“გურია ნიუსს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია და უკვე დაკითხვებიც მიმდინარეობს.
დარღვეული ბუღალტრული აღრიცხვები, გაუკონტროლებელი დოკუმენტაცია, ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია, სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვა, არამიზნობრივად გახარჯული საწვავი და მანქანების რემონტის “კორუფციული სქემა”_ სავარაუდოდ, მთავარი პროკურატურა კონტროლის პალატის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის მიერ თაროზე შემოდებულ ამ მასალებს სწავლობს.
საერთო სასამართლოების საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დროებითი საპარლამენტო კომისიის ანგარიშშიც:
“საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის მასალები, 2013 წლის მარტში, ანუ კომისიის მუშაობის პერიოდში, გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, ოღონდ მისივე მოთხოვნით. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლ.თორდიას სახელზე გამოგზავნილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 4 მარტის (განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ.მოსაშვილის ხელმოწერით), საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვდა აღნიშნული აუდიტის ანგარიშის გადაგზავნას, რომლის პასუხადაც აუდიტის სამსახურის 2013 წლის 11 მარტის გადაეგზავნა მითითებული აუდიტის ანგარიშის ასლი”.
აქტი, რომელიც 2010 წელს უნდა დასრულებულიყო და დასკვნის სახით დადებულიყო, მხოლოდ 2012 წლის დეკემბერში “გამოაჩინეს”.
“აუდიტის ანგარიშის გაცნობით ირკვევა, რომ ანგარიშის დამტკიცება ხდება მისი დამთავრებიდან დიდი ხნის, 2 წლის შემდეგ! მიზეზი გაურკვეველია” _ ვკითხულობთ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელმაც კონტროლის პალატა შეამოწმა.
სინამდვილეში კი, ყველა მიზეზი გარკვეული იყო…
სიკვდილამდე ორი დღით ადრე დატოვებული მასალები…
2012 წლის 25 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოსთან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი სოსო ჩიქობავა. მკვლელობამდე ორი დღით ადრე, ის “გურია ნიუსის” რედაქციაში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გადმოგვცა ფინანსური აუდიტის აქტის ელექტრონული ვერსია, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად იქნა შედგენილი აუდიტორების მიერ. მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ სოსო ჩიქობავა გახლდათ.
მისი თქმით, “აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტორთა ჯგუფმა დაადგინა სასაწყობო მეურნეობაში დიდი ოდენობით დანაკლისის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სააღრიცხვო მონაცემებსა (საბუღალტრო დოკუმენტაცია) და ფაქტობრივ მონაცემებს (ადგილზე, საწყობში არსებული ფასეულობები) შორის სხვაობა შეადგენდა 2 335 212 ლარს.
აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი შეეცადა ფაქტის მიჩქმალვას, რაც იმაში გამოიხატა, რომ აუდიტორთა ჯგუფს წარუდგინეს სრულიად განსხვავებული ბუღალტრული დოკუმენტაცია, რაც არ იქნა მათ მიერ მიღებული.”
ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამის შემდეგ, უკვე გადასწორებული დოკუმენტაცია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა წერილობით გაუგზავნა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც წერილი გადააწერა მის ქვემდგომ მოხელეებს და საბოლოოდ, გადაეცა აუდიტორთა ჯგუფს, რომელთაც კვლავ არ გაიზიარეს ეს გასწორებული დოკუმენტაცია და ფაქტი ასახეს აუდიტის დასკვნაში; თან აქტშივე მიუთითეს, რომ ისინი ვერ გაიზიარებდნენ ასეთ მასალებს.
“აუდიტორებმა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს. შემდგომი მსვლელობისას, კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა იძულებული გახდებოდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დანაკლისის ფაქტებთან დაკავშირებით, მასალები გადაეცა საქართველოს პროკურატურისათვის და დაეყენებინა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი.” _ აცხადებდა სოსო ჩიქობავა “გურია ნიუსთან“ საუბარში.
კოტე კუბლაშვილი: “2 მილიონ გარკვეული ლარის დანაკლისი კი არ იყო, უბრალოდ რატომღაც ასე ჩაიწერა…”
რა ხდებოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ის “გურია ნიუსთან გაკეთებულ კომენტარში ყველაფერს “არაკეთილსინდისიერ” აუდიტორებს აბრალებდა.
_ ბატონო კოტე, 2010 წელს კონტროლის პალატამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში აუდიტი ჩაატარა, რომლის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ 2 მილიონ ნახევარ ლარამდეა აღმოჩენილი დანაკლისი. თუ დაინტერესდით ამ საკითხით? საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი…
_ მოგახსენებთ, ვიცი ამის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების შედეგებით დავინტერესდი, თუმცა მთავარია, რომ ეს, როგორც დასკვნა არ არსებობს, პროექტია. უკვე ხელმოწერილ დასკვნად იმიტომ ვერ გადაკეთდა, რომ რეალურად ისეთი დარღვევა არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 2 მილიონ გარკვეული ლარის დანაკლისი კი არ იყო, მერე ყველაფერი გაირკვა, უბრალოდ რატომღაც ასე ჩაიწერა და ყველამ იცის, რომ სწორი ჩანაწერი არ არის…
იმ აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც შემოსული იყო, თანამდებობიდან არაეთიკური საქციელის გამო გათავისუფლდა. ამიტომ მის მიერ ჩატარებული დასკვნაც გარკვეული ეჭვის ქვეშ დგას. ეჭვის ქვეშ არის იმიტომაც, რომ ეს 2 მილიონ რამდენიმე ათასის დანაკლისი რეალურად კი არ იყო, ფორმა იყო სხვადასხვა. ყველაფერი აღწერილი და გაწერილი იყო კომპიუტერული წესით, მაგრამ კანონიდან გამომდინარე, კომპიუტერიდან უნდა ყოფილიყო ამოღებული და ქაღალდზე დაწერილი. ანუ დაკარგული კი არ არის რამე, რაც შეიძინეს, ეს აღწერილია, ერთადერთი გაკეთებული არ არის გაწერა, რომ ეს ყველაფერი გაწერილი ყოფილიყო ქაღალდზე. მსგავს შემთხვევაში კონტროლის პალატა და აუდიტის სამსახური ყოველთვის რეკომენდაციას აძლევს, რომ ასე არ მოხდეს. ეს არ იწვევს ისეთ შედეგებს, რომ დიდი დარღვევა მოხდა. ამიტომ, ბუნებრივია, თუ საჭირო იქნება, შემიძლია კიდევ ერთხელ მივმართო კონტროლის პალატას და კიდევ ერთხელ შევამოწმოთ იგივე წლები, რაც მაშინ ნახეს, რადგანაც ის დასკვნა საბოლოო სახით არ დადებულა.
ეს ხდებოდა მანამ, სანამ “გურია ნიუსი” ორწლიანი ლოდინისა და გაუთავებელი მიწერ-მოწერების შემდეგ, პასუხს თავად საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან დიმიტრი გეგელიასგან მიიღებდა. დღეს, კოტე კუბლაშვილს ამ აქტის შესახებ ჩვენთან საუბარი არ სურს და შეხვედრაზე უარს აცხადებს.
ოფიციალური პასუხები ორწლიანი ლოდინის შემდეგ _ “დეპარტამენტი ადასტურებს…”
ორწლიანი ლოდინის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან, დიმიტრი გეგელიასგან “საერთო სასამართლოების საქმეზე” ოფიციალური პასუხი მივიღეთ. პასუხიდან ირკვევა, რომ ფაქტები, რომლის შესახებაც “გურია ნიუსი” ჯერ კიდევ 2011 წლიდან წერდა, სიმართლე იყო… დიმიტრი გეგელია ადასტურებს იმასაც, რომ აქტი, რომელიც 2010 წელს უნდა დასრულებულიო, 2012 წელს ჩაბარდა.
“პირველი კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2006-2009 წლებში ფინანსური აუდიტის დამტკიცებული ანგარიში მიღებულია 2012 წლის 31 დეკემბერს”. _ ვკითხულობთ მის მიერ მოწერილ პასუხში.
“გურია ნიუსი” ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, რომ საერთო სასამართლოებში დროულად არ ხდებოდა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღიარება, რომელსაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი; აუდიტის ობიექტის ფინანსური ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების ღირებულება შემცირებულია 12,6 მლნ ლარით; ასევე აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაფიქსირდა, რომ არაზუსტი აღრიცხვიანობის გამო მატერიალური მარაგების ნაშთები საბალანსო და საწყობის მონაცემებით არ ედრებოდა 2, 3 მლნ ლარით.
ბუღალტრული ჩანაწერები რეალობას რომ არ შეესაბამებოდა, დიმიტრი გეგელია ამას არ უარყოფს:
_ დეპარტამენტი ადასტურებს, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა აღურიცხაობას ან დაგვიანებით აღრიცხვის შემთხვევების არსებობას. ასევე საუბარია იმაზე, რომ 2006-2009 წლებში საწყობიდან მატერიალური ფასეულობების გაცემის დამადასტურებელი გასავლის ზედდებულების დროული ასახვა არ ხდებოდა საბუღალტრო დოკუმენტებში. რის გამოც ბუღალტრული ჩანაწერები არ შეესაბამებოდა რეალობას. ამჟამად აღრიცხვიანობის პრობლემა აღმოფხვრილია სრულად.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, “თაროზე შემოდებულ” აქტში დაფიქსირებული იყო ასევე ზედმეტად გაწეული სასამართლო-საექსპერტო ხარჯები, ზოგიერთ შემთხვევაში კი აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება გადასწორებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით ხდებოდა.
მაგალითად, საერთო სასამართლოების მიერ ექსპერტიზის ბიუროს ანგარიშზე გადარიცხული იყო თანხები, რომელიც სინამდვილეში, პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ გადახდილი. უფრო მეტიც, გამოიკვეთა 4 სისხლის სამართლის და 1 სამოქალაქო საქმე, რომლის მასალებშიც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები საერთოდ არ არის, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროდან დეპარტამენტში წარმოდგენილი ფორმა N5-ის საფუძველზე გადაირიცხა 4 390 ლარი. საერთო ჯამში, ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობამ 37 075 ათასი ლარი შეადგინა. დიმიტრი გეგელია არც ამ ფაქტს უარყოფს:
_ რაც შეეხება “ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთვის” გაწეული საქმიანობის ანაზღაურებას და აქ არსებულ პრობლემებს, გაცნობებთ რომ აღნიშნული საკითხი მაკონტროლებლის მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რომელმაც 2010 წლის 19 ნოემბერს მიიღო დადგენილება და შეწყვიტა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. პროკურატურამ მიიჩნია, რომ ორ საბიუჯეტო ორგანიზაციას შორის არსებული ხარვეზის აღმოფხვრა მიზანშეწონილი იყო უწყებებს შორის ურთიერთშედარების მოხდენით. 2011წლის 30 აგვისტოს შედგა ურთიერთშედარების აქტი და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ ჩათვლილი იქნა 37 075 ლარი…
რაც შეეხება სასამართლოების მიერ საწვავსა და ავტომანქანების მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა და დიმიტრი გეგელიას პასუხებს, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
პ. ს “გურია ნიუსი” კიდევ ერთხელ გამოხატავს პატივისცემას სოსო ჩიქობავასა და მის მიერ გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციის მიმართ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მასალები, რომლის სიზუსტესაც დღეს საპარლამენტო კომისიაც ადასტურებს, სწორედ მიერ მიერ იქნა მოწოდებული ჯერ კიდევ 2 წლის წინ…