„ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე, მე დავიჭერ პელეს-მეთქი!“

სპორტი

„ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე, მე დავიჭერ პელეს-მეთქი!“

2017 ივლ 29 13:52:41

რამდენიმე კვირის წინ ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა მორიგი „სიურპრიზი“ მოგვიწყვეს და ევროთასების ტურნირებში კიდევ ერთხელ „ისახელეს“ თავი. ბურთი მრგვალია და შეიძლება ძლიერ მეტოქესთან წააგო, მაგრამ ბოლომდე იბრძოლო და საკუთარ გულშემატკივართან თავი არ შეირცხვინო. ერთ დროს ქართული ფეხბურთი მაღალ დონეზე იმყოფებოდა და ჩვენი მობურთალებიც გამორჩეულ უცხოელ ფეხბურთელებს ტოლ-სწორად ეპაექრებოდნენ. იმდროინდელი პერიპეტიები მხოლოდ უფროსი თაობის გულშემატკივრებს ახსოვთ. სამწუხაროდ ამჟამინდელი ფეხბურთის თაყვანისმცემლები მომავალში შვილებსა და შვილიშვილებს, ქართველთა მიერ სლოვაკებთან თუ აზერებთან სამარცხვინო წაგებების შესახებ თუ მოუყვებიან.

დღევანდელ წერილში გამოჩენილი ქართველი მოთამაშეების მოგონებებს შემოგთავაზებთ, რომლებიც იმდროინდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან პაექრობებს გაიხსენებენ. ამჟამინდელი თაობისაგან განსხვავებით მათ მოსაგონარი ნამდვილად გააჩნიათ.

გიორგი სიჭინავა

„1965 წელს მოსკოვში ბრაზილიას ვეთამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, ბევრზე დამთრგუნველად იმოქმედა. მარცხენა მცველი გვყავდა, დანილოვი - მატჩამდე ხუთი დღით ადრე უთხრეს გარინჩას წინააღმდეგ ითამაშებო და კანკალი დააწყებინა! მერე ზოგს სიცხემ აუწია, სხვებს ტრავმები „გაუმიზეზდათ", მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი. რის ეშინოდათ, დღემდე ვერ ვხვდები - გეგონება ჩვენხელა ბიჭების კი არა, მხეცების წინააღმდეგ გადიოდნენ მინდორზე.

თამაშისწინა გარჩევაზე ბარქაიას ჟერსონის აყვანა დაავალეს, მე კი პელეს „დაჭერა" ვითავე არადა, პელეს დამჭერი მე კი არა, დედამიწაზე არავინ იყო! მწვრთნელმა გვითხრა, პელეს წინააღმდეგ ვინ ითამაშებსო და ხმა არავინ ამოიღო. მე კი ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე, მე დავიჭერ პელეს-მეთქი! ასე მოვხვდი ძირითადში. აბა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!

პელეს მაიკა? ჰო, თამაშის შემდეგ მე გამიცვალა მაისური. მოსკოვში 10 ათას მანეთს მაძლევდნენ სანაცვლოდ, მაგრამ არ გავყიდე. წლების მანძილზე გაგრაში მეკიდა ჩარჩოში ჩასმული. იქვე ჩემი და პელეს მატჩისშემდგომი ფოტო მქონდა გამოფენილი. ერთხელ სტუმრად ნაცნობი ქალბატონი გვეწვია და უყურა, უყურა ამ ფოტოს და მერე მეუღლეს ჰკითხა: შენი ქმარი რომელიაო?... ეჰ, კაი დრო იყო!“

რევაზ ძოძუაშვილი

„საუკეთესო მატჩი? ბევრგან დაწერილა, ხშირად მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ - 1969 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ჩავატარე, ისაა საუკეთესო. ჯორჯ ბესტი იყო იმ შეხვედრაში ჩემი მეტოქე, მას კი ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება - ლეგენდარული მოთამაშე იყო! სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ჩემი გამწესება ბელფასტში გამგზავრების წინა დღეს გადაწყდა. მაშინ გავრილ კაჩალინი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დამიბარა და მითხრა, ასე და ასე ვიფიქრეთ და აბა, შენ იციო. იქვე გამაფრთხილა - თუ ამოცანას თავს ვერ გაართმევ, ნაკრების მაისურს ვეღარ ეღირსებიო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩზე კი, მოსკოვში რომ იყო დანიშნული, ბესტი აღარ ჩამოვიდა. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. მეორე გოლი, თუ სწორად მახსოვს, გივი ნოდიამ გაიტანა.

ბესტის გარდა კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია: იუგოსლავიელ დრაგან ჯაიჩს ვგულისხმობ. ის 60-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ! თუმცა ალალად ვიტყვი: პირადად მე ბესტსაც და ჯაიჩსაც სლავა მეტრეველი და მიშა მესხი მირჩევნია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არც ბესტი და არც ჯაიჩი არ იყვნენ მეტრეველზე და მესხზე დიდი ფეხბურთელები! სხვა საქმეა, რომ ისინი ევროპაში თამაშობდნენ, ჩვენები კი საზღვრებჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.

წლების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს ბესტის გამოსახულებით. ერთი მეც გამომიგზავნეს ბარათით: ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და შეძლო მისი ნეიტრალიზება.

1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონის" გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი... სტადიონის გახსნის მატჩში ჩემს წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!

ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით? იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მესვება“.

თენგიზ სულაქველიძე

„ჩემს დროს საუკეთესო „პერსონალები" იტალიელი კლაუდიო ჯენტილე და გერმანელი ჰანს-პეტერ ბრიგელი იყვნენ. პირადად მე ჯენტილე უფრო მომწონდა - გასაქანს არ აძლევდა მოწინააღმდეგეს, ფაქტიურად, მასთან ერთად ფეხბურთელი უშანსოდ იყო. და არც ისე უხეში იყო, როგორც ამბობდნენ - ჯალათი და ძვლისმკვნეტელი ნაღდად არ ყოფილა. რაც შეეხება ბრიგელს, ცხადია ისიც დიდებული იყო: მაგალითად, შეტევაში ჯენტილეზე უკეთ ერთვებოდა.

1980 წელს პირველად ვითამაშე ლეგენდარულ „მარაკანაზე". ეს ჩემთვის გაუხუნარი მოგონებაა! როგორია, მატჩამდე სამი საათით ადრე სტადიონი რომ ივსება?! დაგაჭედილ არენებზე მანამდეც მითამაშია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი „დინამო" სულ სავსე ტრიბუნების წინ არ თამაშობდა?! მაგრამ „მარაკანა" სხვა განზომილება იყო, თან მეტოქესაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ტელე სანტანას ბრაზილია ძალიან ლამაზი და ძლიერი გუნდი იყო! სოკრატესი, ზიკო, ედერი, ჟუნიორი, ფალკაო... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოთელვაზე რომ გავედით მინდორზე, 130 ათასი კაცი გუგუნებდა! მე და საშა ჩივაძე მონუსხულები ვუყურებდით ტრიბუნებს, პირველ ტაიმში კი მთელი ნაკრები წესიერ პასს ვერ ვაკეთებდით... თავიდან ბრაზილიამ გაიტანა და ვიფიქრე, „გადაგვივლიან"-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ, მერე, ზიკომ რომ პენალტი ვერ გაიტანა, ცოტა გავთამამდით და საბოლოოდ 2:1 გავიმარჯვეთ! დიდებული საღამო იყო!

„მარაკანა" თუ „უემბლი"? ალბათ ბედნიერი ვარ ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე. ჩემთვის „მარაკანა" უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორ გითხრათ, ტევადობას რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო აურა ბრაზილიაში უფრო იგრძნობოდა - ფეხბურთი ბრაზილიაში ნამდვილი რელიგიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისელებს ნაკლებად უყვართ თამაში. „უემბლი" მხოლოდ ერთი რამით სჯობდა „მარაკანას" - ეს მინდვრის საფარია.

კარიერის განმავლობაში უამრავი ვარსკვლავის წინააღმდეგ გავსულვარ მინდორზე: ზიკო, ფალკაო, კიგანი... ნუ, მარადონაზე აღარაფერს ვამბობ - ის ფენომენი იყო!

დიეგოს ჩემი დახასიათება არ სჭირდება: ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დონის მოთამაშე იყო. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ამაში ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი. მის წინააღმდეგ ორჯერ არგენტინაში ვითამაშე, ერთხელ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ულევი ჯანის პატრონი გახლდათ, წამით მოადუნებდი ყურადღებას და მორჩა, დამთავრებული იყო ყველაფერი - ან ვინმეს გაიყვანდა მეკარესთან პირისპირ, ანაც კარისკენ გაისროდა!

მიმაჩნია, რომ მარადონას თამაშიდან „გამოთიშვა" გამორიცხული იყო. მაქსიმუმი, რაც მეტოქეს შეეძლო, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მისთვის ხელის შეშლა იყო. მარდონას მეტს ვერაფერს დააკლებდი. თქვენ გინახავთ ვინმეს მიერ გაჩერებული მარადონა? მე - არა.

ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელის ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე „მადანაშაულებდა". მას პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო „დამსაჯა" - გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი“.

რევაზ ჩელებაძე

„საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად ნიკიტა სიმონიანმა მიმიწვია. ბედნიერი ვარ, იმ გუნდში რომ მოვხვდი! ძალიან მაგარი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია და ამას ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ: მიშელ პლატინი, ალენ ჟირესი, ჟან ტიგანა, მარიუს ტრეზორი, გჟეგოჟ ლიატო, კაზიმერჟ დეინა, ზიკო, ფალკაო, სოკრატესი, ჟუნიორი... ფაქტიურად, იმ წლების მსოფლიო ვარსკვლავები! „მაკარანაზე" თამაში ხომ ფანტასტიკა იყო - 165 ათასი კაცი ესწრებოდა იმ შეხვედრას! მგონი, ის იყო პირველი და უკანასკნელი მატჩი, როცა საბჭოთა კავშირმა ბრაზილიას ბრაზილიაში მოუგო“.

ალექსანდრე ჩივაძე

„ლივერპულთან" ის ორი ლეგენდარული დაპირისპირება ჩემთვის დაუვიწყარია - ჩვენ პირველად ვხვდებოდით მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, „ლივერპული" კი მაშინ სწორედ ასეთი იყო. უნდა გენახათ რა სიტუაცია დაგვხვდა „ენფილდ როუდზე": სავსე, მოგუგუნე ტრიბუნები, თავზეხელაღებული ფანები... გულშემატკივრები ხელით გვიჩვენებდნენ, 10:0-ს მოგიგებთო... მეამაყება, რომ ასეთ თამაშში და ასეთ სტადიონზე გოლი გავიტანე: რეი კლემენსი შორეულ კუთხეში ელოდა დარტყმას, მე კი ახლოში დავურტყი. უნდა გენახათ რა მოხდა! გულშემატკივრები უცბად დადუმდნენ, რაღაცნაირი, შემზარავი სიჩუმე ჩამოწვა. მართალია მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც.

როცა მეტოქის კარს ვუახლოვდებოდი და დარტყმას დავაპირებდი, წამით პაუზას ვაკეთებდი და მერე, მეკარე რომ კუთხეს ირჩევდა, საპირისპირო მხარეს ვურტყამდი. კლემენსს სწორედ ასე გავუტანე და ბევრ სხვასაც, სხვათა შორის.

რატომ იყო ის „ლივერპული" დიდი გუნდი? ჯერ ერთი, უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავდა: კენი დალგლიში, გრემ სუნესი, ალან ჰანსენი, რეი კლემენსი... და მწვრთნელი? ბობ პეისლი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკოსად მიმაჩნია - მისი გუნდი მოკლე პასებით თამაშობდა და ბურთს ძნელად თმობდა. ამას დაუმატეთ დიდებული წარსული, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად „ენფილდ როუდზე" იგრძნობოდა... თბილისში „ლივერპულის" კარისკენ პირველ ტაიმში არც დაგვირტყამს, თუმცა ეს უიღბლობის ბრალი არ იყო - ასეთი ტაქტიკა აირჩია მწვრთნელმა. შესვენების შემდეგ ჩვენი შემჩერებელი აღარავინ იყო - ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გავიტანეთ!

„ჰამბურგზე" რა უნდა ვთქვა? მხოლოდ ის ფაქტი, რომ სწორედ ამ კლუბის მაისურით თამაშობდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მგონი, ყველაფერზე მეტყველებს. კევინ კიგანი დიდებული იყო, მაგრამ სხვებიც ძალიან ძლიერნი იყვნენ: რუდი კარგუსი, მანფრედ კალცი, ივან ბულიანი... ორივე შეხვედრაში უმაღლეს დონეზე ითამაშეს, ჩვენ კი, გუნდმა, რომელსაც ზედიზედ ოთხი პრინციპული მატჩი არასდროს ჩაგვეტარებინა, ვერაფერი გავაკეთეთ. ამიტომაც დავმარცხდით“.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...