰკითხე: როგორ მოიქცეოდა ქრისტე შენს ადგილას? როდესაც ვლაპარაკობთ – ვთესავთ, როდესაც ვუსმენთ – ვიმკით… რომლის კეთება სჯობს? როდესაც იღებ, ხელები გევსება და როდესაც მოწყალბას გასცემ – გული…

ერთ დიდ ასკეტს ჰკითხეს: – მამაო, როგორ ცხონდება ადამიანი? მან თავი დახარა და უპასუხა: – სწორ გზაზე სიარულით… – და რომელია სწორი გზა? ასკეტი დაფიქრდა და ცოტა ხანში დაბეჯითებით თქვა: – აღმართი…!

გსურს დარჩე გამართული? – დაიჩოქე! გსურს ახვიდე მაღლა? – დაიჩოქე! გსურს ღვთის ხილვა? – დაინახე შენი ცოდვები! ზოგი ამბობს: ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და იქ იპოვეთ სიმშვიდეო; სხვები ამბობენ: გამოდით საკუთარი თავიდან და სიამოვნებებში იპოვეთ ბედნიერებაო… ზოგადად ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია: ბედნიერება არც ჩვენს შიგნით და არც ჩვენს გარეთ არ იმყოფება… ბედნიერება ჩვენში და ჩვენს გარეთ მხოლოდ ღმერთთან ერთადაა… ვისაც ბევრი აქვს გადატანილი, მრავალი ენის მცოდნეს ჰგავს, შესწევს ძალა ბევრს გაუგოს და ასევე, ბევრს ესმოდეს მისი… ღმერთს ადამიანები ტკივილის სიღრმეებში დასახრჩობად კი არა, განსაბანად შეჰყავს… სულის სიმშვიდესა და თავისუფლებაზე დიდი სიკეთე არ არსებობს…

არ არსებობს დაკეტილი კარი, რომელსაც სიყვარული ვერ გააღებს… სიყვარულის თავშიც და ბოლოშიც – სამოთხეა… რადგანაც სიყვარული – ღმერთია… არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთმა მიატოვა, არსებობენ მხოლოდ ადამიანები, რომლებმაც ღმერთი მიატოვეს… სულიერი ადამიანები წარმატებას ტკივილით აღწევენ, რადგან ტკივილი არის ძაფი, რომლისგანაც სიხარულის ქსოვილი იქსოვება.

ადამიანი – “ხატი” ღვთისა და მისი შემოქმედების მწვერვალი, რომელიც ცხონებისათვის იღვწის, ზეცაში იმ უჭკნობი გვირგვინით დაჯილდოვდება, რომელიც აქ, დედამიწაზე, განსაცდელებისა და მწუხარებების “ეკლებით” იქსოვება…

დაეხმარე… ურჩიე… განანათლე… აკეთე სიკეთე ყველგან და ყველასათვის.. არასოდეს დაგავიწყდეს უფლის სიტყვები: “… რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?” (მარკოზი 8,36). და ასევე, თვალწინ გქონდეს მოციქულ პავლეს შეგონება ტიმოთეს მიმართ: “ეკრძალე თავსა შენსა”.

ყოველთვის მიყვარდა გრიგოლი ღვთისმეტყველის წერილი,  კითხვები საკუთარ თავს… ალბათ გახსოვთ. ბოლო ტაეპს შეგახსენებთ, მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში შიშსა და ცრემლს მეუფეო ქრისტე, შენა ხარ ჩემი სიკეთე ჩემი   ნეტარება, ნეტავ მეღირსოს მრავალი განსაცდელის სანაცვლოდ სმუდამო გნსვენება  ვპოვო შენში

დაგიფაროთ მაცხოვარმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, შეგეწიოთ და განგანათლოთ, რათა აღასრულოთ თქვენი ცხოვრების ყოველი სათნო განზრახვა… ამინ!




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...