გური ურუშაძის საქმემ, შესაძლოა, სტრასბურგში გადაინაცვლოს

ჟურნალისტური გამოძიება

გური ურუშაძის საქმემ, შესაძლოა, სტრასბურგში გადაინაცვლოს

28 თებ. 2011, 21:22:34

"ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს", ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უფლებამოსილი წარმომადგენლები ნიკა კვარაცხელია, ნინო გელაშვილი და თამარ გაბიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ. "გური ურუშაძეს უფლება აქვს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება", _ მიიჩნევენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტები, მას შემდეგ, რაც შესაბამის დოკუმენტაციას ჩვენი თხოვნით გაეცნენ.

"დამალა თუ არა პროკურატურამ დანაშაული და რა უნდა გაეკეთებინა ლეგალიზაციის კომისიას" _ სტატია ამ სათაურით "გურია ნიუსმა" გასული წლის ოქტომბრის თვეში გამოაქვეყნა. ოზურგეთელი გური ურუშაძე პროკურატურას დანაშაულის დაფარვაში და უმოქმედობაში ადანაშაულებდა, ლეგალიზაციის კომისიას კი უკანონო ქმედებებში ამხელდა. იგი რედაქციაში მას შემდეგ მოვიდა, რაც "გურია ნიუსმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობა გააშუქა.

"თქვენი გაზეთი რომ წავიკითხე, იმიტომ გავბედე მოსვლა და ჩემი საქმის დეტალებზე საუბარი. ვალია გირკელიძესთან მივედი, როცა გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს სხვას უკანონებდა. ყველა საბუთი თან მქონდა, მაგრამ არ ჩაიბარა," _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბარში სპეციალობით ზოოტექნიკოსი გური ურუშაძე.

საუბარია 4 ჰექტარ ფართობზე, რომელიც ლიხაურის კოლმეურნეობას ჩამოერთვა და რაიკავშირს გადაეცა. 1994 წელს ბატონმა გურიმ 11 მილიონი კუპონი ბანკში შეიტანა, რომლის დამადასტურებელი ქვითრები დღესაც შენახული აქვს და ამის შემდეგ მიწის იჯარით აღებაზე მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება დირექციასთან გააფორმა.

ურუშაძესთან ყოფილი თანამშრომელი, მას შემდეგ მივიდა, რაც მიწის ლეგალიზაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა: "მეუბნება, მხარი უნდა დამიჭირო, რომ შენი თანამშრომელი ვიყავიო. იმ მიწას ვყიდულობ, რომელზეც ფერმა დგასო, ფულიც მაქვს გადახდილიო, მითხრა. რა ფული გადაიხადე, ხომ იცი, რომ ეს შენობა მე მაქვს გამოსყიდული, რატომ არ მკითხე, როგორ იყიდი მიწას-მეთქი, შევეკითხე. ყველა საბუთი ვაჩვენე მისი ოჯახის წევრს და გადახედე-მეთქი, ვუთხარი. რომ წაიკითხა, ასე მითხრა, გური ბიძია, ეს შენ ყველაფერი ნაყიდი გქონია, ჩვენ როგორ მოგვატყუესო. 10 000 გადავიხადეო. ვის ან როდის, მე არ ვიცი და ვერც დავამტკიცებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბარს მძღოლი ისმენდა. ამის შემდეგ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარესთან ვალია გირკელიძესთან მივედი, საბუთები მივუტანე და ვუთხარი: _ რომ უმტკიცებ ამ კაცს ამ ნაკვეთს, გადახედე ჩემს საბუთებს, იკითხე რამე,-მეთქი? მიპასუხა _ მაგან მოიყვანა მოწმეებად ორი კაცი, დამიმტკიცა, რომ აქ მუშაობდა და ვაძლევ მაგ ფართობსო. ეს საუბარი მის კაბინეტში შედგა; ფოსტის შენობისკენ მივუთითე, რომ გითხრა ჩემია, მოგიყვანო მოწმეები, დამიჯერებ ან დამიმტკიცებ მასე ზერელედ-მეთქი? არ მიიღო საბუთები და უკან მომიყარა. ვუთხარი, დაეტოვებინა და პასუხი გაეცა, მეკუთვნოდა თუ არა. ასე დავტოვე გირკელიძის სამუშაო ოთახი", _ გვითხრა ურუშაძემ.

ამის შემდეგ, ურუშაძე იურისტებთან კონსულტაციებს გადის, რომლებიც ურჩევენ, რომ კიდევ ერთხელ მიმართოს კომისიას წერილობით და თუ ისევ არ გაატარებს განცხადებას რეგისტრაციაში, ფოსტით გაუგზავნოს. ის, იურისტების რჩევას ითვალისწინებს და შემდეგ პროკურორს ილია ჯალაღანიას განცხადებით მიმართავს.

"პროკურატურაში თაროზე საქაღალდეები იყო შემოწყობილი, ასე მითხრეს ეს ყველაფერი გირკელიძის საქმეებიაო", _ ამბობს ის.

მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა საკუთრების უფლების აღიარება ვერ მოახერხა. მეტიც, მისი ოჯახის წევრები ქუთაისის პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები. ურუშაძის მტკიცებით, ისინი ორი ღამეც გააჩერეს საკანში და გირაოც გადაახდევინეს 2000-2000 ლარი: _ ამდენ უკანონობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული და ოდესმე ხომ უნდა გაირკვეს სიმართლე?!! _ გვითხრა მან.

საჯარო რეესტრიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ფართობი, რომლის დაკანონებას ურუშაძე სამი წელია ცდილობს, ჯერჯერობით არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.

ამის გარკვევის შემდეგ, მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების, ე.წ. ლეგალიზაციის კომისიას მიმართა.

აღნიშნული კომისიის მიერ, 2011 წლის 18 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კომისიამ განიხილა გური ურუშაძის განცხადება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში მდებარე 40 000 კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გამოარკვია, რომ ურუშაძემ, 1995 წელს სარგებლობის უფლებით, ლიხაურში მდებარე 40 000 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო.

"წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების გამოკვლევით, აგრეთვე კომისიის წევრების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების მოთხოვნებს, რადგანაც საკუთრების ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შედის საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. საბოლოო ჯამში, გური ურუშაძეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე", _ აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

"ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს" იურისტები ამ გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ; "კომისიამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩამოაყალიბა დასაბუთება, თუ რატომ ეთქვა უარი გური ურუშაძეს საკუთრების უფლების აღიარებაზე. მიგვაჩნია, რომ ამით ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლის თანახმადაც, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კომისიის გადაწყვეტილება არა მარტო დაუსაბუთებელია, არამედ მასში მოცემული ფრაზები ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ წინადადებაზე: "დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების მოთხოვნებს, რადგანაც ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შედის საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში", _ უთხრეს "გურია ნიუსს" "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს" იურისტებმა.

მათივე აზრით, თუ კომისიას სურდა განეცხადებინა, რომ გური ურუშაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებულია ზემოხსენებული კანონისა და ბრძანებულების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ეს მოსაზრება გარკვევით უნდა ჩამოეყალიბებინა და ამავდროულად მკაფიოდ, არგუმენტირებულად გაემყარებინა მისი მართებულობა. თუ კომისიის მიზანს წარმოადგენდა განმცხადებლის ინფორმირება, რომ ის არ არის კომპეტენტური ორგანო და კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მაშინ მას განცხადების მიღებისთანავე, იმ მომენტიდან, როდესაც კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ის არ იყო კომპეტენტური ორგანო, განცხადება უნდა გადაეგზავნა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ამასთან, მოეხდინა აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებლის ინფორმირება. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მოთხოვნას.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ კომისიის გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს გური ურუშაძის მოთხოვნა კანონისა და ბრძანებულების მოთხოვნებს და ეს მაშინ, როდესაც კომისია აცხადებს, რომ გური ურუშაძემ 1995 წელს სარგებლობის უფლებით მიიღო 40 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ანუ გური ურუშაძე ხსენებულ ფართობს მართლზომიერად ფლობს 1995 წლიდან. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის "ა" პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განისაზღვრება, როგორც მიწა, რომელზეც პირს მართლზომიერი ფლობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე. ამავე კანონის შესაბამისად გარანტირებულია ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების უფლება. გაუგებარია (კომისიის გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა), თუ რატომ დაეყრდნო კომისია აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტს, რომელიც არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ გახორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გური ურუშაძის შემთხვევაში, აღნიშნული მდგომარეობა სახეზე არ არის და შესაბამისად, გაუმართლებელია ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენება.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საერთოდ გამოირიცხება საკუთრების უფლების გახორციელების შესაძლებლობა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე, ის ამომწურავად არის ჩამოყალიბებული აღნიშნული კანონის მე-3 მუხლში. კომისიას თავის გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომელიმე შემთხვევის არსებობაზე, რაც ობიექტურ მკითხველს უქმნის აზრს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი. განმცხადებელმა, გური ურუშაძემ, აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში და მოითხოვოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე ვთვლით, რომ ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ (სასამართლო ინსტანციებისათვის მიმართვის შემდგომ), ბატონ გური ურუშაძეს უფლება აქვს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. მას ასევე აქვს გონივრული საფუძველი იდავოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების დაცვას. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ "საკუთრების" ცნებას, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით აღნიშნული ცნების განმარტება საკმაოდ ფართოა. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი პირს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილი ჰქონდეს ფორმალურად, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გზით.

გასული მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებდა, რომ შეიძლება პიროვნებას შენობა შესყიდული ჰქონდა, მაგრამ მიწა, რომელზეც ეს შენობა იდგა, არ იყო ლეგალიზებული; ჩვენ პრეზიდენტმა უფლება მოგვცა, ასეთ შემთხვევებში მისი ლეგალიზება მოგვეხდინაო... კომისიის წევრები კი, აცხადებდნენ, რომ ზეპირ განცხადებებს იღებდნენ და გადიოდნენ ადგილზე სიტუაციის გასარკვევად.

ხოლო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ "გურია ნიუსთან" კომენტარს არ აკეთებს.

თავად გური ურუშაძე კი თავისი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით შეეცდება.




 ახალი ამბები
  • რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტიიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი  „ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ... ...
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...