კარმიდამო ჩემი

200 წლის ქვევრების ირგვლივ აყვავებული კარმიდამო

მარინე ჩიხლაძე  2016-11-06 20:34:53

ჩვენი რესპონდენტი 72 წლის ჭარმაგი კაცია _ ზურაბ ფიჩხაძე, ბრგე აღნაგობის, მოძრავი და სხარტი მოსაუბრე.

უზარმაზარ კარმიდამოში, სადაც სხვა შემთხვევაში სამი ოჯახიც თავისუფლად დაეტევა, ვაზის ტალავერის წრეები თავბრუს გახვევს. ზემოდან ვენახის ხლართები, დაბლა ყვავილების გაზონები და ბილიკების უთვალავი ხვეულები. შუაში მარანი უზარმაზარი ქვევრებით, რომელთა მხოლოდ თავსახურავები მოჩანს და თუ შიგ ჩაიხედავ, უცებ შეგეშინდება კიდეც _ სიღრმეს დაკვირვებით უნდა ჩახედო და სიბნელეს თვალი შეაჩვიო, რომ ფსკერის დანახვის ცნობისმოყვარეობა, დაიკმაყოფილო.

_ ჩემი წინაპარი აქ, 250 წლის წინ, მამია გურიელმა (მესამემ) ჩამოიყვანა. ეს ისტორია ჩემმა ბაბუამ საგანგებოდ შემოინახა და მეც სულ ვუყვები ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, რომ საშვილთაშვილოდ ახსოვდეთ....

მამია გურიელს ქუთაისის მხარეში ყოფნისას უნახავს წარმოსადეგი ვაჟკაცი, კარგი მეღვინე და თამადა. მოწონებია ურთიერთობისას და უთქვამს, წამოდი გურიაში, მიწას მოგცემ, გაუძეხი მეურნეობას და გვერდითაც დამიდექიო. ბევრი ძმები ყოფილან და მართლაც, წამოჰყოლია ეს ერთი. გურიაში შემოსულებს აქ, ამ წყაროსთან შეუსვენიათ, _ ჩვენს რესპონდენტს კარმიდამოს განაპირას მოჩუხჩუხე წყაროსთან მივყავარ, _ ჩემს შორეულ წინაპარს უთხოვია გურიელისთვის, ამ წყაროსთან დავსახლდები, თუ ნებას დამრთავო. თანხმობაც მაშინვე მიუღია. მას შემდეგ, სულ ცოტა, ორი საუკუნე და კიდევ ნახევარია გასული. ჩემს წინაპრებს უპირველეს საქმედ მევენახეობა დაუსახავთ. ქვევრების ისტორია დაზუსტებით არ ვიცი, თუ საიდან ჩამოიტანეს. ვიცი ის, რომ ჩემი ბაბუის მამის ჩაყრილია და უფრო ადრეულიც...

ზურაბ ფიჩხაძეს საგანგებოდ შერჩეული ყურძნის ჯიშების ზვარი არ აქვს. რაც აქვს, საგანგებოდ მოვლილი და ნასათუთევია. ამბობს კიდეც, უმეტესად სტიქიურად ვშრომობ, ბიზნესის კეთებაზე არ მიფიქრია, მთავარ საქმედ მიმაჩნდა, კარმიდამო მქონოდა ზღაპრულად მოწყობილი, ქვევრებში ღვინო და სახლში პურმარილი ყოფილიყო უხვად, თუმცა, ახლა დროება შეიცვალა და შვილებმა უნდა იფიქრონ, ამ ბაზისზე კარგი ზედნაშენის შექმნა, რაც ბიზნესსაქმიანობას ეხებაო.

ზურაბ ფიჩხაძე სპეციალობით აგრონომია და თავიდანვე ესეც უწყობდა ხელს, საკარმიდამო შრომა საჩვენებელ საქმედ ექცია. მეუღლეზე, ნათელა გვრიტიშვილზე, ნიშანდობლივი მიმართულებით საუბრობს _ თბილისელია, 25 წლისანი დავქორწინდით, აქაურ ჰავას დღემდე ვერ ეგუება, თუმცა, ჩემთვის თავდადებულია და დღემდე შესაშური ერთგულებით მიდგას გვერდით, რაც ყვავილნარს ხედავთ, შინ და გარეთ, მისი შემოქმედებააო.

ქალბატონი ნათელა გვრიტიშვილი სიტყვაძუნწი მოსაუბრეა. სევდა იკითხება თითოეულ სიტყვაში _ ცას ასცქერის და დანანებით ამბობს, ატმოსფერო დაბინძურებულია, ხილი დაუმწიფებლად ლპება და ცვივა, ადრე ასე ნამდვილად არ იყო. გარემოზე ისეთი ზრუნვაა საჭირო, მგონი, ეს ჯერ არ გაუცნობიერებია ადამიანთა მოდგმას და ერთი შეხედვით რომ საქმიანობა ჰქვია, მაინც ზერელე ფაციფუცი მგონიაო, _ ამბობს.

ბუნებაზე, ზოგადად ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურებაზე მოსაუბრე ცოლქმარს, აშკარაა, გულის სიღრმემდე აწუხებთ დაბინძურებული გარემო, რთული ეკოლოგიური მდგომარეობა. უფრო მეტად კი იმაზე საუბრობენ ტკივილით, რატომ არ აწუხებს ეს პრობლემა ადამიანთა უმრავლესობას...

კივის ხეივანს გვაჩვენებს ჩვენი მასპინძელი, თუმცა, წელს, როგორც ყველგან, ძალიან ცოტა ასხია და ნაჩვევი 2 ტონამდე მოსავლიდან, 50 კილოგრამს თუ მოკრეფს. არ ნერვიულობს _ ამინდია და ბუნება, სამომავლოდ მოისხამს, ოჯახის სამყოფი მაინც იქნებაო, _ ამბობს. თხილის პლანტაციის შეწამვლა-განახლებაზე კი წელს სერიოზულად ფიქრობს.

_ საშიში მავნებელი მომძლავრდა _ კვირტის ტკიპას თუ არ ვებრძოლეთ, მალე ამერიკული პეპლის როლს იკისრებს ჩვენს სათხილეებში. მე რომ შევწამლე ან შევწამლავ, ეს არ კმარა _ სამეზობლომ, მთელმა სამეურნეო სამყარომ უნდა იკისროს ერთიანი ბრძოლა, ვისაც კი თხილის კულტურა აქვს მამულში და სამომავლოდ სურს მისი გაძლიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი საშიშროება მოგვადგა კარს _ თხილი ნადგურდება ფოთლიან-ძირიან-ნაყოფიანად. წელს მოსავლის მეხუთედია ყველგან, თან ხარისხი დაცემულია. გატეხავ ათ კაკალს და თითქმის ათივე დამპალი ან ლპობაშეპარულია, გარედან კი საღი გეგონება. ამ შემოდგომიდანვე უნდა განოყიერდეს თხილის ფართობები აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ნარევით, ნაკელით, გამოიჭრას ნორმების დაცვით და შეიწამლოს ადრე გაზაფხულზე. სრული მობილიზაციაა საჭირო თხილის ირგვლივ, აგერ-ეგერ გაკეთებული საქმე არ ვარგა, აგერაა შედეგი! _ გვაფრთხილებს ბატონი ზურაბი და გვირჩევს, მისი ხმაც მივაწვდინოთ თითოეულ მეურნეს, ვისაც თხილის კულტურაზე გული შეტკივა.

ფიჩხაძეებს საყანე ფართობიც აქვთ, სიმინდის მოსავალს მხოლოდ შინაური ფრინველისთვის და ოჯახში საკვებად მოხმარებისთვის იწევენ. ყიდვა არ სჭირდებათ და ამითაც კმაყოფილი არიან.

კარმიდამოს განაპირას თხმელის დიდი ტყეა, იქვე მოჩუხჩუხე წყაროს ირგვლივ სხვადასხვა დეკორაციებია განლაგებული, ღიად ჩანს სულიერი თუ უსულო ბუნების ჰარმონიული შერწყმა _ ქვისა და წნელის ღობეებში ჩასმული მინიქვევრები, ლიანების ჯიშის ყვავილების წრეები და ბილიკების სწორი თუ კლაკნილი ხაზები, რომლებსაც ვრცელ კარმიდამოში ყველა კუთხესთან მივყავართ. ქოთნის თუ მინდვრის ყვავილების სიმრავლეს თუ თვალს მოვავლებთ, დავრწმუნდებით, რომ მეტი რომ არაფერი აკეთოს, ერთი ქალბატონი მხოლოდ ამ ბაღნარის მოვლას სჭირდება. კარმიდამოში განსაკუთრებით ჭარბობს ცინიებისა და ასტრების ნაირფერი ჯიშები, ყველა ერთად აყვავებულა და ცოცხალ ხალიჩად უქცევიათ ფიჩხაძეების ეზო-კარი. საოცრებაა, განწყობის ნამდვილი სათავე და სტიმული!

ოჯახის უფროსი შვილებზე გვესაუბრება. ქალ-ვაჟი ჰყავს, ბიჭი დღეისთვის თბილისში მუშაობს, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ აქ დაბრუნდება, ქალიშვილი კი პროფესიით მხატვარია და კარმიდამოს მშვენიერებაში მისი ხელიც ურევია, გვერდით გვიდგასო, ამბობს. ორი შვილიშვილის და ერთი შვილთაშვილის ბაბუაც არის და სურს, მეტი ჰყავდეს...

 ბოლოს ისევ საყვარელ მარანთან ვბრუნდებით _ ასეთია მისი სურვილი. ყველა ქვევრს სათითაოდ ხდის სახურავს და გვაჩვენებს 800, 600, 220, 180, 150 და 120-ლიტრიან ჭურებს, რომელთა დანიშნულება უფრო სამუზეუმოა. ამბობს, რომ ღვინო ერთხელ ჩაასხა. ხანგრძლივი რეცხვა სჭირდება, წარმოუდგენელი სისუფთავეა საჭირო, რომ ღვინისთვის გამოიყენო, ძირითადად საარაყე მასალისთვის ვიყენებ, ხილი ბევრია და არ ვაფუჭებ, ჩვენებურ არაყს რა სჯობს, ოჯახში მუდამ უნდა გქონდეს. რაც მთავარია, ყველა ქვევრი მრთელი, საგანგებოდ დაცული და მოვლილია, ჯერი კი შვილებსა და შვილიშვილებზეა, დღემდე რუდუნებით მოვლილს და ასე მოღწეულს ეპატრონონ და საკუთარი ხელიც დაატყონო, _ ამბობს ჩვენი მასპინძელი.

მარნის კართან ვემშვიდობებით ზურაბ ფიჩხაძეს. მადლობას გვიხდის და გვიბარებს, "ვაზის ქვეყანა ვართ, ჩემი "საბრძნილო" ადგილია, თუ დაწერთ, ამის თქმა არ დაგავიწყდეთ. თუმცა, თხილის კულტურის გადასარჩენად რომ ბრძოლაა საჭირო, ჩემი ხმა მიაწვდინეთ ჩემნაირებს და ჩემზე ჭკვიანებს, ერთად თუ არ გამოვიღვიძეთ, ამერიკულ პეპელაზე უარესი საშიშროება მოგვადგა,-თქო, უთხარით ხალხს".

თხოვნას ვუსრულებთ ბატონ ზურაბ ფიჩხაძეს, თავდაუზოგავად მშრომელ კაცს, საქმის და საკუთარი თუ საქვეყნო სატკივარის გულწრფელ გულშემატკივარს.



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და