დევნილთა საცხოვრებლებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

ჟურნალისტური გამოძიება

დევნილთა საცხოვრებლებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

28 ოქტ. 2015, 16:40:30

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები დღესაც უკიდურესად მწვავედ დგას, რადგან წლების განმავლობაში არ არსებობდა დევნილთა პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება და სახელმწიფო სტრატეგია.

მაგალითისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი დევნილთა განსახლების უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ეს თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. სწორედ ამის გამო, 2012 წლის ბოლოსთვის 85 953 დევნილი ოჯახიდან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა მხოლოდ 23 973 ოჯახი, ბინის სანაცვლოდ კი, ფულადი კომპენსაცია  5 155 ოჯახმა მიიღო.

დღეს ქვეყანაში 260 000-მდე რეგისტრირებული დევნილია, მაგრამ სამინისტროს მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

რა სტარტეგია აქვს სახელმწიფოს დევნილთა განსახლებისთვის და იხარჯება თუ არა მათთვის განკუთვნილი თანხები მიზნობრივად, ამის შესახებ "გურია ნიუსის" კვლევიდან შეიტყობთ.

სამინისტროს ბიუჯეტი და შემოწირულობები დევნილებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  დევნილთა სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი,  2014 წელთან შედარებით,  20 მილიონი ლარით გაიზარდა და  70 მილიონი ლარით განისაზღვრა. 
მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის მომატება გაზრდიდა შესაძლებლობებს, რომ დევნილთა  განსახლებასთან დაკავშირებული მწვავე მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო.

გარდა ამისა, ევროკავშირის (EU)დაფინანსებით,  იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით, ამ ეტაპზე,  სექტორული პოლიტიკის დახმარების მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს 2012 წლის ოქტომბერი - 2015 წლის დეკემბრის პერიოდს და ხელშეკრულების ღირებულება  19 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული თანხა  მთავრობაზე სამ ტრანშად გადანაწილდა, პროექტის მიზანი კი, სამინისტროსთვის  დევნილთა დახმარების ღონისძიებების ეფექტური განხორციელებისათვის შესაძლებლობების შექმნა იყო.

ამ დახმარების გარდა, აშშ-ის განვითარების სააგენტომ (USAID) იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი განსახლებისთვის 34 668 597 მლნ დოლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 6.8 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, USAID-მა 2013 წელს დაასრულა 10 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის რეგიონში 400-მდე ოჯახისთვის.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) (მაისი 2012 – დეკემბერი 2014) 30 მლნ. შვედური კრონა (4 404 864 აშშ დოლარი) გამოყო. თანხა სრულად იქნა ათვისებული.

ეს იმ თანხების არასრული ჩამონათვალია, რაც დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამებისთვის გამოიყენა. თუმცა, როგორც სამინისტროში, განმარტავენ, დევნილთა დასაკმაყოფილებლად სამუშაოები გრძელდება და მათ უზრუნველყოფას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. გეგმის შეუსრულებლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, სამინისტროში გარკვეულწილად გაუთვალისწინებლად წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებენ.

წამგებიანი ტენდერები

უმთავრეს პრობლემად, რის გამოც, ამ დრომდე ვერ მოხერხდა დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი, სამინისტრო იმ კომპანიების საქმიანობას ასახელებს, რომელთანაც სატენდერო ხელშეკრულებები გაფორმდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 6-მა ხელშეკრულებამ, რომელიც სამ კომპანიასთან გაფორმდა, პრობლემები შექმნა. არამიზნობრივად გაიხარჯა სამინისტროს მიერ წინასწარ გადარიცხული თანხები. რის გამოც, სამართალმდაცავმა ორგანოებმა, გამოძიება დაიწყეს. კომპანიების ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს მაღალჩინოსნები პასუხისგებაში არაინ მიცემულები. ძიება კვლავ მიმდინარეობს.

თუმცა, სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ტენდერები წესების სრული დაცვით გამოცხადდა და ჩატარდა, კომპანიებთან პრობლემების წარმოქმნისთანავე კი მათ საგამოძიებო უწყებებს თავად მიმართეს. ამ დროისთვის, პასუხისგებაშია მიცემული, სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის 5 პირი, მათ შორის, ორი დეპარტამენტის თავმჯდომარე, ორი სამმართველოს ხელმძღვანელი და ერთი რიგითი თანამშრომელი. ასევე კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ქვეყნიდან გაქცეულები არიან. პროკურატურაში ჯერჯერობით გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

სამინისტროს გარდა, სამართალდამცავ ორგანოებს ანგარიშები მოსაკვლევად და გამოსაძიებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გადაუგზავნა.

 2015 წლის ივნისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისობის აუდიტი დაასრულა. რითაც დადასტურდა, რომ არა მარტო მოქმედი ხელისუფლებისა, არამედ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც, დევნილებისთვის განკუთვნილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
როგორც აუდიტორი ზურაბ მაისურაძე აცხადებს, სამინისტროს მიერ 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა.
"მათ შორის, დარღვევები დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვებში: კერძოდ, 2011-2012 წლებში სამინისტრომ დევნილთა სასარგებლოდ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებები გაუფორმა ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნდათ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2,037,538 ლარი. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ... "მეგკოს" და ... "მე-სას" აქვთ საერთო იურიდიული მისამართი, ასევე, შპს "მე-სა"- ერთ-ერთი დირექტორი წარმოადგენს შპს "მეგკო"- 100%-იანი წილის მფლობელს. აუდიტის ჯგუფმა აღნიშნულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ანალიზისას გამოავლინა, რომ მოცემული მომსახურების ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სულ მცირე 654,361 ლარის მოცულობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა", _  განაცხადა მაისურაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა გამოვლინდა, რომ 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების უმეტესობა გაფორმებული იყო კომპანიებთან, რომლებიც არაპირდაპირ სამინისტროს თანამშრომელთან იყო დაკავშირებული.
"2013 წელს სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმდა 42 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 21,430,384 ლარი. ხელშეკრულებების ღირებულების 53% გაფორმდა ორ კომპანიასთან, შპს "NBG" და შპს "ნიუ კონსტრაქშენი", რომლებიც არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ სამინისტროს იმ თანამშრომელთან, რომელსაც ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება. მოცემული კომპანიები (შპს "ნიუ კონსტრაქშენი" და შპს "NBG"-) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ და შესაბამისად მსხვილ კონტრაქტებს იგებდნენ  2013 წელს, სწორედ ამავე პერიოდში დაინიშნა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესყიდვების და საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით მენეჯმენტთა ახალი შემადგენლობა", _ აღნიშნა აუდიტორმა და დასძინა, რომ შემოწმების შედეგად სამინისტროს მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაც დაფიქსირდა. 

"2011-2012 წლებში შპს "მონოლითმშენ"-თან და შპს "იკა"-სთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს. აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2,621,757 ლარი.

ასევე, სამინისტროს მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა კომპანიების მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 59,544 ლარის გადახდა

გარდა ამისა, 2011 წელს სამინისტროს მიერ მისი ცენტრალური აპარატის . გორში განთვასებასთან დაკავშირებით . გორში გორკის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების შემდეგ შენობა გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამისად 2011 წელს გაწეულმა არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 4,046,018 ლარი", - განმარტა ზურაბ მაისურაძემ.
მისივე განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის პროცესშიც.
"კერძოდ: ხუთ დევნილ ოჯახს, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ საკუთრებაში გადაეცა ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი. ასევე გამოვლინდა 6 შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ამასთან განხორციელდა საცხოვრებელი ბინის დაკანონება. იყო შემთხვევა, როცა 13 დევნილ ოჯახზე 2-ჯერ მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, რის შედეგადაც ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ შეადგინა 130,000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა ფაქტი, როცა საცხოვრებელი ფართები დაკანონებული ჰქონდა 4 ისეთ ოჯახს, რომლებსაც შეუწყდათ დევნილის სტატუსი", - განაცხადა აუდიტორმა.

დევნილებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში საპარლამენტო უმცირესობაც ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა 2015 წლის 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის თანხები გაფლანგა.

 "სახეზე გვაქვს დაუდევრობა, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. თანხების გამოყოფის შედეგად არცერთი სამუშაო შესრულებული არ არის. დევნილთა და განსახლების სამინისტრო როგორც წესი ახორციელებს შენობების რეაბილიტაციას, მშენებლობას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და ის დოკუმენტები რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნავს როგორ უდიერად და უპასუხისმგებლოდ  ეპყრობა დევნილთა სამინისტრო დევნილთა განსახლების თემას", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნადირაშვილმა.

დეპუტატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,  სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 იანვარს გამოცხადდა ტენდერი გორში ცხინვალის გზატკეცილის 14 ნომერში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1.859.081 ათასი ლარი იყო. ტენდერში კომპანია - შპს NBG-მ გაიმარჯვა, გამარჯვებულის ფასი - 1.100.000 ათასი ლარია. კომპანიასთან ხელშეკრულება კი, 2014 წლის 6 მარტს გაფორმდა და მისი ჩაბარების ვადა 2014 წლის 03 აგვისტო იყო.

"სახელშეკრულებო ღირებულება 1.100 000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად და შენობას თითი არ აქვს დაკარებული და ისევ ისე გამოიყურება", _ აცხადებდა ნადირაშვილი.

მისივე თქმით, ასევე ტენდერი გამოცხადდა  ქუთაისში, ნიკეას . 21-ში, ყოფილი "აისი"- ქარხნის შენობის გასარემონტებლადაც, სადაც 96 ბინის რეაბილიტაცია იგეგმებოდა.

"სატენდერო ღირებულება 2.712.611 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ნიუ ქონსტრაქშენი", გამარჯვებულის ფასი - 1.920.000 ათასი ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა  2013 წლის 29 აგვისტოს. ობიექტის ჩაბარების ვადა - 2013 წლის 27 დეკემბერი იყო. სამუშაოების ღირებულება 1.920.000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად, მათ შორის პირველი გადახდა 576 000.00 ლარი ავანსად. დღეს არსებული მდგომარეობით ობიექტი დაკონსერვებულია ,შემდგომი ბედი კი  უცნობია", _ ამბობდა ნადირაშვილი.

მისივე თქმით,  ასეთივე სიტუაციაა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზეც, სადაც  72 ბინის საპროექტო დაგეგმარება უნდა განხორციელებულიყო.

"სატენდერო ღირებულება 1 699 294.00 ლარი; გამარჯვებული კომპანიის ფასი 1 174 764.00 ლარი; გამარჯვებული კომპანია შპს "NBG"; შენობის რეაბილიტაციის ღირებულების 100% 1 174 764.00 ლარი გადახდილია მთლიანად ავანსად. სამინისტრომ იმის გამო რომ ამ თანხით ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების შესრულება, რომელიც ავანსად გასცა, იგივე შენობაზე გამოაცხადა  ხელმეორე ტენდერი ღირებულებით 505.367 ათასი ლარი", _ აცხადებდა ნადირაშვილი.     

ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ასევე წარუდგინა ვაზიანის ტერიტორიაზე არსებული კიდევ სამი ობიექტის სატენდერო ღირებულებები და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციაც:

"კიდევ ერთი ობიექტი ვაზიანის სამხედრო დასახლება
კორპუსი №2 და კორპუსი №3;   ტენდერში გამარჯვებული კომპანია - კვლავ  შპს "NBG"; სატენდერო ღირებულება 3 497 740.00 ლარი; გამარჯვებულის ფასი 2 640 000.00 ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 8 ოქტომბერს, ჩაბარების ვადა კი, 2014 წლის 3 ივნისი იყო.

შენობების ამჟამინდელი მდგომარეობა - მიტოვებული, ინგრევა, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 2 640 000.00 ლარი გადახდილია მთლიანად, სამი გადარიცხვით, სამივე ავანსად.

ასევე, ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №5 და №6;
კონტრაქტორი კომპანია / "ტრანსმშენი"; საკონტრაქტო ღირებულება 2 418 000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა    2014 წლის 30 მაისი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით, 2 ტრანშით, ავანსად.

ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №1 და №4; კონტრაქტორი კომპანია შპს "ნიუ ქონსტრაქშენი"; საკონტრაქტო ღირებულება  960 000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა 2013 წლის 2 დეკემბერი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100%-ით, ავანსად", _ აღნიშნა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ეს ხელშეკრულებები ფორმდებოდა 2013 წლიდან, როცა მინისტრი იყო დავით დარახველიძე და იგივე ტენდენცია გააგრძელა სოზარ სუბარმაც.

"მის დროსაც გაფორმებულია ხელშეკრულებები შენობების რეაბილიტაციისთვის საერთო ღირებულება თანხის არის 10 მილიონზე მეტი. ეს თანხები გაცემულია უმეტეს შემთხვევაში 80% ავანსად  და ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში  არცერთხელ სამუშაოები არ არის შესრულებული და მდგომარეობა იმ ობიექტების რომლის რეაბილიტაციას უნდა მომხდარიყო  არის სავალალო. ამის შედეგია ის რომ 500 ოჯახი რომელიც ელოდებოდა ამ შენობების რეაბილიტაციას, დღეისთვის დარჩენილია უსახლკაროდ და შესახლებულია სხვადასხვა ფართებში. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის კორუფციული სქემა რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში ეს  არის საგანგაშო ფაქტი ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და მივმართავთ პროკურატურას გამოიძიოს სოზარ სუბარის და მისი წინამორბედის დროს როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა", _ აცხადებდა ნადირაშვილი.

"გურია ნიუსმა" ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გადაამოწმა. მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა ჩვენთან საუბარში ირმა ნადირაშვილის განცხადების ნამდვილობა ნაწილობრივ დაადასტურა და განმარტა, რომ პრობლემურმა კომპანიებმა მართლაც შექმნეს სიძნელეები, თუმცა სამინისტროს ხელმძღვანელობა რომ  ხელს არავის აფარებს და მათი ინიციატივით არის რეაგირებები გაკეთებული, რასაც ამ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობა ადასტურებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრობლემური სულ 6 ხელშეკრულება იყო, რომელიც  სამ კომპანიასთან გაფორმდა, ეს კომპანიებია: "ნიუ კონსტრაქშენი", "NBG" და "ტრანსმშენი". სულ ხელშეკრულების ღირებულება 10  212 000 ლარი. ამ ხელშეკრულებებიდან შპს "ტრანსმშენს", ვაზიანში, ხელშეკრულების ღირებულებით 2 მილიონ 418 ათასი ლარი სრულად აქვს შესრულებული სამუშაო.

ორმა კომპანიამ, "ნიუ კონსტრაქშენმა", "NBG"-მ  არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. როგორც კი ეს გამოვავლინეთ, ორივე კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებებში გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

 "NBG"-ს  ხელმძღვანელობა პასუხისგებაშია მიცემული, მათთან ერთად, პასუხისგებაში მიცემულია სამინისტროს თანამშრომლები - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თემურ მაღალდაძე და სპეციალისტი რატი სვანიძე.

"გურია ნიუსის" კითხვაზე - 10 მილიონ 212 ათასი ლარიდან რა თანხის სამუშაოა შესრულებული და რა თანხაა დაბრუნებული ბიუჯეტში, მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა: _ 10 მილიონ 212-დან არის 5 მილიონ 520 ათასი ლარის სამუშაო შესრულებული. ბიუჯეტში დაბრუნდა 2 149 429 ლარი; დასაბრუნებელია 2 553 118 ლარი, რის გამოც, დღეს სამინისტროს  სასამართლო დავები აქვს ამ კომპანიებთან.

იმ ობიექტებზე, სადაც შეჩერდა სამუშაოები,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით ზუსტად დადგინდა ამ ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები და რაც ჰქონდათ შესრულებებში  დაფიქსირებული თანხები უფრო ნაკლები გამოუვიდათ დანახარჯი, ამან გამოიწვია დასაბრუნებელი თანხის  გაზრდა.

მათ შორის არის "NBG"-ს ვაზიანის ობიექტი, რომლის საგარანტიო თანხა სრულად დაბრუნდა - 1 მილიონ 622 ათასი ლარი. ასევე დაბრუნებულია "ნიუ კონსტრაქშენის" ნიკეას ობიექტის თანხა 526 ათასი ლარი.

პრობლემური ობიექტები რაც არის, მაგალითად, რკონში, დაუბრუნდა ეკონომიკის სამინისტროს.  აქ  1 მილიონ 100 ათასიანი ხელშეკრულებიდან მხოლოდ 177 ათასია შესრულებული. დასაბრუნებელია  917 ათასი ლარი, რაზეც ვდავობთ", _ აღნიშნა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება იმ ობიექტებს, სადაც კომპანიების ბრალეულობით შეწყდა სამუშაოები, რეხვიაშვილი განმარტავს, რომ ხელახალი ტენდერები უნდა ჩატარდეს.

"ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ობიექტზე ხელახალი ტენდერი ახლა იწყება, გამოვლინდება გამარჯვებული და გაგრძელდება სამუშაოები. რაც შეეხება ავტომშენებლის სამუშაოებს, გამიჯნულია შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები, ახალი ტენდერით გამოვლენილია კომპანია შპს "დავითი". მან გააგრძელა სამუშაოები და ივლისში უნდა ჩაგვაბაროს ეს ობიექტი სრულყოფილად", _ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ სამინისტრო კომპანიებთან უკვე საავანსო, საბანკო გარანტიებით დებს ხელშეკრულებებს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესრულებული სამუშაოს  ოდენობის განსაზღვრის შემდეგ მოხდეს კონკრეტული საბიუჯეტო  თანხების გადარიცხვა. ამასთანავე, საბანკო გარანტიების ვადებიც მკაცრად  გაკონტროლებულია.  ახლა დაიწყო ქუთაისსა და ზუგდიდში დიდი მშენებლობები, მაგრამ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგიც შესაბამისია. ჩვენ ეს პრობლემები დაგვხვდა და კარნახის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგამოძიებო ორგანოებს შეესწავლათ.

ხელშეკრულებები დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდშია დადებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ წინა პერიოდიდან შესრულებული სამუშაოები სასურველი იქნებოდა  უფრო მაღალი სტანდარტის ყოფილიყო. 2014 წლის აგვისტოდან ამის მონიტორინგი ძალიან მაღალ სტანდარტზეა. რადიკალურად განსხვავებულად არის მენეჯმენტი დალაგებული. ობიექტს ისე არ ვიბარებთ, თუ მშენებლობის ხარისხი,  შესაბამისი ექსპერტიზით არ არის დადასტურებული. საბოლოო ანგარიშსწორებას ჩვენ ისე არ ვახდენთ, თუ დოკუმენტალურად არ არის გამყარებული ყველა მოცულობის შესრულება", - აცხადებდა მინისტრის მოადგილე და დასძენდა, რომ მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, 17-ია. დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, 13.

სტატისტიკა

დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მინისტრმა სოზარ სუბარმა 2015 წლის 13 ოქტომბერს წარუდგინა, ბინების რეაბილიტაციის პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ვაზიანში, კასპში, გორში, ხაშურში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში, სადაც მალე 1030 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს.

✓ რეაბილიტირებულ, ახალაშენებულ და გამოსყიდულ შენობებში ბინა 3 373
 დევნილმა ოჯახმა მიიღო.

✓ სამინისტრომ კერძო მესაკუთრებისგან გამოისყიდა და დევნილებს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა 18 ობიექტი, სადაც განსახლებულია 721 დევნილი ოჯახი.

✓ 2012 წლიდან დღემდე 21 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და 550-მდე დევნილმა
 ოჯახმა ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში მიიღო ბინა.

✓ "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 
758 დევნილ ოჯახს კერძო სახლის შეძენაზე თანხმობა განუცხადა.

✓ ამ ეტაპზე სამინისტრომ მენაშენეებისაგან უკვე შეისყიდა 735 ბინა თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში.

✓ დღევანდელი მონაცემებით, 10 100 დევნილ ოჯახს საკუთრებაში უკვე გადაეცა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები.

გარდა გამოსყიდვისა, სამინისტრო იწყებს მასშტაბურ მშენებლობებს. ქუთაისში აშენდება 25 თექვსმეტსართულიანი, ზუგდიდში 34 თორმეტსართულიანი კორპუსი. წყალტუბოსა და გორში კი, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.

დასკვნა

ზემოაღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში სატენდერო ხელშეკრულებები წესების დარღვევით და დაუდევრადაა შესრულებული, რამაც შემდგომ რამდენიმე წლის მანძილზე დროულად განსახლების პრობლემა წარმოქმნა. სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა დაშვებული შეცდომებს გამოსწორებას ცდილობს, თუმცა, მილიონობით ლარი, რომელიც კომპანიებზეა გაცემული, გამოძიების დაუსრულებლობის გამო, კვლავ ვერ ხმარდება დევნილთა პრობლემებს.




 ახალი ამბები
  • "ძლიერებმა სუსტებს ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ" ,,ძლიერებმა სუსტებს რაღაცეები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა,  პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო არეულობისგან და „ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს. „კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში უერთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო,  გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? ამგის გამო დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ“, _ განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის ხატი შექმნეს, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში ,,ეროვნული იდეოლოგია, რომ არ აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნეს, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდებით რაღაცებზე, ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა.“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.     ... ...
  • "მადლობელი ვარ, დამბადებელო" _ ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა,,ლიბორისტული პარტიის“  ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს  მეტეხის ეკლესიის ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისი თავის წარადგინა და  ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყო კანდიდატების წარდგენა. ,,როდესც ვუყურებ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრიქონები. ,,მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდი, როგორიც ამ დღეს საჭიროა, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.“  დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ,  რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, _ განაცხადა ნათელაშვილმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ 10 რჩეულს კანდიდატს წარადგენდა. ნაძალადევი - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი; ,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ნათელაშვილმა. თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა -  ნიკა ვარდოშვილი; რუსთავი - მიხეილ ქუმსიშვილი; ,,20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენელი, ქართული პოლიტიკის მომავალი“, - განაცხადა ნათელაშვილმა; მარნეული - ალი ბადიროვი; ,,მაჟორიტარად ვასახელებ, მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს და ქართულად კარგად  მოსაუბრეს“, _ აღნიშნა წარდგენისას პირველმა ლეიბორისტმა. თეთრიწყარო, წალკა,დმანისი, ბოლნისი - თემურ წიკლაური წარდგენისას  ნათელაშვილმა, მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენაზე, რომელის წყალობითაც ,,იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს. მესხეთი _ გიორგი ჩიტაური; პირველმა ლეიბორისტმა აღნიშნულ ოლქს უწოდა, ქართული პოლიტიკის სამშობლო ,,კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს“, - განაცხადა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთი - ბექა ნათელშვილი   ,,ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა - სამსონ გუგავა ,,პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი“ ,- ამ სიტყვებით წარადგინა ნათელაშვილმა, აღნიშნული კანდიდატი. გურია - დავით მამლაძე მას, ნათელაშვილმა ,,აჯაყებული გურული“ უწოდა; აჭარა - ტარიელ კალანდარიშვილი; ის, ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის წარმომადგენლად დაახასიათა ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელად  ზურაბ ლომია წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატად კი, ირაკლი კიკვიძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატად _ ოთარ ქოსაშვილი. პირველი ლეიბორისტის თქმით,  თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს. ნათელაშვილმა რეგიონებში, საკრებულოს სამი ქალი კანდიდატი წარადგინა და აღნიშნა, რომ მათ მხარს, მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ ,,გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს, გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში  - მარიამ გოჩალეიშვილი თელავში - თამარ მენაბდიშვილი მანგლისში -თათია მაისურაძე ,,მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“ - უთხრა შალვა ნათელაშვილმა. როგორც ცნობილია, საარჩევნო ცვილელებების შემდეგ,  2020 წლის 31 ნოემბრის არჩევნები, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში( 8 თბილისში და 22 რეგიონებში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მენიზმი იქნება, პარტია რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაწერას მიიღებს, ის პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ... ...
  • შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls