"თავად რომ მაღალი ხელფასები აქვთ და დანაყრებულები არიან, სხვებიც ასე ჰგონიათ"
"ყველას გეხვეწებით, ღვთისნიერო ადამიანებო, ვის როგორი საშუალებაც გაქვთ, დამეხმარეთ! დამეხმარეთ, რომ ცოტა ხნით მაინც შევინარჩუნო სიცოცხლე!" _ ამ სიტყვებით მომართა "გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მცხოვრებმა 55 წლის მთვარისა კუჭუხიძემ, რომელიც მძიმედაა ავად, ოჯახს კი არანაირი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია, რომ პურისა და ავადმყოფისთვის წამლის ყიდვა შეძლოს.
როგორც მთვარისა კუჭუხიძის მონათხრობიდან ირკვევა, მან დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებასა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მაგრამ ამას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით _ სამედიცინო პოლისი, რომლითაც მანამდე სარგებლობდა, გაუუქმდა:
"სოფელში ყველამ კარგად იცის, როგორ მიჭირს და რა პირობებში მიწევს ცხოვრება _ ავადმყოფ ადამიანს წამლისა და პურის ფული მაქვს სანატრელი. მესამე სტადიის სიმსივნე მაქვს, მარჯვენა ხელი გაჩერებული მაქვს. ლანჩხუთის მერიაში, დახმარების სათხოვნელად მისულს, ყურადღება არავინ მომაქცია, პირიქით, ამრეზით დამიწყეს ყურება _ კეთროვანივით მიყურებდნენ. ერთმა ისიც კი მითხრა, პარიკი გეყიდა და თავზე დაგეხურაო. ეტყობა, თავად რომ მაღალი ხელფასები აქვთ და დანაყრებულები არიან, სხვებიც ასე ჰგონიათ. პარიკის საყიდელი ფული რომ მქონდეს, თავს კი არ დავიმცირებდი და დახმარების სათხოვნელად კი არ მივადგებოდი მაგ გაზულუქებულებს. ეტყობა, არ იციან გაჭირვების გემო.
არავინ მოიტყუოს მერიაში და არ თქვას, დავეხმარეთო _ 200 ლარი მომცეს ერთჯერადად. ეს იყო და ეს _ სხვა თეთრიც არ გამოუმეტებია ვინმეს. ფულს ვინღა ჩივის, კეთილი სიტყვაც არ უთქვამთ", _ ტირილით გვიყვება მძიმედ ავადმყოფი ქალბატონი, რომლის ოჯახიც ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
მისივე თქმით, შემწეობის დანიშვნის თხოვნით განაცხადი შეავსო სოციალურ სააგენტოში, მაგრამ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რატომღაც მაღალი ქულები დაუფიქსირდა.
"ვერავისთან მივაღწიე სამართალს, ყურადღებას არავინ მაქცევს. სოციალურ სააგენტოში ხომ კარგად იციან, დახმარება რომ მეკუთვნის?! ჯერ მითხრეს, მიწა გაწერია ბევრი და შემწეობას იმიტომ ვერ მოგცემთო. მიწა გამოირიცხა. მერე თქვეს, 11 ლარის დენი გაქვს დამწვარი და ეს მაღალი მაჩვენებელიაო.
ეტყობა, სინდისი არც სააგენტოს და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ აქვს, თორემ ჩემს დღეში მყოფ ადამიანს დახმარებისა და ყურადღების გარეშე როგორ დატოვებდნენ?! მიხაროდა, შემწეობა დამენიშნება, წამალს და ერთ ტომარა პურის ფქვილს ვიყიდი,-მეთქი, მარა ოცნება ოცნებადვე დარჩა. მე დღეები მაქვს დათვლილი, მაგრამ უწამლოდ და შიმშილით არ უნდა ვკვდებოდე?!
გამაგებინონ, როგორ უნდა ვიარსებოთ! სამსახური მისცენ მაშინ ჩემს მეუღლეს, თუ დახმარების გაცემაზე უარს მეუბნებიან", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.
მთვარისა კუჭუხიძის პრობლემასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და გვითხრეს, რომ მას მუნიციპალიტეტი გასულ წელს 400 ლარით დაეხმარა, მიმდინარე წლის მარტში კი მერიამ შუამდგომლობით მიმართა სოციალურ სააგენტოს კუჭუხიძისთვის დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით.
სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებიდან მიღებული განმარტებით კი, ოჯახის ხელმეორედ გადამოწმება მხოლოდ მომავალი წლის აპრილის ბოლოდანაა შესაძლებელი, მანამდე კი ბენეფიციარს შეუძლია ჩაერთოს "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში":
"ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო "ოჯახის დეკლარაცია" (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად, 2019 წლის 28 აპრილს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 83 120 ერთეულით. "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, 2020 წლის 28 აპრილიდან.
ამავე დადგენილების შესაბამისად, ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო, ასევე, ოჯახის წევრზე თუ იქნება წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა 1V-100.
ასევე, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 31 მაისის #04–350/ო ბრძანების შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახს შეუძლია ჩაერთოს "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში", _ წერია სოციალური სააგენტოდან მიღებულ განმარტებაში.