„მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი“

სპორტი

„მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი“

2017 სექ 2 11:07:43

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მობურთალებს ჩვენში დიდება და პატივი არ აკლიათ. სამწუხაროდ, მედალს მეორე მხარეც აქვს. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და თავის დროზე, არაერთ ქართველ ფეხბურთელს მაღალჩინოსნებმა და თავად თბილისის „დინამოს“ ხელმღვანელობამ გული არაერთხელ ატკინეს. მართალია ხალხის სიყვარული იგივე გახლდათ, მაგრამ თავად მოთამაშეები დიდი ფეხბურთიდან გულდაწყვეტილები გაისტუმრეს. სიტყვა „გაისტუმრეს“ ვახსენე და გაიხსენეთ, რამდენი გამოჩენილი ფეხბურთელი მოაშორეს თბილისის „დინამოს“.

რომელი ერთი ჩამოვთვალო. მიხეილ მესხს როგორ მოექცნენ? მურთაზ ხურცილავა რა მიზეზით ჩამოაშორეს საყვარელ გუნდს? 30 წლის ილია დათუნაშვილი „მოხუცად“ რომელმა „ჭკვიანმა“ ფუნქციონერმა ჩათვალა? ამ სახის მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

დღევანდელ წერილში რამდენიმე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის მოგონებას შემოგთავაზებთ, რომლებსაც თავის დროზე გული დაწყვიტეს და მშობლიური „დინამოს“ კარი უცერემონიოდ და ყოველგვარი ბოდიშის გარეშე მიუხურეს.

მურთაზ  ხურცილავა

„შეგიძლიათ დაასახელოთ ფეხბურთელი, რომელიც „დინამოდან" გულნატკენი არ წავიდა? რომელი ერთი ვთქვა - შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე თუ მიშა მესხი? მეც მაიძულეს გუნდიდან წავსულიყავი, დამეტოვებინა კლუბი, რომელსაც 15 წლის მანძილზე ყოველდღე ერთგულად ვემსახურე! ოფიციალური მიზეზი არ გაინტერესებთ? თურმე, თანაგუნდელები ჩემთან საერთო ენას ვეღარ პოულობდნენ!

ცხადია, ყველამ მალე გაიგო რომ მურთაზ ხურცილავა „დინამოდან" წავიდა. არ დაგიმალავთ, შემეხმიანნენ კიევიდან და მოსკოვიდან - ასაკის კვალობაზე კარგი პირობებიც შემომთავაზეს, მაგრამ საქართველო არ დავტოვე. 1975 წლის დარჩენილი დრო პირველ ლიგაში ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოს" მაისურით. ეს გადაწყვეტილება ჩემი მეგობრის, ცხონებული გურამ ფანჯიკიძის რჩევით მივიღე - ის მაშინ ქუთაისში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოში" თავს ნორმალურად ვგრძნობდი, „დინამოდან" ჩემს გაშვებას მაინც ვერ შევეგუე და წლის ბოლოს კარიერაც დავასრულე.

უცნაურია, მაგრამ ფეხბურთიდან ჩემი გაცილების ცერემონიალი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიმართა: თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ჩვენმა „დინამომ" ითამაშეს. სწორედ ამ შეხვედრის წინ გადავეცი ნაკრების კაპიტნის სამკლაური ევგენი ლოვჩევს.

არ მიყვარს ამ თემის გახსენება, რადგან სხვა თუ არაფერი, როგორც კაცს, გული მწყდება: 1968 წელს „მილანი" მიწვევდა. მათ კარგად ახსოვდათ ჩემი თამაში ნაკრებში და საკმაოდ დიდ თანხასაც მიხდიდნენ, მაგრამ იმ დროს ამაზე ვერც ვიფიქრებდი. ჩემი თავი ჯანდაბას, ერთხელაც იქნებოდა, გავიპარებოდი სასტუმროდან და მერე რამენაირად ფეხს მოვიკიდებდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ აქ რა დღე დაადგებოდათ ჩემიანებს! 60-იან წლებში ხალხს ქურდობისთვის ხვრეტდნენ და „სამშობლოს მოღალატის" ოჯახს რას უზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!“

ილია  დათუნაშვილი

„დიდი ფეხბურთიდან 1967 წელს წავედი, 30 წლისა „მოხუცად" ჩამთვალეს. რა დავარქვა არც ვიცი, მოდა იყო თუ რა, მაგრამ 30-ს მიტანებული, უკვე ასაკოვნად ითვლებოდი და გუნდიდან წასვლას გაიძულებდნენ. ჩემი თაობა ყველა ამ ასაკში წავიდა, ზოგი უფრო ადრეც. მაშინ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდნენ. ჩემს მერე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს. მიშა მესხს რა უქნეს, ხომ გახსოვთ?“

გიორგი  სიჭინავა

„1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია - ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა - ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი - კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო... ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო - საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!

ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც" ჩაერივნენ სხვები და... მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.

ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ „ლელოში" ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი... წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას“.

კახა ცხადაძე

„საქართველოს ეროვნული გუნდიდან გულდაწყვეტილი წავედი. მახსოვს, ლონდონის „ფულემთან" მატჩში ტრავმა მივიღე, მეორე დღეს კი ფედერაციიდან დამირეკეს, რას შვები, არ მოდიხარ შეკრებაზეო. ვუთხარი, ტრავმირებული ვარ-მეთქი. ჰო, კარგიო და ყურმილი დაკიდეს. არც კი მკითხეს, რა მჭირდა... ნაკრების კაპიტანს ასე არ უნდა ექცეოდე! შესაძლოა იმ დროს ფედერაციაში თავიანთი პრობლემებიც ჰქონდათ, მაგრამ ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ამ დროს კი თანაგრძნობის ნაცვლად...

გუნდში ბოლოს 1998 წელს ვითამაშე და კარი მომიხურეს. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობდი სათქმელს. ჩვენი ფედერაცია მაშინ სულ ფულზე ტიროდა, მე კი ვეუბნებოდი, სად არის ის მილიონები, რაც ტელეტრანსლაციებიდან უნდა შემოდიოდეს-მეთქი?! თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გერმანიიდან ხშირად ჩამომიტანია გუნდისთვის მალამოები და სახვევები, არადა, ამის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო! სავარაუდოდ, ასეთი ამბების გამო გადაწყვიტეს ნაკრებიდან ჩემი გაშვება. ვლადიმერ გუცაევი, რომელიც მაშინ მთავარი მწვრთნელი იყო, ფედერაციის ხელში უბრალოდ იარაღი იყო.

გუცაევი რომ მოვიდა მთავარ მწვრთნელად, აღარ მიწვევდა. ბევრჯერ დავეკითხე მიზეზზე: თუ ჩემი მომზადების დონე არ გაკმაყოფილებთ, პირდაპირ მითხარით-მეთქი. ის პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. მეუბნებოდა, მჭირდებიო, მაგრამ მერე საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა“.

დავით მუჯირი

„26 წლის ვიყავი, „დინამოდან" რომ წავედი. პრინციპში, ფეხბურთელის კარიერაც მაშინ დავასრულე. 1982 წელი იყო, ერთ-ერთი გასვლითი შეხვედრის წინ საშინელი ამბავი შევიტყვე - ვახტანგ ქორიძეს მეუღლე გარდაეცვალა. ვახოსთან გამორჩეულად ვმეგობრობდი, ჩემი მეჯვარე და დათუნას ნათლია იყო... ვერ დავიძინე, სულ ტელეფონზე ვსაუბრობდი - ვახო მაშინ ბათუმში ცხოვრობდა... ნოდარ ახალკაცს ვთხოვე, სამძიმარზე გამიშვი-მეთქი. ფარსადანოვიჩმა, აქედან მიუსამძიმრეო. გამოვედი თუ არა მისი კაბინეტიდან, კადრების განყოფილებაში შევედი და განცხადება დავწერე“.

მანუჩარ მაჩაიძე

„საკავშირო ნაკრებში როგორ არ მიწვევდნენ, მაგრამ თბილისიდან მითხრიდნენ ძირს - მაჩაიძე არ გამოიძახოთო! ჩემიანებმა გამიმეტეს - აქ ხომ ყველა ჩემი მოწინააღმდეგე იყო!

1980 წელს, ოდესაში, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრაში მსაჯმა გამაძევა და დისკვალიფიკაციის გამო ორი შეხვედრა გამოვტოვე. „დინამომ" ორივე მოიგო და ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ გამოუცხადებელი აგიტაცია დაიწყეს, ვითომ უჩემოდაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. გუნდი მოწინააღმდეგე ბანაკებად გაიყო. ოპონენტებმა ჩემი კაპიტნობიდან გადარჩევა მოისურვეს. საამისოდ გუნდში არჩევნებიც „ჩატარდა". 20:10 მოვიგე და ხელახლა ამირჩიეს კაპიტნად, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ ორი კვირით, ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა დამიბარა და მითხრა, რომ გუნდიდან მიშვებდა. მიზეზი რომ ვკითხე, თურმე „თანამედროვე ფეხბურთის" თამაშში ხელს „ვუშლიდი". ამ საკითხთან დაკავშირებით არც მაშინდელი პრესა იშურებდა ჩემს მიმართ „ტკბილ" სიტყვებს და ყველას პირზე „თანამედროვე ფეხბურთი" ეკერა. ოპონენტები, ხალხი, ვინც მე მაკრიტიკებდა, თვლიდა, რომ თუ „დინამოდან" არ წავიდოდი, ქართული ფეხბურთი დაიღუპებოდა! სხვათა შორის, როცა გუნდში ვიყავი - მთელი 5 წლის განმავლობაში, თბილისში თამაში არ წაგვიგია! ჩემი წასვლის მომდევნო წლებში კი ჩვენი მოედნის ფაქტორი მეტოქეთათვის, რატომღაც, გაქრა!

ნოდარ ახალკაცს არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ეკუთვნის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 70-იანი წლების მიწურულის და 80-იანი წლების დასაწყისის წარმატებებმა იმ ფეხბურთელებზე გადაიარა, რომლებიც ახალკაცამდე 6-7 წლით ადრე მივიდნენ „დინამოში". მაგალითად, დავით გოგია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი გავრილ კაჩალინმა მიიყვანა გუნდში, ფირუზ კანთელაძე - სოლოვიოვმა, შოთა ხინჩაგაშვილი - გივი ჩოხელმა, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვიტალი დარასელია, ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე - მიხაილ იაკუშინმა. ეს იყო თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა როგორც საკავშირო შეჯიბრებებში, ასევე ევროპულ თასებზე. 1978-ში მოგებული ჩემპიონობის შემდეგ, 79-შიც შეგვეძლო იგივე, მაგრამ... ჩვენ რომ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელი გვყოლოდა, მიზანს მივაღწევდით!

აღზევების შემდეგ „დინამო" კატასტროფული სისწრაფით დაეშვა დაბლა. ამის შემდეგ ნოდარ ახალკაცი დროულად და სამართლიანად გაათავისუფლეს. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება - როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ეს, პირველ რიგში, მწვრთნელის ბრალია. შეიძლება ითქვას, რომ ახალკაცმა იმ დროისთვის თავის შესაძლებლობების და გამოცდილების ზღვარს მიაღწია. მე თუ მკითხავთ, ის გუნდში აღარც უნდა დაბრუნებულიყო. ვინც ის დააბრუნა, უდიდესი ცოდვა ჩაიდინა! ეს კია, რომ მაშინდელ სიტუაციაში ამგვარი გადაწყვეტილება ზემოთ მოკალათებულ ვიღაც ბიურკორატს აძლევდა ხელს, რომელიც ფეხბურთის გაგებაში არ იყო და ბრმად დგამდა ნაბიჯებს. ვიტყოდი, რომ სწორედ ამ უცოდინარობამ დაღუპა საბოლოოდ ქართული ფეხბურთი! გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უფრო უარესი გადაწყვეტილება მოგვიანებითაც მოხდა, როცა ნოდარ ახალკაცს უკვე დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი ქართული ფეხბურთის ბედი ჩააბარეს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

კლუბში მესამასე მატჩი რომ არ მეთამაშა, გუნდიდან გამიშვეს! ჩემზე მეტი „დინამოში" მხოლოდ გუცაევს აქვს ნათამაშევი. დააკვირდით დავით ყიფიანის, კახი ასათიანის სტატისტიკას. ნახეთ, ან სეზონიდან სეზონამდე, ან სსრკ თასზე რამდენ თამაშს ატარებდნენ... იმ წელს, თასი მეორედ რომ ავიღეთ, ყიფიანმა სულ ორი თამაში ითამაშა - ერთი შეცვლაზე, ფინალში და იქაც პენალტი ვერ გაიტანა. 1980-ში, გუნდიდან რომ არ გავეშვი, „შახტიორს" მარტო მოვუგებდი - ნახევარფინალში მათამაშეს და მერე გამიშვეს. ფინალში რომ მეთამაშა, თავს დავდებდი და იმ მატჩს არ წავაგებდით. თუმცა რა მაქვს დასამტკიცებელი - ნახეთ სტატისტიკა და თავად მიხვდებით, რა ვარსკვლავებიც გაუფეტიშა ხალხს უშიშროებამ.

ისე, რაზე მეცინება იცით? როცა ჩემი დროის „დინამო" კარგად თამაშობდა, ყველას უგებდა და პრიზებს აგროვებდა, „სტარამოდნი" ფეხბურთიაო - რუსები იძახდნენ და მერე, როცა ვარსკვლავების ხელში, სეზონში 16 თამაშის წაგება დაიწყეს, „პერსპექტივნაია და მოდნაია კამანდაო" დაარქვეს. აი, ასე მუშაობდა კაგებე... ის კი არა, „კორიფეები" პატიაშვილის სადღეგრძელოს პერსონალურად სვამდნენ ხოლმე 80-იანი წლების შუაში!“




 ახალი ამბები
  • სანდრა რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვხუმრობ თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. რულოვსი ამბობს, რომ არჩევნები მოიგო: „ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ, ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა ... ...
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...