შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

1 მარ. 2017, 14:23:07

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებების აღდგენას და გამოძიების პროცესის დროულად დასრულებას ითხოვს. საქმე 2006 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ეხება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქონების მესაკუთრემ, რამაზ ახვლედიანმა ქონება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. აღნიშნულთან დაკავშირებით 2015 წლიდან სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საქმეს ასევე იძიებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, თუმცა, ამ დრომდე ძიება არც დასრულებულა.

ვინ არის რამაზ ახვლედიანი და  რა დამსახურება აქვს ლისის ტბის გადარჩენის საქმეში

ლისის ტბის განვითარების პირველი ეტაპი

ბიზნესმენ რამაზ ახვედიანის მოღვაწეობა ლისის ტბაზე 1998 წლის ბოლოდან  იწყება, მაშინ, როდესაც ის ტურიზმის დეპარტამენტის „ლისის ტბის ტურისტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის  ბალანსზე რიცხული ქონების, იჯარა- გამოსყიდვის ფორმით, პრივატიზების მიზნით ჩატარებულ კომერციულ კონკურსში, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ, გამარჯვებულად გამოცხადდა.

 1999 წლის 13 აპრილს, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება  და მიღება - ჩაბარების აქტი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ რამაზ ახვლედიანს კონკურსის შედეგად გადაეცა მხოლოდ შენობა-ნაგებობები და არა ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც აღნიშნული შენობა-ნაგებობები იყო აღმართული, რადგანაც იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთების პრივატიზაციას და მის ინდივიდიალურ საკუთრებაში გადაცემას.

როგორც ბიზნესმენი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2000 წლის შემოდგომამდე, მან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ლისის ტბის გადარჩენის და განვითარებისათვის.

ახვლედიანი იხსენებს, 1998  წლიდან, კლიმატური და სხვა გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად, ლისი ტბაში წყლის დონის კლებამ კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია. მოიმატა ტბის მინერალიზაციამ, შემცირდა ჟანგბადის რაოდენობა, ტბაში დაიწყო იქთიოფაუნისა და სხვა ცოცხალი ორგანიზების დაღუპვის პროცესი. ტბა აღმოჩნდა გაქრობის საშიშროების წინაშე. ყოველივე ამან გამოიწვია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიმატური პირობების  შეცვლა  და არსებულმა გამწვანებამ ხმობა დაიწყო. ახვლედიანის  ძალისხმევით, მოწვეულნი იქნენ ჰიდროლოგები, ჰიდროგეოლოგები, ჰიდროტექნიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები, სადაც თბილსის მერიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან ჩართული იყვნენ სანიტარული ინსპექციისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის სამსახურები. შეისწავლეს და შეიმუშავეს ლისის ტბის წყლით შევსების რამდენიმე პროექტი (მდ. მტკვარი, მდ. ვერე, მდ. დიღმულა).  ასევე შეისწავლეს ტბის გარშემო ტერიტორია იქ არსებული წყლების მარაგებით, რომელთა შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და თბილისის მერიის სამსახურების მიერ უპირატესობა  ნუცუბიძის პლატოზე დაჭაობებულ დეპრესიაში აღმოჩენილი გრუნტის წყლებს მიენიჭა. ზემოთ აღნიშნულ დაჭაობებულ დეპრესიაში მოეწყო სატუმბი სადგური და გაიყვანეს 2 კმ-მდე 325 მმ-იანი მილსადენი, ასევე Aაღადგინეს 4 კმ-მდე სიგრძის წყალშემკრები არხი.

ახვლედიანი ამბობს, რომ რამდენიმეწლიანი შრომისა და შესაბამისი ხარჯების გაწევის შემდეგ, ტბის წყლის სარკის ზედაპირი  ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა. ასევე, ტბაში ეტაპობრივად გაუშვეს რამოდენიმე ასეული ათასი კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი  სხვადასხვა ჯიშის ლიფსიტა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად  ტბა გადარჩა, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასევე აღუდგა მისი ისტორიული ფუნქცია - ტბის სარეკრეაციო დანიშნულებით გამოყენება. მომეცა საშუალება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი განმეხორციელებინა“,  _აღნიშნავს ახვლედიანი.

კერძოდ, 2001წელს, რამაზ ახვლედიანის „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბამ“ ქალაქ თბილისის მერიას წინადადებით მიმართა და ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიერ ფაქტიურად დაკავებულ ტერიტორიაზე (63,5 ჰა, სადაც დაახლოებით 57 ჰა.  გამწვანებულ მასივს შეადგენდა) შესთავაზა კომპლექსის განვითარების  გეგმა _ ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კულტურულ სანახაობითი ცენტრის შექმნის შესახებ. სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ლისის ტბაზე საწყალოსნო ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით - პლიაჟები, ატრაქციონები, ბისტროს ტიპის სასაუზმეები, სანაყინეები, გამქირავებელი პუნქტები, სპორტთევზაობა, სამაშველო სამსახურები, რანჩოს ტიპის საცხენოსო კომპლექსი, სპორტული მოედნები და  სარებილიტაციო ცენტრი გოგირდოვანი წყლებით, ასევე, ოჯახური დასვენების მოყვარულთათვის კოტეჯური ტიპის სასტუმროების მშენებლობა, მცირე ტიპის სასტუმრო თავისი ინფრასტრუქტურით.  ღია ტიპის ამფითეატრი და სხვადასხვა სანახაობითი ობიექტები კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად  და სხვა.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 24 იანვრის დადგენილების შესაბამისად,  შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექს ლისის ტბას“ ნება მისცეს, დაემუშავებინა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური დაგეგმარების პროექტი. დადგენილებით, თბილისის მთავარ არქიტექტორს დაევალა, კომპანიისთვის დახმარების აღმოჩენა აღნიშნული საქმის განხორციელებაში და შემოქმედებითი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

2004წლიდან, ლისის ტბის ინტერესების დაცვა და საქმიანობის გაგრძელება, რამაზ ახვლედიანს საქართველოში შეცვლილ ხელისუფლებასთან და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელობასთან მოუხდა.

2004წლის 27 მაისს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექს ლისის ტბას“ მიმართ გაიცა დავალება- პროექტირებაზე.   რის საფუძველზეც საპროექტო ჯგუფს  ახვლედიანის მიერ შესაბამისი დაკვეთა კომპლექსის განვითარების ზონალური დაგეგმარების, გენგეგმის  პროექტისა და მაკეტის დამზადების თაობაზე.

ახვლედიანის თქმით,  2004 წლის ივნის-ივლისში მასა და თბილისის ვიცე-მერ თემურ ქურხულსშორის, ვიცე-მერის ინიციატივით, შედგა შეხვედრა.  საუბარი კი ლისის ტბის მდგომარეობას, მიმდინარე საქმიანობასა და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მიცემულ  ჩვენებაში რამაზ ახვლედიანი აღნიშნავს, თბილისის ვიცე-მერის - თემურ ქურხულისგან  მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლისის  ტბის  განვითარებით  ჰოლანდიელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული. თბილისის ვიცე-მერმა  საკითხს „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი“ უწოდა, რომ პირდაპირი  დავალება-ინტერესი მომდინარეობდა „პირველიდან“ და ნაგულისხმევი გახლდათ საქართველოს პირველი პირი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ახვლედიანი ამბობს, რომ მას ქურხულმა სთხოვა, თანამშრომლობაში ზედმეტი პრობლემები არ შეექმნა.

ახვლედიანი ჩვენებაში ასევე აღნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორის და ინვესტიციების წინააღმდეგი არ ყოფილა.  თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა განმეორებით, 2-3 დღის ინტერვალის შემდეგ, კვლავ მოხდა.

როგორც ბიზნესმენი იხსენებს, თემურ ქურხულის კაბინეტში ხელმეორედ შეხვედრაზე, ჰოლანდიელი ინვესტორების ნაცვლად, პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების სახით, მას დახვდნენ საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია - GRDC-ის სახელით მამუკა ხაზარაძე და კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი კილაურიძე.

ახვლედიანის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ  გაითვალისწინა ვიცე- მერის გაფრთხილება (არსებობდა  ლისის ტბის დაკარგვის საფრთხე, ხოლო მისი განვითარება პარტნიორულ დონეზე ალტერნატივის გარეშე აღმოჩნდა), ბიზნესის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, დაიწყო კონსულტაციებისა და წინადადებების განხილვის ახალი ეტაპი.

ლისის ტბის განვითარების მეორე ეტაპი

2004წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის შედარების აქტი გაფორმდა.

დოკუმენტში ნათქვამია: „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს მთავარმა ბუღალტერმა ნანა მგალობლიშვილმა და მეორეს მხრივ, რამაზ ახლედიანმა მოვახდინეთ ურთიერთშედარება, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ 13,04,99 წელს საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, „მოიჯარის“ მიერ გადახდილია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის  „ლისის ტბის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ღირებულება“.

დოკუმენტით აღიარებულ იქნა, რომ რამაზ ახვლედიანმა კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, გადაიხადა გამოსასყიდი თანხა - 60416,43 ათასი ლარი და იჯარა - 13962,14ათასილარი. ამდენად, სახელმწიფოს რამაზ ახვლედიანისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა აღნიშნული ქონება, როგორც ეს იჯარის ხელშეკრულებით იქნა შეთანხმებული და პირობადადებული.

2004 წლის დეკემბერში, რამაზ ახვლედიანსა და ლისის ტბის პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა და მიიღეს გადაწყვეტილება ლისის ტბის საერთო მართვასთან დაკავშირებით.

2004წლის 6 დეკემბერს, ფიზიკური პირის სტატუსით, რამაზ ახვლედიანსა და შპს „თბილისის უძრავი ქონების“ დირექტორ ირაკლი კილაურიძეს შორის გაფორმდა განზრახულობათა ოქმი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დააფუძნებდნენ სააქციო საზოგადოება „ლისის ტბას“. მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 6,000,000 ლარის ოდენობით და დაიყო 6,000,000 მილიონ ჩვეულებრივ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ფასი  ერთ ლარს შეადგენდა.

საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ უნდა შეეტანა 4 მილიონი, რისთვისაც ის მიიღებდა 4 მილიონ აქციას, ხოლო რამაზ ახვლედიანს საწესდებო კაპიტალის შევსება უნდა მოეხდინა ქონებრივი შენატანის სახით. კერძოდ, რამაზ ახვლედიანი იღებდა ვალდებულებას შეეტანა ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მის საკუთრებაში გადაფორმებისთანავე, რისთვისაც მიიღებდა ს.ს „ლისის ტბის“ 2 მილიონ აქციას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განზრახულობათა ოქმის გაფორმების დროისთვის, ლისის ტბის მიმდებარე მიწის ნაკვეთი 63,5 ჰა, რამაზ ახვლედიანის საკუთრება არ იყო; თუმცა, ამავე ოქმის მიხედვით, რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვინაიდან მან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გამოისყიდა ლისის ტბის გარშემო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მას გააჩნდა უფლება გამოესყიდა ლისის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთი - 63,5 ჰა.

გამოსყიდვის უფლება ბიზნესმენს გააჩნდა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „თბილისის უძრავი ქონება“ მის საკუთრებაში არსებულ  ს.ს „ლისის ტბის“ აქტივებიდან რამაზ ახვლედიანს მისცემდა სესხს, რომ ლისის ტბის მიმდებარე 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა მომხდარიყო და ქონება ასახულიყო ს.ს „ლისის ტბის“ საწესდებო კაპიტალში. სანაცვლოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ს.ს „ლისის ტბის“ შექმნის დღეს, რამაზ ახვლედიანი შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ დაუთმობდა მის 2/3 (66,6835%) წილს, რომელიც მას ჰქონდა შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექს ლისის ტბაში“. აღნიშნული შპს უკვე ფლობდა როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 1999 წლის 24 ნოემბერს გაცემულ „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიას, ასევე, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რეურსების დაცვის სამინისტროში 2003 წელს კონკურსის წესით მოპოვებულ თევზსაჭერი მეურნეობის შექმნისთვის საჭირო გარემოსდაცვით ნებართვას, რომლის საფუძველზეც ლისის ტბაში ჩაშვებული იყო რამდენიმე ასეული ათასი ლიფსიტა.

 ამ გაზრახულობათა ოქმში აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო, რამაზ ახვლედიანი ვერ შეძლებდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის (63,5 ჰა) გამოსყიდვას და ს.ს „ლისის ტბის“ საწესდებო კაპიტალში შეტანას, შპს „თბილისის უძრავი ქონება“ ვალდებული იყო დაებრუნებინა რამაზ ახვლედიანისთვის შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპელქს ლისის ტბის“ 2/3 (66, 6835%) წილი, რომელიც ბიზნესმენმა პარტნიორ კომპანიას გადასცა.

2005 წლის იანვარში, მხარეთა შორის ხელმოწერილი განზრახულობათა ოქმის შესაბამისად, დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“.

როგორც რამაზ ახვლედიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ ჩვენებაში აღნიშნავს, მხარეთა შორის გაფორმებული განზრახულობის ოქმის შემდგომ პერიოდში, ლისის ტბის საქმეში კომპანიონმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერთან და თბილისის მთავარ არქიტექტორთან ერთად, მიიწვია ინგლისში, სადაც დაათვალიერეს  ადგილები, რომლის ანალოგის გაკეთებასაც ბიზნეს-პარტნიორები ლისის ტბის ტერიტორიაზე აპირებდნენ.

ახალი კომპანიის სახელით, დაიწყო ახალი გეგმის დამუშავებაც, რომელშიც კომპლექსზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი არ იყო საკმარისი.

ახვლედიანი იხსენებს, რომ  მომზადდა შესაბამისი წინადადება, პროექტი, რომელიც განსახილველად  საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა. 2006 წლის 28 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ დადგენილება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

 ასევე, საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 აპრილს მიიღო #152 განკარგულება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“.

2006წლის 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ფიზიკური პირის სტატუსით რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაეცა ახლადდაფუძნებულ ს.ს „ლისის ტბას“.

პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რამაზ ახვლედიანისთვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული საკუთრებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის წინადადება, ხოლო ს.ს. „ლისის ტბის“ შემთხვევაში, მცხეთის გამგეობის წინადადება.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ვალდებულებების დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო. კერძოდ,  მიწის განკარგვის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაცია და 2006 წლის 31 დეკემბრამდე ლისის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;  12 თვის ვადაში მომზადებულიყო ლისის ტბის კომპლექსის განვითარების პროექტი. დამსვენებელთა ზონის მოწყობის, კვების ობიექტების, საცხენოსნო კომპლექსის, დასასვენებელი კოტეჯების, SPA კომპლექსისა და სასტუმროს აშენება დასრულებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის დეკემბრისა.

2006წლის 22 სექტემბერს, რამაზ ახვლედიანმა კიდევ ერთხელ   მიმართა განცხადებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 63,5 ჰა. ნორმატიულ ფასად შესყიდვა მოითხოვა.

თუმცა, 2006 წლის ოქტომბერში, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმიანობასა და ბიზნეს-გეგმებში, ლისის ტბის მომავალთან დაკავშირებით, თითქმის ყველაფერი შეიცვალა. როგორც რამაზ ახვლედიანის მთავარი პროკურატურის მიმართ წარდგენილ საჩივარში წერს, მასთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ფინანსური პოლიციიდან, მოითხოვეს ბიზნესმენის ადგილზე მისვლა ლისის ტბის საქმესთან არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.

ახვლედიანი იხსენებს, რომ ფინანსურ პოლიციაში შეხვდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსს, სადაც მოსთხოვეს კონკურსის წესით შეძენილი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მის ოჯახს მნიშვნელოვანი უსიამოვნებები შეხვდებოდათ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ქონების დათმობას არ აპირებდა, რადგანაც ჰყავდა ბიზნეს-პარტნიორები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, რომელთანაც არსებობდა ვალდებულებები და სახელშეკრულებო ურთიერთობები.

ახვლედიანი ამბობს, რომ უარის შემდეგ, მის მიმართ ფინანსური პოლიციის მხრიდან სატელეფონო კონტაქტი სისტემატური გახდა. როგორც ბიზნესმენი იხსენებს, ის რამდენჯერმე კიდევ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. თუმცა, ახვლედიანისთვის გადამწყვეტი  2006 წლის 4 ნოემბრის ზარი აღმოჩნდა, რა დროსაც საგამოძიებო უწყებაში მისვლა დაუყოვნებლივ მოსთხოვეს. ბიზნესმენი სატელეფონო შეტყობინების დროს, შაბათ დღეს, მიემგზვარებოდა ოჯახის ახლობლის ქორწილში, რის გამოც უწყების წარმომადგენელს სთხოვა, შეხვედრა ორშაბათისთვის შემდგარიყო, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო. რამაზ ახვლედიანს აცნობეს, რომ თუკი საგამოძიებო უწყებაში სასწარფოდ არ გამოცხადდებოდა, მაშინ თავად ამ უწყების წარმომადგენლები მივიდოდნენ ბიზნესმენთან.

ახვლედიანი ამბობს, რომ ფინანსურ პოლიციაში  გამორჩეული აგრესიულობით დახვდა  სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით კეზერაშვილის მოადგილე გელოვანი.

 „მისი ბრძანებით შესვლისთანავე ჩამომართვეს  მობილური ტელეფონი და მაცნობა,  რომ  პრეზიდენტი და მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსი იყვნენ გაცეცხლებულები საქმის გაჭიანურების გამო, არსებობდა პრეზიდენტის და კეზერაშვილისპირდაპირი   მოთხოვნა ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილის მიმართ, თუკი  4 ნოემბერს არ მოხდებოდა ბიზნეს-საკუთრების დათმობა, მას- გელოვანსაც ჩემთან ერთად დაიჭერდნენ , რომ ასეთ საკითხებზე კეზერაშვილს ხუმრობა არ უყვარდა და იგი ყველაფერს გააკეთებდა დავალების შესრულების მიზნით. პირდაპირ, მომთხოვეს ქონების დათმობის თაობაზე დამეწერა განცხდება,  რომ ასე აჯობებდა ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც, წინააღმდეგ შემთხვევაში თაღლითობის ან სხვა რაიმე მუხლით  დამიჭერდნენ და ჩემთან ერთად  დააპატიმრებდნენ ჩემს უახლოეს ადამიანებსაც“, _იხსენებს ახვლედიანი.

„_ეს  ჩემი ე.წ. „დაკითხვა“, დღის 12:00 საათიდან  თითქმის ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდა. იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობის მიმართ და უარი მეთქვა ბიზნეს-ქონებაზე და სახელმწიფოსთვის დამეთმო. განცხადების დაწერის შემდგომ, ღამის 03:00 საათისთვის მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში წავედით, სადაც განცხადება ქონების დათმობის შესახებ, სანოტარო მოქმედებით დამოწმდა“, _ იხსენებს ბიზნესმენი.

სკანდალური დოკუმენტი, რომელიც მაშინ რამაზ ახვლედიანის ქონების დათმობის თაობაზე გააფორმეს 2015 წლის ოქტომბერში, ბიზნესმენის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" გაასაჯაროვეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახვლედიანს სრულად აქვს გადახდილი „ლისის ტბის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე დადებული საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა - 60416,43ლარი. თუმცა, მითითებულია, რომ „როგორც საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის განკარგულებით ჩემს მიმართ გათვალისწინებული იყო  რიგი ვალდებულებები უძრავი ქონების შემდგომი აღორძინებისა და განვითარების მიზნით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვალდებულებები ვერ შევასრულე სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ ჩემსა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1999 წლის 13 აპრილს დადებული საიჯარო ხელშეკრულებები და კომპენსაციის მიზნით, უკან დამიბრუნოთ ჩემს მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით გადახდილი თანხა. უარს ვამბობ, აგრეთვე პრეზიდენტის განკარგულებით ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63,5 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზე“ (სტილი დაცულია, ავტ.)“, _ ვკითხულობთ დოკუმენტში.

2006წლის 10 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის მიერ სახელმწიფოსთვის პირადი განცხადების საფუძველზე ლისის ტბის ქონების დათმობიდან მე-6 დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე, 2006წლის 14 ივლისის განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“.

2007წლის 31 იანვარს კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა  ბრძანება „დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 3 184 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გზის მარცხენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 353 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დამტკიცებული იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება.  აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობდა ლისის ტბის ის ნაკვეთებიც, რომელიც  რამაზ ახვლედიანსა და სს „ლისის ტბას“ ჩამოერთვა.

2007წლის 17 მაისს კი,  გაიმართა აუქციონი, სადაც  4 იურიდიული პირი მონაწილეობდა: შპს „ლისი-2007“ (დირექტორი ირაკლი კილაურიძე, უფლებამოსილი წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძე), შპს „ნიმროდი-საქართველო“ (უფლებამოსილი წარმომადგენელი ლაშა გოგიბერიძე), შპს „ლისი-ინვესტმენთი“ (უფლებამოსილი წარმომადგენელი ალბერ ალჰადეფი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო საზოგადოება „აი-აი-სი იელოუ ბ.ვ.“ (უფლებამოსილი წარმომადგენელი აბრაამ როიხმანი).

აღნიშნული მიწის ნაკვეთების გასაყიდ ფასად დაფიქსირდა 182 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. შედეგად, აუქციონში გამარჯვებულად  შპს „ლისი-2007“ გამოცხადდა.

„გურია ნიუსმა“ ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. აღნიშნული სტატია შესავალია იმ ციკლისა, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

ამავეთემაზე:

ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენა აღარ უნდა დააგვიანოს _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

აქვს თუ არა კავშირი ლისის ტბის საქმეს სისტემურ დანაშაულთან

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან





 ახალი ამბები
  • გერმანიაში დასასაქმებლად პირველი ნაკადი საქართველოდან ხვალ გაემგზავრებაგერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ბუნტურის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით დაახლოებით 98 000 ადამიანია დარეგისტრირებული. „საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შერჩევისა და გასაუბრების პროცესი და უკვე გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც გაგზავნილია; ნაწილზე შესაბამისი სამუშაო ნებართვებიც მიღებულია და პირველი ნაკადი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება სამუშაოდ. საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს. ბუნებრივია, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო. პარალელურად, სხვა ვაკანსიებთან მიმართებით, ეს პროცესი გაგრძელდება და უწყვეტ რეჟიმში წავლენ ჩვენი მოქალაქეები. კი ჟღერს ეს რიცხვი – 98 000 საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ რეალურად, დასაქმების მსურველი ბევრად ნაკლებია. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ გასაუბრებების ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა. ბუნტურის თქმით, რაც შეეხება საფრანგეთს, ხელშეკრულება გაფორმებულია, რომელიც უკვე ძალაშია შესული. „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე, ასევე ლეგალურად, შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. თუმცა, აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია. საფრანგეთის შემთხვევაში, საუბარია კვალიფიციურ სპეციალისტებზე. 50 პროფესიაა განსაზღვრული, რომელთაც შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, სხვადასხვა როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, – განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია!"„ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია! რადგან მოლაპარაკების შირმას ამოფარებული „ქართული ოცნება“ თავისი ბნელი საქმეების კეთებას განაგრძობს. და თუ ეს ყველაფერი ისევ გაუვათ, თუ ჩვენ ამაზეც დავხუჭავთ თვალს, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ „ოცნება“ კაპიტულანტურად ჩააბარებს ქვეყანას ნებისმიერს, ვინც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს. სფერო არ დარჩენილა ქვეყანაში, ეკონომიკა, პანდემია, ნამახვანი... სადაც იგივე მეთოდებით არ მოქმედებდეს „ოცნების“ ხელისუფლება, როგორც დღევანდელ სასამართლოზე; ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს; არჩეულია  გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება. ამ უმსგავსობების პატიება კი, უბრალოდ არ შეიძლება. ეს უკვე საყოველთაო სახალხო საქმე უნდა გახდეს, ამ გადაწყვეტილებების მთავარი მსაჯული კი,  ქართველი ხალხი!“_ წერს  დავით ჭიჭინაძე ფეისბუქ ... ...
  • საქართველოს მთავრობამ 15 მილიონის შიდა ვალი აიღო,,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15000000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა”, _ ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455%-ით განისაზღვრა", _ აღნიშნულია ეროვნული ბანკის  განცხადებაში. 12 აპრილს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტიდან მილიარდ 700 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა დაეფარა. სპეციალისტების განმარტებით, ამით 10 წლის წინ აღებული 500 მილიონი დოლარის ძირი დაიფარება, რასაც დაემატება მიმდინარე წლის პროცენტი 34,5 მილიონი დოლარის ... ...
  • "რიყის დოქები" მესამედ გავიდა აუქციონზეეკონომიკის სამინისტრომ  "რიყის დოქები" 30 მარტს მესამედ გაიტანა გასაყიდად, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და ობიექტს ინვესტორი კვლავ არ ჰყავს. სამინისტრო ობიექტს, პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 71 250 000 ლარად ყიდდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა, ობიექტი ვერ გაიყიდა. თავდაპირველად კი, რიყის დოქები, 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ. ლარად იყო ... ...
  • "რიონის მცველები" გუმათიდან ENKA-ს ერთ-ერთი ბაზისკენ გადაინაცვლებენ, სადაც ბლოკირებას მოახდენენსოფელ გუმათში შეკრებილი რიონის ხეობის მცველების განცხადებით, თუ პოლიცია მათ არ განუმარტავს, რის საფუძველზე არ უშვებენ სოფელ ნამოხვანში, მაშინ, პროტესტის ნიშნად, ENKA-ს ოფისთან მივლენ და გზას გადაკეტავენ. როგორც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განცხადა, ისინიც ჩაკეტავენ ინვესტორი კომპანიის ტერიტორიას, ისევე, როგორც სახელმწიფომ სოფელი ნამოხვანი ჩაკეტა. "რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია, ამ პირობებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება, ამიტომ დღეს გადმოვინაცვლებთ  კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, სადაც ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ ვერ გადაადგილდეს ვერავინ. თუკი ჩვენ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება. ახსნა-განმარტება უნდა გაგვიკეთონ, რატომ გვეკრძალება ჩვენ გადაადგილება, ზედა მიმართულებით, თუ ეს ახსნა-განმარტება არ მოგვეცემა მაშინ ლეგიტიმურია ჩვენგან, რომ გადავინაცვლოთ ქვევით და მთლიანად დავკეტოთ ეს გზა. ახსნა-განმარტებას კანონიერად ვითხოვთ, ახსნა-განმარტება თუ არ მოგვეცემა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ანგარიშს არ გვიწევს ხელისუფლება და ჩვენი დაქირავებული მთავრობა, მაშინ გადავალთ და სხვა გზებით ვეცდებით, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა", _ განაცხადა ვარლამ გოლეთიანი. პოლიციამ სოფელი რამდენიმე დღეა, ჩაკეტა და დემონსტრანტებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელიც "რიონის მცველებთან" მივიდა, თქვა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია ვერ უზრუნველყოფს, აქედან გამომდინარე, დროებით არის შეზღუდული ხეობაში გადაადგილება". პოლიციამ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას რამდენიმე მიზეზით ხსნის: სამძებრო სამუშაოებით - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. ასევე, მისი თქმით, "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". ცნობისთვის 12 აპრილს რიონის ხეობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გუმათში შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ აძლევდა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ერთ-ერთი ბაზისკენ დაიძრნენ. მანამდე კი, 11 აპრილს, პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა და ენკას ტრაქტორმა ტერიტორიის მოხვნა დაიწყო. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...