გამოძალვა უკანონო კანონის სახელით

ჟურნალისტური გამოძიება

გამოძალვა უკანონო კანონის სახელით

1 იან. 1970, 04:00:00
რაუნდი I

საქართველოს პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს იმ ნაკვეთების დაკანონება შეეძლოთ, რომლებიც 2007 წლამდე ჰქონდათ ფაქტობრივ სარგებლობაში. ამ ნაკვეთების დაკანონება მხოლოდ შესაბამისი საბუთების და მოწმეების საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში წარმოდგენით გახლდათ შესაძლებელი. კომისია გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული და მისი შემადგენლობა სხვადასხვა დროს, კანონის თანახმად იცვლებოდა.

2008-2009 წლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, რომელსაც ქუთაისის პროკურატურა იკვლევს, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. სირაძის სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მასთან პროკურატურა ძალიან ლმობიერია და საპროცესო გარიგებასაც კი სთავაზობს, თუმცა, სირაძე, უკვე ერთი წელია მიმალვაშია. სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარეს ქუთაისელი პროკურორი ვალერი კუჭუხიძე წარმოადგენს, ხოლო სირაძის ინტერესებს სახაზინო წესით აყვანილი ადვოკატი, კობა ესაძე იცავს.

შოთა სირაძეს 332 მუხლის I ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ამავე ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვით.

პროკურორის განმარტებით, სირაძემ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, კანონის უხეში დარღვევით გაასხვისა სატყეო ზოლის მიწები და ასევე უკანონოდ გასცა მიწის საკუთრების 132 მოწმობა.

_ მიწების უკანონოდ გასხვისება საკამათო თემაა, რადგან კანონი აქ ცალსახაა _ თუ სირაძემ უკანონოდ გასცა, რატომ მოახდინა მისი რეგისტრაცია რეესტრმა? იქნებ, სირაძეს შეცდომა მოუვიდა? რეესტრს აქვს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, ყველაზე ბევრი მონაცემი და მას აქვს უფლება, არ დაარეგისტრიროს მიწა. ოზურგეთში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როცა რეესტრმა უარი თქვა მიწის რეგისტრაციაზე, რადგან გარკვეულ საკითხებში ეჭვი შეიტანა. ჩოხატაურის რეესტრს რატომ ერთხელაც არ გაუჩნდა ეჭვი და რატომ ერთხელაც არ გადაამოწმა, თუ სად და რას არეგისტრირებდა?! _ ბევრი კითხვა აქვს დაგროვილი შოთა სირაძის ადვოკატს, კობა ესაძეს.

კითხვები, რომელზეც პასუხი კარგა ხანია გაუცემელია, საზოგადოებასაც ბევრი აქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 132-ვე ადამიანს საკუთრებაში არსებული მიწის, ზედ დამაგრებული ქონებით სახელმწიფოსთვის ჩაბარება მოუხდა.

ყველა განცხადება ერთმანეთის იდენტურია, ერთი კალმით და ერთი სტილით არის ნაწერი. განსხვავება მხოლოდ ხელმომწერთა გვარებშია. 132 განცხადება ბახმაროში მიწის მოტოვების თაობაზე, საჯარო რეესტრში ერთ კვირაში, გასული წლის ოქტომბრის მიწურულს არის შესული. ამ ადამიანებისთვის არავის განუმარტავს, რატომ აბარებინებდნენ მიწებს ზედ დამაგრებული ქონებით, როცა დაკანონებისთვის საჭირო თანხა ბანკში სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შეიტანეს. მხოლოდ ის უთხრეს, რომ ბახმაროში მიწები უკანონოდ ჰქონდათ დაკანონებული.

ყველა ეს მიწა ბახმაროში, საკურორტო ზონაში მდებარეობდა და ამიტომაც, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება კურორტს ინვესტორს უთავისუფლებდა.

რაუნდი II

გასული წლის დეკემბრის პირველ კვირაში, ოზურგეთის პროკურატურაში ის ადამიანები დაიბარეს, რომლებსაც სხვადასხვა დროს, ლეგალიზაციის კომისიის მიერ 3 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწა ჰქონდათ დაკანონებული. ორკვირიანი დაკითხვების შემდეგ, სახელმწიფოს სასარგებლოდ 17-მა მოქალაქემ მიატოვა ქონება. მიუხედავად იმისა, რომ 17-ივეს მიწა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ყველანაირი კანონის დაცვით, ლეგალიზაციის კომისიის (და არა მხოლოდ თავმჯდომარის) მიერ შედგენილი ოქმის თანახმად ჰქონდათ დარეგისტირებული.

ამ მიწებს ეს ადამიანები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ _ ზოგს ხეხილი ჰქონდა ზედ გაშენებული, ზოგს _ ვენახი, ზოგი საყანედ იყენებდა. იყო ისეთი მესაკუთრეც, რომელსაც ამ მიწაზე სასადილო ჰქონდა გახსნილი და მიწასთან ერთად, ქონების ჩაბარებაც მოუხდა.

ამ ადამიანების უმრავლესობა საჯარო კომენტარზე უარს ამბობს მოტივით: "ზედმეტი შარი არ გვჭირდებაო". პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ მათზე სერიოზული ზეწოლა მოახდინა.

_ დამემუქრნენ, თუ მიწას და ჩემი შრომით შეძენილ ქონებას არ ჩავაბარებდი, ჩემს შვილს, კუთვნილ მაღაზიაში საგადასახადო შემოწმებას ჩაუტარებდნენ, სადაც მისი სოლიდური დავალიანება გაირკვეოდა ბიუჯეტის მიმართ, რომლის ჯამი, ჩასაბარებელი მიწის და ქონების ღირებულებას ბევრად აღემატებოდა, _ გვითხრა ერთ-ერთმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები გური კუკულავა ერთ-ერთია იმათგან, ვისაც პროკურატურამ მიწის ჩაბარება მოსთხოვა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოვლა ვერ შეძლო და სახელმწიფოს ამიტომ ჩააბა. ჩააბარა და 10 ლარი სახელმწიფოს დამატებით გადაუხადა.

კუკულავასთან ერთად, მიწა ჩააბარა მისმა ბიძამ, ვაჟა კუკულავამაც.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრებ სოლომონ ბერძენიშვილს ქვიშის კარიერის ჩაბარება მოუხდა, რომელიც საკმაოდ შემოსავლიანი იყო. ბერძენიშვილი კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა, როგორც გავიგეთ, პროკურატურამ მისი "დანაშაული" მხოლოდ იმაში სცნო, რომ იქ, სადაც კარიერი და შესაბამისი დანადგარები ჰქონდა, ღობე არ იყო შემოვლებული.

კიდევ ერთ რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის გახმაურება არ სურს, ამბობს, რომ პროკურატურამ დაშინების გზით, ბაბუას დანატოვარი ქონება ჩააბარებინა:

_ საკმაოდ სერიოზული მეურნეობა _ კივის პლანტაციები მქონდა გაშენებული. 90-იან წლებში ბაბუაჩემმა გააშენა. ეს იყო ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი. უკანონოდაც არაფერი დამიკანონებია. ყველა დოკუმენტი ხელთ მქონდა, თუმცა, ოზურგეთის პროკურატურაში მითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ჩაბარებაზე უარს ვიტყოდი, ჩემი შვილის ავტომობილში იარაღს ან ნარკოტიკს "იპოვიდნენ".

ამ ადამიანებთან საუბრისას, პროკურატურა მხოლოდ ერთ განმარტებას აკეთებდა _ მიწები უკანონოდ იყო დაკანონებული. თუმცა, რომელი კანონი ირღვეოდა და როგორ უნდა მოქცეულიყო მესაკუთრე კანონიერად ქონების მისაღებად, არავის უთქვამს. ჩვენთან საუბარში პროკურატურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძალადობით არაფერი გაკეთებულა და მიწა ყველამ თავისი სურვილით ჩააბარა!

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამარ კორძაია ამბობს, რომ არარეალურია სოფელში მცხოვრებ ადამიანს თავად გაუჩნდეს მიწის მიტოვების სურვილი.

_ ადმინისტრაციული კანონმდებლობა იცნობს ასეთ ტერმინს _ კანონიერი ნდობა. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ მოქალაქემ არ იცის და არც შეიძლება ცოდნოდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო იღებდა უკანონო გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით ეს მოქალაქე იღებს სარგებელს, მაშინ ამ ადამიანს გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონიერი ნდობის უფლება; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს. თუ კომისიის თავმჯდომარე იღებდა უკანონო გადაწყვეტილებას, მაშინ ეს აქტები ან უნდა გაუქმებულიყო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სამართლებრივად ძალიან რთული დასასაბუთებელი იქნება ჩოხატაურში, ან ეს მიწები უნდა დარჩეთ მესაკუთრეებს და დაიჭირონ ის თავმჯდომარე. ეს იქნებოდა სწორი სამართლებრივი გამოსავალი, მაგრამ ეტყობა ხელისუფლებას მიწისადმი აქვს მაღალი ინტერესი და შესაბამისად, აიძულა ეს ხალხი მიეტოვებინა ქონება. სამართლებრივად ამ ადამიანებმა გამოხატეს საკუთარი ნება და მიატოვეს ქონება, მაგრამ არარეალურია სოფელში ადამიანმა მიწა მიატოვოს, ანუ მიაგდოს და არ გამოიყენოს; განსაკუთრებით ისეთ მცირემიწიან რეგიონში, როგორიც გურიაა. კარგით, შეიძლება ზარმაცია და მიატოვა, მაგრამ ჯერ იურიდიულად საკუთრებაში გაიფორმოს და მერე ადგეს და ეს მიტოვება იურიდიულად სწორი ფორმით გააფორმოს, უბრალოდ, ეს სხვა პირის, გარეშე ნების ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია მოხდეს, არსებული კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით. ადამიანი, ვინც დაწერა განცხადება მიტოვებაზე, ვერ იდავებს. თუ დაამტკიცებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას ან მუქარას, კონკრეტული პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შემდეგ, შესაძლებელია საუბარი დაბრუნებაზე, რაც ნაკლებად რეალურად მეჩვენება, _ აღნიშნავს იურისტი.

რაუნდი III

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიწების წართმევის მესამე რაუნდი რამდენიმე თვეში დაიწყება. პროკურატურა, ამ ეტაპზე, მოსახლეობის მიერ დაკანონებულ ნაკვეთებში "უკანონო ფაქტებს" სწავლობს და სავარაუდოდ, მალე რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა, ზედ დამაგრებული ქონებით, ისევ სახელმწიფოს კუთვნილებაში აღმოჩნდება. ისევ ერთი სტილის განცხადებებით ჩამბარებლებს, მიწის ჩაბარებასთან ერთად, ისევ მოუწევთ 10 ლარის გადახდა. სანდო წყაროს ცნობით, პროკურატურის მიერ გამზადებულ ნუსხაში, ამ ეტაპზე, გურიის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები 21 მიწის მესაკუთრეა. წყარო ამბობს, რომ 21-ივეს ნაკვეთზე თხილის პლანტაციები აქვთ გაშენებული.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ ჩაბარების განცხადებები არ უნდა დაწეროს:

_ ადამიანებმა არ უნდა დაწერონ ასეთი სახის განცხადებები. თუ მათ მიმართ ძალადობა და მუქარა იქნება, აუცილებლად ჩაიწერონ, რათა შემდეგ თავიანთი სიმართლის დამტკიცება შეძლონ.

მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 2012 წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მიტოვებულ (?!) მიწებს აუქციონზე გამოიტანს გასაყიდად და საარჩევნო ყულაბასაც შეავსებს. თუმცა, კომპეტენტური პირები ამტკიცებენ, რომ უკანონობის სახელით, ძალადობრივად წართმეული მიწების პოტენციური მფლობელები უკვე გარკვეულია და ამ ნაკვეთებს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები შეიძენენ.




 ახალი ამბები
  • თელავის საკრებულოს წევრი დააკავესთელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამოძიებამ ახლა დაადგინა" -"კაწროს" გამოკითხვა დასრულდაავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა. მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. „მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა. გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ.  ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს  გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ... ...
  • სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება ოზურგეთშიამ წუთებში ოზურგეთში თაყაიშვილის 2 ნომერთან სასწრაფოს, სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც შემთხვევის ადგილზე, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მიიღეს ინფორმაცია გაზის ბალონის აფეთქების შესახებ, თუმცა, ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ შეტყობინება ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...