ახლა მაისია, ვარდობისთვე და ვარდის წყლის გამოხდა, როგორც გვსმენია, ჩვენი წინაპრებისთვის უცხო არ იყო. თუმცა, მიუხედავად ბევრგან გაკითხვისა, ასაკოვან ადამიანებშიც ვერ აღმოვაჩინეთ ზუსტი რეცეპტის მცოდნე.
ერთ დღეს, ჩვენი გაზეთის ოზურგეთის განყოფილებაში ცარო შავიშვილი გვეწვია. ხელში კოხტად შეფუთული შუშის პატარა ბოთლი ეჭირა, ლამაზი წარწერით: “ვარდის წყალი”. მან გვიამბო, თუ როგორ ხდიდა ძველქართული მეთოდით მისი ბებია ვარდის წყალს, შემდეგ თავის ქალიშვილს (ცაროს დედას) ასწავლა. ასე გადმოეცა ტრადიცია შთამომავლობას. დღეს, როცა აღარავის უკვირს პარფიუმერული საოცრებანი და ნელსაცხებლებისა თუ სუნამოების ბუმია, შინ გამოხდილ ვარდის წყალს თავისი ხარისხი, ხიბლი და სურნელი აქვს. თან აუცილებელია, მისი გამოხდის ძველი, ტრადიციული წესი დავიწყებას არ მიეცეს და ვასწავლოთ შთამომავლობას.
ცარო შავიშვილი: ვარდის წყლის გამოხდა ჩემი დედისგან, მარგალიტა ჩხაიძისგან ვისწავლე. ბებია რომ ხდიდა, ესეც მახსოვს. ახლახან სწორედ იმ მეთოდით გამოვხადე და მინდა, რაკი თქვენი სურვილიც არის, ეს მეთოდი ყველას გაგიზიაროთ.
მომზადების წესი
მოვაგროვოთ ვარდის, რაც შეიძლება, ბევრი ფურცელი. წარმოვიდგინოთ, რომ ავავსეთ ერთი დიდ გობი. გავაცალოთ ყუნწს ფურცლები და ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ჩრდილში, მაგიდაზე თხლად გავფინოთ. შემდეგ ავიღოთ ორი გობი _ ერთი ალუმინისა, მეორე უფრო პატარა, აუცილებლად მომინანქრებული (“ემალი”) უნდა იყოს. დიდ გობზე დავასხათ მესამედი რაოდენობის წყალი. მასში ჩავდგათ მეორე გობი, რომელზეც წინასწარ მჭიდროდ უნდა გადავაკრათ მარლა და თოკით დავამაგროთ. მარლა კარგად გადაჭიმული უნდა იყოს. გამოიყენეთ ლეიკოპლასტიც, ოღონდ მოახერხეთ ისე, რომ ძალიან კარგად გადაიჭიმოს ზედ, როგორც ბებია იტყოდა, დოლივით.
შემდეგ ამ მარლაზე დავყაროთ ვარდის ფურცლების გროვა. არ გავშალოთ, მოვაგროვოთ ისე, რომ ზედ დავდგათ კეცი, რომლის ფსკერის გარშემოწერილობის გარეთ ფურცლები არ უნდა გამოცვივდეს. ანუ კეცი ვარდის ფურცლის გორაზე დავდოთ. ზედ კი დავანთოთ ვაზის ხმელი ტოტების ან გამხმარი ნასხლავის მსუბუქი ცეცხლი. პერიოდულად შევამოწმოთ, ქვედა გობში წყალი ხომ არ თბება. თუ თბება, დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ცივი წყლით. კეცზე ცეცხლი არც გავაძლიეროთ და არც ჩაგვიქრეს. შეიძლება, ცოტა სიმინდის “ნაგულაც” დავამატოთ ცეცხლს. ასე უნდა ვამყოფოთ საკმაო ხანს, დაახლოებით, 1 საათი და 30 წუთი.
ასე დაიწურება მომინანქრებულ გობზე ვარდის წყალი, რომლის სილბო, სურნელება და სამკურნალო თვისება კარგადაა ცნობილი ჩვენში. განსაკუთრებით დამამშვიდებელია მისი საფენები თვალის ტკივილის დროს. ძალიან კარგია ბავშვებისთვის ვარდის წყლის აბაზანა. ასევე, სახის კანის გასაწმენდადაც შესანიშნავია. ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, ნუ დაიზარებთ და ასიამოვნეთ საკუთარ თავს _ გამოხადეთ ვარდის წყალი, ახლა ხომ “ვარდფურცლობის ჟამია!”