ციხის უფროსად დანიშნულ დავით ცირეკიძეს პატიმარი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს

ჟურნალისტური გამოძიება

ციხის უფროსად დანიშნულ დავით ცირეკიძეს პატიმარი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს

25 თებ. 2013, 11:23:56

"ნაციონალური მოძრაობა" ახლაც ამბობს, რომ სწორედ პოლიციის დამსახურება იყო, რომ სახლებში მშვიდად გვეძინა. თუმცა, 2011 წელს ჩოხატაურში მშვიდად ძილის საშუალება არავის მისცემია.

ზედიზედ მომხდარმა ყაჩაღობებმა მოსვენება ყველას დაუკარგა _ მათ შორის სამართალდამცველებსაც, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ საწვავს წვავდნენ 24-საათიან სიარულში.

მაშინ გურიის სამხარეო სამმართველოს დავით ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. გახშირებული და გაუხსნელი დანაშაულობების გამო, ცირეკიძე იმდროინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაიბარა და მოხსნაც დაუპირა, მაგრამ როგორც მაშინ წყარომ გვითხრა, გავლენიანი კავშირების დახმარებით, მან პოსტის შენარჩუნება მოახერხა და საქმის გამოსასწორებლად დრო აიღო.

სწორედ ამ აღებულ დროში დააკავეს მამუკა მგალობლიშვილი და ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.

საქმეზე მოკვლევა გურიის სამხარეო მთავარმა სამმართველომ დაიწყო, რადგან მგალობლიშვილის დაკავება სწორედ მათ 2012 წლის 15 ივნისს მოახდინეს.

საქმის მასალების თანახმად, დაკავებულის სახლიდან იარაღი, ტყვიები და კომპაქტდისკი ამოიღეს. დაკავების ოპერაციაში სამხარეო სამმართველოს 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, მგალობლიშვილის სახლიდან იარაღის ამოღების უშუალო პროცესს მხოლოდ პოლიციელები დაესწრნენ. მოწმე, რომელიც პოლიციას ჰყავს, ამბობს, რომ იმ ადგილზე, საიდანაც იარაღი ამოიღეს, თავად არ ყოფილა. ეს სასამართლოზეც აღინიშნა, თუმცა, მოსამართლისთვის ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.

სასამართლოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არც იმას ჰქონია, რომ ამ დაკავებამდე ერთი თვით ადრე, მამუკა მგალობლიშვილი სამხარეო სამმართველოს დაკავებული ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმში მითითებულია, როგორც ქუჩიდან აყვანილი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, მეზობლები აღნიშნავენ, რომ იგი სახლიდან აიყვანეს და ამის ბევრი თვითმხილველი არსებობს. ამ ფაქტს მისი შვილიც ადასტურებს, რომელსაც როგორც დაკავებულის და გვიყვება, შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩნდება ეჭვი _ ადამიანი, რომელიც დააკავეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს, სახლში იარაღი რომც ჰქონოდა, რასაკვირველია, ამ იარაღს არ დაიტოვებდა.

შესაბამისად, ოჯახის წევრების მოსაზრება, რომ მამუკა მგალობლიშვილს იარაღი ჩაუდეს, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

ამ ფაქტებს კიდევ ერთი გარემოება ემატება _ იმ პერიოდში, როდესაც ჩოხატაურში ყაჩაღობები მოხდა, მგალობლიშვილთან სახლში სიარული დაიწყო სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა, სულიკო ლომთათიძემ. როგორც გავარკვიეთ, ლომთათიძე მგალობლიშვილის ნათესავია და სწორედ ამიტომ, მისი ხშირი სტუმრობა ოჯახის წევრებში ეჭვს არ ბადებდა. თუმცა, კითხვები მოგვიანებით გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მგალობლიშვილის პირველი დაკავება სწორედ სულიკო ლომთათიძემ მოახდინა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის _ მამუკა მგალობლიშვილი ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სულიკო ლომთათიძე მასთან დავით ცირეკიძის დავალებით დადიოდა და უფრო მეტიც, ყაჩაღობას სთავაზობდა:

_ ეს ყაჩაღობები მომხდარი იყო, როცა სულიკომ ჩემთან სიარულს მოუხშირა. თუმცა, ეჭვი არაფერზე ამიღია. როცა პირველად დამაკავეს და სამმართველოში ჩამიყვანეს, მაშინ ნარკოტიკი დამიდეს და მითხრეს, რომ თუკი საქმეს არ შევასრულებდი, ციხეში გამიშვებდნენ. სულიკოს ნათესავი ხარ და არ გვინდა ციხეში წახვიდე, ამიტომ ჩვენს წინადადებას დათანხმდიო, მოითხოვდნენ.

_ კონკრეტულად, რა საქმეზე იყო საუბარი და ვინ გთავაზობდათ ამას?

_ ყაჩაღობაზე. სამხარეო სამმართველოს უფროსი, დავით ცირეკიძე, მისი მოადგილე ვინმე ლაშა, გვარი არ მახსოვს და სულიკო ლომთათიძე მთავაზობდნენ, რომ ერთი ოჯახი დამეყაჩაღებინა. დიდ ფულზე იყო საუბარი, რომელიც მერე მათთვის უნდა მიმეტანა. მითხრეს, რომ თუ ამაზე თანახმა ვიქნებოდი, მათგან "მწვანე" მექნებოდა ანთებული. ამის მერე კი გამომიშვეს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილი ჩვენთან საუბრისას ცირეკიძესთან შეხვედრის დეტალებსაც იხსენებს:

_ სამჯერ ჩამომაკითხა ჩოხატაურში და სამჯერვე სხვადასხვა ადგილზე შემხვდა. იგივე მოთხოვნით, რომ ყაჩაღობა უნდა ჩამედინა და თანხა მათთვის მიმეტანა, _ დასძენს მგალობლიშვილი.

მისივე თქმით, მისი დაკავებაც სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ წინადადებას არ დაეთანხმა:

_ ამ ამბიდან დაახლოებით ერთ თვეში დამაკავეს. სახლიდან იარაღი ამოიღეს. როცა ვიცოდი, რასაც გეგმავდნენ, ხომ საოცარია, რომ იარაღს სახლში ვინახავდი?! _ ამბობს მგალობლიშვილი.

იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულს მალე ახალი ბრალდება წამოუყენეს _ ჯგუფური ყPაჩაღობა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე.

თავად ამბობს, რომ ჩვენება, რომელშიც აღიარებს იარაღის შეძენა-შენახვას და ყაჩაღობას, ძალის გამოყენებით და მუქარით მიიღეს:

_ დროებითი მოთავსების იზოლატორში მაწამებდნენ და თან მემუქრებოდნენ, რომ ჩემს შვილსაც დააკავებდნენ, რომ მეუღლეს სამსახურს დაატოვებინებდნენ. სწორედ ეს გახდა აღიარების მიზეზი, რომ თითქოს ჩემი ახლო მეგობრის, თამაზ ტრაპაიძის სახლი დავაყაჩაღებინე, _ ამბობს მგალობლიშვილი.

ის, რომ დაკავებისას მგალობლიშვილი ნაცემი ნამდვილად იყო, ჩვენთან საუბრისას, ოჯახის ახლობელმა, ირმა ჯიბუტმაც დაადასტურა:

_ ოჯახის წევრები ჩავიყვანე სამმართველოში, როგორც მახსოვს დაკავების მეორე თუ მესამე დღეს და მამუკაც მაშინ ვნახე. შემიძლია გითხრათ, რომ ცემის კვალი ნამდვილად ეტყობოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიბუტმა.

ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მგალობლიშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც დასჭირდა:

_ იმის გამო, რომ სასტიკად, არაადამიანურად იყო ნაწამები, ციხეში ფილტვების ანთება დაემართა, მოგვიანებით კი სეფსისი განუვითარდა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დაკავებულის და, ნანა მგალობლიშვილი.

როგორც გვითხრეს, ნაცემი მგალობლიშვილი პროკურორმა მალხაზ სირაძემაც ნახა: _ მალხაზ სირაძემ რომ ჩემი ძმა ასეთ მდგომარეობაში ნახა, უთქვამს, თუ არ აღიარებს მოკალით, მაგის დედაცო, _ ამბობს ნანა მგალობლიშვილი.

მალხაზ სირაძე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრისას დასძენს, რომ საქმე უტყუარი მტკიცებულებებით არის გაჯერებული. მისივე თქმით, მამუკა მგალობლიშვილს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და ჩვენებაც საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მისცა. მისივე თქმით, ამ საქმეში ნამდვილად არ ჰქონია ადგილი ფაქტების გაყალბებას და მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნას. ჩვენ კითხვაზე, ამ საქმეში თუ არა, ვის საქმეში ჰქონდა ადგილი ასეთ ფაქტს, სირაძემ ასეთი პასუხი გასცა:

_ მგალობლიშვილის საქმეში არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია მგალობლიშვილმა სასამართლოზეც გააჟღერა და უფრო მეტიც, სულიკო ლომთათიძესთან და დავით ცირეკიძესთან დაპირისპირებაც მოითხოვა, თუმცა, პროკურორი ამას არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საქმის იმ ეტაპზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ მოქმედებას არ ითვალისწინებდა.

მიუხედავად საქმეში არსებული ბევრი კითხვითი ნიშნის და მგალობლიშვილის მიერ ამ სკანდალური განცხადებისა, სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს სამართლის პოვნის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებში მონაწილე ადამიანები დღეს ისევ თანამდებობებზე არიან.

_ კონკრეტულად იმ ოჯახის დასახელებისგან, რომლის დაყაჩაღებასაც მთავაზობდნენ ჯერ თავს შევიკავებ, რადგან შესაძლებელია მათ რაღაც მოიმოქმედონ. სწორედ ამიტომ ვითხოვ საჯაროდ დამაპირისპირონ ლომთათიძე, ცირეკიძე და ის პოლიციელები, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. ყველაფერსაც ვერ ვამბობ თავისუფლად, რადგან აქ დაცული არ ვარ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას მამუკა მგალობლიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე მგალობლიშვილის მიერ დასახელებული პოლიციელის, სულიკო ლომთათიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ჩვენს შეკითხვას, რატომ ადანაშაულებდა მგალობლიშვილი ყაჩაღობის შეთავაზებაში და რატომ დადიოდა ყოველ მეორე დღეს ადამიანთან, რომელთანაც პოლიციას, თურმე, საკმაოდ ბევრი შეკითხვები ჰქონდა ასე უპასუხა:

_ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად მიმართეთ სამინისტროს პრესცენტრს.

_ იმ მიზეზის გასარკვევად, თუ რატომ სთავაზობდით მგალობლიშვილს ერთი წლის წინ ყაჩაღობის ჩადენას პრესცენტრს უნდა მივმართოთ?

_ ნებისმიერ შეკითხვაზე დაუკავშირდით პრესცენტრს, _ კიდევ ერთხელ დაგვიზუსტა ლომთათიძემ.

ის, რომ მგალობლიშვილის მიერ მოთხრობილ ამბავზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვერ გაგვცემდა, ჩვენთვის უცხო არ იყო, თუმცა, ნინო გიორგობიანს, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავუკავშირდით. გიორგობიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. ხოლო ლომთათიძისთვის განკუთვნილ შეკითხვაზე, ბუნებრივია, ის პასუხს ვერ გაგვცემს.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარისთვის დავით ცირეკიძესაც დავკავშირებოდით, თუმცა, ჩვენ ხელთ არსებული ტელეფონის ნომერზე სხვამ გვიპასუხა, რომლის თქმით, ნომერი მას ცირეკიძემ ცოტა ხნის წინ აჩუქა და მისი კოორდინატების დადგენა არ შეეძლო. პიროვნებამ, რომელიც ვინმე ზაზას სახელით გაგვეცნო, დაგვიზუსტა, რომ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თბილისში უმუშევარი იმყოფებოდა.

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში კი გავარკვიეთ, რომ დავით ცირეკიძე, რომელსაც მამუკა მგალობლიშვილი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს, ქუთაისის ციხის უფროსად დანიშნეს.

სწორედ ამის გამოა, რომ მგალობლიშვილი კონკრეტულ დეტალებზე საუბარს ერიდება და აღნიშნავს, რომ მის მიმართ ზეწოლები ახლა ციხეშიც ხორციელდება. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ცირეკიძის მეგობარია.

რაც შეეხება უშუალოდ ცირეკიძეს, მის შესახებ "გურია ნიუსის" არქივში ბევრი მასალა მოიპოვება _ მაშინ, როცა ცირეკიძე გურიის მთავარი პოლიცმეისტერი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანები იმ უბრალო მიზეზით ხვდებოდნენ, რომ პოლიციელებს "თვალში" უადგილო დროს და ადგილზე "გაეჩხირნენ". ჩოხატაურში იმ პერიოდში არავინ მალავდა, რომ ძალოვნები უფლებამოსილებას ამეტებენ _ რედაქციაში დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი მოდიოდა, რომლებიც ამბობდნენ, პოლიციელთა ქმედება ყოველ საზღვარს სცდებოდა:

_ არ ვიცით, ვინ არის ეს ავტომატგადაკიდებული ხალხი, რომლებიც დღედაღამ ჩოხატაურში პოლიციის მანქანებით დარბიან. არც ვინაობას ამხელენ და არც რაიმე ისეთი ნიშანი აქვთ, რომლის საშუალებით შემდგომში მათი ამოცნობა იქნება შესაძლებელი. იჭერენ ყველას, ვისაც კი გზაზე წააწყდებიან. ეგ კიდევ არაფერი _ ადამიანებს სახლში უვარდებიან, ახალგაზრდები პოლიციაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიჰყავთ და იქ რამდენიმე საათით აჩერებენ, _ გვეუბნებოდნენ ჩოხატაურელები.

აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სწორედ ცირეკიძის პერიოდში ჩოხატაურში ისეთი პოლიციელები მოავლინეს, რომლებსაც ნარკოტიკების ჩადების და მსგავსი მეთოდების გამოყენების დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ისინი პოლიციაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ მიეღოთ სასურველი ჩვენება და როგორ ეიძულებინათ ადამიანები, პოლიციასთან სათანამშრომლოდ.

"სხვათაშორის, ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ახლა ჩოხატაურში ავტომატგადაკიდებული ეძებს ყაჩაღებს, რამდენიმე წლის წინ, ნარკოტიკის ჩადების გამო, სერიოზული პრობლემა შეექმნა და რამდენიმე ხნით მან ორგანოებიც კი დატოვა. უფრო მეტიც, როგორც ვიცით, არსებობს ჩანაწერი, სადაც ეს პოლიციელი ერთ-ერთ დაკავებულს თანამშრომლობას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში გაგზავნით ემუქრება," _ ეს ამონარიდია ჩვენი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა და რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოყოლია, მით უმეტეს, რომ ჩოხატაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და ძალოვნების აგრესიული ქმედების აღკვეთას ითხოვდა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სანამ ცირეკიძე გურიის სამხარეო სამმართველოს ჩაიბარებდა, მანამდე მის ქუთაისში მოღვაწეობას ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი აშუქებდა, რომელიც ჩვენ ასეთ ინფორმაციებს გვაწვდის:

ამბავი #1_ "წყნარად, წარსულო, წყნარად!"

ტყიბულელები ვერც სიამაყითა და მით უმეტეს, სიხარულით ვერ იხსენებენ, მათი რაიონის ყოფილი შერიფის, დათო ცირეკიძის პოლიციურ ხანას. "რიკოშეტად" მონათლულ ძალოვანს, მეტისმეტად ჰყვარებია პირადი ცხოვრების დეტალებით ვაჭრობა-დაშანტაჟება. როგორც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, ცირეკიძეს "ოტოს" სკოლა (მოსმენების სამსახური) უნდა ჰქონდეს გავლილი, ამიტომაც, კარგად გამოუდის ეს საქმე.

როდესაც ტყიბული ცირეკიძის რეჟიმით ათენ-აღამებდა, ადგილი ჰქონია უამრავ ფაქტს, როცა რიგითი მოქალაქეები შინ თავგატეხილები და ცხვირიდან სისხლდანთხეულები ბრუნდებოდნენ. ადგილობრივები მის მოკავშირედ იმავე რაიონში, ასახელებენ პოლიციის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, ამჟამად ტყიბულის უკვე შერიფს კაკო ქათამაძეს. სწორედ ამ ქათამაძეს გამოუვლიდა, თურმე, ცირეკიძე, ჩაისვამდა მანქანაში და გადიოდნენ რაიონში "წესრიგის დასამყარებლად." ამ "წესრიგს" და "სამართლიანობის" აღდგენას ძალოვნების ტყიბულური ტანდემი მუშტებისა და უმოწყალო ცემა-ტყეპის მეშვეობით ახერხებდა.

ტყიბულში დღემდე ლეგენდად დადის, თუ როგორ გაუსწორდა სამღვდელო პირებს დათო ცირეკიძე და მამაოებს თავები გაუტეხა. ინციდენტი საზკვების ობიექტში მომხდარა, თვითმხილველებიც და გამშველებლებიც ბევრი ყოფილა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც არ აღძრულა. ტყიბულელები დღემდე ვერ ხსნიან, თუ როგორ შერჩათ ცირეკიძე-ქათამაძის "საძმოს" მამაოებისთვის თავების გატეხვა.

ჩვენი წყაროები ტყიბულიდან აღნიშნავენ, რომ ცირეკიძეს წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალთანაც უნდა ჰქონდეს შეხება.

საგრძნობი მანძილის გამოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრამდე არ მიუღწევია ტყიბულის რესტორნიდან მაშინდელი პოლიციის შეფის სავარძელში ჩაბრძანებული დათო ცირეკიძის ვოკალურ მონაცემებს. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, პრინციპით "სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო," დიდხანს აზანზარებდა ტყიბულს ცირეკიძის პირველ-მეორე ხმაში აშკარა დეტონაციებით დაგუგუნებული "მენახშირე ბიჭის" სიმღერა. ტყიბულელები ამ ერთ სიკეთეს ვერ უკარგავენ მხოლოდ ყოფილ პოლიციის უფროსს, სამსახურზე მეტად ხშირად სუფრას მიმჯდარი შერიფი, სულ რაიონის სიმდიდრეზე მღეროდა _ "ნახშირიიიიი!" და "მიკრაფონს" ვერ გლეჯდნენ, თურმე ხელიდან.

რესტორან-რესტორან მოქეიფე ძალოვანს, ფრთების გაშლა წესით არ უნდა გაჭირვებოდა ტყიბულთან შედარებით, აშკარად უფრო ცივილიზებულ ზესტაფონში. როგორც წყარო ამბობს, ზესტაფონი ცირეკიძის პოლიციის უფროსობის დროს, არა თუ მხარეში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში იმ ერთ-ერთ ადგილად რჩებოდა, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელმა იცოდა, თუ რომელ აფთიაქში იყიდებოდა წამალი!

ამბავი #2_ "ახალი ცოცხი კარგად ჰგვის?!"

ქუთაისის ციხეში 20 წლით თავისუფლებააღკვეთილმა ვინმე სულაქველიძემ, რომ შეიტყო კიდევ უმატებდნენ მსჯავრს, ვენები გადაისერა და ციხიდან ქალაქის ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარებააღმოჩენილმა დამნაშავემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ორი უმძიმესი მკვლელობა ედება ბრალად, საავადმყოფოდან, ჩაძინებული ბადრაგის წყალობით, გაქცევა მოახერხა. დილიდანვე გადაკეტილ ქალაქის ავტოქარხნის პერიმეტრს, მხარისა და ქალაქის პოლიციის განყოფილებები აკონტროლებდნენ, პოზიციებს ამაგრებდა ქუთაისის პატრულიც. ქალაქის გარეუბნის ბლოკირება უმოკლეს დროშივე მოხდა, თუმცა, მსჯავრდებული სულაქველიძე, მაინც ახერხებდა პროფესიონალებისგან თავის დაძვრენას. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემჩნევა და გამორჩევა მასისგან, მარტო იმითაც შეიძლებოდა, რომ გაქცეულ პატიმარს მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა. სამართალდამცავებმა, მხოლოდ გვიან საღამოს მოახერხეს მისი დაკავება დევნილების საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ავტოფარეხებთან. გაქცეულ პატიმარს რომ არ შექმნოდა ჯანმრთელობის საფრთხე (თურმე, უკვე სისხლისგან იცლებოდა!), ქუდზე კაცმობილიზებული პოლიცია ვერც მიაგნებდა. ისე, "პროფესიონალ" პოლიციელებს მის დაკავებაში კუდ-ი მიხმარებია, თორემ "დახუჭობანას" დიდხანს ეთამაშებოდა პატიმარი!

ერთი სიტყვით, ცირეკიძის შესახებ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დღეს ქუთაისის ციხის უფროსია, ბევრი ინფორმაცია არსებობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი კორძაიას თქმით, ცირეკიძე სისტემაში ახალი ხელისუფლების მიერ მოყვანილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუკი მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დადასტურება, პასუხსაც აგებს:

_ ეს ადამიანი სისტემაში ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მუშაობდა და დარჩა სისტემაში. რაც შეეხება პატიმრის ბრალდებას, კარგი იქნება მან, როგორც თქვენ გითხრათ, ისე იმ უწყებებსაც მიმართოს, რომელთა ვალდებულება ამ საკითხის მოკვლევაა. თუ ამ ადამიანის ბრალეულობა გამოიკვეთა, პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ დამნაშავეს დამნაშავე დაარქვას, დანაშაულს კი _ დანაშაული.

_ ბატონო ირაკლი, როგორც პატიმარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტებს ციხეშიც ჰქონდა ადგილი და როგორც გვითხრეს, ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე, სადაც ამჟამად ჩვენი რესპონდენტი იმყოფება, დავით ცირეკიძის მეგობარია.

_ თუ ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში მის მიმართ ხორციელდება, როგორც თქვენ ამბობთ, ძალადობა, ამ ადამიანმა უნდა დაწეროს განცხადება გენინსპექციის სახელზე. თქვენ, ალბათ, ადევნებთ თვალ-ყურს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უღირსი თანამშრომლების გამოვლენაზე. საჩივრის შემდეგ თუკი გამოიკვეთება ბრალეულობა, ეს ადამიანები იქნებიან დათხოვნილები. დათხოვნის შემდეგ კი, ჩვენგან საქმე ეგზავნება პროკურატურას და ისინი წყვეტენ რა და როგორ გააკეთოს.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ციხეში რემონტი იწყება და პატიმრების ნაწილი ქუთაისის, ნაწილი კი რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ციხის უფროსი, ცირეკიძის მარჯვენა ხელი ალექსანდრე ბირთველიშვილია, რომლის მიმართ მამუკა მგალობლიშვილს პრეტენზიები აქვს _ როგორც იგი ამბობს. ცირეკიძის მიერ გაკეთებული შეთავაზების დროს, ბირთველიშვილიც იქ იყო. მგალობლიშვილი და მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს აღნიშნული ციხეებიდან ერთ-ერთში გადაიყვანენ, მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

"გურია ნიუსმა" საქმის კურსში უკვე ჩააყენა სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც, იმედია, მგალობლიშვილის და მისი ოჯახის ზემოთ აღნიშნულ მოტივს გაითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური  ცენტრის მომაცემებით, .4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქარელში. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მუხილეთში, 5 კმ-ის სიღრმეზე ... ...
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...