(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გასულ ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას _ “ყაჩაღობა ჩოხატაურში” ამირან (მახო) კაკურია გამოეხმაურა:
_ მე არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, მაგრამ ბევრი რამ დაზუსტებული არ იყო. მართალია, ყაჩაღები შემოიჭრნენ ჩემ ოჯახში, მაგრამ არც ფული წაუღიათ და არც ოქრო _ არც ერთი მქონდა და არც მეორე. უნდა ვთქვა ისიც, რომ დამნაშავეები ოჯახის წევრებს ცუდად არ მოქცევიან. ჩემს შვილს და რძალს ფეხები კი შეუკრეს, მაგრამ ისე, რომ მათი წასვლისთანავე მოახერხეს გახსნა. უფრო მეტიც _ ჩემმა რძალმა, შეკრული ფეხები ყაჩაღების თვალწინ გაიხსნა, რათა ბავშვთან მისულიყო. ბავშვისთვისაც არაფერი დაუშავებიათ. პირიქით, ამბობდნენ ბავშვი არ შევაშინოთო, _ გვითხრა კაკურიამ.
თუ კი კაკურიების ოჯახს, როგორც თავად ბატონი ამირანი ამბობს, “ზრდილობიანი” ყაჩაღები სტუმრობდნენ, ერთი კვირის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრები ცინცაძეების ოჯახში შეჭრილმა დამნაშავეებმა ოჯახის უფროსი სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურის თანხა _ 3 000 ათასი ლარი წაართვეს.
ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. ამ დრომდე არც ერთი დანაშაული გახსნილი არ არის. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ორივე ყაჩაღობა შესაძლოა, ერთი და იგივე ადამიანების მიერ იყოს ჩადენილი.
ასე რომ, გურიაში მეტად საშიში ყაჩაღური დაჯგუფება მოქმედებს და მითი შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმატებული მუშაობის შესახებ, ნელ-ნელა იმსხვრევა!