ლანჩხუთელ კარატისტთა წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
ლანჩხუთელმა კარატისტებმა მედლები მოიპოვეს საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის გარდა ეგვიპტის, ყაზახეთის, რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ლანჩხუთელთაგან 6-7 წლიანებში შანსი არავის დაუტოვა დათო ჩხაიძემ, 4 ბრძოლა მოიგო, მათ შორის დაამარცხა აზერბაიჯანელი და ეგვიპტელი სპორტსმენები და ჩემპიონი გახდა. ამავე ასაკში კარგად იასპარეზა ცოტნე ხოფერიამ, რომელმაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა.
8-9 წლიანებში გვასახელა სანდრო სამსონიამ, რომელმაც შეუდრეკელი მებრძოლი სული აჩვენა, ურთულესი ფინალი მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამავე ასაკის გოგონებში ჩემპიონი გახდა ელენე კუნჭულია. ის ახალბედაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, მან ფინალი თავისზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს მოუგო და ღირსეული პირველი ადგილი დაიკავა.
მძიმე წონაში ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ლუკა ვანაძეს და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მე-3 ადგილი დაიკავა საბა მშვიდობაძემ. საბასთვის ეს პირველი შეჯიბრი იყო და შესაბამისად,ეს მისთვის ძალიან კარგი შედეგია.
16-17 წლის გოგონებში იხეირა ხატია გოგელიამ, რომელიც საქართველოს პრიზიორია. მას მეტოქეებად ეგვიპტელი, აზერბაიჯანელი და ქართველი სპორტსმენები ჰყავდა, რომელთა წინააღმდეგობა წარმატებით გადალახა და ჩემპიონი გახდა
გარდა ამისა კიდევ სამი ვიცე-ჩემპიონი გვყავს: 12-13 წლიანებში ნიკა ხიტირი, რომელმაც ფინალი ყაზახ მეტოქესთან დათმო; 14-15 წლიანებში ლაშა კოსტავა, რომელიც საქართველოს კარატეს ნაკრების კანდიდატია და ფინალი მის სანაკრებო კონკურენტთან დათმო; გიორგი მამინაიშვილი, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ კარგი ბრძოლები ჩაატარა და მეორე ადგილზე გავიდა.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კარატისტების მთავარი მწვრთნელია მერაბ თურქია. შეჯიბრზე მსაჯებად მიწვეული იყვნენ ლაშა ბერიძე და მანუჩარ ჩხაიძე.