დაკავებები იდენტური სცენარით _ ნაწილი მეორე

ჟურნალისტური გამოძიება

დაკავებები იდენტური სცენარით _ ნაწილი მეორე

1 იან. 1970, 04:00:00
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დანაშაულის გახსნის პირობა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მოსახსნელად განწირულმა სამხარეო სამმართველოს იმდროინდელმა უფროსმა დავით ცირეკიძემ პირადად მისცა.

სწორედ ამ პირობის მიცემის შემდეგ დაიწყო ჩოხატაურში დაკავებების სერია და გაიხსნა რამდენიმე ყაჩაღობა.

ე. წ. "ყაჩაღები" სამართლადმაცველებმა ერთი და იგივე სცენარით დააკავეს _ ყველა მათგანის თავდაპირველი ბრალდება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება გახლდათ.

2012 წლის 7 იანვარს, ქუთაისში, ნათესავთან დააკავეს ჩოხატაურელი პავლე კუკულავა. იმავე დღეს, კუკულავას საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ ჩხრეკა ჩაატარა. იმ დროს ოჯახის წევრებისთვის არავის უთქვამს, რომ პავლე დაკავებული იყო.

_ 7 იანვრის გამთენიისას, პოლიციელები ოჯახში შემოგვივარდნენ და მძინარენი ლოგინიდან წამოგვყარეს. როცა ავდექი, პირველი, რაც დავინახე, ის იყო, რომ ჩემი მეორე შვილი, გიორგი კუკულავა, პოლიციელებს ღუმელთან ჰყავდათ მიმწყვდეული და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იქნებოდა. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდათ დაკავებული. მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ და მეზობლებისთვის დამეძახა. ძალიან გვიანი იყო და მხოლოდ ერთი მეზობელი, ქეთევან ცინცაძე გავაღვიძე, _ ჩხრეკის დეტალებს იხსენებდა მოგვიანებით დაკავებულის დედა ია მახვილაძე.

კუკულავების ოჯახის წევრები "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ სახლში პოლიციამ ვერაფერი იპოვა და ძებნა სახლის გვერდით მდგომ დამხარე სათავსოში განაგრძო:

_ სახლის გვერდით "კუხნა" მიდგას, სადაც საკუჭნაო გვაქვს, რომელშიც პროდუქტებს ვინახავთ და დღეში რამდენჯერმე შევდივარ. სწორედ იქ, კარტოფილზე დადებული აღმოაჩინეს ავტომატი, _ ამბობს მახვილაძე.

პავლე კუკულავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდო: _ დიასახლისი ქალი ვარ. ყოველდღე შევდივარ საკუჭნაოში. ავტომატი რომ ჰქონოდა ჩემს შვილს, როგორ ფიქრობთ, კარტოფილს თავზე დაადებდა და მის დამალვას ვერ მოახერხებდა?! _ აღნიშნავს დაკავებულის დედა.

პავლე კუკულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 237-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

აღსანიშნავია, ჩხრეკა მათ ოჯახში 7 იანვრის გამთენიას, ორდერის გარეშე ჩატარდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 8 იანვრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა ორდერის გარეშე, კანონის სრული დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ ამოღებული იქნას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმეში არსებული მტკიცებულებები _ წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკები და სხვა მასალები, ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში (ახალშენში) პავლე კუკულავას საცხოვრებელ სახლსა და დამხარე სათავსოში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. საგამოძიებო მოქმედება _ ჩხრეკა, ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგანაც მის დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. შესაბამისად, არსებობდა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩხრეკის ჩატარების საქართველოს სსსკ-ის 112 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც შეზღუდა პავლე კუკულავას კერძო საკუთრება, ჩატარებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩხრეკის ჩატარებისა და მისი საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები", _ აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე მარიამ დარისპანიშვილი აწერს.

იარაღის შენახვა-ტარების ბრალდებას მალე მოყვა ახალი ბრალდება _ ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ. თუმცა, კუკულავას დანაშაული არ უღიარებია და თავს დღესაც უდანაშაულოდ მიიჩნევს.

კუკულავას ოჯახის წევრები ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა: _ ამ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე ვარ, 7 ნოემბრის აქციებზე ვიყავი, ყველა არჩევნებზე კომისიის წევრი ვარ და დარღვევებზე ხმამაღლა ვსაუბრობ. არასოდეს დამიკრავს ტაში ამ ხელისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ მათი უკანონობის მსხვერპლია ჩემი ოჯახი. არჩევნებზე ბევრჯერ მევაჭრებოდნენ ჩემი შვილით, _ ამბობდა 2012 წლის იანვრის ბოლოს, "გურია ნიუსთან" საუბრისას, დაკავებულის მამა.

ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც გამოძიებას კუკულავას წინააღმდეგ აქვს, დისკია, რომელზეც აუდიო ჩანაწერია გაკეთებული. აუდიო ჩანაწერში ბუნდოვნად ისმის საუბარი ყაჩაღობაზე, რომლის შედგა ორ პიროვნებას შორის და ისმის მხოლოდ პალიას სახელი: "მეტი იყო ფული და სეიფი რომ გაგვეღო, მეტი უნდა წამოგვეღო. სეიფი რატომ ვერ გააღო პალიამ?" _ ისმის ჩანაწერში.

ეს დისკი სამმართალდამცველებმა მამუკა მგალობლიშვილის სახლიდან ამოიღეს ავტომატთან და ტყვიებთან ერთად.

მგალობლიშვილის დაკავებაც თავდაპირველად იარაღის შენახვის ბრალდებით მოხდა. მგალობლიშვილთან იარაღი საკმაოდ თვალსაჩინო ადგილზე _ სახლის ღია სხვენზე _ ქილების თავზე იპოვეს.

ჩხრეკის მოწმემ, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ უშუალოდ იარაღის ამოღების პროცესს არ დასწრებია:

_ სხვენზე ასასვლელი ვიწროა. მე დიდი ტანის ვარ და იქ ვერ შევიდოდი. დავინახე, რომ პოლიციელმა იარაღი ჩამოიტანა, _ აღნიშნულია მოწმის ჩვენებაში.

მგალობლიშვილს, დაკავებიდან ძალიან მალე, ახალი ბრალი _ ყაჩაღობა წაუყენეს.

კუკულავასგან განსხვავებით, მგალობლიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩვენება პოლიციამ ძალადობის შედეგად მიიღო:

_ მცემდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ოჯახის წვერების უსაფრთხოებით მემუქრებოდნენ და სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს, _ ამბობს მამუკა მგალობლიშვილი, რომელიც საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.

_ როგორ გგონიათ, ყაჩაღობა ჩავიდინე, მერე საუბრის ჩანაწერი გავაკეთე და შევინახე? ეს ხომ აბსურდია?! _ ამბობს პატიმარი, რომელიც იმდროინდელ სამხარეო სამმართველოს უფროსს, დავით ცირეკიძეს ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს და დასძენს, რომ სწორედ უარმა განაპირობა მისი დაკავება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოებების შესახებ მამუკა მგალობლიშვილმა სასამართლოზეც ისაუბრა, სასამართლოს მისი ეს ჩვენება არ გაუზიარებია და მგალობლიშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მიხედვით, მგალობლიშვილმა, კუკულავამ და კიდევ ერთმა პიროვნებამ (რომლის დაკავებაც კუკულავას და მგალობლიშვილის დაკავება სცენარით _ იარაღის შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით მოხდა და ჩვენ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) 2011 წლის 3 ნოემბერს, სოფელ შუაფარცხმაში, თამაზ ტრაპაიძე დააყაჩაღეს და სახლიდან 2 400 ლარი წაიღეს. დამნაშავეებმა ტრაპაიძე სასტიკად სცემეს და ხელებშეკრული სახლში დატოვეს.

სისხლის სამართლის საქმის თანახმად, აღნიშნული ყაჩაღობის ორგანიზატორი სწორედ მგალობლიშვილი იყო, რომელიც დანარჩენ ორს სახლის გარეთ ელოდებოდა.

თამაზ ტრაპაიძეს სასამართლოზე დამნაშავეები არ ამოუცნია: _ ნიღბები ეკეთათ და ნამდვილად არ ვიცი, ვინ იყვნენ, თუმცა, აღნაგობის მიხედვით ჰგავდნენ. რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არც ერთს არ ჰქონდა, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

ტრაპაიძეს მგალობლიშვილი არ დაუნახავს. ამბობს, მამუკა რომ სახლში ყოფილიყო, აუცილებლად იცნობდა:

_ ჩვენ ვმეგობრობდით და რომ დაეხველებინა, მაშინაც კი ვიცნობდი, _ დასძენს ტრაპაიძე.

გამოძიების პროცესში რამდენიმე ექსპერიმენტია ჩატარებული, ერთ-ერთი კი შემთხვევის ადგილზე დაკავებულებთან ერთად იმ მოქმედებების გავლა, რომელიც მათ ჩაიდინეს.

ამ ექსპერიმენტის ჩატარების დროს, კანონის თანახმად, აუცილებელია, რომ არსებობდეს დაზარალებულის თანხმობა (თუკი მოქმედება მის საცხოვრებელ სახლშია ჩასატარებელი) და თავადაც უნდა ესწრებოდეს პროცესს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაშინ, როცა მგალობლიშვილი ტრაპაიძის სახლთან მიიყვანეს, დაზარალებულს არც შეხვედრია:

_ პოლიციელებმა მითხრეს, რომ თვითონ მამუკას მოთხოვნა იყო, რომ ჩემთვის არ შეეხვედრებინათ. მე სახლიდან ვუყურებდი, თუმცა, მამუკას არ შევხვედრივარ, _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას თამაზ ტრაპაიძე.

ის, რომ პოლიცია დაკავებულის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, რომ ამის საშუალებას მას კანონიც არ აძლევს, არახალია. მით უმეტეს, რომ მამუკა მგალობლიშვილის თქმით, ამ საკითხზე გამომძიებელს მასთან საუბარი არ ჰქონია. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ მგალობლიშვილმა ტრაპაიძესთან შეხვედრა სასამართლოზეც მოითხოვა.

ამ საქმის პროკურორი დავით შვანგირაძე გახლდათ, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულების დანაშაული ბევრი გარემოებით მტკიცდება: _ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა თამაზ ტრაპაიძის სახლში და ეზოში, დამატებით კი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სახლის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სკოჩი, ნაჭრის ზონარები, სისხლის კვლები, ასევე სუნის კვლები. ხოლო დამატებითი დათვალიერების დროს, რომელშიც მონაწილეობდა ექსპერტ-კინოლოგი და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, ნაპოვნი იქნა ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნიღბით და ქუდით, საიდანაც იმავე დღეს ამოღებული იყო თმის და სუნის კვლები. მოშორებით იპოვეს სიგარეტის ნამწვები, რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე. საქმეში კიდევ ბევრი მტკიცებულებაა _ დაზარალებულის ჩვენება, მეზობლების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები. საქმეში დევს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები სამივე ბრალდებულის იდენტურია. აგრეთვე, ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ ამოღებულ სიგარეტებზე აღმოჩენილი ნერწყვის კვალი ეკუთვნოდა პავლე კუკულავას და, ასევე, მგალობლიშვილს. ხოლო ჩანთაში აღმოჩენილ ქუდზე არსებული თმა ეკუთვნოდა მამუკა მგალობლიშვილს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას შვანგირაძე.

_ ბატონო დავით, მგალობლიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სუნის კვლები მას შემდეგ აიღეს, რაც მგალობლიშვილი დააკავეს და მტკიცებულებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა _ ისინი შემდგომში, საქმის "შეკერვისას" შეიქმნა...

_ ზემოაღნიშნული კვლები რომ შემთხვევის ადგილიდან იყო ამოღებული 2011 წლის 3-4 ნოემბერს, დასტურდება, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მისი ამსახველი ფოტოსურათებით და ასევე მასში მონაწილე პოლიციელთა და დაზარალებულის ჩვენებებით. ხოლო მგალობლიშვილიდან ნიმუშები აიღეს მას შემდეგ, რაც იგი დააკავეს _ 2012 წლის 16 ივნისს.

_ პოლიციელთა ჩვენება რამდენად შეიძლება იყოს მყარი მტკიცებულება, როცა ისინი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ?

_ ისინი დაინტერესებულ მხარეს არ წარმოადგენენ, ვინაიდან მათი სამსახურებრივი მოვალეობაა მომხდარი ფაქტის გამოძიება, დანაშაულის გახსნა და დამნაშავე პირთა დადგენა-დაკავება. ამასთან, პირველად და გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებას _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ატარებს პოლიციის გამომძიებელი, რომელშიც მონაწილეობენ ექსპერტები, პოლიციის თანამშრომლები და დაზარალებული. გამომძიებელი აღმოჩენილ და ამოღებულ კვლებს ასახავს ოქმში, რომლებსაც ამოღების შემდეგ ცალ-ცალკე ლუქავს მონაწილე პირთა თანდასწრებით, რის სისწორესაც ადასტურებენ ხელის მოწერით. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ დოკუმენტებში ეჭვის შეტანა საფუძველს მოკლებულია..

_ ამ კუთხით თუ მივუდგებით, იგივე მოქმედებები ჩატარდა რესპუბლიკელი მამუკა ცინცაძის სახლიდან, უფრო სწორად საქათმიდან, იარაღის ამოღების დროს, თუმცა, წლების შემდეგ, პირადად თქვენ მოხსენით ბრალი... ამის შემდეგ რატომ უნდა ვირწმუნოთ თქვენი სიტყვები და თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები მივიღოთ უტყუარ მტკიცებულებად?

_ ცინცაძის საქმე იარაღის ამოღებას ეხებოდა, ეს კი ყაჩაღობის საქმეა და რადიკალურად განსხვავებული დანაშაულებია.

_ თუმცა, ყველა ეს ადამიანი, თავდაპირველად დააკავეს იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით. ზოგადად, იმ პერიოდში ასე იწყებოდა საქმის გახსნა.

_ რა თქმა უნდა, ასე არ არის, რადგანაც მამუკა ცინცაძის საქმის სასამართლო განხილვისას, გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამოძიებაში ობიექტური მიზეზების გამო ცნობილი არ იყო, რაც გახდა ამავე საქმეში ბრალდებაზე უარის თქმის მიზეზი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლო განხილვისას არ გამოვლენილა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მგალობლიშვილის ბრალდებას გააბათილებდა და გაამართლებდა ამ უკანასკნელს. შესაბამისად, სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

_ ბატონო დავით, როგორ გგონიათ, რატომ შექმნიდა ადამიანი საკუთარი თავის მაკომპრომეტირებელ მასალას _ საუბარი მაქვს ჩD დისკზე არსებულ ჩანაწერზე, რომელიც პოლიციამ მგალობლიშვილის სახლიდან ამოიღო? ეს ხომ აბსურდია?

_ დისკზე არსებული ჩანაწერი იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება ამ საქმეში. მარტო აღნიშნულ დისკზე არსებულ ჩანაწერს არ დაყრდნობია ბრალდება. კერძოდ, საქმეში იყო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნულ ჩანაწერთან ერთად ერთობლიობაში საფუძვლად დაედო მის ბრალდებას. ამას თან დაერთო თავად მგალობლიშვილის აღიარებით და განთქმითი ჩვენებები, რომლებშიც ეს უკანასკნელი მიუთითებს, როგორც ყაჩაღობის თანამონაწილეებზე და ასევე მის მიერ ჩანაწერის გაკეთებაზე.

_ თავად ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მას არ ეკუთვნის და აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.

_ აღნიშნული გარემოებები არც გამოძიებაში და არც სასამართლო განხილვისას მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

მამუკა მგალობლიშვილმა უკვე მიმართა შესაბამის ინსტანციებს საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. საქმე რამდენიმე თემად იყოფა _ მათ შორის, დავით ცირეკიძის მხრიდან ყაჩაღობის შეთავაზება, რომლის დეტალებზე ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში გიამბეთ.




 ახალი ამბები
  • "ძლიერებმა სუსტებს ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ" ,,ძლიერებმა სუსტებს რაღაცეები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა,  პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო არეულობისგან და „ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს. „კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში უერთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო,  გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? ამგის გამო დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ“, _ განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის ხატი შექმნეს, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში ,,ეროვნული იდეოლოგია, რომ არ აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნეს, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდებით რაღაცებზე, ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა.“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.     ... ...
  • "მადლობელი ვარ, დამბადებელო" _ ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა,,ლიბორისტული პარტიის“  ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს  მეტეხის ეკლესიის ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისი თავის წარადგინა და  ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყო კანდიდატების წარდგენა. ,,როდესც ვუყურებ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრიქონები. ,,მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდი, როგორიც ამ დღეს საჭიროა, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.“  დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ,  რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, _ განაცხადა ნათელაშვილმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ 10 რჩეულს კანდიდატს წარადგენდა. ნაძალადევი - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი; ,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ნათელაშვილმა. თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა -  ნიკა ვარდოშვილი; რუსთავი - მიხეილ ქუმსიშვილი; ,,20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენელი, ქართული პოლიტიკის მომავალი“, - განაცხადა ნათელაშვილმა; მარნეული - ალი ბადიროვი; ,,მაჟორიტარად ვასახელებ, მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს და ქართულად კარგად  მოსაუბრეს“, _ აღნიშნა წარდგენისას პირველმა ლეიბორისტმა. თეთრიწყარო, წალკა,დმანისი, ბოლნისი - თემურ წიკლაური წარდგენისას  ნათელაშვილმა, მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენაზე, რომელის წყალობითაც ,,იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს. მესხეთი _ გიორგი ჩიტაური; პირველმა ლეიბორისტმა აღნიშნულ ოლქს უწოდა, ქართული პოლიტიკის სამშობლო ,,კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს“, - განაცხადა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთი - ბექა ნათელშვილი   ,,ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა - სამსონ გუგავა ,,პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი“ ,- ამ სიტყვებით წარადგინა ნათელაშვილმა, აღნიშნული კანდიდატი. გურია - დავით მამლაძე მას, ნათელაშვილმა ,,აჯაყებული გურული“ უწოდა; აჭარა - ტარიელ კალანდარიშვილი; ის, ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის წარმომადგენლად დაახასიათა ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელად  ზურაბ ლომია წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატად კი, ირაკლი კიკვიძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატად _ ოთარ ქოსაშვილი. პირველი ლეიბორისტის თქმით,  თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს. ნათელაშვილმა რეგიონებში, საკრებულოს სამი ქალი კანდიდატი წარადგინა და აღნიშნა, რომ მათ მხარს, მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ ,,გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს, გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში  - მარიამ გოჩალეიშვილი თელავში - თამარ მენაბდიშვილი მანგლისში -თათია მაისურაძე ,,მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“ - უთხრა შალვა ნათელაშვილმა. როგორც ცნობილია, საარჩევნო ცვილელებების შემდეგ,  2020 წლის 31 ნოემბრის არჩევნები, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში( 8 თბილისში და 22 რეგიონებში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მენიზმი იქნება, პარტია რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაწერას მიიღებს, ის პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ... ...
  • შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls