ჩვენი რჩევები

სოიას მოყვანის აგროტექნიკა

  2016-12-08 14:08:35

წარმოშობით სოია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურაა. მისი ველური ფორმები ნაპოვნია ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. სოია საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს გავრცელდა და მალევე მოიპოვა აღიარება.

სოიას თესლი შეიცავს: ცილებს _ 28-45%,  ცხიმს _ 12-25% (ზოგ შემთხვევაში მეტსაც), ნახშირწყლებს 28%. სოიას თესლი კარგი შემცველობის გამო ფართოდ გამოიყენება ფქვილის და სხვადასხვა ნაწარმის ზეთის, რძის და მისგან დამზადებული ყველის, მარგარინის სახით.

სოია გამოიყენება მწვანე სასუქადაც. იგი ერთ-ერთი საუკეთესო წინამორბედია სხვა კულტურებისთვის.

სოია საქართველოში, ძირითადად, დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული, თუმცა ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთშიც.

ნიადაგი

სოიას მოყვანა თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე შეიძლება, მაგრამ კარგ მოსავალს შავმიწა თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგებზე, ალუვიურ, ყავისფერ, კარბონატულ და ეწერ ნიადაგებზე, ასევე, ახლად მელიორირებულ, დაშრობილ მიწებზე იძლევა.

სოია ვერ ეგუება ბიცობ, პირშეკრულ, მძიმე, აგრეთვე დაჭაობებულ და ძლიერ მჟავე რეაქციის ნიადაგებს.

სოიას მოყვანის აგროტექნიკა

სოიას მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ნიადაგის სათანადოდ მომზადება, რაც გამოიხატება შემდეგში:

მოხვნამდე ნაკვეთში შეტანილი უნდა იქნას ტოტალური მოქმედების ჰერბიციდი სარეველების მოსასპობად, 2-3 კვირის შემდეგ უნდა მოხდეს მიწის მზრალად დამუშავება. სოიასთვის, როგორც სხვა პარკოსნებისთვის, მიზანშეწონილია ნიადაგის ღრმად ხვნა, 25-27 სმ-ზე.

თესვისთვის თესლს უნდა ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი საბუთი. თესვის წინ უმჯობესია თესლი პესტიციდით დამუშავდეს (დაავადებების თავიდან ასაცილებლად).

სოიას კულტურა, როგორც წინამორბედი, ყველა კულტურისთვის კარგია, გარდა პარკოსნებისა. სოია ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, რომელიც ღრმად ვრცელდება ნიადაგის ქვედა ფენებში და იკვებება ნიადაგიდან ამოტანილი საკვები ელემენტებით, მაგრამ მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა ნიადაგის განოყიერება, როგორც ორგანული, ისე კომბინირებული მინერალური სასუქებით (გამომდინარე ნიადაგის შემცველობიდან).

სოია, როგორც სათოხნი კულტურა, საჭიროა დაითესოს მწკრივთაშორის 60-70 სმ დაშორებით, ხოლო მცენარეთა შორის 18-20 სმ.

მექანიზირებული მოვლისთვის, აგრეთვე, ხელსაყრელია ბუდნებში თესვა. ბუდნებს შორის მანძილი 60 X 60 სმ ან 70 X 70 სმ-ია, ბუდნაში 5-6 მცენარის დატოვებით.

სოია ითესება სიმინდში შეთესილი სახით მწკრივებშიც და კვადრატულ-ბუდობრივად, ბუდნაში 2 სოია და 2 სიმინდის კულტურის დატოვებით.

სოიას სუფთად თესვის დროს ჰექტარზე საჭიროა 30-40 კგ თესლი, სიმინდში შეთესვის დროს კი, 10-14 კგ. სოიას ჩათესვის სიღრმე ისეთივეა, როგორიც სიმინდის _ 4-5 სმ.

ნათესის მოვლა იწყება ნათესის აღმოცენებისთანავე ნიადაგის ჰაერაციის გაძლიერების მიზნით მსუბუქი დაფარცხვით. როცა მცენარე 3-4 ფოთოლს გამოიტანს, მიმართავენ ნათესის კულტივაცია-გაფხვიერებას.

შემდგომი კულტივაცია საჭიროა სანამ მწკრივებში მცენარეები შეიკვრება და გადაებმება ერთმანეთს. სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიციდი.

სოია ტენს დიდი რაოდენობით მოითხოვს ყვავილობა, დაპარკების და მარცვლის შევსების პერიოდში. ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდში მისი მორწყვა.

მოსავლის აღება

სოიას მომწიფებისას მისი ღერო და პარკები მუქდება, მურა ფერს იღებს, ფოთლები ყვითლდება და ცვივა, მარცვალი მაგრდება. მოსავლის აღების დაგვიანება არ შეიძლება, რადგან ზოგიერთ ჯიშს ახასიათებს პარკების დასკდომა და მარცვალი ცვივა.

სოიას მოსავლის აღება შესაძლებელია ორ ფაზად: კომბაინით და თუ მარცვლის მომწიფება გვიანდება, (სხვადასხვა მიზეზთა გამო) ჯერ უნდა სამკალით გაითიბოს და შემდეგ გაილეწოს ჩვეულებრივი კომბაინით.

თუ ამინდი ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ უნდა გაითიბოს, გადატანილი იქნეს ფარდულში და შეშრობის შემდეგ გაილეწოს. ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, როცა მარცვალი ბიოლოგიურ სიმწიფეშია, მოსავლის აღება ხდება პირდაპირ კომბაინით.

გალეწილი მარცვალი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს და შეშრეს 13 -14 % ტენიანობამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული შენახვის დროს თესლის ჩახურება. სოიას თესლის მოსავალი ერთ ჰექტარზე 2,5-3,5 ტონაა, ხოლო მწვანე მასის მოსავალი 15-20 ტონა.

რამდენიმე ჯიში საქართველოში

ამჟამად, საქართველოში სოიას 19 სელექციური ჯიში და 5 ფორმაა დარეგისტრირებული.

იმერული სოია _ ადგილობრივი ჯიშია. მცენარის სიმაღლეა 90 – 100 სმ, ზოგჯერ ღერო იზრდება 2 მ-მდე, მხვიარაა, ახასიათებს ძლიერი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ყვავილი თეთრია, პარკი მსხვილი, მოყვითალო, ოდნავ მოხრილი. თესლი ჩალისფერი ყვითელია, ოვალური. საგვიანოა, სუფთა ნათესში ჰა-ზე იძლევა 3,0-3,5 ტონა მარცვლის მოსავალს, სიმინდში შეთესვისას _ 1,1-1,3 ტონას ჰა-ზე.

გურული სოია  — ადგილობრივი ჯიშია. გავრცელებულია გურიასა და სამეგრელოში, ზღვის დონიდან 200-250 მ სიმაღლეზე.

ბუჩქი საშუალო სიმაღლისაა, 60-120 სმ, ნახევრად გადაშლილია, ღერო მსხვილი, უხეში, ახასიათებს ძლიერი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ღეროს წვერო მთავრდება მტევნად შეკრული ყვავილებით. ყვავილი იისფერია, პარკი მსხვილი, ოდნავ მოხრილი, ქერა, მონაცრისფრო შეფერვით, თესლი მსხვილია მომრგვალო-ოვალური, ყვითელი, ჭიპი მარცვლის კანის ფერისაა.

საგვიანო ჯიშია, ჰექტარზე იძლევა 2,4 — 3,2 ტ მარცვლის მოსავალს, ახასიათებს პარკების დასკდომა და მარცვლის ცვენა.

მოწინავე 7 _ ჰიბრიდული ჯიშია, გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ. იგი საშუალო საადრეოა, თესლის ცვენადობა არ ახასიათებს.

დარაიონებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი სარწყავი ზონებისთვის. კოლხეთის პირობებში იძლევა 3.0 ტ/ჰა-ზე.

იმერული კომპაქტური  _ გამოყვანილია აბაშის ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, ადგილობრივი მასალიდან შერჩევის მეთოდით. მიეკუთვნება საგვიანო ჯიშს. ბუჩქი სწორმდგომია, კუტი ფორმის, კომპაქტური, არ ახასიათებს ჩაწოლა, მომწიფებისას პარკები არ სკდება.

ხელსაყრელია მექანიზირებული მოვლა-მოყვანისათვის. დარაიონებულია სუბტროპიკული ზონებისთვის.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და