რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

15 მარ. 2017, 17:22:53

მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა _ ესენი ის პირები  არიან, რომლებსაც ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი,  გონივრული ეჭვის საფუძველზე, საკუთარი ქონების იძულებით დათმობისა და დაკარგვის საქმეში ჩართულ  მხარეებად ასახელებს.

საქმე ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის განცხადებით, იძულებით, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, 2006 წლის 4 ნოემბერს,  საკუთარი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. განცხადების დაწერიდან ცოტა ხანში კი, ქონება გასხვისდა და ის რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც დღემდე ეს კომპანია ფლობს.

ქონებაზე სასამართლო დავები 2015 წლიდან მიმდინარეობს. 2012 წლიდან საქმეს ასევე იძიებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, თუმცა ძიების დასრულებამდე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორ დაათმობინეს ბიზნესმენს წლების განმავლობაში შეძენილი ქონება, ამაზე „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სტატიაში _  შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I.

ვაგრძელებთ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების მასალების შემდეგი ნაწილის გამოქვეყნებას - რატომ არ ჩათვალა სასამართლომ დავით კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება მტკიცებულებად და რა ბერკეტები დარჩა ბიზნესმენს სამართლიანობის მისაღწევად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2012 წლის 27 ნოემბერს, საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, რამაზ ახვლედიანმა საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა. საქმე ამ დრომდე ძიებაშია.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, 2015 წლის 12 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად ეცნოთ  საქართველოს

პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბრის №713 განკარგულება, რამაზ ახვლედიანისათვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში.

ამავე წლის 17 ნოემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის განჩინებით, რამაზ ახვლედიანის სარჩელი წარმოებაში მიიღეს და საქმის განხილვაც დაიწყო.

მოგვიანებით, საქმეში მესამე პირად ჩართეს „ლისი ლეიქ დეველოპმენტიც“, რომლის დამფუძნებლებიც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები არიან.  როგორც „გურია ნიუსი“ უკვე წერდა, 2006 წლის 14 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა „ტურისტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბა“-ს მიერ 1998წლამდე ფაქტიურად დაკავებულ ტერიტორიას, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში რამაზ ახვლედიანს გადაეცა, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე.

პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ, უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, თუმცა,  აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახვლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო.

რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ როდესაც პირობების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა ჯერ ისევ არსებობდა, ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეც, ვადის გასვლამდე მსჯელობა, რომ ბიზნესმენმა რომელიმე ვალდებულება არ შეასრულა, წარმოადგენდა უსაფუძვლოს და უკანონო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს აღნიშნულზე უნდა ემსჯელა.

თუმცა, საწინააღმდეგოს ფიქრობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე, რომელმაც 2016 წლის 27 ოქტომბერს, რამაზ ახვლედიანის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და პრეზიდენტის 2006 წელს გამოცემული განკარგულება ძალაში დატოვა. ქონება კი, კანონიერად გასხვისებულად მიიჩნია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმების მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და ურთიერთშეჯიბრების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული“, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქმეში არსებული მასალების განხილვისა, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რამაზ ახვლედიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლემ თავისი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, მხარეს არ მისცა შესაძლებლობა სრულფასოვნად წარმოედგინა საქმესთან შემხებლობაში არსებული მტკიცებულებები და მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ადამიანები, რომელთა მონაწილეობითაც, ბიზნესმენს 2006 წელს ქონება დაათმობინეს.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ცალკეული საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორების მოწმის სახით დაკითხვას.

კერძოდ, რამაზ ახვლედიანმა ითხოვდა მოწმის სახით დაკითხულიყვნენ  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პრეზიდენტი 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი 2005–2013 წლებში, გიგი უგულავა, მაშინდელი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებლები, ნოტარიუსი, რომელთანაც ღამის საათებში მოხდა იძულების შედეგად დათმობილი ქონების და ბიზნესის გადაფორმება. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა დაუსაბუთებლობისა და საქმესთან შემხებლობის არქონის მოტივით, არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მოგვიანებით მიიღო მოსამართლემ, აღნიშნულია, რომ რამაზ ახვლედიანმა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო  თავად განაცხადა უარი ქონების საკუთრებაში მიღებაზე, ამიტომ „სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო მის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის დადგომამდე გამოეცხადებინა თავისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად“.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებას სადავო  ქონებაზე უარის თქმის განცხადების იძულების წესით დაწერასთან დაკავშირებით.

„ასევე დაუსაბუთებელია  გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე აპელირება, რომ რამაზ ახვლედიანმა სადაო ქონებაზე უარი თქვა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული სცდება დავის საგანს. მით უმეტს რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადასტურება რამაზ ახვლედიანზე უშუალოდ ამ განცხადების დაწერის მიზნით რაიმე სახის იძულების განხორციელების ფაქტისა.

სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის დროისათვის რამაზ ახვლედიანის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისებულია და საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“, _ ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ეთანხმებიან საქმეში მხარეებად ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“. როგორც მხარეებმა სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნეს, რამაზ ახვლედიანის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ამიტომ ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც მოგვიანებით, სასამართლომაც გაიზიარა.

ამასთან, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, 2006 წლის 4 ნოემბრამდე, სანამ ახვლედიანი სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარ ქონებას დათმობდა, მასზე ფინანსურ პოლიციაში საქმე აღიძრა. ამის შესახებ ახვლედიანსაც აცნობეს და რამდენჯერმე პოლიციაში დაიბარეს კიდეც. მოგვიანებით, 2006 წლის 4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა ქონება სახელმწიფოს დაუთმო დევნა შეწყდა, თუმცა, ამის შესახებ მისთვის არავის უცნობებია და 2013 წლამდე ეგონა, რომ მის მიმართ ძიება კვლავ მიმდინარეობდა. თუმცა, სასამართლომ არც ამ საკითხზე იმსჯელა - ხომ არ იყო კავშირი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასა და  რამაზ ახვლედიანის იძულებით ქონების დათმობას შორის.

რამაზ ახვლედიანის ადვოკატი გიორგი ნასყიდაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ახვლედიანზე იყო ზეწოლა რეჟიმის მხრიდან, რის გამოც, განცხადება დააწერინეს იძულებით“.

„სასამართლოში წარვადგინეთ დოკუმენტები, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს რომ ზეწოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, დიდი ლოგიკა არ სჭირდება. საქმე თურმე შეწყდა 2007 წელს, მაგრამ ამის შესახებ ახვლედიანს არ აცნობეს და მას შემდეგ გავიგეთ 2016 წელს, რაც პროკურატურიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ამ დოკუმენტებზე მოსამართლემ არ იმსჯელა.  მოსამართლემ პირდაპირ თქვა, წადით, სისხლის სამართლებრივი ფორმით იდავეთ და იქ როცა დაადგენს გამოძიება რომ თქვენს მიმართ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაგის მერე მოდით, პროკურატურის დადგენილება მოიტანეთ და ვიმსჯელებ ამ საკითხზეო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ აჩერებს ადმინისტრაციულ  და სამოქალაქო სამართალწარმოებებს. გამოდის, რომ  რამაზ ახვლედიანს უნდა გაეშვა პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და შემდგომში საერთოდ ვეღარ შეძლებდა დავის დაწყებას.

2006 წლის 1 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანს გაუგზავნეს წერილი რომ აღეწერა სს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბის“ ქონება. 2006 წლის 4 ნოემბერს კი მან განცხადება დაწერა და ქონება დათმო. ამ განცხადების დაწერა რომ სდომებოდა ახვლედიანს, სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ხომ არ დაელოდებოდა?

გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობდა იმ კუთხით, რომ იკვლევდნენ რამაზ ახვლედიანის მიერ ეს ქონება როგორ იქნა შეძენილი. სახელმწიფოს რომ ქონება კანონიერად დაებრუნებინა და განცხადება არ დაეწერა ახვლედიანს, გამოძიება ხომ მაინც უნდა გაგრძელებულიყო? თუ დანაშაული ჩაიდინა ამ ქონების შეძენაში, მაშინ ის ბოლომდე არ უნდა მისულიყო?! ამაზე არ იმსჯელა მოსამართლემ, რაც უკვე პროცესუალური დარღვევაა. ამ დოკუმენტებზე რომ მოსამართლეს თვალი არ დაეხუჭა, უკუშედეგს ვიღებდით. გამოდიოდა რომ რამაზ ახვლედიანზე არსებობდა საეჭვო მოქმედება  სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც თვითონ სახელმწიფოს ორგანოები ვერ აბათილებენ. არადა, ახვლედიანზე იყო ზეწოლა რეჟიმის მხრიდან, რის გამოც, განცხადება დააწერინეს იძულებით, ეს კი ავტომატურად იწვევს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას“, _ აღნიშნავს ნასყიდაშვილი.

გარდა ამისა, ადვოკატი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს განცხადებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სახელზე რამაზ ახვლედიანმა დაწერა მან სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო 10 მილიონიანი ქონება. მაგრამ არცერთი დაწესებულება, რატომ თმობდა ახვლედიანი ამ ქონებას.

„არც მერია, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ინტერესდება და არ აკეთებს მოკვლევას. შემთხვევით, ბოდიში და პასტა ხომ არ წაგიცდაო?! ევროპული პრეცედენტების მიხედვით კი ასეთი გარიგება ბათილია, მიიჩნევს საეჭვო გარიგებად. ახვლედიანის შემთხვევაში კი საწინააღმდეგოდ მოხდა“, _ ამბობს ნასყიდაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რამაზ ახვლედიანმა უკვე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში თუმცა, პროცესები ჯერ არ დაწყებულა.

თავად რამაზ ახვლედიანი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ფიქრობს, რომ სასამართლო გულგრილად მიუდგა აღნიშნულ საკითხს და წარდგენილ მტკიცებულებებზე სამართლიანად არ იმსჯელა, რასაც თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორების გავლენებით ხსნის.

 „დღეს მოსამართლეებს დამოუკიდებელი, თავისუფალი და კომპეტენტური გადაწყვეტილებების გამოტანის ან ეშინიათ ან არ ძალუძთ, მით უმეტეს თუ საქმე ქონებრივ დავებს ეხება. ასევე, მათზე ნებით თუ უნებლიედ მოქმედებს მოსარჩელე პიროვნებების ფაქტორები, მათი გავლენები და  მუშაობს პრინციპი - ვინმეს ისეთს არ აწყენინონ. განცდა „შინაგანი რწმენა“ ბევრისთვის ჯერ კიდევ შორს არის. ამის მაგალითად ჩემი საქმეც გამოგება.

გულსატკენი ვარ, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძე ასე გულგრილად მიუდგა საკითხს, რომელზეც დამოკიდებულია ჩემი ბედი, წარსული და მომავალი.  მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ არა თუ არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დოკუმენტურად ასახული იყო ჩემს მიერ ლისის ტბის ეკოლოგიური გადარჩენისა და მისი სარეკრეაციო განვითარების მიზნით ჩატარებული სამუშაოები, არამედ უარი გვითხრა ჩვენს მიერ დაყენებულ ყველა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც მას, როგორც მოსამართლეს დაეხმარებოდა ჭეშმარიტების დადგენისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში. მან ასევე უარი გვითხრა ყველა იმ ადამიანის მოწმედ დაკითხვაზე, რომლებთაც ამ საქმესთან  მეტნაკლები შემხებლობა ჰქოდათ.  მოსამართლე ფარქოსაძეს იმის განხილვაც კი არ უნდოდა, რომ არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ბიზნესს, რომელშიც ჩადებული იყო ოცწლიანი თავდაუზოგავი შრომა და ფინანსური რესურსები და რაც მთავარია მისი სამომავლო პერსპექტივები ასე ერთ დღეში, არა სამუშაო დღეს არ წერს განცხადებებს საკუთრების სახელმწიფოსთვის დათმობის მიზნით, იმავე დღეს, თითქმის შუაღამეს არ გარბის ნოტარიუსთან დასამოწმებლად  და რაც მთავარია, იმდენს ვერ ხვდება, რომ აღნიშნულ ბიზნესისა თუ ქონების ბაზარზე  გამოტანით რამდენჯერმე მეტ თანხას მიიღებდა“, _ ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, „მოსამართლემ, თავისი განჩინებით  სრულად გაიზიარა ჩემი მოწინააღმდეგე მხარეების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის და „ ლისი ლეიქ დეველოპმენტი“-ს მოსაზრება და პათოსი, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბიზნესმენებზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდებოდა“.

„ქონებების სახელმწიფოსთვის უკან ჩაბარება მათზე ზეწოლის გზით იყო მითები და არა რეალობა და რომ, მე, ჩემზე განხორციელებული ზეწოლის არსებობის შემთხვევაში კეზერაშვილის უწყებისათვის 2009 წლამდე უნდა მეჩივლა“, _ ამბობს ახვლედიანი.

ამასთან, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სასამართლოში წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს „ლისის ტბის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას როგორც დაინტერესებულ მხარეს,  განცხადებითაც კი არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოებისათვის, არც მაშინ და არც ახლა.

შესაბამისად, რამაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის „უმოქმედობა“ ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს  პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით იგივე საინვესტიციო პირობებითა და უფრო გამარტივებული მოთხოვნებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება, მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას.

ცნობისთვის, "გურია ნიუსი" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინა წლებშიც წერდა. 2016 წლის 18 მაისს, სტატიის მომზადებისას, ვეცადეთ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესაც  დავკავშირებოდით, თუმცა, როგორც თი-ბი-სი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, ისინი უფლებამოსილები არ არიან საქმეზე განმარტებები გააკეთონ. ჩვენი კითხვები კი "ლისი ლეიქ დეველოპმენტში" გადაამისამართეს. როგორც მოგვიანებით "ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან" გვაცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა, განცხადება არ გაუვრცელებიათ. შესაბამისად, ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზეც ვერ მივიღეთ პასუხი.

„გურია ნიუსი“ კვლავ ამზადებს წერილს, რომელსაც როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე "ლისი ლეიქ დეველოპმენტს" თავიდან გადაუგზავნის, პასუხის მიღების შემთხვევაში მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება ლისის ტბის საქმეზე არსებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, „გურია ნიუსი“ მათ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

აქვს თუ არა კავშირი ლისის ტბის საქმეს სისტემურ დანაშაულთან

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან

"ახალგაზრდა ადვოკატები" სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებენ




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...
  • ჩოხატაურში შვილის ცემისთვის მამაკაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა (R)N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.  საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.  აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ... ...
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls