"მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს

ჟურნალისტური გამოძიება

"მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს

11 ივლ. 2016, 14:48:19

რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

 იმ  რელიგიური ორგანიზაციების რიცხვი,  რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ 50-ს აჭარბებს.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, არცერთ მათგანს დღემდე არ უსარგებლია ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში ჩადებული საკმაოდ მრავლისმომცველი მუხლით _ "რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა". 

გამონაკლისი არც გურიის მუნიციპალიტეტეტებია _ ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აფინანსებს _ თანაც ყოველგვარი კონტროლის გარეშე...

2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით  არასამეწარმეო არაკომერციულ  იურიდიული პირს „შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდს“, რომლის დამფუძნებელი შემოქმედის ეპარქიაა  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90000 ლარი აქვს მიღებული.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #45 დადგენილების თანახმად, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა _ 65 000 ლარი  უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე ამ თანხიდან უნდა გადახდილიყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის კომუნალური გადასახადები და დაფინანსებულიყო სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.

2016 წლის ბიუჯეტში მცირე ამ კუთხით მცირე ცვლილება შევიდა. საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებით დაკონკრეტდა რომ გამოყოფილი თანხა _ 55 000 ლარი  უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას და შემოქმედის ეპარქიის კომუნალურ გადასახადებს (გამოყოფილი თანხიდან ეპარქიას ამ დროის მონაცემებით 25 000 ლარი აქვს ათვისებული).

თანხების გადარიცხვა სუბსიდირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, რომლის საგანი საკრებულოს დადგენილებაა.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: „მიმწოდებელი (ანუ მერია) ვალდებულია გადაურიცხოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე მიმღებს თანხა არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა, ეტაპობრივად მიმღების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად; აწარმოოს მონიტორინგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

მიმღები (შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდი) ვალდებულია: ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა გამოიყენოს ფონდის საქმიანობისთვის, სუბსიდიის მისაღებად მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.
გურია ნიუსის მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემოქმედის ეპარქიას არამიზნობრივად აქვს დახარჯული.

მაგალითად, გამოყოფილი თანხებიდან სხვადსხვა სამშენებლო მასალები შეძენილია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში არსებული მონასტრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშფაქტურების თანახმად, სამშენებლო  მასალების 99% (ღორღი, ცემენტი, გაჯი, ქვიშა, ურო, მილი ნიჩაბი და ა.შ) თბილისშია შეძენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში გარკვევით არის განმარტებული თუ რას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხები და დაკონკრეტებულია, რომ იგი უნდა მიიმართოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით, შემოქმედის ეპარქიას სხვადასხვა სახის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა აქვს შეძენილი და არა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია/მონასტრებისთვის.

მაგალითად: 2015 წლის 18 თებერვალს 80 ლარის ღირებულების გაჯი, 24 ლარის წებოცემენტი,  850 ლარის ღირებულების კედლის ქვაბი, 50 ლარის ღირებულების გათბობის ქვაბის მილი, 684 ლარის რადიატორი ალუმინის, 27 ლარიანი რადიატორის კომპლექტი, 80 ლარის ღირებულების რადიატორის ვენტილი, 75 ლარის თეთრი საშრობი, 2.5 ლარის ღირებულების თითბერის სარქველი, 1 ლარის ღირებულების გადამყვანი და 9.2 ლარის ღირებულების მილი, 30 ლარის ღირებულების ბილერის კომპლექტი, 5 ლარიანი ვენტილი, 64 ლარიანი კოლექტორი, 18 ლარიანი თათბერის კოლექტორი, მისი სამაგრი _ 7.8 ლარის ღირებულების და 9.6 ლარის ღირებულების  პაკლი მიტანილია მისამართზე _ თბილისი ბალანჩივაძის 29 (ხილიანი)  კორპუსი 39 ბინა #75 სართული 12.

2015 წლის 7 აპრილს ბალანჩივაძის 39-ში , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ნაყიდი 1126.7 ლარის ღირებულების ლამინატი, 20 ლარის დუბელი, 190 ლარი პლინტუსი და 12.2 ლარის ღირებულების ლამინატის  პარკეტის ქვეშ დასაფენიც მიიტანეს.

ამავე წლის 26 აპრილს ამავე მისამართზე მიტანილია 177 ლარის ღირებულების უნიტაზი, 85 ლარიანი ავზი, 90 ლარიანი უნიზატის საფარი (ნელი ხურვით) და 47 ლარიანი ჩამრეცხი მექანიზმი.

27 აპრილს ხილიანზე მიიტანეს ბიუჯეტის ფულით ნაყიდი 1000 ლარის ღირებულების სარეცხი მანქანა.

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ამავე ბინაში მიტანილია: 480 ლარის ღირებულების საწოლი მატრასით, 500 ლარის ღირებულების გაზქურა, 1200 ლარის ღირებულების ჰაერგამწოვი ღუმელი, 500 ლარიანი ქურა, 300 ლარის ღირებულების გასაშლელი მაგიდა, 370 ლარის  ღირებულების წინა და უკანა ხუნდები, 390 ლარის წყლის რადიატორი.
როგორც გურია ნიუსმა გაარკვია აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს, ბინა, რომელიც 35 კვადრატია, შეძენილია 2014 წელს და მისი მეპატრონე ვინმე ანა მეფარიშვილია.

კიდევ ერთი მსხვილი შენაძენი, რაც დოკუმენტებში ფიქსირება 6540 ლარის ღირებულების მაგიდა და სკამებია.

2016 წლის 21 ივნისს გამოწერილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემოქმედის ეპარქიას, ხარაგაულში შეძენილი აქვს 150 ცალი სკამი და 24 ცალი მაგიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ის გამონაკლისია, როცა შეძენილი სკამების და მაგიდების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ოზურგეთი, 9 აპრილის ქუჩაა დაფიქსირებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ გამოყოფილი თანხებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიის კომუნალური გადასახადების გადახდაც უნდა მოხდეს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ იხდიან კიდეც _  2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე ელექტროენერგიის დანახარჯი 3836 და 32 თეთრია.

რაც შეეხება გაზს  _ ქალაქ ოზურგეთის მერიამ, რომელიც ეპარქიას თანხებს ურიცხავს, მხოლოდ ერთი დოკუმენტი მოგვაწოდა.

სოკარის ქვითარზე, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული ირკვევა რომ ეპარქიის დავალიანება 2603 ლარს შეადგენს და ივნისში მხოლოდ 206 ლარია გადახდილი.

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ამბობს, რომ ის არ არის ვალდებული ბიუჯეტის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდოს.

„არანაირი ვალდებულება არ მაქვს თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ რაზე გადმორიცხა გამგეობამ თანხა. ამის საბუთები ჩვენ გვაქვს. მე ვარ ეკლესია და არანაირი ვალდებული არ ვარ ჟურნალისტებს მივაწოდო ინფორმაცია რაში იხარჯება. რაც დაიხარჯა ამის ინფორმაცია ხომ მოგაწოდათ ქალაქ ოზურგეთის მერიამ? მეტი რა კითხვები გაქვთ ვერ გავიგე“ _ გვითხრა მეუფემ.

მისივე განმარტებით, ასეთი საკითხები ჟურნალისტების გასარჩევი არ არის:

_ ქალაქ ოზურგეთში ერთადერთი მონასტერია _ წმინდა ნინოს სახელობის რეზიდენცია, რომელშიც 30 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში ასევე არის საკათედრო ტაძარი და თქვენ რას არკვევთ ვერ გავიგე, _ ჩვენი დაინტერესება მიუღებელი აღმოჩნდა შემოქმედის ეპარქიის წინამძღვრისთვის.

_ ჩვენ იმის გარკვევას ვცდილობთ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები...

_ მე ვარ ეპისკოპოსი. არც ხელფასი მაქ და არაფერი. რაც მაქ ყველაფერს ეკლესიას ვახმარ. 150 ეკლესიაა შემოქმედის ეპარქიაში აშენებული და ქალაქი მაგას რომ ვერ ააშენებდა, ალბათ, გასაგებია. მე მაქვს კითხვა, თქვენ რატომ დაინტერესდით ამით.

_ ჩვენ, ჟურნალისტები ბიუჯეტის ხარჯვით ყოველთვის ვინტერესდებით. პირველად არ ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემაზე მეუფეო. წლების წინაც იგივე შეკითხვები გვქონდა...

_ გასაგებია რომ ჟურნალისტები ხართ, მაგრამ მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ.

_ თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ კერძო პირთან გაქვთ მიტანილი ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ნივთები და ეს როგორ გავიგოთ?

_ არავითარ კერძო პირთან არ მიმიტანია.

_ დოკუმენტებში ეს ნათლად ჩანს მეუფევ _  თბილისი, ხილიანზე კორპუსი 29, ბინა 75, სართული 12. ბინა არის ანა მეფარიშვილის სახელზე.

_ ეგ შეიძლება ვაყიდინე, იქ მივიტანე  და შემდეგ იქიდან წამოვიღე.

_ იმ მისამართზე ძალიან ბევრი რამაა მიტანილი _საწოლი, მაგიდა, ლამინატი, სარეცხი მანქანა...

_ ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება დავავალე, იყიდა და აქეთ წამოიღო ჩემმა მანქანამ. დიდი მანქანა მყავს „გრუზავიკი“.

_ ყველაფერი 35 კვადრატულ ბინაში მიიტანეს იმისთვის, რომ მერე ოზურგეთში  წამოეღოთ? ამისთვის აიტანეს სარეცხი მანქანა მეთორმეტე სართულზე?

_ დიახ. თბილისში ვყიდულობდი და აქ მომქონდა.  და თქვენ რას არკვევთ,  გამომძიებელი თუ ხართ მითხარით.

_ ვინ არის ანა მეფარიშვილი, ეკლესიის წარმომადგენელია?

_ არ არის ეგ თქვენი საქმე.

_ გასაგებია. კიდევ ერთ დეტალს დავაზუსტებთ _ ხრეში, გაჯი, ცემენტი, ღორღი  _ ყველაფერს თბილისში რატომ ყიდულობთ და ამხელა გზაზე რატომ ახდენთ ტრანსპორტირებას?

_ ზოგი იქიდან მოვიტანე, ზოგი აქედან. ძალიან ბევრი რამე მაქვს მე ნაყიდი, ზოგი არც ჩამიწერია.

_ სულ ახლახანს 150 ცალი სკამი და მაგიდა შეგიძენიათ. რისთვის შეიძინეთ?

_ კრებები რომ მაქვს რეზიდენციაში იმისთვის.

_ ეს სკამები და მაგიდები იმ საბანკეტო დარბაზისთვის არ შეგიძენიათ, რომელიც ახლახანს გახსენით?

_ იქაც მაქვს და აქაც მაქვს ბევრი სკამი, მაგაზე მეტი მაქვს და რაში გაინტერესებთ ეგ ინფორმაცია?! კარგით, ამოწმეთ, ამოწმეთ და ღმერთიც შეგამოწმებთ, _ გვითხრა მეუფემ.

"გურია ნიუსმა" დეტალების გადამოწმება ანა მეფარიშვილთანაც სცადა, თუმცა მან ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

რაც შეეხება გურიის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შემოქმედის ეპარქიისთვის 9 600 ლარი აქვს გადარიცხული. მათივე ანგარიშზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პურის შესაძენად ამავე პერიოდში დამატებით 6 800 ლარი გადაირიცხა.

ხელშეკრულებაში, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდს შორის არის დადებული (ფონდს მეუფე იოსები წარმოადგენს) აღნიშნულია, რომ თანხა ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხარჯების სრული დოკუმენტაცია მოვითხოვეთ მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხოლოდ 2016 წლის დოკუმენტაციის ნაწილი მოგვაწოდა:

_ ჩვენთან ხარჯების დოკუმენტაცია არ ინახება. თქვენი წერილის შემდეგ ვთხოვეთ ეპარქიას დოკუმენტაციის მოწოდება და მხოლოდ ნაწილი წარმოგვიდგინეს, _ განგვიმარტეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

წარმოდგენილი დოკუმენტაციას თუ დავეყრდნობით, ეკლესია-მონასტრებისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი, მეუფე იოსებმა სამრევლო სკოლას გადაურიცხა (თანხების ნაწილის ხარჯვის დოკუმენტაცია გამგეობამ ვერ მოგვაწოდა). სამრევლო სკოლას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან თანხა ცალკეც ეძლევა: ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სამრევლო სკოლას 2013-2016 წლებში 15 450 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთათვის პურის შესაძენად გადარიცხულ თანხებს _ როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, ეპარქიას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა არ წარმოუდგენია და შესაბამისად უცნობია, ვისგან, როდის და რა რაოდენობის პურია შეძენილი.

ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც გამგეობამ მოგვაწოდა ბენეფიციართა სახელები, გვარები და ხელმოწერებია ერთ ფურცელზე, რომლიდანაც იმის გარკევევა, თუ როდის და რა მიიღეს, შეუძლებელია.

რაც შეეხება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აქ თანხების ხარჯვის დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოქმედის ეპარქიას 88 250 ლარი გადაურიცხეს.

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის დაფინანსებას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებით /დადგენილების 14-ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2016 წლის იანვრიდან 16 მარტამდე, თანხის ჩარიცხვა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე; 2016 წლის 16 მარტიდან კი _ გაფორმებული /N4 16.03.2016 წ/ ხელშეკრულების და ა(ა)იპ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის წერილის საფუძველზე," _ გვწერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ბუხუტი ბარამიძის წერილიდან კი ირკვევა, რომ გადარიცხული თანხების მონიტორინგს მუნიციპალიტეტის არ ახორციელებს და შესაბამისად, არც ანგარიშ-ფაქტურები გააჩნიათ და არც ხარჯთაღრიცხვები:

_ გადარიცხული თანხების ჩამოწერა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხდება, _ გვწერს ბარამიძე და ე. წ. მიღება-ჩაბარების აქტსაც გვიგზავნის, რომელსაც მხოლოდ მეუფის ხელმოწერა აქვს და რომლიდანაც იმის გარკვევაც შეუძლებელია თუ ვის უგზავნის მეუფე ე.წ. "მიღება-ჩაბარების" აქტს.

ამ ყველაფრის შესაბამისად, შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა კონკრეტულად რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც ასე გამოიყურება:

2015 წელი: 5 000 ლარი _ აკეთის ეკლესიის რესტავრაციისთვის; 7 00 ლარი _ შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდისთვის; 10 000 ლარი _ ისევ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდს; 8 000 ლარი აკეთისა და წმინდა მარიამის სახელობის დედათა მონასტერს; 8 650 ლარი _ სამება-ჯიხეთის მონასტრის მშენებლობისთვის; 1 500 ლარი _ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდისთვის; 2 000 ლარი _ გრიგოლეთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრისთვის, 600 ლარი _ შუხუთის ეკლესიისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

2016 წელი: 10 000 ლარი _ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის; 5 000 ლარი გრიგოლეთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრისთვის; 5 000 ლარი _ აკეთის მაცხოვრის ტაძრისთვის სამშენებლო მასალების შესაძენად; 5 000 ლარი _ ნიგვზიანის დედათა მონასტრისა და მშენებარე რეზიდენციისთვის; 10 000 ლარი _ ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის. სულ ბოლოს, 10 000 ლარის გადარიცხვა, მიზნობრიობის მითითების გარეშე, 14 ივნისსაა გახორციელებული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ მათ არ აქვთ უფლება ეპარქიას ხარჯვის დოკუმენტაცია მოსთხოვონ:

_ მე ამაზე ვესაუბრე ჩვენს იურისტს და მითხრა, რომ არ გვაქვს უფლება, ეპარქიას მოვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში დახარჯეს ჩვენ მიერ სუბსიდიის წესით მიღებული თანხა. იურისტი ამბობს, რომ რომც მოგვაწოდონ, თქვენ მაინც ვერ მოგაწოდებთ, რადგან ეს არის საიდუმლო ინფორმაცია _ მასში საბანკო ანგარიშის ნომრები, კონკრეტული სახელი და გვარები წერია. მე ვეყრდნობი იურისტს და გეუბნებით იმას, რაც მითხრეს, _ აღნიშნა ურუშაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ხათუნა სურგულაძის წერილიდან ირკვევა, რომ "2015 წლისთვის რელიგიის ორგანიზაციების ხელშეწყობისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 40 000 ლარი, რომელიც დაიხარჯა: 20 300 ლარი სოფელ შემოქმედის დედათა მონასტრების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და გაზიფიცირებისთვის; 10 000 ლარი _ სოფელ გომის მონასტრის კელიების მშენებლობისთვის; 8 200 ლარი _ ბოხვაურის წმინდა სოფიოს სახელობის ტაძრის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის; 1 481 ლარი _ დაბა ლაითურის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის სამრეკლოს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის. სულ გახარჯულია 39981 ლარი", _ გვწერს სურგულაძე.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2016 წელს გაწეული ხარჯების შესახებ თანხობრივი მონაცემებიც არ მოგვაწოდა. მოგვაწოდეს მხოლოდ 2016 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც გარკვევით წერია: "მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე". თუმცა, ხელშეკრულებაში პირობები დაკონკრეტებული არ არის.

სამაგიეროდ, დაკონკრეტებულია ეპარქიის მოვალეობა, კერძოდ: თანხის მიმღები ვალდებულია, სუბსიდიის მისაღებად (რომელიც 2016 წელს 55 000 ლარს შეადგენს) მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია; მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვაზე".

მიუხედავად ამისა, როგორც გავარკვიეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არც მონიტორინგს ახორციელებს და საფინასო სამსახურში დახარჯული თანხის მიზნობრიობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია არ ინახება:

_ ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს, _ განმარტავს საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი.

ჩვენ მუნიციპალიტეტს ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა კანონის, ბრძანების ის მუხლი, რომლის საფუძველზე მათ დოკუმენტაციის შენახვის და ეპარქიიდან გამოთხოვის ვალდებულება არ გააჩნიათ, თუმცა, ამ შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეპარქიისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ.

_ ბატონო თამაზ, რამდენად გამართლებულია, ერთი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თანხები დაიხარჯოს მეორე (სხვა) მუნიციპალიტეტისთვის?

_ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შექმნილია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად, ამდენად, ამ ორგანოების თანხები მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გახორციელებულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. როგორც თქვენს მიერ მოწოდებული ხელშეკრულებებით ირკვევა, ეს მოთხოვნა ქ. ოზურგეთის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულია.

_ მაგრამ არ არის განსაზღვრული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებით.

_ ამ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებას ხარვეზი აქვს.

_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იურისტი ამბობს, რომ მათ ა(ა)იპ "შემოქმედის ეპარქიისთვის განვითარების ფონდისთვის" ბიუჯეტიდან გაცემული თანხების ხარჯვის დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება არ აქვთ. რამდენად სწორია ეს?

_ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან თითოეული თეთრის მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებელია გამგეობა, ხოლო კონტროლზე _ საკრებულო. აღმასრულებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყველა ხარჯის სწორად განკარგვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გაფორმებულიყო ისეთი სახის ხელშეკრულება, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა ხელშეკრულების მეორე მხარის ვალდებულებები, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯს.

_ ასეთი მოთხოვნა აქვთ ქალაქ ოზურგეთს, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს, მაგრამ არც ერთი არ ასრულებს...

_ თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მეორე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

_ ვის ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე?

_ ისევ და ისევ ადგილობრივ თვითმმართველობას. ის არის პასუხისმგებელი და მან უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო თანხების სწორი ხარჯვა. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა აღმოფხვრას და შესაბამისი სანქციები გაატაროს, _ გვითხრა ტრაპაიძემ.




 ახალი ამბები
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...
  • გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.  „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.  „ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.  „მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...
  • უბედური შემთხვევა ქუთაისში _ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).  „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური. ... ...
  • "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი. მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა. ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს. "მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ... ...
  • შემოდგომის ურეკი: „კორონას აქ რა უნდა, მაგნიტური ქვიშის ეშინია“ გურიის ზღვისპირა  კურორტ  ურეკში სრული  იდილია სუფევს.  როგორც ჩვენი მეგობარი ლალი   თავართქილაძე გვატყობინებს,  პლიაჟზე ხალვათობაა. _თუმცა, ნამდვილი ზღვის სეზონი ახლაა.   ბევრმა ბათუმიდან და ქობულეთიდან აქ გადმოინაცვლა.   საოცარი სიმშვიდეა და მზე მწველი არაა,  რაღაცნაირ    მკვეთრ  ოქრო ფერუმარილს აფრქვევს... ზღვა მშვიდზე მშვიდია  და გაყურსული. ძირითადად,  გარეთ ყველა პირბადით  დადის... კორონა?  კორონას აქ რა უნდა? _ ჩვეულ ხუმრობას არ იშლის ქალბატონი  ლალი _ მაგნიტური ქვიშის ეშინია... ჩვენ და  თოლიები ვართ ამ სეზონის უკანასკნელი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...